Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. რაპუნცელი
რაპუნცელი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:007:50
ძმები გრიმების ზღაპრები

რაპუნცელი - ხალხური ზღაპარი

გრძელთმიანი რაპუნცელისა და მამაცი პრინცის ჯადოსნური თავგადასავალი. აღმოაჩინეთ, როგორ ამარცხებს სიყვარული და სიკეთე ბოროტ ჯადოქარს ამ კლასიკურ ზღაპარში.

ხანგრძლივობა
8 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ამბავს, ეს არის ძმები გრიმების ცნობილი აუდიო ზღაპარი, სახელად „რაპუნცელი“. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. რა არ იღონეს, შვილი რომ ჰყოლოდათ და ბოლოს, როგორც იქნა, გაუმართლათ – ქალი დაფეხმძიმდა. მათი სახლის სარკმელი ულამაზესი ყვავილებითა და სხვადასხვა მცენარით სავსე ბაღს გადაჰყურებდა, რომელსაც ირგვლივ მაღალი გალავანი ერტყა. ბაღი ერთ მძლეთამძლე ჯადოქარ ქალს ეკუთვნოდა და მისი შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა. ერთ დღეს ქალი სარკმელთან იდგა და ჯადოქრის ბაღს გადასცქეროდა. უცებ ისეთი ქორფა ბოლოკი დაინახა, რომ მისი შეჭმა საშინლად მოუნდა. ამ სურვილმა ისე შეიპყრო, რომ დარდისგან ზეზეულად ჩამოდნა და ფერიც დაკარგა. შეწუხებულმა ქმარმა ჰკითხა: „ჩემო ძვირფასო, რა გემართება?“ „ოჰ, იმ ბოლოკს თუ არ გავსინჯავ, მოვკვდები,“ – უპასუხა ქალმა. ქმარს ძალიან უყვარდა ცოლი და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა მისთვის ბოლოკი მოეტანა. საღამოს გალავანზე გადაძვრა და ჯადოქრის ბაღში შეიპარა. რამდენიმე ბოლოკი მოგლიჯა და ცოლს მიუტანა. ქალმა მაშინვე სალათი გაიკეთა და გულიანად მიირთვა. მეორე დღეს კიდევ მოუნდა ბოლოკი. შებინდებისას ქმარს კიდევ მოუწია გალავანზე გადაძრომა, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა – მის წინ ჯადოქარი ქალი აისვეტა და მკაცრად უთხრა: „როგორ გაბედე ჩემს ბაღში გადმოსვლა და ბოლოკის მოგლეჯა? იცოდე, შავი დღე დაგადგება!“ კაცი შეშინდა და მიუგო: „მაპატიეთ, გაჭირვებამ მაიძულა აქ მოსვლა. ჩემმა ცოლმა ბოლოკი სარკმლიდან შენიშნა და ისე ძალიან მოუნდა მისი ჭამა, რომ არ მიმეტანა, ალბათ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.“ ამის გაგონებაზე ჯადოქარი ცოტა მოლბა და უთხრა: „თუ მართლა ასეა, მაშინ რამდენიც გენებოს, იმდენი ბოლოკი წაიღე, ოღონდ ერთი პირობით: შენი ცოლი ბავშვს რომ გააჩენს, მე უნდა მომცე. ღვიძლი შვილივით მოვუვლი.“ კაცი ისე იყო დამფრთხალი, რომ დათანხმდა. გავიდა დრო და ცოლს ულამაზესი ქალიშვილი შეეძინა. ჯადოქარი მაშინვე იქ გაჩნდა, ჩვილი წაიყვანა და სახელად „რაპუნცელი“ დაარქვა. გოგონა ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდით. როგორც კი თორმეტი წლის შესრულდა, ჯადოქარმა ის შუაგულ ტყეში მდებარე მაღალ კოშკში ჩაკეტა. კოშკს არც კიბე ჰქონდა და არც კარი, სულ მაღლა მხოლოდ ერთი პაწაწინა სარკმელი გააჩნდა. თუ ჯადოქარს კოშკში ასვლა უნდოდა, მის ძირში დგებოდა და ყვიროდა: „რაპუნცელ, რაპუნცელ, მსწრაფლ ჩამოუშვი ძირს შენი თმები!“ ჯადოქრის ხმის გაგონებაზე, გოგონა თავის ულამაზეს ოქროსფერ ნაწნავებს სარკმლის რაფაზე ახვევდა და ქვევით გადმოუშვებდა, ჯადოქარი კი თმებს მოეჭიდებოდა და ზევით ადიოდა. ასე გავიდა რამდენიმე წელი. ერთ მშვენიერ დღეს ამ ტყეში ახალგაზრდა პრინცი ნადირობდა. უცებ კოშკიდან ისეთი საამური სიმღერა შემოესმა, რომ შეჩერდა და სულგანაბული უსმენდა. ეს რაპუნცელი მღეროდა, რადგან მარტოობას გოგონა ტკბილი ხმით იქარვებდა. პრინცმა კოშკში შესვლა მოისურვა, მაგრამ კარი ვერსად იპოვა. ამის შემდეგ გოგონას სიმღერით მოჯადოებული ჭაბუკი იქ ყოველდღე მიდიოდა. ერთხელაც, ხესთან ამოფარებულმა დაინახა, როგორ მოვიდა ჯადოქარი და დაიძახა: „რაპუნცელ, რაპუნცელ, მსწრაფლ ჩამოუშვი ძირს შენი თმები!“ რაპუნცელმაც არ დააყოვნა, ჩამოუშვა ნაწნავები და მოხუცი მაღლა აიყვანა. „თუ ამ კოშკში მხოლოდ ამგვარად ადიან, მეც უნდა ვცადო ბედი,“ – გაიფიქრა პრინცმა. მეორე დღეს შებინდებისას კოშკს მიადგა და დაიძახა: „რაპუნცელ, რაპუნცელ, მსწრაფლ ჩამოუშვი ძირს შენი თმები.“ უმალვე ნაწნავები ძირს ჩამოეშვა და მეფის ვაჟი ზევით ავიდა. რაპუნცელს ძალიან შეეშინდა, რადგან მამაკაცი აქამდე არასოდეს ენახა. მაგრამ პრინცი მეგობრულად დაელაპარაკა, უამბო, როგორ მოხიბლა მისმა სიმღერამ და დასძინა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა. გოგონას თანდათან გაუარა შიშმა და როდესაც პრინცმა ჰკითხა: „გინდა თუ არა ჩემი ცოლობა?“ მაშინვე დათანხმდა, რადგან იფიქრა, რომ ეს მომხიბვლელი ჭაბუკი უფრო მეტად შეიყვარებდა, ვიდრე მკაცრი ჯადოქარი. „სიამოვნებით წამოვალ, მაგრამ არ ვიცი, ძირს როგორ ჩამოვიდე. თუ აბრეშუმის ძაფს მომიტან, იმისგან კიბეს დავწნავ, დაბლა ჩამოვალ და ცხენით წამიყვანე,“ – უთხრა მან. გადაწყდა, რომ პრინცი მხოლოდ საღამოობით ესტუმრებოდა, რადგან დღისით ჯადოქარი მოდიოდა ხოლმე. ბოროტი დედაბერი ვერაფერს ამჩნევდა, სანამ ერთხელაც რაპუნცელს გულუბრყვილოდ არ წამოსცდა: „რატომ არის, რომ შენი ამოყვანა უფრო მიჭირს, ვიდრე ჭაბუკი პრინცის?“ „ოჰ, შე ბოროტო ბავშვო!“ – დაუყვირა ჯადოქარმა, – „ეს რა მესმის? მეგონა, საგულდაგულოდ დაგმალე, შენ კი მატყუებდი!“ გამძვინვარებული დედაბერი სწვდა მის ლამაზ ნაწნავებს, მაკრატელი მოიმარჯვა და – კრიჭ! კრიჭ! – ძირშივე შეაჭრა. შემდეგ გოგონა უღრან ტყეში წაიყვანა და მარტო დატოვა. საღამოს, როცა პრინცი მოვიდა და ჩვეულებისამებრ დაიძახა, ჯადოქარმა მოჭრილი თმები ძირს ჩამოუშვა. პრინცი მაღლა აცოცდა, მაგრამ საყვარელი რაპუნცელის ნაცვლად საზარელი დედაბერი დახვდა. „ოჰ!“ – დასცინა ჯადოქარმა, – „შენს პრინცესას მოაკითხე? უკაცრავად, ის ჩიტი ბუდიდან გაფრინდა და აღარ გალობს. კატამ წაიყვანა და შენც თვალებს დაგთხრის. რაპუნცელი სამუდამოდ დაკარგე!“ მწუხარებისგან პრინცს თვალთ დაუბნელდა, სასოწარკვეთილი კოშკიდან გადმოხტა და ეკლებში ჩავარდნისას დაბრმავდა. უბედური პრინცი უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა, მხოლოდ ტყის ნაყოფით იკვებებოდა და სატრფოს დაკარგვას მისტიროდა. ასე გავიდა რამდენიმე წელი. ერთ დღესაც მიადგა იმ დაბურულ ტყეს, სადაც რაპუნცელი ცხოვრობდა. უცებ ნაცნობი ხმა შემოესმა და მისკენ გაეშურა. რაპუნცელმა მაშინვე იცნო საყვარელი ადამიანი, მოეხვია და მწარედ ატირდა. პრინცის თვალებზე დაცემული სატრფოს ერთი წვეთი ცრემლიც კი საკმარისი აღმოჩნდა – მას მაშინვე დაუბრუნდა თვალის სინათლე! ბედნიერმა პრინცმა რაპუნცელი თავის სასახლეში წაიყვანა, სადაც მეფე-დედოფალმა დიდი ზეიმი გაუმართა. მას შემდეგ ისინი დიდხანს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

  • ფიფქია

    19 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.