Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. ქოხი ტყის პირას
ქოხი ტყის პირას - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0012:15

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები

ქოხი ტყის პირას - ხალხური ზღაპარი

მოისმინეთ ჯადოსნური ზღაპარი კეთილ გოგონაზე, რომელმაც ტყის ქოხში მცხოვრები მოხუცი და ცხოველები იხსნა. ისწავლეთ სიკეთის და ზრუნვის ძალა bulbuli.ge-სთან ერთად!

ხანგრძლივობა
12 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

bulbuli.ge-ს საყვარელო მსმენელებო, ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ქოხი ტყის პირას“, ერთ ძალიან ღარიბ შეშისმჭრელზე მოგვითხრობს. ის უკაცრიელი ტყის პირას, პატარა ქოხში, ცოლთან და სამ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დილით, სანამ სამუშაოზე წავიდოდა, შეშისმჭრელმა უთხრა ცოლს: „საქმე დროზე რომ დავასრულო, კარგი იქნება, თუ სადილს ტყეში მომიტანს ჩემი უფროსი ქალიშვილი. გზა რომ არ აერიოს, პარკით ფეტვს წავიღებ და გზადაგზა დავყრი.“ როცა მზე ტყის თავზე ამოიწვერა, გოგონა წვნიანი ქოთნით ხელში გზას გაუდგა. მაგრამ ბეღურებს, ტოროლებს, სკვინჩებს, შაშვებსა და ჭივჭავებს კარგა ხანია აეკენკათ შეშისმჭრელის დაყრილი ფეტვი და გოგონამ გზა ვეღარ იპოვა. ალალბედზე მიდიოდა და გზად შემოაღამდა. სიბნელეში, ხეებს შორის, მოციმციმე შუქს მოჰკრა თვალი. „იქ ალბათ ხალხი ცხოვრობს, იქნებ ღამე გამათენებინონ,“ გაიფიქრა მან და სინათლისკენ გაეშურა. მალე ქოხს მიადგა და დააკაკუნა. ვიღაცის ხრინწიანი ხმა გაეპასუხა: „შემოდი.“ გოგონამ გააღო კარი და დაინახა ღრმად მოხუცებული მამაკაცი. ის მაგიდასთან იჯდა და თავით ხელებს ეყრდნობოდა. გრძელი თეთრი წვერი თითქმის მიწამდე სწვდებოდა. ღუმელთან იწვნენ ქათამი, მამალი და ჭრელი ძროხა. გოგონამ მოხუცს თავისი ამბავი მოუყვა და სთხოვა, ღამე გამათევინეო. მოხუცმა თავის ცხოველებს მიმართა: „მომხიბვლელო დედალო, მომხიბვლელო მამალო, და შენ, ჭრელო ძროხავ, რას იტყვით ამაზე?“ ცხოველებმა უპასუხეს: „დუკს!“ რაც, ალბათ, ნიშნავდა: „ჩვენ თანახმა ვართ“, რადგან მოხუცმა გოგონას უთხრა: „წადი სამზარეულოში და ვახშამი მოგვიმზადე.“ გოგონა დათანხმდა და გემრიელი კერძი მოამზადა. მერე მოხუცს მიართვა და თავადაც მიირთვა, ცხოველები კი არც გახსენებია. კარგად რომ დანაყრდა, თქვა: „ძალიან დავიღალე, მეძინება. სად არის ჩემი საწოლი?“ ცხოველებმა უპასუხეს: „მოხუცის გვერდით ჭამდი და სვამდი, არ გაწუხებდა შენ ჩვენი დარდი, ახლა იმაზე იფიქრე რამე, თუ სად გაათენებ დღევანდელ ღამეს!“ მაშინ მოხუცმა უთხრა: „ადი კიბეზე. იქ პატარა ოთახი დაგხვდება ორი საწოლით. ლოგინი დაბერტყე და გადააკარი ქათქათა ზეწრები, მალე მეც ამოვალ და დავიძინებთ.“ გოგონა ოთახში ავიდა, ლოგინი დაბერტყა, ზეწრები გადააკრა და მოხუცს არც დალოდებია, მაშინვე დაწვა და დაიძინა. ცოტა ხნის შემდეგ ავიდა მოხუციც, გოგონას სანთელი მიანათა და თავი გაიქნ-გამოიქნია. როცა დარწმუნდა, რომ სტუმარს ღრმად ეძინა, საიდუმლო ჩასასვლელი გააღო და გოგონა სარდაფში ჩაუშვა. საღამოს შინ დაბრუნებულმა შეშისმჭრელმა ცოლს უსაყვედურა, მთელი დღე რად მაშიმშილეო. ცოლმა თავი იმართლა: „რა ჩემი ბრალია, უფროს გოგონას გამოვატანე სადილი, როგორც ჩანს, გზა აებნა. შინ ალბათ დილით დაბრუნდება.“ განთიადისას შეშისმჭრელი ისევ წავიდა ტყეში სამუშაოდ, ცოლს კი დაუბარა: „მეორე ქალიშვილმა მომიტანოს სადილი. თან ოსპს წავიღებ, ოსპი ფეტვზე მსხვილია, ჩემი შვილი უფრო ადვილად დაინახავს და გზა აღარ აებნება.“ შუადღემ რომ მოატანა, შუათანა დამ აიღო კერძით სავსე ქოთანი და გზას გაუდგა. მაგრამ ოსპის მარცვლები ვერსად შენიშნა. ისევ ჩიტებს აეკენკათ. გოგონა დაღამებამდე დაეხეტებოდა ტყეში და ისიც იმ ბერიკაცის ქოხს მიადგა. გოგონა ქოხში შეიპატიჟეს და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წინა დღეს. გოგონამ გემრიელი საჭმელი მოამზადა და მოხუცთან ერთად მიირთვა. არც მას გახსენებია ცხოველები. ბერიკაცმა ისიც ზევით აგზავნა ლოგინის მოსამზადებლად. ყველაფერი რომ დაასრულა, დის მსგავსად, არც ის დაელოდა მოხუცს და ისე დაიძინა. ბერიკაცი ერთხანს თავის ქნევით დასცქეროდა გოგონას და ისიც სარდაფში ჩაუშვა. მესამე დილით შეშისმჭრელმა ცოლს უთხრა: „დღეს უმცროს გოგონას გამოატანე კერძი, ის ყველაზე წესიერი და დამჯერია, გზიდან არ გადაუხვევს და არც ტყე-ტყე იხეტიალებს, უფროსი დებივით.“ დედას არ უნდოდა უმცროსის გაგზავნა და თქვა, ნუთუ ჩემი საყვარელი ქალიშვილიც უნდა დავკარგოო. ქმარმა დაამშვიდა: „არხეინად იყავი, ის ჭკვიანი და საზრიანია, თანაც ცერცვი ოსპზე უფრო მსხვილია და ტყეში კარგად გაიგნებს გზას.“ როდესაც გოგონა კალათით ხელში გზას გაუდგა, იმ ცერცვით მტრედებს უკვე გამოევსოთ ჩიჩახვები. გოგონამ არ იცოდა საით წასულიყო, შეშფოთებული იმაზე ფიქრობდა, საწყალი მამა მშიერი დარჩება და კეთილი დედა იდარდებსო. ამასობაში დაღამდა და ისიც იმავე ქოხს მიადგა. თავაზიანად ითხოვა, ღამე გამათევინეთო. თეთრწვერა მოხუცმა ისევ თავის ცხოველებს მიმართა და ყველაფერი წინანდელივით წარიმართა. გოგონა ცხოველებთან მივიდა, ალერსიანად გადაუსვა ხელი ქათამსა და მამალს ფაფუკ ბუმბულზე, არც ჭრელი ძროხა დაივიწყა, რქებზე მიეფერა. როცა ბერიკაცის თხოვნით გემრიელი შეჭამანდი მოამზადა, ჯამით მაგიდაზე დადგა და თქვა: „სანამ შევჭამ, ჯობს ჯერ ცხოველები დავაპუროთ.“ მაშინვე გავიდა გარეთ, შემოიტანა ქერი და ქათამსა და მამალს დაუყარა, ხოლო ძროხას სურნელოვანი თივა მიართვა. „ჭამეთ, ჩემო კარგებო, ან იქნებ გწყურიათ, წყალსაც ახლავე დაგალევინებთ.“ გოგონამ წყლით სავსე ხის გობი შემოიტანა. ქათამი და მამალი გობის კიდეზე ჩამოსხდნენ და წყალი დალიეს. ჭრელი ძროხაც მაშინვე დაეწაფა წყალს. მხოლოდ ამის შემდეგ მიუჯდა მაგიდას გოგონა. ცოტა ხნის შემდეგ ქათამმა და მამალმა თავები ფრთებში დამალეს და ჭრელმა ძროხამაც თვალები მინაბა. მაშინ გოგონამ იკითხა: „იქნებ, ჩვენც დაგვეძინა?“ მოხუცმა ისევ თავის ცხოველებს მიმართა: „მომხიბვლელო დედალო, მომხიბვლელო მამალო, და შენ, ჭრელო ძროხავ, რას იტყვით ამაზე?“ ცხოველებმა უპასუხეს: „დუკს! შენ ჩვენთან ერთად ჭამდი და სვამდი, აღსავსე ჩვენზე ფიქრით და დარდით, რახან ისურვე შენ ჩვენი შველა, ძილი ნებისას გისურვებთ ყველა.“ გოგონა ავიდა ზევით, დაბერტყა ბალიშები, გადააფარა სუფთა ზეწრები და მოხუცს დაელოდა. მალე მოხუციც მოვიდა და დაწვა. გოგონამ ლოცვა წარმოთქვა და მეორე საწოლში დაიძინა. შუაღამემდე მშვიდად ეძინა, მაგრამ შუაღამისას ხმაურმა გამოაღვიძა. კარი გაიღო და კედელს რაღაც მიეხეთქა, სახლის კოჭები აჭრიალდა, თითქოს კიბეც ჩაინგრა; ბოლოს ისე აზანზარდა ყველაფერი, რომ კაცი იფიქრებდა, სახურავიც ჩამოინგრაო. ეს სულ რამდენიმე წამში მოხდა. მერე ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. გოგონას არაფერი დაშავებია და ისევ ჩაეძინა. დილიაადრიან გაეღვიძა. ცხრათვალა მზე ანათებდა იქაურობას. გოგონა თვალებს არ უჯერებდა: უზარმაზარ დარბაზში იწვა, გარშემო ყველაფერი მეფური ფუფუნებით ბრწყინავდა, კედლებზე ოქროსყვავილებიანი მწვანე აბრეშუმი იყო გაკრული; სპილოს ძვლის საწოლში იწვა, წითელი ხავერდის საბანი ეხურა და სკამზე თვალ-მარგალიტით შემკული ქოშები ელაგა. გოგონას თავი სიზმარში ეგონა. ამ დროს სამი მდიდრულად ჩაცმული მოსამსახურე შემოვიდა და ჰკითხა: „რას გვიბრძანებთ?“ „გადით აქედან,“ სთხოვა გოგონამ. „ჯერ მოხუცს წვნიანი უნდა მოვუმზადო, მერე მშვენიერი ქათამი, მამალი და ჭრელი ძროხა უნდა დავაპურო.“ გოგონამ გაიფიქრა, ალბათ, მოხუცმა ადგომა დამასწროო და მის საწოლს გადახედა. იქ უცნობი მომხიბვლელი ყმაწვილი დაინახა, რომელიც უცებ საწოლიდან წამოდგა და თქვა: „მე პრინცი ვარ. ერთმა ბოროტმა ჯადოქარმა დამწყევლა, ბერიკაცად გადამაქცია და ტყეში ცხოვრება მომისაჯა! არავის ჰქონდა ჩემ გვერდით ყოფნის უფლება, გარდა ჩემი სამი მსახურისა, რომლებიც ჯადოქარმა ქათმად, მამლად და ძროხად აქცია. ჯადო იქამდე იმოქმედებდა, სანამ ჩვენთან არ მოვიდოდა კეთილი გოგონა, იმდენად კეთილი, რომ არა მარტო ჩემდამი გამოიჩენდა ყურადღებას, არამედ ცხოველებსაც შეიცოდებდა. ჰოდა, ასეთი შენ ხარ! შუაღამისას ოთხივე ჯადოსგან გავთავისუფლდით და ქოხი ისევ სამეფო სასახლედ იქცა. შენი დიდად მადლობელი ვარ და მინდა ცოლად შეგირთო.“ ტყისმჭრელის ქალიშვილი დათანხმდა. პრინცმა თავის სამ მსახურს უბრძანა, ქორწილზე ქალიშვილის მშობლები მოეყვანა. „კეთილი, მაგრამ ჩემი დები სად არიან?“ იკითხა გოგონამ. „სარდაფში. ხვალ ტყეში წაიყვანენ და იქ ერთ მენახირესთან იმუშავებენ, სანამ მოხუცისა და ცხოველების პატივისცემას არ ისწავლიან,“ უპასუხა პრინცმა. ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

  • ფიფქია

    19 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.