ოქროს ყმაწვილები - ხალხური ზღაპარი
მოუსმინეთ ჯადოსნურ ზღაპარს მებადურზე, ოქროს თევზსა და ორ ოქროს ძმაზე. ამბავი გვასწავლის, რომ ძმური სიყვარული ნებისმიერ ჯადოსნობას ამარცხებს.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ავტორი ბულბული.ჯი წარმოგიდგენთ საოცარ ამბავს. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, რომლის სახელია „ოქროს ყმაწვილები“, ერთ ღარიბ ცოლ-ქმარზე გვიამბობს. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ცხოვრობდა ერთი მებადური თავის ცოლთან ერთად. ერთი პატარა ქოხის გარდა, არაფერი ებადათ და თავს მხოლოდ თევზაობით ირჩენდნენ. ერთხელ მებადური სათევზაოდ წავიდა და ბადეს ოქროს თევზი ამოჰყვა. მებადური განცვიფრებული ათვალიერებდა თევზს. უცებ თევზმა ენა ამოიდგა და უთხრა: „ყური დამიგდე, ბერიკაცო, თუ გამიშვებ, შენს პატარა ქოხს საუცხოო სასახლედ გადავაქცევ.“ მებადურმა თავი გადააქნია და უპასუხა: „სასახლე რად მინდა, როცა შიმშილით ვკვდები.“ ოქროს თევზი დაჰპირდა: „სასახლეში ერთი დიდი კარადა დაგვხვდება ნაირნაირი კერძებით.“ „თუ ასეა, სურვილს შეგისრულებ,“ – თქვა მებადურმა. „კეთილი, ოღონდ არავის უთხრა საიდან გეწვია ეს სიკეთე. ერთი სიტყვაც რომ წამოგცდეს, იცოდე, ყველაფერი გაქრება,“ – გააფრთხილა ჯადოსნურმა თევზმა. მებადურმა თევზი ისევ წყალში გაუშვა და შინ დაბრუნდა. ქოხის ადგილას უზარმაზარი სასახლე დახვდა. შიგ შესულმა დაინახა, რომ მისი ცოლი ძვირფასი სამოსით მოკაზმულიყო და დიდებულ სავარძელში იჯდა. გახარებულმა ქალმა ქმარს ჰკითხა: „კაცო, ვერ გამიგია, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?“ „მეც მიკვირს, ახლა ძალიან მშია და მაჭამე რამე,“ – თქვა მებადურმა. „მე არაფერი მქონდა, ამ სასახლეში კი არ ვიცი, სად რა მოვძებნო,“ – უპასუხა ცოლმა. „აბა, ის დიდი კარადა გამოაღე,“ – ურჩია კაცმა. ქალმა კარადა გააღო და შიგ ნამცხვარი, ხორცეული, ხილი და ღვინო დახვდა! აღტაცებულმა ქალმა შესძახა: „ამის მეტს ვერაფერს ინატრებს ადამიანი!“ გემრიელად რომ დანაყრდნენ, ცოლმა ჰკითხა: „საიდან გაჩნდა ეს სიმდიდრე?“ „ამაზე ნურაფერს მკითხავ, როგორც კი ამ საიდუმლოს გავამხელ, ეს ყველაფერი წამში გაქრება,“ – მიუგო ქმარმა. „თუ ასეა, ნუ იტყვი,“ – დასძინა ცოლმა, თუმცა ცნობისმოყვარეობა კლავდა. იმდენი უჩიჩინა ქმარს, სანამ არ ათქმევინა: „ყველაფერს ჯადოსნურ ოქროს თევზს უნდა ვუმადლოდეთ.“ ამის თქმა და ბრწყინვალე სასახლის გაქრობა ერთი იყო. ცოლ-ქმარი ისევ ძველ ქოხში აღმოჩნდა. მებადური თევზაობას დაუბრუნდა და ბედად ისევ ოქროს თევზი ამოჰყვა. თევზმა უთხრა: „თუ გამიშვებ, კიდევ ერთხელ მოგცემ სასახლეში ცხოვრების საშუალებას. ოღონდ, ნუ გაამხელ ჩემს ვინაობას, თორემ ისევ ყველაფერს დაკარგავ.“ მებადურმა პირობა მისცა და თევზი წყალში გაუშვა. შინ ისევ დიდებული სასახლე დახვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალმა კვლავ დაუწყო ქმარს გამოკითხვა. კაცმა დიდხანს ვეღარ მოითმინა, საიდუმლო ისევ წამოაყრანტალა და ყველაფერი კვლავ გაქრა. „ახლა ხომ მოისვენე? ამიერიდან ხმელი პურიც სანატრელი გვექნება,“ – უსაყვედურა ქმარმა. „მირჩევნია არაფერი გამაჩნდეს, ვიდრე არ ვიცოდე, სიმდიდრე საიდან მაქვს,“ – უპასუხა ჯიუტმა ცოლმა. კაცი კვლავ წავიდა სათევზაოდ და მესამედ დაიჭირა ოქროს თევზი. თევზმა უთხრა: „როგორც ვხედავ, შენი მსხვერპლი ვარ. ექვს ნაწილად გამჭერი. ორი შენს ცოლს აჭამე, ორი შენს ცხენს, ორიც მიწაში ჩაფალი და ბედს ეწევი.“ მებადურმა ყველაფერი შეასრულა. მოხდა სასწაული: მიწიდან ორი ოქროს შროშანი ამოიზარდა, ცხენმა ორი ოქროს კვიცი მოიგო, ცოლს კი ორი ულამაზესი, ოქროს ვაჟი შეეძინა. ბიჭები წამოიზარდნენ. ერთ დღეს მამას უთხრეს: „გვსურს, ოქროს რაშებზე შევსხდეთ და ქვეყანა მოვიაროთ.“ მამა დაღონდა: „როგორ გავძლებ უთქვენოდ?“ შვილებმა დაამშვიდეს: „აქ ორი ოქროს შროშანი რჩება. თუ კარგად იქნებიან, ჩვენც კარგად ვიქნებით, თუ დაჭკნებიან, ავად ვართ, ხოლო თუ წაიქცევიან, მაშასადამე ცოცხლებიც აღარ ვიქნებით.“ ერთმა ძმამ მალევე გადაიფიქრა მოგზაურობა და შინ დაბრუნდა, მეორემ კი გზა განაგრძო. ერთ დიდ ტყესთან კეთილმა ადამიანმა გააფრთხილა: „ტყე ყაჩაღებითაა სავსე. თუ მიხვდნენ, რომ ოქროსი ხარ, ცოცხალს არ დაგტოვებენ.“ უშიშარმა ყმაწვილმა თქვა: „რადაც უნდა დამიჯდეს, ეს ტყე უნდა გავიარო.“ მან საკუთარ თავს და ცხენს დათვის ტყავი მოახვია, რათა ოქრო არ გამოჩენილიყო და ტყეში შევიდა. ყაჩაღებმა დათვის ტყავში გახვეული ღარიბი მგზავრი რომ დაინახეს, ყურადღება არ მიაქციეს და ბიჭმა მშვიდობით განვლო ტყე. მივიდა ერთ სოფელში, სადაც ულამაზესი ქალიშვილი დაინახა. „ძალიან შემიყვარდი და ცოლად თუ გამომყვები?“ – ჰკითხა მან. გოგონა დათანხმდა. ქორწილის დროს გოგონას მამამ დათვის ტყავში გამოწყობილი სიძე რომ დაინახა, აღშფოთდა: „არა, მაგას ქალს როგორ გავატან, ვიღაც უქნარა ჩანსო.“ გოგონამ შეეხვეწა: „მამა, ეს ყმაწვილი უკვე ჩემი ქმარია და გულით მიყვარს.“ მამა დაწყნარდა, მაგრამ დილით ადრე შეიხედა მათ ოთახში და საწოლში მშვენიერი ოქროს კაცი რომ დაინახა, მიხვდა, რამხელა ცოდვას ჩაიდენდა, სიძე რომ მოეკლა. დილით ოქროს ყმაწვილმა ცოლს უთხრა: „სანადიროდ მივდივარ.“ ტყეში მან ულამაზესი ირემი დაინახა და უკან დაედევნა. საღამოს ირემი თვალს მიეფარა, ბიჭი კი ჯადოქარი დედაბრის ქოხთან აღმოჩნდა. „ასე გვიან ამ შუაგულ ტყეში რას აკეთებ? ირემი ხომ არ დაგინახავს?“ – ჰკითხა დედაბერმა. ამ დროს პატარა ძაღლმა ბიჭს ყეფა დაუწყო. „ლეკვო, გაჩუმდი თორემ ისრით სულს გაგაფრთხობინებ,“ – დაემუქრა ყმაწვილი. „ჩემი ძაღლის მოკვლის უფლებას არ მოგცემ!“ – განრისხდა დედაბერი და ოქროს ყმაწვილი ქვად აქცია. შინ დარჩენილმა ძმამ დაინახა, რომ მისი ოქროს შროშანი წაიქცა. „ღმერთო! ჩემს ძმას რაღაც უბედურება დაატყდა თავს, უნდა წავიდე, იქნებ ვუშველო რამე!“ მამამ სთხოვა დარჩენა, მაგრამ ძმამ ოქროს ცხენს მოახტა და ტყეში გაეშურა. მიაგნო დედაბერს, შორიდან დაუმიზნა და გამოსძახა: „იცოდე, ახლავე გესვრი, თუ ძმას არ გამიცოცხლებ!“ დედაბერი შეშინდა, ქვას თითი შეახო და ყმაწვილი გაცოცხლდა. ძმები სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ერთი საყვარელ ცოლთან დაბრუნდა, მეორე კი – შინ, სადაც მამას ოქროს შროშანი ისევ გაფურჩქნული დახვდა. მას შემდეგ ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.






