Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. მსოფლიო კლასიკა
  4. ჯადოსნური სასტვენი
ჯადოსნური სასტვენი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0011:12
მსოფლიო კლასიკა

ჯადოსნური სასტვენი - ხალხური ზღაპარი

მოხერხებული მწყემსის თავგადასავალი, რომელიც ჯადოსნური სასტვენის დახმარებით მეფის ურთულეს დავალებებს ასრულებს.

ხანგრძლივობა
11 წუთი
მოსმენები
4 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, მაია წითლიძე , ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

მოგესალმებით, პატარებო! თქვენ წინაშეა ბულბულის საოცარი აუდიო ზღაპარი „ჯადოსნური სასტვენი“, რომელიც ერთ დაუვიწყარ თავგადასავალში გამოგზაურებთ. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი დიდებული მეფე, რომელსაც გასაოცარი სილამაზის ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც პრინცესას გათხოვების დრო დადგა, მეფემ მთელ სამეფოში ბრძანება გასცა: „ყველა სასიძო დიდ მინდორზე შეიკრიბოს, იქ პრინცესა თავის ოქროს ვაშლს ისვრის. ვინც ოქროს ვაშლს დაიჭერს და მის სამ დავალებას შეასრულებს, იმას მისთხოვდება“. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დანიშნულ დღესა და დროს, საგანგებოდ შერჩეულ მინდორზე, ყმაწვილების მთელმა ჯარმა მოიყარა თავი. პრინცესამ, პირობისამებრ, ოქროს ვაშლი ისროლა. საქმე ისაა, ჩემო პატარებო, რომ ოქროს ვაშლის დაჭერა ერთმა კი არა, ბარე სამმა ჭაბუკმა მოახერხა, მაგრამ დავალებების შესრულებას ვერც ერთმა ვერ გაართვა თავი. და აი, როდესაც მეფესა და პრინცესას იმედი თითქმის გადაეწურათ, მეოთხედ ნასროლი ოქროს ვაშლი ვაჟთა შორის ყველაზე მომხიბლავმა და, ამავე დროს, ყველაზე ღარიბმა მწყემსმა დაიჭირა. პრინცესას პირველი სამი დავალება მწყემსმა ისე ადვილად შეასრულა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ჰოდა, მეფემ პირობა დაარღვია და დავალებები გაართულა. „იმ მინდორზე, სადაც პრინცესამ ვაშლი ისროლა, მთელი დღის განმავლობაში ასი კურდღელი ისე უნდა მწყემსო, რომ საღამოს, საკურდღლეებში დაბინავებისას, ერთი კურდღელიც არ უნდა აკლდეს!“ - უბრძანა ჭაბუკს. მწყემსმა მეფეს მოსაფიქრებლად ერთი დღე სთხოვა და იქვე, ტყეში განმარტოვდა. თავდახრილი მიუყვებოდა ვიწრო ბილიკებს და გამუდმებით ამ რთულ დავალებაზე ფიქრობდა. უცებ, სად იყო და სად არა, მის წინ თეთრთმიანი დედაბერი გაჩნდა და დინჯად ჰკითხა: „რა გაგჭირვებია, ყმაწვილო?“. მწყემსმა ხელი ჩაიქნია: „მე, ერთმა საცოდავმა მწყემსმა, პრინცესას ცოლობა მოვინდომე და!..“ „გულს ნუ გაიტეხ! გიჯობს მომიყვე, ასე რამ დაგადარდიანა, რა იცი, იქნებ დაგეხმარო კიდეც!“ - ანუგეშა დედაბერმა. მწყემსს ისე ჰქონდა გული დამძიმებული, ყველაფერი დაწვრილებით უამბო. „სულ ესაა? ამის გამო ნაღვლობ? ამას ხომ იოლად მოვაგვარებთ!“ - გაიკვირვა დედაბერმა, ჯიბიდან ძვლის სასტვენი ამოიღო და გაუწოდა. მწყემსი მიხვდა, რომ მთელი საიდუმლო მისი გამოყენების წესში იმალებოდა, მაგრამ სანამ რამეს იკითხავდა, დედაბერი უცებ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, გაქრა. გათენდა თუ არა, მეფემ კურდღლების მინდორში გარეკვა ბრძანა. კურდღლები ისე სწრაფად გაიფანტნენ, მწყემსმა დათვლაც კი ვერ მოასწრო. დაღონდა ჭაბუკი, მაგრამ უცებ სასტვენი მოაგონდა და ჩაჰბერა. რაღაც უჩვეულო, ჟღერადი ხმა გაისმა და ყველა კურდღელმა მაშინვე მის ირგვლივ მოიყარა თავი. ეს ამბავი მეფეს და პრინცესას აცნობეს. მამა-შვილი საგონებელში ჩავარდა. „რამე უნდა ვიღონოთ!“ - განაცხადა პრინცესამ, გლეხის გოგოს სამოსი ჩაიცვა და მწყემსთან მივიდა, რომ ერთი კურდღელი ეყიდა. მაგრამ გონიერმა მწყემსმა იგი მაშინვე იცნო და უთხრა: „თუ მაკოცნინებ, ფული რად მინდა, ერთ კურდღელს ისედაც სიამოვნებით გაჩუქებ“. სხვა რაღა გზა ჰქონდა პრინცესას, დათანხმდა, დაავლო კურდღელს ხელი და სასახლისკენ გაქუსლა. როგორც კი თვალს მიეფარა, მწყემსმა სასტვენს ჩაჰბერა და კურდღელიც მაშინვე უკან, ფარაში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ მწყემსს ძონძებში გადაცმულმა, სახედარზე შემჯდარმა თავად მეფემ ჩაუარა და სთხოვა: „ერთი კურდღელი მომყიდე, ჭაბუკო!“ „კურდღლები არ იყიდება! ისინი უნდა დაიმსახურო! შენს სახედარს კუდის ქვეშ სამჯერ უნდა აკოცო,“ - უპასუხა მწყემსმა. შეურაცხყოფილმა მეფემ დიდძალი ფული შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დანებდა, სახედარს აკოცა და კურდღელიც მიიღო, მაგრამ სასტვენის ხმაზე ისიც უკანვე გაიქცა. საღამოს მეფე და პრინცესა ერთმანეთს უმალავდნენ თავს გადახდენილ სირცხვილს. საღამოს მწყემსმა ასივე კურდღელი დააბინავა. გაბრაზებულმა მეფემ ახალი დავალება მისცა: „ჩემს ბეღელში ას ტომარაში ჩაყრილი ბარდა და ოსპია, თუ ერთ ღამეში ბარდას ოსპისგან გამოაცალკევებ, ჩემს ქალიშვილს მოგათხოვებ“. ღამით მწყემსი ბეღელში გამოკეტეს. ჩაჰბერა მან სასტვენს და მაშინვე ხუთიათასი ჭიანჭველა გაჩნდა, რომელთაც დილამდე მთელი მარცვლეული გადაარჩიეს. შემდეგი დავალება კიდევ უფრო წარმოუდგენელი იყო: მწყემსს ერთ ღამეში უნდა შეეჭამა სამეფო საცხობში გამომცხვარი ყველა პური. ჩვენმა მწყემსმა არც ახლა დაიბნა, სასტვენს ჩაჰბერა და ოთახი აურაცხელმა თაგვმა გაავსო, რომლებმაც დილამდე ერთი ნამცეციც აღარ დატოვეს. ხელმწიფეს იმედი საბოლოოდ გადაეწურა და ბოლო ხრიკს მიმართა: მოატანინა უზარმაზარი ტომარა და მწყემსს უბრძანა, იმდენი ტყუილი ეთქვა, რომ ტომარა მარცვლებით გავსებულიყო - თითო ტყუილზე თითო მარცვალი ჩაეგდო. მწყემსმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ტომარა ნახევრამდეც ვერ გაავსო. უცებ სახე გაუბრწყინდა და თქვა: „როცა კურდღლებს ვმწყემსავდი, ჩემთან ღარიბულ სამოსში გადაცმული პრინცესა მოვიდა და ერთი კურდღელი მთხოვა. მე სანაცვლოდ კოცნა ვთხოვე და ის დამთანხმდა!“ პრინცესას სახე აუწითლდა. „ამ ამბიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ჩემთან სახედარზე შემომჯდარი მგზავრი მოვიდა. მაშინვე მივხვდი, რომ მეფე იყო და შევთავაზე...“ „საკმარისია! საკმარისია!“ - წამოიძახა თავზარდაცემულმა მეფემ, - „ტომარა სავსეა!“ ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე, მეფის სასახლეში დიდებული ქორწილი გაიმართა და ჩვენმა საზრიანმა მწყემსმა მშვენიერ პრინცესაზე იქორწინა.

მსგავსი ზღაპრები

  • ოქროს ქოთანი

    12 წუთი

  • ელფები

    13 წუთი

  • პრინც ბირიბინკერის ამბავი

    13 წუთი

  • გაჭირვება გასწავლის

    11 წუთი

  • ოქროს ყმაწვილები

    10 წუთი

  • აშუღ-ყარიბი

    15 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.