ექვსი კაცის ამბავი - ხალხური ზღაპარი
ყოფილი ჯარისკაცი ხუთ არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულ მეგობარს იპოვის. ერთად ისინი მეფის რთულ დავალებებს ასრულებენ და დიდ საგანძურს მოიპოვებენ.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ძმები გრიმების ცნობილ ნაწარმოებს. ეს გახლავთ ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, რომლის სათაურიცაა „ექვსი კაცის ამბავი“. იყო ერთი ჯარისკაცი. მან მრავალი ხელობა იცოდა. ომში მამაცურად იბრძოდა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ჯარიდან დაითხოვეს და მხოლოდ გზაში სახარჯო ფული – სამი ტალერი მისცეს. „ამის ატანა შეუძლებელია, თუ შესაფერისი ხალხი ვიპოვე, მეფეს ვაიძულებ, მთელი ქვეყნის საგანძურები მე მომართვას,“ — გაიფიქრა ჯარისკაცმა. გზად ტყეში დასასვენებლად შეჩერდა. უცებ დაინახა ერთი გოლიათი კაცი, რომელსაც ექვსი ხე ძირფესვიანად ამოეთხარა, თითქოს ბალახი ყოფილიყოს. „გინდა სამსახური გამიწიო?“ — ჰკითხა ჯარისკაცმა. „სიამოვნებით, ოღონდ ამ ფიჩხს ჯერ დედაჩემს მივუტან,“ — უპასუხა გოლიათმა, ხეები შეკრა, ზურგზე მოიკიდა და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა. „თუ ერთად ვიქნებით, ბედს ვეწევით,“ — უთხრა ჯარისკაცმა და გზა ერთად განაგრძეს. ბევრი იარეს თუ ცოტა, დაინახეს ერთი მონადირე, რომელიც დაჩოქილიყო და რაღაცას თოფს უმიზნებდა. „მონადირევ, რას უმიზნებ?“ — ჰკითხა ჯარისკაცმა. „ორასი მეტრის იქით, ერთი მუხის ტოტზე ბუზი ზის და იმას ვუმიზნებ,“ — მიუგო მან. ჯარისკაცმა ისიც თან წაიყვანა და დაარწმუნა, რომ სამნი ერთად აუცილებლად ეწეოდნენ ბედს. მალე ქარის შვიდ წისქვილს მიადგნენ. წისქვილის ფრთები საშინელი სისწრაფით ტრიალებდა, თუმცა ქარი საერთოდ არ ქროდა. გაკვირვებულებმა ასიოდე კილომეტრი რომ გაიარეს, დაინახეს ხეზე მჯდომი კაცი, რომელსაც ცალ ნესტოზე თითი დაეჭირა და მეორეთი უბერავდა. „ბატონო, რას შვრები?“ — შეეკითხა ჯარისკაცი. „ასი კილომეტრის იქით ქარის შვიდი წისქვილია და მათ ვამუშავებ,“ — უპასუხა კაცმა. ასე შეუერთდა მბერავიც მათ ჯგუფს. შემდეგ გადაეყარნენ ცალ ფეხზე მდგარ კაცს, რომელსაც მეორე ფეხი მოეხსნა და გვერდით ედო. „უცნაურად ისვენებ,“ — უთხრა ჯარისკაცმა. „მე სწრაფმავალი ვარ. ძალიან ჩქარა რომ არ ვირბინო, ცალი ფეხი მოვიხსენი; ორივე ფეხით ისე სწრაფად დავრბივარ, ჩიტიც ვერ გამისწრებს,“ — აუხსნა მორბენალმა და ისიც მათთან ერთად წამოვიდა. ბოლოს შეხვდნენ კაცს, რომელსაც პატარა ქუდი ცალ ყურზე ჩამოეცვა. ჯარისკაცმა უსაყვედურა: „რას მანჭიაობ?! მამლაყინწას ჰგავხარ, წესიერად დაიხურე!“ „არ შემიძლია, ქუდი თავზე რომ დავიხურო, ისეთ ყინვას დაიჭერს, ცაში ჩიტები გაიყინებიან,“ — უპასუხა უცნაურქუდიანმა და სიხარულით შეუერთდა დანარჩენებს. ექვსივენი ერთ ქალაქს მიადგნენ, სადაც მეფე აცხადებდა: „ვინც ჩემს ქალიშვილს სირბილში აჯობებს, იმას მივათხოვებ, მაგრამ ვინც დამარცხდება, ჩამოვახრჩობ.“ ჯარისკაცი მივიდა მეფესთან და უთხრა: „პირობებზე თანახმა ვარ, ოღონდ ჩემ მაგიერ ჩემი მსახური ირბენს.“ მეფემ გააფრთხილა, რომ წაგების შემთხვევაში ორივეს თავს მოჰკვეთდა. შეჯიბრის წესი ასეთი იყო: ვინც პირველი მოიტანდა წყალს შორეული ჭიდან, ის გაიმარჯვებდა. პრინცესა და ორივე ფეხშებმული მორბენალი ერთდროულად გაიქცნენ. მორბენალი ქარივით გაუჩინარდა, წამებში ამოიღო წყალი და უკან გამობრუნდა. შუაგზაზე დაიღალა, დოქი დადგა და დასაძინებლად წამოწვა. სასთუმლად ცხენის თავის ჩონჩხი დაიდო, რათა მალე გაღვიძებოდა. ამასობაში პრინცესამაც ამოიღო წყალი, უკან მორბოდა და მძინარე სწრაფმავალს რომ წააწყდა, მისი დოქიდან წყალი გადაღვარა. ეს ყველაფერი შორიდან მონადირემ დაინახა. „პრინცესა მაინც ვერ გვაჯობებს,“ — გაიფიქრა მან, თოფი მოიმარჯვა და ისე ოსტატურად დაუმიზნა, რომ ტყვიამ მორბენალს ცხენის ქალა თავქვეშიდან გამოაცალა. მორბენალს გამოეღვიძა, ნახა ცარიელი დოქი, გული არ გაიტეხა, ისევ გაიქცა ჭისკენ, ხელახლა აავსო და პრინცესაზე ათი წუთით ადრე მივიდა ფინიშთან. „მხოლოდ ახლა ავამოძრავე ფეხები, წინანდელ სირბილს სირბილიც კი არ ერქვა,“ — უთხრა მან მეგობრებს. მეფე და პრინცესა ძალიან შეწუხდნენ, რომ გამარჯვებული უბრალო ჯარისკაცი იყო. მამა-შვილმა მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მეფემ მეგობრები რკინის ოთახში შეიყვანა, სადაც ბევრი საჭმელი დახვდათ. კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს და მზარეულს ოთახის ქვეშ ისეთი ცეცხლის დანთება უბრძანეს, რომ რკინა უნდა გამდნარიყო. როცა ოთახში საშინლად დაცხა და მეგობრები მიხვდნენ, რომ მახეში გაებნენ, უცნაურქუდიანმა თქვა: „ეს არ გაუვა მეფეს, ისეთ ყინვას მოვიყვან, რომ ცეცხლი დარცხვენილი გაიპაროს.“ მან ქუდი წესიერად დაიხურა და ოთახში მაშინვე ისეთი ყინვა დადგა, კერძებიც კი გაიყინა. რამდენიმე საათის შემდეგ მეფემ კარი გააღო, რათა მომკვდარიყვნენ, მაგრამ ექვსივე ჯანმრთელი დახვდა. მიხვდა რა, რომ მათ ვერაფერს დააკლებდა, მეფემ ჯარისკაცს შესთავაზა: „თუ ჩემს ქალიშვილზე უარს იტყვი, რის წაღებასაც შეძლებ, იმდენ ოქროს მოგცემ.“ ჯარისკაცი დათანხმდა იმ პირობით, რომ ოქროს მისი მსახური წაიღებდა. თოთხმეტი დღის შემდეგ გოლიათი მეფესთან უზარმაზარი ტომრებით მივიდა. ერთ ტონა ოქროზე მან ჩაიცინა: „რატომ მეტი არ მოიტანეთ, ამას ადვილად წავიღებ!“ ბოლოს მთელი ხაზინა დააცარიელეს და გოლიათმა ტომრები ზურგზე მოიკიდა. გაბრაზებულმა მეფემ თავის ჯარს უბრძანა, დადევნებოდნენ და ტომრები წაერთმიათ. როდესაც სარდალმა დაუძახა, დანებდითო, მბერავმა გაიღიმა: „სანამ დაგვატყვევებთ, მანამდე ყველანი ჰაერში დაიწყებთ ცეკვას!“ მან ცხვირის ცალ ნესტოში ჩაბერა და მთელი ჯარი ჰაერში ააფრინა. მხოლოდ ერთი დაჭრილი მეთაური დაინდო და დააბარა: „წადი შენს მეფესთან და უთხარი, თუ უნდა მთელი ჯარი გამოგზავნოს, ყველას ჰაერში ავაფრენო.“ ეს რომ მეფემ გაიგო, სასოწარკვეთილმა ჩაიქნია ხელი და დანებდა. ექვსმა მეგობარმა კი დიდძალი განძი გაიყო და სიკვდილის ბოლომდე ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.





