პრინც ბირიბინკერის ამბავი - ხალხური ზღაპარი
გაეცანით პრინც ბირიბინკერის საოცარ თავგადასავალს! ეს ჯადოსნური ზღაპარი მოგვითხრობს სიმამაცესა და სიყვარულზე, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას ამარცხებს.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
გეპატიჟებით ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ეს საოცარი აუდიო ზღაპარი ცოცხლდება. მისი ავტორი თავად ხალხური სიბრძნეა, ხოლო სახელწოდებაა „პრინც ბირიბინკერის ამბავი“. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! ერთ დიდებულ სახელმწიფოში ცხოვრობდა ერთი მეფე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი, მაგრამ ერთხელ მასაც ეწვია ბედნიერება და მშვენიერ დედოფალს ულამაზესი ვაჟი შეეძინა. მეფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რასაკვირველია, ეს ამბავი დიდი ზარ-ზეიმითა და ნადიმით აღინიშნა. პრინცისთვის სახელის შესარჩევად კი მსახურები შორეულ კუნძულზე, ერთ ბრძენთან გაგზავნეს. ისინი უკან დიდი გრაგნილით დაბრუნდნენ, რომელშიც ბრძენი მეფეს სწერდა: „პრინცს ბირიბინკერი დაარქვით, ეს სახელი მას მრავალი გასაჭირისგან დაიხსნის და, რაც მთავარია, მოარიდეთ მერძევეს, რომელმაც, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.“ მეფეს ძალიან ეუცნაურა როგორც პრინცის სახელი, ასევე ბრძენის გაფრთხილებაც, მაგრამ, რა გაეწყობოდა! ბრძენს უნდა დამორჩილებოდა! ჰოდა, პრინცს მართლაც ბირიბინკერი დაარქვა. მერე, შვილის უსაფრთხოების მიზნით, ყველა მერძევე სამეფოსგან შორს გადაასახლა. მართალია, ამან ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ პრინცის უსაფრთხოება მეფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მოგვიანებით, პატარა პრინცის ძიძის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. მეფის ვეზირებმა ამოარჩიეს ხუთიათასამდე ულამაზესი ქალი და ყველანი მეფე-დედოფალს მიჰგვარეს. ის-ის იყო, სამეფო ოჯახი მშვენიერ ქალბატონებს შორის საუკეთესოს ამორჩევას აპირებდა, რომ უცებ, სად იყო და სად არა, დედოფლის წინ მოლაპარაკე თხა გაჩნდა და ქალბატონს თითქმის ყურში ჩასჩურჩულა: „თქვენო უმაღლესობავ, ნუ მოიხიბლებით ამ მშვენიერი ქალბატონებით, თქვენს შვილს ყველაზე კარგად მე აღვზრდი! ჩემი რძით გამოვკვებავ და ის ყველაზე ჯანმრთელი და ძლიერი იქნება.“ დაამთავრა თუ არა თხამ დედოფალთან საუბარი, მის წინ ახლა ფუტკარი გაჩნდა და დედოფალს უთხრა: „ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ თხას, იგი სინამდვილეში ჯადოქარია! გიჯობთ, თქვენი ვაჟი მე მომაბაროთ. ის ყველაზე წარმოსადეგი და კეთილგონიერი რაინდი დადგება! მე მას თაფლით გამოვკვებავ; მის ცრემლსა თუ ოფლს კი ჟასმინისა და სხვა სურნელოვანი ყვავილების სასიამოვნო სუნი ექნება.“ სამეფო ოჯახმა ფუტკრის წინადადება მოიწონა და შვილი აღსაზრდელად სწორედ მას მიაბარა. ფუტკარმა პრინცი სამეფოსთან ახლოს, ტყეში წაიყვანა და უამრავი მოსამსახურე ფუტკრის დახმარებით, მის აღზრდას შეუდგა. გადიოდა წლები. პრინცს უფრო და უფრო ემატებოდა გონიერება და თანდათან მშვენდებოდა, მის ცრემლებსა და ოფლს კი საოცარი სურნელი ასდიოდა — მინდვრის ყვავილების არომატით შეზავებული ჟასმინის სუნამოსავით. თექვსმეტი წლის უფლისწული უკვე იმდენად ჭკვიანი გახლდათ, რომ ადვილად შეეძლო ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა-მოგვარება. ჰოდა, რაღა გააჩერებდა ტყეში — მხოლოდ ფუტკრებისა და ტყის ბინადართა გარემოცვაში! რათქმაუნდა, ის ფუტკრების დედოფალს ეახლა და სთხოვა: „ქვეყნიერება მინდა ვნახო და გამიშვით.“ დედოფალმა ამაზე სასტიკი უარი განუცხადა და მცველებიც კი მიუჩინა, ტყიდან რომ არ გაპარულიყო. აღმზრდელს იმის ეშინოდა, სადმე მერძევეს არ გადაჰყროდა. მან კარგად იცოდა ბრძენთა-ბრძენის გაფრთხილება, რომ პრინცს საფრთხე სწორედ მერძევისგან ელოდა. ფუტკრების დიდი ყურადღების მიუხედავად, პრინცმა მაინც მოახერხა ტყიდან გაპარვა, ამაში მას ერთი ფუტკარი დაეხმარა, მან ჭაბუკს ასწავლა, ტყიდან გასვლის შემდეგ რომელი მიმართულებით წასულიყო, რათა ფუტკრებს ვეღარასოდეს ეპოვათ, თან დაარიგა: „გზაზე პირველივე შემხვედრ გალავანში შედი და არსად გადაუხვიო.“ პრინცმა ამ ფუტკარს მადლობა გადაუხადა, გამოემშვიდობა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა, გზად ერთი ქოხი შენიშნა. პრინცს მოაგონდა, რომ მხოლოდ დიდ გალავანთან უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და ღობეს მიუახლოვდა, ჭიშკარი შეაღო და შევიდა. ეზოში ხეხილი ყვაოდა, ქოხის კარიც ღია დაეტოვებინათ. პრინცი შიგნით შევიდა და რას ხედავს! ულამაზესი გოგონა ქოთნიდან ჯამში რძეს ასხამს. მიუხედავად იმისა, რომ ტანზე უბრალო სამოსი ეცვა, გოგონა იმდენად ლამაზი იყო, პრინცს თავბრუ დაეხვა და მის წინ მუხლებზე დაემხო. „რა გქვიათ, ულამაზესო ასულო?“ — ჰკითხა მან გოგონას, რომელიც დაუპატიჟებელ სტუმარს გაოცებული და შეშინებული შესცქეროდა. „გალაქტინა!“ — მიუგო დაბნეულმა გოგონამ, — „თქვენ?“ „ბირიბინკერი!“ ამ სახელის გაგონებაზე გოგონამ შემზარავად შეჰკივლა და ისეთი სისწრაფით გაიქცა, რომ პრინცმა მისი შეჩერება ვერ შეძლო. მხოლოდ ისღა მოახერხა, უკან დასდევნებოდა. გალაქტინა დიდ გალავანს მიუახლოვდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. როგორც იქნა, ბირიბინკერმა გალავნის კარიბჭეს მიაგნო და ეზოში შევიდა. მის წინ ბრწყინვალე არქიტექტურის ნიმუში, მდიდრულად ნაგები უზარმაზარი სასახლე წამოიმართა. ბირიბინკერმა ლამის მთელი სასახლე დაათვალიერა, ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, მაგრამ ადამიანის მსგავსიც კი ვერავინ ნახა. ამასობაში დაღამდა კიდეც. დაღლილი პრინცი ერთ-ერთ ოთახში შევიდა და მოსასვენებლად საწოლზე წამოწვა, თან ოფლს იწმენდდა. პრინცის ოფლის ერთი ცვარი იქვე, საწოლთან მდგარ ქოთნის ყვავილს დაეცა. ის მოულოდნელად უმშვენიერეს ქალად გადაიქცა. პრინცის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მშვენიერი ქალი მას მადლობის ნიშნად თავს უკრავდა. „ვინ ხართ?“ — ჰკითხა გაკვირვებულმა პრინცმა. „მე კრისტალინა მქვია,“ — მიუგო ქალმა, — „ამ სასახლეში ლამის ყველა ნივთი ჩემსავით მოჯადოებულია. ოო, დიდებულო პრინცო, რომ იცოდეთ, თქვენს მოსვლას როგორ ველოდით!“ „ჩემს მოსვლას? თქვენ ხომ ჩემი სახელიც კი არ იცით?!“ „თქვენ უთუოდ პრინცი ბირიბინკერი ხართ! დიახ, დიახ! მხოლოდ მას შეეძლო ამ ჯადოს მოხსნა. გთხოვთ, სხვებისთვისაც ნუ დაინანებთ თქვენს სურნელოვან ოფლის წვეთებს!“ „რას ბრძანებთ! თუ მხოლოდ ეს კმარა, რა სალაპარაკოა!“ — წამოიძახა პრინცმა და თმიდან ჩამოგორებული ოფლის წვეთები კრისტალინას ნაჩვენებ ყველა ნივთს დააპკურა. ნელ-ნელა სასახლე ახმაურდა და საგნებად ქცეულმა ადამიანებმა, ერთმანეთის მიყოლებით, თავიანთი პირვანდელი სახეები დაიბრუნეს. რათქმაუნდა, ყველა ხოტბას ასხამდა პრინც ბირიბინკერს. დაღლილი პრინცი კრისტალინამ საძინებელ ოთახში მოასვენა. შემდეგ კი უგემრიელესი კერძებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. „რით გადაგიხადოთ სამაგიერო ასეთი დიდი სიკეთისთვის, პრინცო ბირიბინკერ, ჩვენ ხომ თქვენს გამოჩენას, დიდი ხანია, ველოდით!“ „თქვენი დახმარება მართლა დამჭირდება, მშვენიერო კრისტალინა,“ — მიუგო ბირიბინკერმა, — „მე ერთ ულამაზეს გოგონას ვეძებ. მას გალაქტინა ჰქვია. ბოლოს, სწორედ ამ სასახლის გალავანთან დავინახე, შემდეგ კი გაუჩინარდა!“ „ის მერძევე გოგო, არა? თქვენ ის შეგიყვარდათ!.. მაგრამ მისი პოვნა არც ისე იოლია. გალაქტინას რომ მიაგნოთ, ჯერ გზაზე შემხვედრ ყველა მოჯადოებულ არსებას უნდა დაეხმაროთ. ასე რომ, შორი და რთული გზა გელით!“ „მზად ვარ, მის გამო ყველა წინააღმდეგობა დავძლიო!“ „პრინცო, ძალიან მამაცი ბრძანდებით! წარმატებას გისურვებთ! თუ ჩემი დახმარება დაგჭირდეთ, გვერდით მიგულეთ. აიღეთ ეს ალმასის თილისმა, დაგეხმარებათ!“ ბირიბინკერი კრისტალინას დაემშვიდობა და გზას გაუდგა. უცებ მიწა შეინძრა. პრინცმა მიიხედ-მოიხედა და გოლიათი დაინახა. გოლიათს ზურგზე ტომარა მოეგდო და არხეინად მოდიოდა. ადამიანი რომ დაინახა, სიხარულით შეიკუნტრუშა, ხელი სტაცა და ტომარაში გადაუძახა. ტომარა ისევ მხარზე გადაიკიდა და გზა სიმღერ-სიმღერით განაგრძო. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ბირიბინკერმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. უცებ წყლის ხმაური მოესმა. როგორც ჩანს, გოლიათი მდინარეზე გადადიოდა. პრინცს კრისტალინას ნაჩუქარი ალმასის თილისმა გაახსენდა და ჯიბიდან ამოიღო. უცებ თილისმა დანად გადაიქცა, ბირიბინკერმა ტომარა გაჭრა და შიგ წყალში მოადინა ზღართანი. გოლიათს არც არაფერი გაუგია, მშვიდად განაგრძო გზა. თუმცა, ბირიბინკერს წინ მორიგი განსაცდელი ელოდა. უცებ წყალი ადიდდა, აზვირთდა და პრინცი უზარმაზარი წყლის ვეშაპის ხახაში აღმოჩნდა. ვეშაპის კუჭში მას მოლაპარაკე ბადრიჯანი დახვდა, მეგობარ კიტრსა და პომიდორთან ერთად. „თქვენ, ალბათ, პრინცი ბირიბინკერი ხართ!“ — უთხრა პრინცს ბადრიჯანმა. „დიახ, მაგრამ თქვენ საიდან იცით?“ — გაიკვირვა პრინცმა. „ოოოოოო, ჩვენ რა ხანია, გელით, პრინცო ბირიბინკერ! მართლა ბოსტნეული არ გეგონოთ, ჯადოქრისგან მოჯადოებული ადამიანები ვართ!“ „რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ — იკითხა გაოცებულმა ბირიბინკერმა. „პრინცო, აი ეს გზა ერთ მოჯადოებულ სასახლემდე მიგიყვანთ,“ — ამ სიტყვებზე ბადრიჯანმა მას გზა უჩვენა, — „ამ სასახლეში ჩვენს პრინცესას სძინავს, მას კი ჯადოქარი სდარაჯობს და მისი გამოღვიძების უფლებას არავის აძლევს. თქვენ ისეთი მამაცი ხართ, უდავოდ შეძლებთ მის გამოხსნას. საკმარისია, პრინცესამ გაიღვიძოს, ჩვენ ყველანი ისევ ადამიანებად გადავიქცევით!“ „სულ ესაა?“ „ჰო, მაგრამ, სანამ სასახლემდე მიხვალთ, გზად ცეცხლოვანი შადრევნები შეგხვდებათ უზარმაზარი აუზებით. ერთ-ერთ ასეთ აუზში უნდა განიბანოთ!“ „ცეცხლის აუზში? კი მაგრამ, ხომ დამწვავს?!“ „არა, არ დაგწვავთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება გავნოთ, ეს თქვენივე შიშია!“ „მაშ, დროა, გზას გავუდგე!“ „წარმატებას გისურვებთ, პრინცო ბირიბინკერ!“ პრინცი გზას გაუყვა და სულ მალე, მის წინ ცეცხლოვანი შადრევნები აღიმართა. მათ აუზებს ჟასმინისა და ვარდის ბუჩქის ჯებირები ჰქონდათ. პრინცი ერთ-ერთ მათგანში გადაეშვა. მართლაც, არავითარი წვა არ უგრძნია, პირიქით, ისე ესიამოვნა, აუზიდან ამოსვლა აღარ უნდოდა, მაგრამ საქმე იხმობდა — მას ხომ პრინცესა და მთელი სამეფო უნდა გადაერჩინა?! აუზიდან ამოსული ბირიბინკერი საოცარ სინათლეს გამოსცემდა, ტანზე თითქოს მბრწყინავი ოქროს საფარველი გადაეკრა. პრინცი პირდაპირ სასახლისკენ გაემართა. ერთ კოშკში მართლაც იპოვა მძინარე პრინცესა და მისი გამოღვიძება სცადა, მაგრამ უცებ, სად იყო და სად არა, ჯადოქარი გაჩნდა. მას ხელში ალმასის ხმალი ეჭირა და პრინცს დაჭრით დაემუქრა. აღმოჩნდა, რომ პრინც ბირიბინკერს მბრწყინავი ოქროს გარსი იცავდა. ჯადოქარმა მისი დაჭერა ვერ შეძლო, რადგან პრინცის შეხებისთანავე, თვითონ აორთქლდა! ჰოდა, ამ დროს პრინცესასაც გაეღვიძა. ბადრიჯანი, კიტრი და პომიდორი ისევ ადამიანებად გადაიქცნენ, ხოლო ვეშაპი დიდ სახელმწიფოდ, სადაც ეს სასახლე იდგა. გაღვიძებულმა პრინცესამ მადლობა გადაუხადა ბირიბინკერს და უთხრა: „მზად ვარ, ამ სიკეთისთვის ნებისმიერი საფასური გადავიხადო!“ ბირიბინკერს კი, მხოლოდ და მხოლოდ, თავისი საყვარელი მერძევე გოგონას პოვნა უნდოდა. მაშინ პრინცესამ მას ერთ მთაზე მდგარი პატარა ქოხი დაანახა. პრინციც იქით გაეშურა და ულამაზესი მერძევე გოგონაც იპოვა. სინამდვილეში ის ბოროტი ჯადოქრის მიერ შორეული სამეფოდან მოტაცებული პრინცესა აღმოჩნდა და სწორედ მისგან თავდასაღწევად ასაღებდა თავს მერძევედ. ამჯერად გალაქტინას არავითარი საშიშროება აღარ ემუქრებოდა, რადგან მამაცმა უფლისწულმა ჯადოქარი დაამარცხა. პრინცმა პრინცესას ხელი სთხოვა, მერე კი ბირიბინკერის მშობლიურ სასახლეში გაემგზავრნენ. მეფემ და დედოფალმა უზომოდ გაიხარეს. მოგვიანებით პრინცესას გადარჩენის ამბავი მის მშობლებსაც აცნობეს და ქორწილში დაპატიჟეს. მას შემდეგ პრინცი ბირიბინკერი და პრინცესა გალაქტინა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.






