გაჭირვება გასწავლის - ხალხური ზღაპარი
აღმოაჩინეთ პატარა ბეღურას თავგადასავალი. როგორ ისწავლა მან ჭკუა ზამთრის სუსხში? საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ზღაპარი ბავშვებისთვის ბულბული.ჯი-სგან.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ბულბული.ჯი წარმოგიდგენთ საინტერესო ისტორიას პატარა, სულსწრაფ ფრინველზე. ეს მშვენიერი აუდიო ზღაპარი, რომლის სახელწოდებაა „გაჭირვება გასწავლის“, ერთ ჩვეულებრივ ბეღურაზე გვიამბობს. თუმცა ამ ბეღურას ერთი უბედურება სჭირდა — ჭკუასთან ცოტა მწყრალად გახლდათ. მას შემდეგ, რაც კვერცხი გამოტეხა და ქვეყანაზე გაჩნდა, ჭკუა საერთოდ არ მომატებია. არც ბუდის აშენება შეეძლო და არც საკვების შოვნა. სადაც უღამდებოდა, იქ გაუთენდებოდა. რაც თვალში მოხვდებოდა, იმას კენკავდა. თანაც დიდი შფოთის თავი იყო და სულ საჩხუბრად იწევდა. ერთ დილას მეგობარ ბეღურასთან ერთად სანავარდოდ გაეშურა. დაფრინავდნენ, ცელქობდნენ ბეღურები. მთელი ნაგავი გადაქექეს და ხორბლის მარცვლებს წააწყდნენ. ჩვენი ბეღურა მაშინვე აჭყიპინდა: „ჩემია მარცვლები, მე ვიპოვე!“ მეორე ბეღურა არ უთმობდა: „არა, ჩემია!“ ჰოდა, წაიჩხუბნენ. კისრები წაიგრძელეს, აიფხორნენ და ერთმანეთს დაუნდობლად ეძგერნენ. იქამდე იჩხუბეს და კორტნეს ერთიმეორე, სანამ არაქათი არ გამოეცალათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენ გაწამაწიაში სულ დაავიწყდათ, რის გამო წაიკიდნენ. გვიანღა მოაგონდათ — მიიხედ-მოიხედეს და სად იყო მარცვლები! უცებ კრუხს მოჰკრეს თვალი, რომელიც თავის წიწილებთან ერთად სასეირნოდ გამოსულიყო და კაკანებდა: „ბრიყვების სარჩოს ჭკვიანები მიირთმევენ! ბრიყვების სარჩოს ჭკვიანები მიირთმევენ!“ „ასე რატომ ამბობ?“ — ჰკითხეს ბეღურებმა. „იმიტომ, რომ სანამ თქვენ ჩხუბობდით, მე და ჩემმა წიწილებმა თქვენი ნაპოვნი მარცვლებით გემრიელად ვისაუზმეთ. გეტყობათ, პატრონი არ გყავთ, ჭკუა რომ დაგარიგოთ. ვინმეს მოწაფეებად რომ აეყვანეთ, იქნებ ხეირიანი ფრინველები დამდგარიყავით.“ „შენს ჩერჩეტ წიწილებს მოუარე, მე ჭკუა საკმარისად მყოფნის!“ — გული მოუვიდა მეორე ბეღურას, ფრთები ააფრთხიალა და უკმაყოფილოდ გაფრინდა. ჩვენი ბეღურა კი ჩაფიქრდა: „მართლაც, რა კარგი იქნება, ჭკვიანი რომ ვიყო. აგერ, ქათამი როგორი გონიერია, თავადაც ჭამა და წიწილებსაც აჭამა, მე კი მშიერი დავრჩი.“ ბევრი აღარ უფიქრია, მივიდა ქათამთან და სთხოვა: „დედილო, გთხოვთ, ჭკუა მასწავლოთ, თქვენ ხომ ძალზე ჭკვიანი ბრძანდებით!“ „სად მცალია, გენაცვალე! უამრავი საქმე მაქვს, ჩემს წიწილებსაც ძლივს ავუდივარ!“ — მიუგო ქათამმა და საქათმისკენ წაკაკანდა. დაღონებული ბეღურა ჭალისკენ გაფრინდა. უცებ კუნძზე მჯდარი გუგული დაინახა, მასთან ახლოს მიფრინდა და შეეხვეწა: „დეიდა, ერთი სათხოვარი მაქვს, იქნებ ჭკუა მასწავლოთ. ქათამს ვთხოვე და უარი მითხრა, საქმე უშენოდაც ბევრი მაქვს, წიწილებს უნდა მივხედოო. თქვენ კი არ გყავთ შვილები და დროც ბევრი გექნებათ...“ „იცი, რას გეტყვი,“ — უთხრა გუგულმა, — „შვილები თუ არ მყავს, არც სხვისთვის ავიტკივებ თავს. ეგღა მაკლია, შენისთანებს ჭკუა ვარიგო! ეს არ არის ჩემი საქმე! თუ გინდა, გიმარჩიელებ და გეტყვი, რამდენ ხანს იცოცხლებ...“ „არა, ნუ შეწუხდებით,“ — მოუჭრა ბეღურამ და ჭაობისკენ გაფრინდა. უცებ ბაყაყებზე მონადირე ყარყატი დაინახა. ბეღურა მიუახლოვდა და გაუბედავად სთხოვა: „პატივცემულო ყარყატო, გთხოვთ, ჭკუა მასწავლეთ, რა...“ „რაო, რა თქვი?“ — აყაპყაპდა ყარყატი, — „ჩქარა აქედან დამეკარგე, თორემ...“ გულგახეთქილი ბეღურა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. მიფრინავს, მიფრინავს და ერთ ნახნავზე მოწყენილი ყვავი დაინახა. ჰოდა, ახლა მას მიაშურა. „დეიდა, რატომ ხართ მოწყენილი?“ — ჰკითხა ყვავს. „ეჰ, თვითონაც არ ვიცი, შვილო,“ — ამოიოხრა ყვანჩალამ. „შეგიძლიათ, ჭკუა მასწავლოთ?“ — ჰკითხა ვედრებით ბეღურამ. „სიმართლე გითხრა, დიდი ჭკუით ვერ დავიკვეხნი. ბუსთან მიდი, ამბობენ, ძალზე ჭკვიანიაო, იქნებ გირჩიოს რამე.“ ბეღურამ ყვავს მადლობა გადაუხადა და ბუს საძებრად გაფრინდა. იცოდა, სადმე ბებერი მუხის ფუღუროში მიაგნებდა. მართლაც, ბუს ერთ ფუღუროში ეძინა. „ქალბატონო, ქალბატონო!“ — დაუძახა ბეღურამ. ბუ შეფრთხიალდა, ფრთა ფრთას შემოჰკრა, საზარლად ამოიჩხავლა და თვალები გადმოკარკლა: „ჰა? რა ხდება? ვინ არის?“ ბეღურა შეშინდა, მაგრამ გული არ გაიტეხა: „მე ვარ, ბეღურა.“ „ბეღურა? რომელი ბეღურა? ვერ გხედავ! ამ შუადღისას რა ჯანდაბამ მოგიყვანა! უბედურებაც ამას ჰქვია, დასვენებას არ მაცლიან,“ — ჩაიბუზღუნა ბუმ და ძილი განაგრძო. ბეღურამ ხელმეორედ გაღვიძება ვეღარ გაუბედა, იქვე ტოტზე შემოსკუპდა და დაელოდა. როცა გვარიანად ჩამობნელდა, ბუმ გაიღვიძა და საშინელი კივილი მორთო. ბეღურა შიშმა აიტანა. ის-ის იყო, გაქცევა დააპირა, რომ ბუ ფუღუროდან გამოძვრა, ბეღურას ნაკვერჩხალივით თვალები შეანათა და ჰკითხა: „რისთვის მოსულხარ?“ „თქვენს გაღვიძებას ველოდი, ქალბატონო...“ „ხომ გავიღვიძე! ჩქარა მითხარი, რა გინდა!“ „თქვენზე მითხრეს, რომ ძალზე ჭკვიანი ბრძანდებით და იქნებ, ჭკუა მასწავლოთ!“ „ერთი ამას დამიხედეთ! განა იმიტომ ვარ ჭკვიანი, რომ შენისთანა სულელებს ვასწავლო! ბრიყვად დაბადებული ბრიყვადვე მოკვდება. აქედან დამეკარგე, სანამ გავბრაზებულვარ! თორემ, იცოდე მშიერი ვარ!“ — შეჰკივლა ბუმ და თვალები ისე დააბრიალა, რომ საწყალ ბეღურას კინაღამ გული გაუსკდა. მაშინვე ადგილიდან მოწყდა, დაბურულ ტყეს მიაშურა და გათენებამდე გაუნძრევლად ეძინა. დილაადრიან ძილში ჭახჭახის ხმა ჩაესმა და გამოეღვიძა. ხედავს, რკოზე გულთეთრა კაჭკაჭი ზის, მთელი ხმით ჭახჭახებს და სიამისგან თვალებს ნაბავს. ბეღურამ მასაც სთხოვა დახმარება. „ყმაწვილო, ჭკუა რაში გჭირდება?“ — უთხრა კაჭკაჭმა, — „უჭკუოდ ცხოვრება უფრო ადვილი და საამურია! მეტისმეტი ჭკუისგან შეიძლება გაგიჟდე კიდეც! ის გირჩევნია, ჩემო კარგო, ჩემსავით ქურდობა დაიწყო. თუ დამიჯერებ, ჭკუის გარეშე ცხოვრებას გასწავლი!“ ჰოდა, დაიწყო კაჭკაჭმა... სხაპასხუპით ლაპარაკობდა და რაც მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო ვერაფერს იგებდა ბეღურა. „ოჰ, შე ენაჭარტალავ შენა! კინაღამ არ დამაყრუა ამ უსაქმურმა!“ — მიაძახა ბეღურამ კაჭკაჭს და გაეცალა. ბეღურამ იფრინა, იფრინა და ბოლოს ერთ ტრიალ მინდორზე დაეშვა დასასვენებლად. „ახლა რაღა ვქნა, ვის მივადგე! ნახევარი ქვეყანა მოვიარე, სწავლით კი ბევრი ვერაფერი ვისწავლე...“ — ფიქრობდა დაღონებული. უცებ შორიახლო მონავარდე მედიდურ ყორანს მოჰკრა თვალი და გაიფიქრა: „მოდი, უკანასკნელად ვცდი ბედს — ამასაც ვთხოვ.“ დიდხანს აღარ უფიქრია. „ჭკუა მასწავლეთ, რახანია, ჭკუას ვნატრობ, მაგრამ ვერსად ვიპოვე.“ „ყმაწვილო, ჭკუა შარაზე როდი ყრია!“ — თავმომწონედ თქვა ყორანმა, — „მისი მოპოვება არც ისე იოლია. აი, რას გეტყვი: ჭკუას მანამ ვერ ისწავლი, სანამ გაჭირვებას არ ნახავ. ახლა კი გასწი, შენთვის არ მცალია!“ „რა ვქნა?“ — უფრო დასევდიანდა ბეღურა, მაგრამ რჩევა აღარავისთვის უკითხავს. ერთხანს კი დარდობდა, მაგრამ მერე ეს ამბავი გადაავიწყდა და ძველებურად მოილხინა. ამასობაში ზაფხულიც მიიწურა და შემოდგომამ შემოაბიჯა, თან მოიყოლა ცივი ქარები და ჟინჟღლიანი ამინდები. მალე ჩამოთოვა კიდეც. ბეღურას მოშივდა და შესცივდა. დასაძინებელი ადგილიც არ ჰქონდა. მოსავალი უკვე აეღოთ და საჭმელს ვერსად შოულობდა. თუ ბედი გაუღიმებდა და რამეს იპოვიდა, უსათუოდ ვინმესთან წაკინკლავება უწევდა და იმასაც კარგავდა. და აი, ამ გაჭირვებაში ჩვენმა ბეღურამ თანდათან ჭკუა ისწავლა. „კმარა ჩხუბი,“ — თქვა და მოძმეებს მიაშურა. იმ დღიდან მათ გვერდიდან აღარ მოშორებია. ბეღურები თუ რამეს იპოვიდნენ, მასაც არგუნებდნენ ხოლმე. უწინდებურად აღარ ერჩოდნენ. ბეღურამ შეამჩნია, რომ ყველას თბილი ბუდე ჰქონდა; დააკვირდა, მას როგორ აშენებდნენ; ნელ-ნელა თვითონაც მოზიდა საშენი მასალა და ბუდის აგებას შეუდგა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტი ხალისით შრომობდა. მოძმეებიც პატივისცემით ეპყრობოდნენ და როცა საქვეყნო საქმეებზე ბჭობდნენ, მასაც უთუოდ დაუძახებდნენ ხოლმე. ჩვენმა ბეღურამ თავისი ჭკუა-გონებით მალე გაითქვა სახელი. მშვენივრად გამოიზამთრა და გაზაფხულს დაბრძენებული შეხვდა. ახლა მარტო აღარ იყო, დედა ბეღურა ჰყავდა გვერდით, ბუდეში კი ოთხი კვერცხი ეწყო. როცა ბარტყები გამოიჩეკნენ, ბეღურას საზრუნავი მოემატა — შვილები უნდა დაეპურებინა, თვალყური ედევნებინა და მტაცებელი ფრინველებისგან დაეცვა. აღმა-დაღმა სანავარდოდ, აბა, სადღა ეცალა. ისეთი მეოჯახე დადგა, რომ მეზობელი ბეღურები გაოცებას ვერ მალავდნენ და ეკითხებოდნენ: „ძვირფასო მეზობელო, რა გონიერი ბრძანდები, ამდენი რამ სად ისწავლე?“ ბეღურა თავს გადააქნევდა და ღიმილით პასუხობდა: „გაჭირვებამ მასწავლა!“






