ჯინი - ხალხური ზღაპარი
ღარიბი შეშისმჭრელის საზრიანი ვაჟი ტყეში ბოთლში გამომწყვდეულ ჯინს პოულობს. აღმოაჩინეთ, როგორ ეხმარება მას მოხერხებულობა ამ საინტერესო აუდიო ზღაპარში.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ცნობილი მწერლების, ძმები გრიმების, ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას. ეს არის ახალი საბავშვო აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ჯინი“, რომელიც ერთ საზრიან და კეთილ ყმაწვილზე მოგვითხრობს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი შეშისმჭრელი. ის დილიდან შუაღამემდე დაუღალავად მუშაობდა. დიდი წვალებით ცოტაოდენი ფული შეაგროვა და თავის ერთადერთ ვაჟს უთხრა: „მინდა, ჩემი ოფლითა და შრომით ნაშოვნი ფული შენს სწავლას მოვახმარო; თუ რამე სასარგებლოს ისწავლი, როცა დავბერდები და აღარაფერი შემეძლება, მომივლი და საჭმელს არ მომაკლებ.“ ყმაწვილი უმაღლეს სკოლაში შევიდა და სანაქებოდ სწავლობდა. თუმცა, მამისეული ფული მალე გაუთავდა და იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და შინ დაბრუნებულიყო. „ეეჰ, შვილო, მეტის მოცემა აღარ შემიძლია, ცხოვრება ძალიან გაძვირდა, ლუკმა-პურის გარდა, ვეღარაფერს ვშოულობ,“ — უთხრა ნაღვლიანად მამამ. „საყვარელო მამა, ამაზე ნუ იდარდებ, გამოსავალს ვიპოვი,“ — უპასუხა შვილმა. მეორე დღეს, მამამ ტყეში წასვლა რომ დააპირა, ვაჟმა სთხოვა: „მეც წამოგყვები და მოგეხმარები.“ „კარგი, შვილო, მაგრამ მძიმე შრომას არ ხარ შეჩვეული და გაგიჭირდება; თანაც მხოლოდ ერთი ნაჯახი მაქვს და მეორის საყიდელი ფული კი არ გამაჩნია,“ — მიუგო მამამ. „მეზობელს სთხოვე, სანამ მე მოვახერხებ ნაჯახის ყიდვას,“ — ურჩია შვილმა. მამამ ნაჯახი ითხოვა და მეორე დღეს გამთენიისას მამა-შვილი ტყეში წავიდა. ვაჟი გულიანად ეხმარებოდა მოხუცს. შუადღისას მამამ თქვა: „ახლა ვისადილოთ და დავისვენოთ. დასვენებულები უფრო კარგად ვიმუშავებთ.“ შვილმა პურის ნაჭერი აიღო და უთხრა: „შენ დაისვენე, მამა, მე კი ტყეს მოვივლი, იქნებ სადმე ჩიტების ბუდეს წავაწყდე.“ „რა დროს ეგ არის, დაიღლები და მერე ხელს ვეღარ გაანძრევ, გიჯობს დაისვენო,“ — ურჩია მამამ. შვილი მაინც წავიდა ტყეში. მიდიოდა და თან ხის ტოტებს ათვალიერებდა. უცებ ისეთი უზარმაზარი მუხა დაინახა, რომ ხუთი კაცი ხელს ვერ შემოაწვდენდა. ყმაწვილმა მუხას ახედა და გაიფიქრა: „აქ უეჭველად ექნებათ ჩიტებს ბუდე.“ მოულოდნელად, რაღაც უცნაური ხმა მოესმა. თითქოს ვიღაც გაგუდული ხმით იძახდა: „ზევით ამომიშვი, ზევით ამომიშვი.“ ყმაწვილმა ირგვლივ ვერაფერი შეამჩნია. მოეჩვენა, რომ ხმა მიწიდან ამოდიოდა. „სად ხართ?“ — დაიძახა მან. „ქვევით ვარ, მუხის ძირში, ამომიშვი ზევით!“ — უპასუხა ხმამ. ყმაწვილმა მიწა ამოთხარა და ხის ფესვებში პატარა შუშის ბოთლი იპოვა. ბოთლი მზის შუქზე გახედა და შიგ გამომწყვდეული ჯინი დაინახა. ის კვლავ ევედრებოდა: „ზევით ამომიშვი, ზევით ამომიშვი.“ ბიჭმა ბოთლს საცობი მოხსნა. ჯინი წამებში ამოიფრქვა და უზარმაზარ, საზარელ არსებად იქცა. „იცი, რომ დიდი გასამრჯელო გერგება ჩემი გათავისუფლებისთვის?“ — ჰკითხა ჯინმა. „არ ვიცი, ან საიდან უნდა ვიცოდე?“ — გაუკვირდა ყმაწვილს. „მაშ, მე გეტყვი! გასამრჯელოდ კისერს მოგტეხ!“ — დასჭექა ჯინმა. „წინასწარ რომ გეთქვა, არ ამოგიყვანდი. თანაც ჯერ ხალხს უნდა დავეკითხოთ,“ — შეესიტყვა ყმაწვილი, რომელსაც ოდნავაც არ შეშინებია. „ზოგი ასე იტყვის და ზოგი ისე, მაგრამ დამსახურებული გასამრჯელო მაინც უნდა მიიღო! რა გგონია, რისთვის ვიყავი ამ ბოთლში ჩაკეტილი? სასჯელს ვიხდიდი! მე ძლევამოსილი მერკურიუსი ვარ და ვინც გამათავისუფლებს, მას კისერი უნდა მოვტეხო,“ — ყვიროდა ის. „მოითმინეთ, ნუ ჩქარობთ! ჯერ შენს სიმართლეში უნდა დამარწმუნო; მართლა ეტეოდი მაგ პატარა ბოთლში? თუ ისევ შიგ ჩაძვრები და დავინახავ, მერე რაც გინდა, ის მიქენი,“ — შესთავაზა ეშმაკურად ყმაწვილმა. ჯინმა მედიდურად უპასუხა: „ამას დიდი ხერხი არ სჭირდება.“ შეიკუმშა, დაწვრილდა და ბოთლის ყელში ჩაძვრა. ყმაწვილმა დრო იხელთა, ბოთლს საცობი მჭიდროდ დაახურა და ძველ ადგილას დააგდო. ის-ის იყო წასვლას აპირებდა, რომ ჯინმა ისევ საწყლად ამოსძახა: „თუ გამათავისუფლებ, ისეთ რამეს მოგცემ, მთელი სიცოცხლე უზრუნველად იცხოვრებ.“ ყმაწვილმა გაიფიქრა: „კიდევ ვსინჯავ, იქნებ სიტყვა შეასრულოს, განა რა უნდა დამიშავოს?!“ მან ბოთლს საცობი კვლავ მოხსნა. ჯინი უწინდებურად გადიდდა, ყმაწვილს სალბუნის მსგავსი ნაჭერი გაუწოდა და უთხრა: „თუ ამის ერთ ბოლოს ჭრილობას გადაუსვამ, მაშინვე მოარჩენს. მეორე ბოლო კი ფოლადს და რკინას ვერცხლად გადააქცევს.“ „ჯერ მე ვსინჯავ,“ — თქვა ყმაწვილმა. მან აიღო ნაჯახი, ხეს ჭდე გაუკეთა და მერე სალბუნის ერთი ბოლო გადაუსვა. ჭდე მაშინვე შეიკრა და ხე გამთელდა. „მართალს ამბობ, ახლა კი ერთმანეთს დავშორდეთ.“ ყმაწვილმა მადლობა გადაუხადა ჯინს და მამასთან დაბრუნდა. „სად დახეტიალობდი? აკი გითხარი, მუშაობა გაგიჭირდება-მეთქი!“ — უსაყვედურა მამამ. „დამშვიდდი, მამა, საქმეს მაინც მოვასწრებ.“ „ვერაფერსაც ვერ მოასწრებ!“ — განაგრძობდა მამა. „აი, აგერ რომ ხეა, მას მოვჭრი და ნახავ, როგორ ხრიტინ-ხრიტინით წავაქცევ,“ — თქვა ყმაწვილმა, თავის ნაჯახს ჯადოსნური სალბუნი გადაუსვა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შემოკრა. მაგრამ რადგან რკინა ვერცხლად იქცა, პირი მაშინვე დაუბლაგვდა. „მამა, ეს რა ცუდი ნაჯახი მოგიცია, პირი სულ ერთიანად დაუბლაგვდა.“ „ახლა ამ ნაჯახის საფასური მექნება გადასახდელი, ეს არის შენი დახმარება?“ — საყვედურობდა მოხუცი. „ნუ ჯავრობ, მამა, ნაჯახის საფასურსაც მე გადავიხდი,“ — მიუგო ვაჟმა. „სულელო!“ — დაუყვირა მამამ, — „საიდან გადაიხდი, ჩემი სარჩენი ხარ!“ „მამა, მე მეტი მუშაობის თავი აღარ მაქვს, ჯობს წავიდე,“ — თქვა შვილმა. „დასვენების უფლება არ მაქვს, მე კიდევ უნდა ვიმუშაო, შენ კი შინ წადი,“ — უთხრა სევდიანად მამამ. „მამა, პირველად ვარ ამ ტყეში, მარტო გზას ვერ გავიგნებ და ბარემ შენც წამოდი,“ — სთხოვა შვილმა. მამას გაბრაზებამ გაუარა და უთხრა: „მე შინ წავალ. ეს დაბლაგვებული ნაჯახი გაყიდე და გაუფრთხილდი, რასაც აიღებ; დანარჩენი უნდა გამოიმუშავო, რომ მეზობელს ნაჯახის ფასი გადავუხადოთ.“ ყმაწვილმა აიღო ნაჯახი და ქალაქში ერთ ოქრომჭედელს მიუტანა. ოქრომჭედელმა სასწორზე აწონა და უთხრა: „ეს ოთხასი ტალერი ღირს, ამდენი ფული მე არ მაქვს.“ „მომეცით, რამდენიც გაქვთ, დანარჩენი ვალად დაიტოვეთ,“ — უპასუხა ყმაწვილმა. ოქრომჭედელმა სამასი ტალერი მისცა. ყმაწვილი შინ დაბრუნდა და მამას უთხრა: „მამა, ფული უკვე მაქვს, წადი, მეზობელს ჰკითხე, რამდენი უნდა იმ ნაჯახში.“ „ეს მეც ვიცი, ერთი ტალერი,“ — უპასუხა მოხუცმა. „ორი ტალერი და თორმეტი გროში მიეცი, ანუ ორჯერ მეტი. ახლა ფული თავზე საყრელად მაქვს,“ — თქვა ყმაწვილმა და მამას ასი ტალერი მისცა. — „ამიერიდან არაფერი მოიკლო, იცხოვრე ბედნიერად.“ „როგორ გამდიდრდი?“ — გაუკვირდა მოხუცს. შვილმა ყველაფერი უამბო. დარჩენილი ფულით ყმაწვილმა სწავლა განაგრძო. რაკიღა თავისი ჯადოსნური სალბუნით ნებისმიერ ჭრილობას არჩენდა, ის სახელოვანი ექიმი გახდა და მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი.






