გაცვეთილი ფეხსაცმელები - ხალხური ზღაპარი
მეფის 12 ასული ყოველ ღამე ფეხსაცმელებს აცვეთს. საიდუმლოს ამოსახსნელად მამაცი ჯარისკაცი ჯადოსნურ მიწისქვეშა სამყაროში მიემგზავრება.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, მაია წითლიძე, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ძმები გრიმების ცნობილ ნაწარმოებს. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, რომლის სახელია „გაცვეთილი ფეხსაცმელები“, ერთ საოცარ სამეფოში გამოგზაურებთ. იყო ერთი მეფე, რომელსაც თორმეტი ერთმანეთზე ლამაზი ასული ჰყავდა. ყველას ერთ დარბაზში ეძინა. საწოლებიც გვერდიგვერდ ედგათ. საღამოს, როცა მეფის ქალიშვილები ლოგინში წვებოდნენ, მეფე კარს ურდულით კეტავდა. დილით კი, კარის გაღებისთანავე, ცეკვისგან გაცვეთილ მათ ფეხსაცმელს ხედავდა! ეს ამბავი ვერაფრით ახსნა და ბოლოს საქვეყნოდ გამოაცხადა: „ვინც მეტყვის, სად დადიან ჩემი ქალიშვილები ღამით და სად ცეკვავენ, იმას უფლება ექნება ერთ-ერთზე დაქორწინდეს, ხოლო ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფოც მას დარჩება. მაგრამ თუ ვინმე ბედს სცდის და სამი დღე-ღამის განმავლობაში ვერ გაიგებს, სად დადიან ჩემი ქალიშვილები, სიცოცხლეს გამოესალმებაო.“ გავიდა დრო. ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ერთი პრინცი და განაცხადა, რომ ამ სახიფათო ამოცანის შესრულებას იკისრებდა. ის დიდი პატივით მიიღეს სასახლეში და მეფის ქალიშვილების დარბაზის გვერდით ოთახში მიუჩინეს საწოლი. იქიდან უნდა ედევნებინა თვალყური პრინცესებისთვის. დიდხანს ელოდა პრინცი, უნდოდა მათი წასვლა არ გამოპარვოდა, მაგრამ ძილს თავი ვერ წაართვა და ღრმად ჩაეძინა. დილით რომ გაეღვიძა, ქალიშვილები ცეკვიდან კარგა ხნის დაბრუნებული იყვნენ. ეს ეტყობოდა მათ ფეხსაცმელს, რომელთაც ბევრი ცეკვისგან ძირები გავარდნოდათ. მეორე და მესამე საღამოსაც იგივე განმეორდა. ჰოდა, პრინცს თავი მოჰკვეთეს. ამ სახიფათო ამოცანის ამოხსნა ბევრმა მოინდომა, მაგრამ ყველამ თავი წააგო. ერთხელ ერთი ღარიბი, დაჭრილი ჯარისკაცი ჯარიდან დაითხოვეს. თავის სოფელში რომ მისულიყო, გზად ამ ქალაქზე უნდა გაევლო. უცებ ჯარისკაცს ერთი კეთილი ჯადოქარი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ სად მიდიოდა. ჯარისკაცმა მიუგო და თან იხუმრა: „დედი, ხეირიანად არც კი ვიცი, სად მივდივარ. აი, მინდა გავიგო, სად ცვეთენ პრინცესები ფეხსაცმელს და მეფეც გავხდები.“ ჯადოქარმა კეთილად გაიღიმა და უთხრა: „ეგ არც თუ ისე ძნელი საქმეა. საღამოს ღვინოს რომ მოგართმევენ, არ დალიო. მერე დაწექი და თავი მოიმძინარე. ბოლოს ეს ჯადოსნური მოსასხამი მოისხი, მაშინვე უჩინარი გახდები და პრინცესებს მალულად უკან გაჰყევი.“ ჯარისკაცს რჩევა ჭკუაში დაუჯდა, თავი გაიმხნევა, მეფესთან მივიდა და თავისი სურვილი მოახსენა. ისიც სხვებივით პატივით მიიღეს და სამეფო სამოსი ჩააცვეს. ღამით, როცა ჯარისკაცი ის-ის იყო უნდა დაწოლილიყო, უფროსმა ქალიშვილმა თასით ღვინო მიართვა. ჯარისკაცს ნიკაპზე ღრუბელი ჰქონდა მიმაგრებული და მთელი ღვინო შეისრუტა ისე, რომ წვეთიც არ დაულევია. მერე დაწვა და ხვრინვა ამოუშვა. ხვრინვის გაგონებაზე ქალიშვილებს გაეცინათ. უფროსმა დამ თქვა: „ამანაც ამაოდ გასწირა თავი.“ გააღეს კარადები, სკივრები და ყუთები, ამოალაგეს ძვირფასი კაბები, მორთვა-მოკაზმვა დაიწყეს და ცეკვის მოლოდინში სიხარულისგან ხტოდნენ. უმცროსმა დამ კი შეშფოთებით ჩაილაპარაკა: „თქვენ გიხარიათ, მე კი გული ცუდს მიგრძნობს. მგონი, რაღაც უბედურება გველოდება.“ „კურდღელივით მშიშარა ხარ, მუდამ რაღაცის გეშინია. დაგავიწყდა რამდენმა პრინცმა გასწირა თავი? ჯარისკაცისთვის საძილე წამალი რომც არ მიგვეცა, ეს დოყლაპია ისედაც ვერ გაიღვიძებდა,“ - უპასუხა უფროსმა დამ. სასახლიდან გასვლის წინ ჯარისკაცს დახედეს. მას ღრმად ეძინა. რაკი თავი უსაფრთხოდ იგრძნეს, უფროსმა ქალიშვილმა თავის საწოლზე დააკაკუნა და მაშინვე ქვესკნელში შთაინთქა, დებიც თან წაიყოლა. წინ უფროსი პრინცესა მიუძღოდათ. ჯარისკაცმა ყველაფერი დაინახა. დიდხანს აღარ დაუყოვნებია, მოსასხამი მოისხა და მიწისქვეშეთში ჩაეშვა. შუა კიბეზე უმცროს პრინცესას ოდნავ ფეხი დაადგა ქვედა ბოლოზე, ქალი შეკრთა და წამოიძახა: „ვაიმე, ვიღაცამ ფეხი დამადგა.“ „რა სულელი ხარ! ალბათ, რაღაცას გამოედე,“ - დაამშვიდა უფროსმა დამ. ბოლოს ყველანი ქვესკნელში აღმოჩნდნენ. ჯარისკაცს საუცხოო სანახაობა გადაეშალა თვალწინ. ულამაზეს ხეივანში იდგა და მისი ცქერით ვერ ძღებოდა. ხეებს ვერცხლის ფოთლები ჰქონდათ და საოცრად ბრჭყვიალებდნენ. ჯარისკაცმა იფიქრა, ჯობს ჩემი აქ ყოფნის დასამტკიცებლად რამე წავიღოო და მან ერთ ხეს რტო მოტეხა. უცებ გაისმა საშინელი ჭახანი, უმცროსმა დამ წამოიძახა: „გაიგონეთ? აქ რაღაც ხდება.“ „ჩვენი პრინცები ისვრიან, უხარიათ, რომ მალე ჯადოსგან ვიხსნით,“ - უპასუხა უფროსმა. ახლა მეორე ხეივანს მიადგნენ, სადაც ხეებს ოქროს ფოთლები ჰქონდათ. ბოლოს მესამე ხეივანში გაიარეს, სადაც ხეებს ბრილიანტის ფოთლები ესხა. ჯარისკაცმა აქ ყოფნის საბუთად ორივე ხეივანში ხეებს თითო რტო მოატეხა. ხეებმა ისეთი ჭახანი გამოსცეს, რომ უმცროსი ქალიშვილი შიშისგან შეხტა. უფროსი და კი ისევ თავისას გაიძახოდა, გახარებული ჩვენი პრინცები ისვრიანო. ბოლოს დები ერთ დიდ მდინარეს მიადგნენ, რომლის ნაპირთან თორმეტი ნავი ირწეოდა. თითოეულში მომხიბვლელი პრინცი იჯდა. ყველამ თითო ქალიშვილი ჩაისვა ნავში და გაცურეს. ჯარისკაცი უმცროს დას მიუჯდა. პრინცმა ნიჩბებს მოუსვა და თქვა, მეჩვენება, რომ ნავი ჩვეულებრივზე უფრო მძიმეა, რაც ძალი და ღონე მაქვს უნდა მოვუსვა ნიჩბები, თორემ გაღმა გასვლა დაგვაგვიანდებაო. „ნუთუ თბილი ამინდების ბრალია? რაღაც გული მიმდის სიცხისგან,“ - ამოიოხრა უმცროსმა დამ. მეორე ნაპირზე მშვენიერი, გაჩირაღდნებული კოშკი იდგა. კოშკიდან მხიარული მელოდია ისმოდა. ყველანი ნაპირზე გადავიდნენ და შიგნით შევიდნენ. აქ პრინცები თავიანთ პრინცესებთან ცეკვავდნენ. ჯარისკაციც უჩინრად დაჰყვებოდა მათ და წინასწარ აცარიელებდა ღვინით სავსე ჭიქებს. უმცროს დას ეს ძალზე აკრთობდა, მაგრამ უფროსი და აჩუმებდა. ასე იცეკვეს დილის სამ საათამდე. ფეხსაცმელები ყველას გაუცვდა და იძულებულნი გახდნენ, ცეკვა დაესრულებინათ. პრინცებმა პრინცესები ისევ მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. ჯარისკაცი ამჯერად უფროს დას მიუჯდა გვერდით. ბოლოს პრინცებს დაემშვიდობნენ და დაპირდნენ, ხვალაც მოვალთო. როცა კიბეს მიადგნენ, ჯარისკაცი დაწინაურდა და თავის საწოლში ჩაწვა. დაქანცული პრინცესები კიბეზე მძიმედ ადიოდნენ. ჯარისკაცი განგებ ხმამაღლა ხვრინავდა. პრინცესებს გაუხარდათ, რომ ეძინა, საცეკვაო კაბების გახდა დაიწყეს. გაცვეთილი ფეხსაცმელები კი საწოლქვეშ დაალაგეს და დაიძინეს. არც მეორე და არც მესამე დღეს ჯარისკაცს არაფერი უთქვამს, უნდოდა ეს საოცარი სანახაობა კიდევ ეხილა და მათ აედევნა. ამჯერადაც იგივე განმეორდა. ქალიშვილები ფეხსაცმლის ძირის გაცვეთამდე ცეკვავდნენ. მესამე ღამეს ჯარისკაცმა კოშკიდან საბუთად თასი წამოიღო. დადგა ანგარიშის ჩაბარების დრო. ჯარისკაცი მეფეს ეახლა. პრინცესები კი კარს უკან იდგნენ და უსმენდნენ. „სად გაცვითეს ჩემმა ქალიშვილებმა ფეხსაცმელი?“ - ჰკითხა მეფემ. „დიდებულო მეფეო, თქვენი ქალიშვილები თორმეტ პრინცთან ერთად ცეკვავენ მიწისქვეშეთის კოშკში,“ - მიუგო ჯარისკაცმა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ნათქვამის დასადასტურებლად რტოები და თასი უჩვენა. მეფემ პრინცესები იხმო და ჰკითხა: „მართალს ამბობს თუ არა ეს ჯარისკაცი?“ ისინი მიხვდნენ, რომ ჯარისკაცის ნათქვამ ჭეშმარიტებას წინ ვერ აღუდგებოდნენ და ყველაფერი აღიარეს. ბოლოს მეფემ ჰკითხა ჯარისკაცს: „რომელზე დაქორწინდები?“ ჯარისკაცმა მიუგო: „ახალგაზრდა არ ვარ, ამიტომ უფროსს დას მოვიყვან ცოლად.“ ეს ამბავი იმ დღესვე დიდი და ხმაურიანი ქორწილით დაგვირგვინდა.





