ოქროს ქოთანი - ხალხური ზღაპარი
აღმოაჩინე ჯადოსნური სამყარო! დაეხმარე სტუდენტ ანსელმს ბოროტი ჯადოს დაძლევაში, ოქროს ქოთნის საიდუმლოს ამოხსნასა და ბუნების დაკარგული ენის შესწავლაში.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
მოგესალმებით, პატარა მეგობრებო! ახლა უნდა მოგიყვეთ ერთი საოცარი ამბავი. ეს არის ცნობილი ავტორის, ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, რომელსაც ჰქვია „ოქროს ქოთანი“. ქალაქ დრეზდენში ერთი სტუდენტი ბიჭი ცხოვრობდა, სახელად ანსელმი. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ყმაწვილი გახლდათ, მხოლოდ ერთი უბედურება სჭირდა — ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხიფათს აწყდებოდა და საქმეებიც ყოველთვის უკუღმართად მისდიოდა. დილით ტანსაცმელს რომ ჩაიცვამდა, უთუოდ რომელიმე ღილი ასწყდებოდა; თუ ჭიქას აიღებდა ხელში, უცებ გაუვარდებოდა. მოკლედ, დიდი უიღბლო ბიჭი გახლდათ. აი, ერთხელაც ბაზრის ჭიშკართან მიდიოდა. უცებ ერთ ბებერ ქალს დაეჯახა და კალათიდან ვაშლები დაუბნია. „ეს რა ქენი? წინ არ იყურები, შე ბოთევ, შენა?! სულ დამიპნიე ვაშლები! მომწყდი აქედან!“ — აყვირდა ბოროტი ხმით დედაბერი და ანსელმს წყევლა დაუწყო. შეშინებული ბიჭი ბაზრიდან უკანმოუხედავად გაიქცა. ბევრი იარა თუ ცოტა, ქალაქის გარეუბანში, ერთ ულამაზეს ბაღს მიადგა. ტბის პირას ჩამოჯდა და სევდიანად ჩაფიქრდა: „მაინც რატომ ვარ ასეთი უიღბლო? საკმარისია, რამეს მოვკიდო ხელი, რომ ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ გამომდის“. უეცრად მშვენიერი მუსიკის ჰანგები შემოესმა, ჰაერში ფოსფორისფერი და ოქროსფერი სხივები გაიფანტა და ქალის ნაზი ჩურჩული გაიგონა: „შენ თუ ჩემი სიყვარული გახდები, ყველა ოცნება ამისრულდება; ამიხდება ყველა სიზმარი — ულამაზესი შროშანი ისევ აყვავილდება ოქროს ქოთანში და მის მფლობელს გააბედნიერებს...“ უცებ ბუჩქი შეირხა და იქიდან საოცრად ლამაზი, მბზინვარე, მოოქროსფრო გველი გამოჩნდა. გველს ისეთი გაბრწყინებული ცისფერი თვალები ჰქონდა, რომ ანსელმი მოაჯადოვა, მაგრამ მალევე ბალახებში მიიმალა. ამ ამბის შემდეგ ჭაბუკს საოცარი გრძნობა დაეუფლა — ის შეყვარებული იყო! ყოველდღე დადიოდა ანსელმი იმ ბაღში, მაგრამ გველს ვერსად პოულობდა. ერთ დღესაც დადარდიანებულ ბიჭს თავისი ლექტორი, ბატონი გერბრანდი შეხვდა. ანსელმმა გულახდილად უამბო ბაღში ნანახი ცისფერი თვალებისა და სიზმრების შესახებ. ლექტორმა ურჩია, ქალაქში ცნობილ ჯადოქართან და სწავლულ პროფესორთან მისულიყო. მეორე დღესვე ანსელმი და ლექტორი უცნაური პროფესორის კარს მიადგნენ. „რამ შეგაწუხათ, გერბრანდ? ვინაა ეს ყმაწვილი?“ — იკითხა მაღალმა, მწვანე ლაბადაში გამოწყობილმა ჯადოქარმა. „ეს სტუდენტი ანსელმი გახლავთ, ერთი გასაჭირი აქვს და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება,“ — უპასუხა გერბრანდმა. როცა მარტონი დარჩნენ, ანსელმმა ყველაფერი უამბო პროფესორს. „ის საოცარი ცისფერი თვალები ჩემს ქალიშვილს, სერპენტინას ეკუთვნის! ბოროტმა დედაბერმა ჩემი ულამაზესი გოგონა გველად აქცია,“ — სევდიანად თქვა ჯადოქარმა და აუხსნა, რომ ოდესღაც ადამიანებს ბუნების ენა ესმოდათ, მაგრამ ბოროტმა ძალებმა ეს უნარი დააკარგვინეს. „ჩემი ერთადერთი იმედი ახლა ოქროს ქოთანია. მასში ულამაზესი შროშანი ყვავის. საკმარისია, ერთი უძველესი ხელნაწერის გაშიფრვა შევძლო, რომ ყვავილი ოქროს მტვერს ამოაფრქვევს და ჩემი სერპენტინაც კვლავ მშვენიერ გოგონად გადაიქცევა.“ ანსელმმა სიხარულით შესთავაზა დახმარება. გადიოდა დრო, ბიჭი დაუღალავად ცდილობდა ხელნაწერების გაშიფვრას, მაგრამ ამაოდ. ერთხელაც, დაღონებული ანსელმი ოქროს ქოთანთან მივიდა და ატირდა: „ყვავილო, შენ ერთადერთს შეგიძლია ჩემი დახმარება!“ მისი მდუღარე ცრემლები შროშანის ფოთლებს დაეცა. მოულოდნელად შროშანმა საოცარი შუქი გამოასხივა და მთელი ოთახი გაანათა! მაგიდაზე მდებარე ხელნაწერები მოულოდნელად გასაგები გახდა. იქ სერპენტინას სიმღერა ეწერა. ანსელმმა გრაგნილი აიღო და თავადაც ამღერდა: „შენ თუ ჩემი სიყვარული გახდები...“ სიმღერის ხმაზე შროშანმა ოქროს მტვერი ამოაფრქვია და ანსელმის წინ ენითაუწერელი სილამაზის ქალიშვილი გაჩნდა. ეს სერპენტინა იყო! ჯადო დაიმსხვრა. იმ დღესვე დიდი საქორწინო სუფრა გაიშალა. ანსელმი კი ოქროს ქოთნის მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან ბუნების ენა და სამყაროს ყველა კეთილი საიდუმლო შეიცნო.






