Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. მსოფლიო კლასიკა
  4. ელფები
ელფები - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0012:58

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
მსოფლიო კლასიკა

ელფები - ხალხური ზღაპარი

აღმოაჩინეთ ჯადოსნური სამყარო, სადაც პატარა გოგონა ელფების საიდუმლოს ინახავს. საინტერესო ზღაპარი მეგობრობაზე, საიდუმლოს შენახვასა და სოფლის გადარჩენაზე.

ხანგრძლივობა
13 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. წარმოგიდგენთ საოცარ ისტორიას, ეს არის ბულბულის საავტორო აუდიო ზღაპარი „ელფები“, რომელიც ულამაზეს ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ. იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად მარია. იგი დედ-მამასთან ერთად პატარა, ტყისპირა სოფელში ცხოვრობდა. მარიას ძალიან უყვარდა მეზობელ ანდრესსთან ერთად თამაში. მარიას დედას მუდამ ეშინოდა, თამაშში გართულ ბავშვებს გზა არ აბნეოდათ და ტყეში არ დაკარგულიყვნენ. „ტყის ჩვენც გვეშინია, ეზოს არ გავცდებით!“ — ამშვიდებდა დედას მარია, თან ანდრესსთან ერთად უგემრიელეს ალუბალს შეექცეოდა. ერთხელ დედ-მამა მინდორში წავიდა სამუშაოდ. ისინი გზაში მხიარულად მუსაიფობდნენ. დედამ თქვა: „რა ლამაზია მწვანე ხეხილში ჩაფლული ჩვენი სოფელი. ყველგან მშვენიერი ყვავილები მოჩანს, ლამაზად შეღებილ, სუფთა სახლებში კი ჩვენი კეთილი თანასოფლელები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან მგონია, რომ მსოფლიოში ვერსად ნახავ ასეთ ლურჯ ცასა და მწვანე ტყეს.“ მამამ მიუგო: „მდინარის მეორე ნაპირზე კი სულ სხვა სამყაროა! იქით ტყით გარშემორტყმული, ჩაბნელებული სოფელია, გამურული და ნახევრად დანგრეული ქოხებით.“ დედა დაეთანხმა: „თითქოს იქით ნაკადულიც კი მოწყენილია, არა?“ „ჰო, ისე უხმაუროდ მოედინება, რაკრაკიც კი არ ისმის. საცოდავი ხალხი, მგონი ბოშები არიან!“ — დაამატა მამამ. „ვინ იცის, იქნებ, შიმშილისგან იტანჯებიან, რადგან მათი გადახრუკული სოფელი საკმარის სარჩოს ვერ იძლევა...“ — წუხდა დედა. ვიდრე მარიას მშობლები ამ საუბარში იყვნენ, მარიამ და ანდრესმა გადაწყვიტეს, ერთმანეთს სირბილში გაჯიბრებოდნენ. გამარჯვების სურვილით შეპყრობილი მარია ისე გარბოდა, რომ დედისთვის მიცემული პირობა სულ გადაავიწყდა. სირბილით დაქანცულმა ირგვლივ რომ მიმოიხედა, უკვე იმ სოფლის ტყეში იყო, რომელზეც მარიას დედ-მამა საუბრობდა. გოგონას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ეს სოფელი მანამდე ერთ მოწყენილ კუთხედ წარმოედგინა. ახლა კი ფერად-ფერადი ყვავილებით სავსე ბაღში ოქროსფერი პეპლები დაფრინავდნენ და ოქროსთმიანი, ნათელთვალება ბავშვები დარბოდნენ. ზოგი ოქროს ბატკნებს ეთამაშებოდა, ზოგი საუცხოოდ მოჭიკჭიკე ფრინველებს საკენკს უყრიდა, ზოგი კი მშვენიერ ყვავილებს კრეფდა და ერთმანეთს ჩუქნიდა. გაოცებული მარია იქვე მდგარ გოგონასთან მივიდა და გამოელაპარაკა. გოგონას ცერინა ერქვა. მან მარია შინ მიიპატიჟა. მარიას ახლაღა გაახსენდა, რომ ანდრესს სირბილში უნდა გაჯიბრებოდა და წასვლა გადაწყვიტა. ცერინამ დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მაინც მიუსწრებ,“ — და ალუბალი შესთავაზა. მარიას ალუბალი ისე ეგემრიელა, რომ სულ გადაავიწყდა ანდრესიც, სირბილში შეჯიბრებაც და დედ-მამაც. „აქ ისეთი ლამაზი და გემრიელია ყველაფერი, ჩვენსას ბევრად სჯობს. ამიერიდან თქვენი უმცროსი და ვიქნები,“ — თქვა მარიამ და სამუდამოდ იქ დარჩენა გადაწყვიტა. გახარებულმა ბავშვებმა მარია გადაკოცნეს. ასეთი მშვენიერი თამაში მარიას არასოდეს უთამაშია: ცერინა ოქროს ყუთიდან თესლს იღებდა და მიწაზე ფანტავდა, იქიდან ფერად-ფერადი ყვავილები ამოდიოდა და ირგვლივ ყველაფერს საამური სურნელით ავსებდა. ბავშვების მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა. ცერინამ მარია დიდ სასახლეში წაიყვანა. ამ სასახლის პირველ დარბაზში გოგონამ ნახა ულამაზესი ქალბატონები, რომლებიც გემრიელ ხილს მიირთმევდნენ. შემდეგ მიწისქვეშა დარბაზში ჩავიდნენ, სადაც ჯუჯები ოქრო-ვერცხლით დატვირთულ ტომრებს ეზიდებოდნენ და ყუთებში ახარისხებდნენ. სიჩქარეში ხანდახან ძირს დაცვენილ ძვირფას თვლებზე ფეხი უცურდებოდათ და ეცემოდნენ. ბავშვები მიწისქვეშა დარბაზიდან ტბის ნაპირას გავიდნენ. ტბა პატარ-პატარა ნაკადულებად იტოტებოდა. „აი, ამ ნაკადულებით ირწყვება თქვენი მინდვრები და სწორედ ამიტომ ყვავის თქვენს სოფელში ყველაფერი,“ — უთხრა ცერინამ მარიას. ამ საუბარში გოგონები დიდ კლდეს მიადგნენ. ცერინამ ერთ ადგილას დააკაკუნა. კლდე კარივით გაიღო. ბავშვები ცეცხლის დარბაზში აღმოჩნდნენ. იქ ყველაფერი ცეცხლისგან იყო შექმნილი და ძალიან ცხელოდა. „ამ დარბაზიდან თბება ნიადაგი, რომ ხეები და ყვავილები კარგად გაიზარდოს,“ — აუხსნა ცერინამ მარიას. როდესაც ცეცხლის დარბაზიდან გამოვიდნენ, მარიამ შენიშნა, რომ უკვე დაღამებულიყო. ბავშვებს ჯგუფ-ჯგუფად, ერთმანეთთან ჩახუტებულებს ეძინათ პირდაპირ მწვანე მოლზე. მარია და ცერინა კი ხეტიალის ხასიათზე იყვნენ და დაღლას საერთოდ ვერ გრძნობდნენ. ცერინამ მარიას აუხსნა, რომ ისინი ელფები იყვნენ, რომ მათთან ზამთარი არასოდეს დგებოდა და თოვლი თვალითაც არ ენახათ, ამიტომ არასოდეს სციოდათ. აქ მხოლოდ გაზაფხული და ზაფხული ცვლიდა ერთმანეთს. მათი მეფე სადაც გამოჩნდებოდა, ყველგან ბედნიერებასა და მხიარულებას თესავდა. მეფის მოსვლას ელფებს ულამაზესი ჩიტი — ფენიქსი აუწყებდა. ცერინამ მარიას ფენიქსზეც უამბო. თურმე ეს ჩიტი იმიტომ იყო მუდამ ახალგაზრდა, რომ როგორც კი დაბერდებოდა, თავს იწვავდა და ფერფლიდან ისევ ახალგაზრდა გამოდიოდა. ამ დროს გოგონებს ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი ქალი მოუახლოვდა და უთხრა: „მარია, შენი აქ გაჩერება აღარ შეიძლება! ჩვენი მეფე მობრძანდება და ჩვენს სოფელში უცხო არავინ უნდა იყოს! გარდა ამისა, უნდა გაგაფრთხილო, რომ აქ რაც ნახე და გაიგონე, არავის უამბო, თორემ ელფებს ამ ულამაზესი სოფლიდან სამუდამოდ გადაგვასახლებენ!“ ქალმა მარია იმ ტყემდე მიაცილა, საიდანაც მისი სოფელი იწყებოდა. მარია ცერინას დაემშვიდობა და თავისი სახლისკენ გაეშურა. გოგონას ელფების სოფელთან შედარებით გარშემო ყველაფერი უფერული ეჩვენებოდა, თავისი სოფელი კი საერთოდ აღარ მოსწონდა. როგორც გაირკვა, მარია თავის მშობლებთან შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა. დედამ უამბო, რომ ამ დროის განმავლობაში მას ამაოდ ეძებდნენ. მარიამ მშობლები მოატყუა: „დავიკარგე, უშვილო ცოლ-ქმარმა მიპოვა და გამზარდა. ცოტა ხნის წინ, როცა ისინი გარდაიცვალნენ, შინ დავბრუნდი.“ ეს ამბავი ყველამ დაიჯერა. იმ ღამით გახარებულმა დედ-მამამ პირველად დაიძინა მშვიდად. მეორე დღეს მარიას ერთი ყმაწვილი ესტუმრა. ეს ანდრესი იყო. ამ დროის განმავლობაში ბიჭი ისე შეცვლილიყო, რომ არა დედ-მამის დახმარება, გოგონა მას ვერ იცნობდა. მარიას, რომელიც ამასობაში მშვენიერ ქალად ქცეულიყო, ანდრესმა თვალი ვერ მოსწყვიტა. ანდრესსა და მარიას ერთმანეთი შეუყვარდათ და სულ მალე იქორწინეს კიდეც. ერთი წლის შემდეგ მარიას შეეძინა პატარა გოგონა, რომელსაც ელფინა დაარქვა. ალბათ მიხვდით, რომ მარიამ ეს სახელი შვილს მდინარის მეორე ნაპირზე მცხოვრები ელფების პატივსაცემად დაარქვა. ელფინა ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონა დადგა. ერთხელ, როდესაც მარია აბანავებდა, მის ყელზე ოქროს უცნაური მედალიონი შენიშნა. მარიამ შვილს ჰკითხა: „საიდან გაქვს ეს მედალიონი?“ ელფინამ უპასუხა: „ყანაში თამაშისას ვიპოვე.“ მეორე დღეს მარია სათამაშოდ წასულ ელფინას ჩუმად უთვალთვალებდა. ელფინა იმ მინდვრისკენ წავიდა, სადაც ოჯახს ძველი ბეღელი ჰქონდა. ამ ბეღელს უკვე კარგა ხანია აღარ იყენებდნენ. ელფინამ ბეღლის კარი შეაღო და შიგნით შევიდა. დედას გულმა ვეღარ მოუთმინა და კარის ჭუჭრუტანაში შეიხედა. ელფინა ცერინას ეთამაშებოდა. ცერინა ისევ იმ ასაკის იყო, მარიამ რომ გაიცნო. მარია ელფინას რამდენიმე დღე უთვალთვალებდა. მასაც ძალიან ახალისებდა ის თამაშობები, რომელსაც პატარა გოგონები თამაშობდნენ, თუმცა მათთან გამოჩენას ვერ ბედავდა. ერთხელ თავად ცერინამ შენიშნა ბეღელის კართან მოთვალთვალე მარია, თითი დაუქნია და ხუმრობანარევი ხმით გააფრთხილა: „ეს ამბავი არავის უთხრა.“ გამოხდა ხანი. ერთ დღეს შინ დაბრუნებულმა ქმარმა მარიას უთხრა: „მდინარის მეორე ნაპირზე მდებარე ბოშების სოფელი ჩვენს მიდამოებს აუშნოებს. სჯობს, აქედან ავიყაროთ. ეს აზრი ჩვენს თანასოფლელებსაც უნდა გავუზიარო.“ მარია იძულებული გახდა, ანდრესისთვის სიმართლე ეთქვა. თავის ნათქვამში საბოლოოდ რომ დაერწმუნებინა, ქმარს ერთად მოთამაშე ცერინა და ელფინა აჩვენა. ცერინა ანდრესის დანახვაზე ძალიან გაბრაზდა. ამგვარად, მარიამ თავისი წინდაუხედავი საქციელით ელფებისთვის მიცემული პირობა დაარღვია. იმ ღამით ელფების სოფელი აიყარა და სხვა მხარეს გადაიხვეწა. მალევე მარიასა და ანდრესის სოფელი მწუხარებამ მოიცვა. აღარც ხეხილი ყვაოდა ძველებურად და აღარც მიწა იძლეოდა ადრინდელივით მოსავალს. მუდამ სეტყვა და ქარიშხალი იყო, თითქოს გაზაფხულმა და ზაფხულმა სამუდამოდ მიატოვა ეს სოფელი. სოფლის ერთადერთი იმედი ელფინა იყო. პატარა გოგონამ გადაწყვიტა, სოფელს როგორმე დახმარებოდა. ღამით თბილად ჩაიცვა და იქით გაეშურა, საითაც გულმა გაუწია. ბევრი იარა თუ ცოტა, ელფების ადგილსამყოფელს მიაგნო. იქაურობა ისევ ისეთი მშვენიერი იყო, როგორც მარიას დროს. ელფინამ ცერინას სთხოვა, მისთვის ელფების მეფე ეჩვენებინა და დიდი ხვეწნის შემდეგ, დაითანხმა კიდეც. ელფების მეფემ პატარა გოგონას გამბედაობა შეუქო და გადაწყვიტა, მის სოფელს ისევ დახმარებოდა. ელფინას ოქროს დოქით ოქროს მდინარის წყალი გაატანა სოფელში, თან დალოცა და დაარიგა: „თუ სწრაფად ივლი, შენი სოფლის გადარჩენას მოასწრებ... დღეიდან ჩვენ სამუდამოდ დავიცავთ შენს სოფელს და ძველებური ბედნიერი ცხოვრება დაგიბრუნდებათ!“ ელფინა თავისი სოფლისკენ ისე სწრაფად მირბოდა, რომ შინ მისულს ფეხისგულები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. ამასობაში დაღამებულიყო. ელფინამ ოქროს მდინარის წყალი თავის ეზოში ერთ-ერთ ხეს დაუსხა. ხე მაშინვე აყვავდა. შემდეგ მეორე ხე მორწყა, მერე მესამე და ასე მიყოლებით. დილით მთელი სოფელი ისევ ძველებურად მშვენიერი იყო, შეიძლება ითქვას, ადრინდელზე უკეთესიც. დაღლილ-დაქანცულ ელფინას კი იქვე, ერთ-ერთი ხის ძირში ჩაეძინა. მოგვიანებით თანასოფლელებმა მძინარე ელფინა ოქროს დოქით ხელში რომ იპოვეს, ყველაფერს მიხვდნენ და ელფებსა და მათ მეფეს მადლობა გადაუხადეს. სოფელს ბედნიერი ცხოვრება დაუბრუნდა. იმ დროიდან მოყოლებული თანასოფლელები ელფინას ელფების მეგობრად მიიჩნევდნენ და რჩევა-დარიგებებისთვის ხშირად მას მიმართავდნენ. ელფინაც მუდამ მზად იყო მათ დასახმარებლად. მარიასა და ანდრესის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ისინი თავიანთი მშვენიერი ქალიშვილით ამაყობდნენ. ელფინამ, დედ-მამის დახმარებით, თავისი სოფელი ნელ-ნელა ელფების მშვენიერ სოფელს დაამსგავსა. აქ მხოლოდ კეთილი ადამიანები ცხოვრობდნენ. ამ სოფელში გაზაფხული და ზაფხული კვლავ ენაცვლებოდა ერთმანეთს და ამიტომაც, მუდამ მზითა და ყვავილებით იყო სავსე.

მსგავსი ზღაპრები

  • ჯადოსნური სასტვენი

    11 წუთი

  • ოქროს ქოთანი

    12 წუთი

  • პრინც ბირიბინკერის ამბავი

    13 წუთი

  • გაჭირვება გასწავლის

    11 წუთი

  • ოქროს ყმაწვილები

    10 წუთი

  • აშუღ-ყარიბი

    15 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.