ბეკეკა რომელიც ათამდე ითვლიდა - ხალხური ზღაპარი
სახალისო ზღაპარი ჭკვიან ბეკეკაზე, რომელმაც დათვლა ისწავლა და ცხოველები დახრჩობას გადაარჩინა. იდეალურია პატარებისთვის თვლის შესასწავლად.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ყველაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ცნობილი მწერლის, ალფ პრეისენის საოცარ ისტორიას. ეს მშვენიერი აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ბეკეკა, რომელიც ათამდე ითვლიდა“, მოგვითხრობს ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ჭკვიან ბეკეკაზე. ოდესღაც ცხოვრობდა ერთი პატარა ბეკეკა, რომელმაც ათამდე დათვლა ისწავლა. ერთ დღეს ის ტბასთან მივიდა და უეცრად წყალში თავისი ანარეკლი დაინახა. ადგილზე გაჩერდა და დიდხანს უყურებდა საკუთარ თავს. „ერთი!“ — თქვა ბეკეკამ ხმამაღლა. ეს გაიგონა ხბომ, რომელიც ახლომახლო სეირნობდა და ბალახს ძოვდა. „იქ რას აკეთებ?“ — ჰკითხა მან გაკვირვებულმა. „ჩემთვის ვითვლიდი,“ — ამაყად უპასუხა ბეკეკამ, — „გინდა, შენც დაგითვალო?“ ხბომ ფრთხილად მიუგო: „თუ მტკივნეული არაა, დამითვალე!“ „საერთოდ არ არის მტკივნეული! უბრალოდ, არ იმოძრაო, თორემ ვერ დაგთვლი!“ — დაამშვიდა ბეკეკამ. ხბო შეშინდა: „ოჰ, რას ამბობ! ძალიან მეშინია. და დედაჩემი, ალბათ, ნებას არ დამრთავს.“ ჩაილაპარაკა მან და უკან დაიხია. მაგრამ ბეკეკა გაეკიდა და საზეიმოდ მიაძახა: „მე — ერთი, შენ — ორი. ერთი, ორი! მე-ე-ე!“ „დე-დაა!“ — საწყლად დაიბღავლა ხბომ. მის ხმაზე კისერზე ეჟვანშებმული ძროხა მაშინვე მისკენ გაიქცა. შეშფოთებულმა დედამ ჰკითხა: „მ-მუ! რატომ ბღავი?“ „ბეკეკა მითვლის!“ — აწუწუნდა ხბო. „და ეს რას ნიშნავს?“ — გაბრაზდა ძროხა. ბეკეკამ მშვიდად აუხსნა: „ათამდე თვლა ვისწავლე. აი, მომისმინეთ: ერთი — მე, ორი — ხბო, სამი — ძროხა. ერთი, ორი, სამი!“ „ოჰ, ახლა შენც დაგთვალა!“ — შეშინებულმა დაიბღავლა ხბომ. ამის გაგონებაზე ძროხა ძალიან გაბრაზდა და დაიმუქრა: „მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა დაგვცინო! მოდი, ხბოვ, ჭკუა ვასწავლოთ!“ ძროხაც და ხბოც ბეკეკას მისცვივდნენ. ბეკეკა ძლიერ შეშინდა, წამოხტა, თითქოს უკბინესო, და მდელობზე ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა. ახლომახლო ხარი სეირნობდა, წვეტიანი რქებით მიწას თხრიდა და ბალახები ბღუჯად ამოჰქონდა. დაინახა თუ არა მორბენალი ძროხა და ხბო, ხარი მრისხანედ დაუდგა წინ: „რატომ მისდევთ ამ პატარა კუდრაჭას?“ „ის ჩვენ გვთვლის!“ — დაიბღავლა ხბომ. „მაგრამ ჩვენ მას დავიჭერთ,“ — დასძინა რისხვით ძროხამ. ბეკეკამ კი სირბილისას დათვლა გააგრძელა: „ერთი — მე, ორი — ხბო, სამი — ძროხა, ოთხი — ხარი. ერთი, ორი, სამი, ოთხი!“ „ოჰ, ახლა შენც დაგთვალა!“ — პანიკაში ჩავარდა ხბო. „ო, მე კი ვერ გადამირჩება!“ — გააფთრებით იღრიალა ხარმა და სხვებთან ერთად ბეკეკას გაეკიდა. ისინი ფართო, მტვრიან გზაზე მიქროდნენ. გზის კიდეზე ცხენი სეირნობდა და ბალახს ცოხნიდა. ჩლიქების ბაკუნი რომ გაიგო და სვეტად აღმართული მტვრის ბუღი დაინახა, ცნობისმოყვარედ დაიყვირა: „სად გეჩქარებათ?“ „ბეკეკას მივსდევთ,“ — ამოიოხრა ძროხამ. „ის ჩვენ გვთვლის,“ — აწუწუნდა ხბო. „უფ! მაგრამ მისთვის ამის უფლება არავის მიუცია!“ — იღრიალა ხარმა. „და როგორ ახერხებს ამას?“ — ინტერესით ჰკითხა ცხენმა და თავადაც დანარჩენებს გაჰყვა. „ძალიან მარტივია! ზუსტად ასე! ერთი — მე, ორი — ხბო, სამი — ძროხა, ოთხი — ხარი, ხუთი — ცხენი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი!“ — აჩვენა ბეკეკამ. „ოჰ, ახლა მან შენც დაგთვალა!“ — სასოწარკვეთით წამოიძახა ხბომ. „ოჰ, ეს არამზადა! აბა, დამაცადე!“ — აღშფოთდა ცხენი, დაიჭიხვინა და კიდევ უფრო სწრაფად გამოენთო ბეკეკასკენ. გზის პირას, საღორეში, დიდ, მსუქან ღორს ეძინა. ჩლიქების ბაკუნმა ისიც გააღვიძა: „ღრუტ-ღრუტ-ღრუტ! სად მიდიხართ ასე ყველა ერთად?“ — იკითხა მძინარე, მაგრამ ცნობისმოყვარე ღორმა. დინგით მაშინვე გაარღვია ღობე და ჯირითით შეუერთდა სხვებს. სულს ძლივს ითქვამდნენ მორბენლები. ძროხამ ამოიხავლა: „ბეკეკას მივსდევთ.“ „ის გვთვლის,“ — დაამატა ხბომ. მძიმედ მსუნთქავმა ხარმა დაიბღავლა: „არავის მიუცია ამის უფლება!“ „ჩვენ მას ვაჩვენებთ!“ — სუნთქვაშეკრული ჭიხვინებდა ცხენი. „და როგორ ახერხებს ამას?“ — ზლაზვნით იკითხა ღორმა. ბეკეკა შთაგონებით მიუბრუნდა მათ: „ძალიან მარტივია! ერთი — მე, ორი — ხბო, სამი — ძროხა, ოთხი — ხარი, ხუთი — ცხენი, ექვსი — ღორი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი!“ „ოჰ, ახლა მან შენც დაგთვალა!“ — აზლუქუნდა ხბო. „ჭკუას ვასწავლი! ახლავე დავიჭერ!“ — აჭყვიტინდა ღორი. ყველანი თავპირისმტვრევით გარბოდნენ. ბოლოს მდინარეს მიაღწიეს. ნავმისადგომთან პატარა იალქნიანი ნავი იდგა. მასზე მამალი, ძაღლი, ვერძი და კატა იმყოფებოდნენ. მამალი კაპიტანი იყო, ძაღლი — ლოცმანი, ვერძი — იუნგა, კატა კი — გემის მზარეული. „შეჩერდით!“ — ბრძანა მამალმა, როდესაც დაინახა, როგორ მოაქროლებდნენ ცხოველები. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბეკეკამ ჩლიქი მიჰკრა ნავმისადგომს და იალქნიან ნავზე ახტა. დანარჩენებიც მას მიჰყვნენ. ნავი შეირყა, წყალში შესრიალდა და მდინარის ყველაზე ღრმა ნაწილში შეცურდა. „ყიყლიყო! დაგვეხმარეთ! ნავი იძირება!“ — იყვირა შეშინებულმა მამალმა. ყველა კანკალებდა. სასოწარკვეთილმა მამალმა ხმამაღლა იკითხა: „ვის შეუძლია თქვენს შორის დათვლა?“ „მე შემიძლია,“ — პასუხი გასცა ბეკეკამ. „მაშინ სწრაფად დაგვთვალე. იალქნიან ნავს მხოლოდ ათი მგზავრის გადაყვანა შეუძლია!“ — აჩქარებდა მამალი. „სწრაფად დაითვალე, სწრაფად!“ — აყვირდა ყველა ერთად. ბეკეკამ გულმოდგინედ დაიწყო: „ერთი — მე, ორი — ხბო, სამი — ძროხა, ოთხი — ხარი, ხუთი — ცხენი, ექვსი — ღორი, შვიდი — კატა, რვა — ძაღლი, ცხრა — ვერძი, და ათი — მამალი!“ „ყოჩაღ, ბეკეკა! ყო-ჩაღ!“ — ერთხმად შესძახეს გადარჩენილმა ცხოველებმა. მგზავრებმა მშვიდობიანად გადასერეს მდინარე და ნაპირზე გავიდნენ. მას შემდეგ ბეკეკა იალქნიან ნავზე მოეწყო სამუშაოდ. ის ახლა კონტროლიორად მუშაობს და ყოველ ჯერზე, როდესაც მამალი ცხოველებს ნავზე სვამს, ბეკეკა ნავმისადგომთან დგას და მგზავრებს გულდასმით ითვლის.






