ჰანსის ბედნიერება - ხალხური ზღაპარი
აღმოაჩინეთ ძმები გრიმების ზღაპარი მიამიტ ჰანსზე, რომელმაც ოქროს ზოდი ჩვეულებრივ ქვაში გაცვალა, თუმცა მაინც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნო თავი.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ძვირფასო პატარებო, ახლა უნდა გიამბოთ ცნობილი გერმანელი მწერლების, ძმები გრიმების საოცარი ისტორია. ეს საბავშვო აუდიო ზღაპარი, რომლის სახელია „ჰანსის ბედნიერება“, ერთი კეთილი და მიამიტი ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს. ჰანსი მთელი შვიდი წელი ერთგულად ემსახურებოდა თავის ბატონს. ბოლოს ბიჭმა ბატონს უთხრა: „სამსახურის დრო გამივიდა, დედასთან უნდა წავიდე, ხელფასი გადამიხადე.“ ბატონმა გაუღიმა და მიუგო: „შენ ერთგულად და პატიოსნად მემსახურე, ჯილდოც საკადრისი უნდა იყოს.“ ამ სიტყვებით მან ჰანსს დიდი ოქროს ზოდი მისცა. ჰანსმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ზოდი ბოხჩაში გამოკრა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. გზად მიმავალმა უცებ დაინახა ცხენოსანი, რომელიც ლაღად მიაქროლებდა თავის რაშს. „ეეჰ, რა კარგია ცხენით მგზავრობა, თითქოს სკამზე ზიხარ, ფეხსაცმელი არ გეცვითება, არც ქვას წამოედები და გზასაც სწრაფად გაივლი,“ – ხმამაღლა თქვა ჰანსმა. ეს რომ ცხენოსანმა გაიგონა, შეჩერდა და დაუძახა: „შენ რატომ მიდიხარ ფეხით?“ ჰანსმა ამოიოხრა: „აბა, რა ვქნა, შინ ერთი ლოდი უნდა მივიტანო. თუმცა ოქროსი კია, მაგრამ თავი ვერ ამიწევია და ზურგზეც მძიმედ მაწვება.“ ცხენოსანმა ეშმაკურად შესთავაზა: „მოდი, გავცვალოთ: მე ცხენს მოგცემ, შენ კი შენი ლოდი მომეცი.“ „სიამოვნებით, მაგრამ გაფრთხილებ, ეს ლოდი უსიამოვნებას გადაგყრის,“ – გააფრთხილა ჰანსმა. ცხენოსანმა ოქროს ზოდი სიხარულით გამოართვა, ჰანსს ცხენზე შეჯდომაში დაეხმარა, აღვირი ხელში ჩაუდო და დაარიგა: „თუ სწრაფად სიარული მოგინდება, აჩუ, აჩუ დაუძახე.“ გახარებული ჰანსი ცხენზე შეჯდა და სოფლისკენ გასწია. ცოტა ხნის შემდეგ იფიქრა, „ჯობს, უფრო ჩქარა მივდიოდე,“ და ცხენს „აჩუ, აჩუს“ ძახილი დაუწყო. ცხენი ისე გავარდა, რომ ჰანსმა თავი ვეღარ შეიკავა, უნაგირიდან გადმოვარდა და თხრილში აღმოჩნდა. ცხენსაც დაკარგავდა, ვიღაც მენახირეს რომ არ დაეჭირა. ჰანსმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. ძალიან ცუდ გუნებაზე მყოფმა გლეხს უთხრა: „ცხენოსნობა ვერ არის კარგი საქმე. განსაკუთრებით, თუ ასეთი ჯაგლაგი ცხენი გყავს: ჯერ განჯღრევს და მერე გადმოგაგდებს; კიდევ კარგი, არაფერი მოვიტეხე. ამას მირჩევნია ერთი ძროხა მყავდეს. არხეინად ვიქნები, თანაც რძე, კარაქი და ყველი არ მომაკლდებოდა!“ გლეხმა მოისმინა და უთხრა: „თუ ასეა, თანახმა ვარ ჩემი ძროხა ცხენში გაგიცვალო.“ ჰანსი სიხარულით დათანხმდა, გლეხი კი მაშინვე მოახტა ცხენს და გაქუსლა. მიდიოდა ჰანსი და თავისთვის ფიქრობდა: „ერთი ნატეხი პურიც რომ მქონდეს, კარაქსა და ყველს დავაყოლებდი. თუ მომწყურდება, ძროხას მოვწველი და რძეს დავლევ. რა გინდა მეტი სულო და გულო?“ ამასობაში ძალიან მოშივდა. მთელი საგზალი შეჭამა, უკანასკნელი ფულით კი ნახევარი ჭიქა ლუდი იყიდა და გზა განაგრძო. მზე მაგრად აცხუნებდა, ჰანსს ისე დასცხა, რომ წყურვილისგან პირი გაუშრა. „ახლა ჩემს ძროხას მოვწველი და რძით პირს ჩავიტკბარუნებ,“ – გაიფიქრა მან და ძროხა გამხმარ ხეს მიაბა. რადგან ჭურჭელი არ ჰქონდა, ტყავის ქუდი შეუდგა, მაგრამ ერთი წვეთი რძეც ვერ გამოწველა. მოთმინებიდან გამოსულმა პირუტყვმა ისე ძლიერ ჰკრა წიხლი, რომ ჰანსი მიწაზე გაგორდა. გონს დიდხანს ვერ მოვიდოდა, რომ არა ერთი ყასაბი, რომელსაც ურმით ერთი გოჭი მიჰყავდა. მან გაჭირვებაში ჩავარდნილი ბიჭი დაინახა და წყალი გაუწოდა: „დალიე და სული მოიბრუნე, ეს ძროხა ძალიან ბებერია და რძეს ვერ მოგცემს. შეგიძლია უღელში შეაბა ან დაკლა.“ ჰანსმა ამოიოხრა: „ეეჰ, ვინ იფიქრებდა?! მე არ მომწონს ძროხის ხორცი, სულ სხვაა, თუ კაცს თქვენნაირი გოჭი ჰყავს! გოჭს სულ სხვა გემო აქვს!“ ყასაბმა უპასუხა: „ჰანს, პატივისცემას იმსახურებთ და მზად ვარ გოჭი ძროხაში გაგიცვალო.“ ჰანსმა მადლობა გადაუხადა, ძროხა დაუტოვა, გოჭს თოკი ყელზე მოაბა და გზა განაგრძო. ის სულ იმაზე ფიქრობდა, რა კარგად მიდიოდა მისი ცხოვრება და ყოველი უსიამოვნება როგორ კეთილად მთავრდებოდა. ბევრი იარა თუ ცოტა, შემოხვდა ერთი ბიჭი, რომელსაც იღლიაში მშვენიერი თეთრი ბატი ამოეჩარა. ჰანსმა მას თავისი ხელსაყრელი გაცვლების შესახებ უამბო. ბიჭმა უთხრა: „ბატი ბავშვის ნათლობაზე მიმაქვს. ხელში აიყვანეთ, ნახეთ, რა მძიმეა.“ ჰანსმა ბატს წონა გაუსინჯა და უთხრა: „მართალია, საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩემი გოჭიც არ არის ნაკლები.“ ბიჭმა ეშმაკურად აცეცა თვალები და ჩურჩულით უთხრა: „იცით რა, თქვენი გოჭის ამბავი ცოტა მაფიქრებს. სოფლის მამასახლისს საღორიდან ერთი გოჭი მოპარეს. ვშიშობ, რომ სწორედ ეს გოჭი მიგყავთ. დაგიჭერენ და საკანში გამოგამწყვდევენ.“ საწყალი ჰანსი შეკრთა და შეეხვეწა: „ეეჰ, იქნებ, ამ გაჭირვების ჟამს დამეხმაროთ. ჩემს გოჭს მაგ ბატში გაგიცვლი.“ ბიჭმაც ვითომ უხალისოდ გამოართვა გოჭი და თავისი გზით წავიდა. ხიფათს გადარჩენილი, იღლიაში ბატამოჩრილი ჰანსი ისევ გზას გაუდგა. „კარგად რომ ვუფიქრდები, ეს გაცვლაც ხელსაყრელი იყო. შევწვავთ, ქონით პურს გამოვაცხობთ და ბუმბულით ბალიშს გავატენინებ დედაჩემს,“ – ფიქრობდა ის. გზად ერთ სოფელს ჩაუარა და დაინახა კაცი, რომელიც ჩარხზე დანებს ლესავდა და მხიარულად მღეროდა. ჰანსი შეჩერდა: „თქვენი საქმე კარგად უნდა მიდიოდეს, რაკიღა ასე მხიარული ხართ!“ მლესავმა მიუგო: „მართალია, ეს ხელობა ოქროს მაღაროა. ნამდვილი მლესავი ისაა, რომელიც ჯიბეში ყოველთვის იპოვის ნაღდი ოქროს ფულს. თქვენ სად იყიდეთ ეგ ბატი?“ ჰანსმა მოუყვა, როგორ გაცვალა ოქროს ზოდი ცხენში, ცხენი – ძროხაში, ძროხა – გოჭში, გოჭი კი – ბატში. მლესავმა გაკვირვებით უთხრა: „გამოდის, რომ ყოველთვის პოულობდით გამოსავალს! მლესავი უნდა გახდეთ. ამისთვის სალესი ქვის გარდა არაფერია საჭირო. ქვა აქვე მაქვს, ცოტა მოძველებულია, მაგრამ თქვენი ბატიც საკმარისია.“ ჰანსმა სიხარულით დასთანხმდა: „უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ ჯიბეში ყოველთვის ფულს ვიპოვი!“ მლესავმა ბატი წაიღო, ჰანსს კი ერთი ჩვეულებრივი, მძიმე რიყის ქვა გაუწოდა. ჰანსმა ქვა მხარზე გაიდო და გზა განაგრძო. „ნამდვილად ბედნიერ დღეს ვარ დაბადებული, რასაც მოვისურვებ, ყველაფერი მისრულდება,“ – ფიქრობდა სახეგაბრწყინებული ბიჭი. ამასობაში ძალიან დაიღალა, მოშივდა და მძიმე ქვაც საშინლად ამძიმებდა. უცებ წყარო დაინახა და შეჩერდა. წყლის დასალევად რომ დაიხარა, ქვა მხრიდან დაუსხლტა და წყალში ჩაიძირა. გახარებულმა ჰანსმა შესძახა: „ჩემისთანა ბედნიერი მზის ქვეშ არავინ არ არის!“ და ტვირთისგან გათავისუფლებული სულ ხტუნვა-ხტუნვით მივიდა დედის სახლამდე.





