ბრემენელი მუსიკოსები - ხალხური ზღაპარი
ოთხი მიტოვებული მეგობრის - ვირის, ძაღლის, კატისა და მამლის თავგადასავალი, რომლებიც ერთად ძლევენ საშიშროებას.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, გიორგი ყველაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი
ზღაპრის შესახებ
ძვირფასო პატარებო, ახლა უნდა მოგიყვეთ ერთი ძალიან საინტერესო აუდიო ზღაპარი. ეს არის ძმები გრიმების მიერ დაწერილი ცნობილი ამბავი, რომელსაც „ბრემენელი მუსიკოსები“ ჰქვია. მოკალათდით მოხერხებულად და მომისმინეთ. ერთ პატარა სოფელში ერთი მეწისქვილე ცხოვრობდა ვირთან ერთად. ვირი წისქვილში ტომრებს ეზიდებოდა, პატრონი კი ამის სანაცვლოდ საზრდოს აძლევდა. ცხოვრობდნენ ასე. გავიდა წლები, ვირი დაბერდა და დაუძლურდა, წისქვილამდე გზა დაგრძელდა და აუტანელიც გახდა. ერთხელაც, ყური მოჰკრა, მეწისქვილეს მისი თავიდან მოშორება გადაეწყვიტა, ვირი ტყუილად რატომ ვარჩინოო, და გამოექცა. „წავალ ბრემენ ქალაქში, ქუჩის მუსიკოსი გავხდები და სარჩო-საბადებელს ამით მოვიპოვებ,“ – ფიქრობდა ის. მიდის თავისთვის და უცებ ხედავს, გზაზე ძაღლი წევს და ძლივსღა სუნთქავს. „რა გჭირს? ასე მძიმედ რატომ სუნთქავ?“ – თანაგრძნობით ჰკითხა ვირმა. „ეჰ! ძალიან დავბერდი, დღითიდღე ღონე მეცლება და სანადიროდ აღარ ვვარგივარ. პატრონს ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ გამოვექეცი და ახლა ვფიქრობ, თავი რითი უნდა ვირჩინო?“ – დაღონებით მიუგო ძაღლმა. „იცი, რა, ბრემენში მივდივარ და იქ მუსიკოსობას ვაპირებ. წამომყევი შენც - და უკვე მთელი ორკესტრი ვიქნებით! მე ბარბითზე დავუკრავ, შენ კი მედოლე იყავი,“ – აღტაცებით შესთავაზა ვირმა. ამ შეთავაზებით ძაღლი მეტად კმაყოფილი დარჩა, და ორივემ გზა განაგრძეს. ცოტაც გაიარეს და ერთი დაღვრემილი კატა შემოხვდათ. „რა მოგივიდა? რადა ხარ ასე მოწყენილი?“ – მზრუნველობით ჰკითხა ვირმა. „როგორ არ მოვიწყენ? ხომ ხედავ, ვბერდები, პატრონს ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და გამოპარვა ძლივს მოვასწარი. ახლა კი სად წავიდე, სარჩო-საბადებელი რითი მოვიპოვო?“ – დაიწუწუნა კატამ. „წამო ჩვენთან ერთად ბრემენში, კარგად იცი ღამის სერენადების ფასი, ჩვენსავით ქალაქის მუსიკოსი იქნები,“ – გაამხნევა ვირმა. კატაც გაჰყვა. გაქცეულებმა ერთ ეზოს ჩაურბინეს, ღობეზე მამალი იჯდა და მთელი ძალით გაჰყიოდა. „რა მოგივიდა?“ – გაუკვირდა ვირს. „ჩემი პატრონი სტუმრებს ელის, აღსასრული მომიახლოვდა და აი, მეც, უკანასკნელად ვყივი,“ – სასოწარკვეთით უპასუხა მამალმა. „მერედა, მამალო, გაქცევა არ გირჩევნია? გამოგვყევი ბრემენში! კონცერტებს ჩავატარებთ და ყველაფერი კარგად იქნება,“ – დამაჯერებლად უთხრა ვირმა. მამალს ჭკუაში ჩაუჯდა ეს ამბავი, და ოთხივემ გზა განაგრძო. მაგრამ ბრემენამდე ხომ ერთ დღეში ვერ ჩავიდოდნენ; მოსაღამოვდა და ღამის გასათევზე უნდა ეზრუნათ. გაქცეულები ტყის ახლო-მახლო გაჩერდნენ. ვირი და ძაღლი პირდაპირ ხის ქვეშ წამოწვნენ, კატა ტოტზე აძვრა და იქ მოეწყო, მამალი კი კენწეროზე აფრინდა, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ იქნებოდა. უცებ მამალს მოეჩვენა, რომ შორს ნაპერწკალივით რაღაც ბჟუტავდა, და ამხანაგებს ჩამოსძახა, სადღაც, ახლოს, სახლი უნდა იყოს, რადგან შუქი მოსჩანსო. „ძმებო, ამ შემთხვევაში სახლთან მიახლოება სჯობს, რადგან ტყეში ღამის გათევა მოუხერხებელი და საშიშია,“ – მტკიცედ თქვა ვირმა. რადგან ყველა გვარიანად დაღლილი და მშიერი გახლდათ, არავის შედავებია. სინათლის მხარეს გაეშურნენ და რაც უფრო უახლოვდებოდნენ, შუქიც მატულობდა. მდელოზე რომ გავიდნენ, ქოხი დაინახეს. ქოხში ავაზაკები ცხოვრობდნენ და განათებულ ფანჯარაში მშვენივრად ჩანდა, როგორ შემოსხდომოდნენ გაწყობილ სუფრას, სადაც საჭმელ-სასმელი უხვად ელაგა. „უჰ, რას მოვილხენდი!“ – ინატრა კატამ. „მეც გავკრავდი ნისკარტს რაიმეს!“ – ჩაიჩურჩულა მამალმა და ირგვლივ მიმოიხედა. ვირიც, ძაღლიც, კატაც და მამალიც იმაზე დაფიქრდნენ, როგორ გაეყარათ იქიდან ავაზაკები, თვითონ კი კარგად დანაყრებულიყვნენ და თბილად გაეთიათ ღამე. იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს: ვირი ფანჯარას მიადგა, ძაღლი ვირზე დადგა, კატა – ძაღლზე, მამალი კი კატაზე და ისეთი ყროყინი, ყეფა, კნავილი, ყივილი და ფანჯრებზე ბრახა-ბრუხი ატეხეს, რომ მინებმა ზანზარი დაიწყო. ავაზაკები მოულოდნელობისგან შეხტნენ, ერთს ისიც კი მოელანდა, ფანჯარას მოჩვენება მოსდგომიაო და ყველამ მთვლემარე ტყისკენ მოკურცხლა. ოთხი ამხანაგი კი, კმაყოფილნი, რომ ჩანაფიქრი გამოუვიდათ, სახლში შევარდა და ისე ეცა საჭმელს, თითქოს მთელი თვეა, არაფერი ეჭამათ და არც არავინ აჭმევდა. კარგად რომ გამოძღნენ, მუსიკოსებმა ცეცხლი ჩააქრეს და დასაწოლს დაუწყეს ძებნა, თითოეულმა თავისი ხასიათისა და ჩვევის შესაფერისად: ვირი ეზოში თივის ზვინთან მიწვა, ძაღლი კარებთან მოიკუნტა, კატა გაიზმორა და ჯერაც თბილ ღუმელზე აძვრა, მამალი კი ხარიხაზე შეფრინდა. გრძელ გზას ყველა მოექანცა, და უმალვე ჩაეძინათ. შუაღამით მთავარი ავაზაკი მაღალ ხეზე აძვრა და სახლში სინათლის ჩქამსაც რომ ვერ მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა, შეემოწმებინა, რა ხდებოდა. ერთ თავის ქვეშევრდომს უბრძანა, სახლში შესულიყო და ყველაფერი კარგად დაეთვალიერებინა. ავაზაკი ჩუმად მიეპარა სახლს, სამზარეულოში შევიდა, სანთელი რომ აენთო, ასანთი ამოიღო და შემთხვევით შიგ თვალში ჩაჰკრა კატას, რადგან ეგონა, ღუმელში ნაპერწკლები ჯერაც ღვივისო. კატა ახტა და ბრჭყალებით ჩაებღაუჭა ავაზაკს, რომელმაც მოულოდნელობისაგან გაქცევა სცადა, თუმცა კარებში ძაღლმა უკბინა, ეზოში ზვინის ქვეშ წამოწოლილი ვირი წამოხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წიხლი ჰკრა. ავაზაკს ყვირილი აღმოხდა, რამაც მამალიც გააღვიძა და მთელი ძალით დაჰყივლა: „ყიყლიყოოო!“ შეშინებული ავაზაკი ტყეში შევარდა. „აჰჰჰჰ! ჩვენს სახლში საშინელი ურჩხულები დასახლებულან: სახე დამკაწრეს, ფეხში დამჭრეს, ზურგში ჩამცხეს, ყველაზე საზარელი კი კენწეროდან იწყევლება. ამიტომაც გამოვქუსლე იქიდან!“ – შეშინებული, ყვირილით უყვებოდა თანამოძმეებს დაზაფრული ავაზაკი. მას შემდეგ ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავდა შინ შეხედვას, ბრემენელ მუსიკოსებს კი ისე მოეწონათ სხვის სახლში ცხოვრება, რომ აღარსად უფიქრიათ წასვლა, და ახლაც იქ ბინადრობენ.





