სამი გოჭი - ხალხური ზღაპარი
სამი ზარმაცი და ერთი მშრომელი გოჭის თავგადასავალი. გაიგეთ, როგორ იხსნა ნაფ-ნაფის მტკიცე სახლმა ძმები ბოროტი მგლისგან.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ბულბული.ჯი წარმოგიდგენთ საყვარელ საბავშვო ისტორიას. ეს არის უსაყვარლესი აუდიო ზღაპარი, რომლის სათაურიცაა „სამი გოჭი“. ჩვენი ავტორი ამ კლასიკურ ამბავს სულ სხვა, ჯადოსნური და თბილი ენით გვიყვება. იყო და არა იყო რა, იყო სამი გოჭი, სამივე ერთნაირი, ჩამრგვალებული, ვარდისფერი, ერთნაირი მხიარული კუდებით. სახელებიც საოცრად მსგავსი ჰქონდათ: ნიფ-ნიფი, ნუფ-ნუფი და ნაფ-ნაფი. მთელი ზაფხული მწვანე ბალახში გორაობდნენ, მზეს ეფიცხებოდნენ და მინდორში ხალისიანად დარბოდნენ. მაგრამ, მალე დადგა შემოდგომა. მზე ისე აღარ აცხუნებდა, გაყვითლებული ტყის თავზე კი რუხი ღრუბლები დაცურავდა. „დროა, ზამთარზე ვიფიქროთ“, - უთხრა ერთხელ გოჭებს დილას ადრიანად გამოღვიძებულმა ნაფ-ნაფმა, - „სიცივისაგან უკვე ვკანკალებ. შეიძლება გავცივდეთ. მოდით, სახლი ავაშენოთ და ცივი ზამთარი ერთად, თბილ ჭერქვეშ გავატაროთ.“ მაგრამ გოჭებს შრომა სულაც არ სურდათ. მიწის თხრასა და ქვების ზიდვას ერჩივნათ, ბოლო, თბილი დღეები სეირნობასა და მინდორში ხტუნვაში გაეტარებინათ. „მოესწრება! ზამთრამდე დიდი დროა. კიდევ გავერთოთ“, - თქვა ნიფ-ნიფმა და ყირაზე გადაკოტრიალდა. „როცა დამჭირდება, სახლს ჩემთვის ავიშენებ“, - თქვა ნუფ-ნუფმა და მინდორში გაიშხლართა. „მეც“, - დაამატა ნიფ-ნიფმა. „როგორც გენებოთ. მაშინ მე მარტო ავიშენებ სახლს“, - თქვა ნაფ-ნაფმა, - „თქვენ ვერ დაგელოდებით.“ ყოველი მომდევნო დღე წინაზე ცივი იყო, მაგრამ ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი არ ჩქარობდნენ. მათ შრომაზე ფიქრიც არ სურდათ. დილიდან საღამომდე ერთობოდნენ, მთელ დღეს გოჭურ თამაშებში ატარებდნენ, ხტოდნენ და გორაობდნენ. „დღესაც გავერთობით“, - ამბობდნენ ისინი, - „საქმეს კი ხვალ დილიდან შევუდგებით.“ მაგრამ მეორე დღესაც იგივეს იმეორებდნენ. ზარმაცი გოჭები მხოლოდ მაშინ შეუდგნენ მუშაობას, როცა დილ-დილაობით ყინულის თხელმა ფენამ მინდორის დაფარვა იწყო. ნიფ-ნიფმა იფიქრა, ყველაზე ადვილად და სწრაფად სახლს ლერწმისაგან ავაგებო. არავის არაფერს დაეკითხა, ადგა და მუშაობას შეუდგა. საღამოსათვის მისი ქოხი უკვე მზად იყო. ნიფ-ნიფმა სახურავს ბოლო ლერწამი დაადო და თავისი ნახელავით მეტად კმაყოფილმა მხიარულად დაამღერა: „ხომ კარგია ეს სახლი, ახლა დროა თამაშის.“ შენებას რომ მორჩა, ნუფ-ნუფთან გასწია. ნუფ-ნუფი ახლომახლო იშენებდა სახლს. ის ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა მოსაწყენი და უინტერესო საქმე. ნიფ-ნიფის მსგავსად, სახლის აშენება მასაც ლერწმისაგან სურდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, ასეთ სახლში ზამთარში ძალიან შემცივდებაო. სახლი უფრო გამძლე და თბილი იქნება, თუ ტოტებისა და ფიჩხებისაგან ავაგებო. ასეც მოიქცა. მიწაში სარები ჩაარჭო, მათ შორის ტოტები გადახლართა, სახურავზე გამხმარი ფოთლები დაახორხოლავა და საღამოს სახლი უკვე მზად ჰქონდა. ნუფ-ნუფმა რამდენჯერმე ამაყად შემოუარა სახლს და სიმღერა შემოსძახა: „ხომ კარგია ეს სახლი, ახლა დროა თამაშის.“ ამ დროს ბუჩქიდან ნიფ-ნიფმა გამოყო თავი. „აი, შენი სახლიც მზადაა!“ - უთხრა ნიფ-ნიფმა ნუფ-ნუფს, - „ხომ ვამბობდი, ამ საქმეს თავს ადვილად გავართმევთ-მეთქი. ახლა თავისუფლები ვართ და შეგვიძლია, რაც გვსურს, ის ვაკეთოთ!“ „წამოდი ნაფ-ნაფასთან წავიდეთ. ვნახოთ, როგორი სახლი აიშენა!“ - თქვა ნუფ-ნუფმა. „რაღაც დიდი ხანია, აღარ გვინახავს!“ - დაამატა ნიფ-ნიფმა. ორივე, ძლიერ კმაყოფილნი იმით, რომ საზრუნავი აღარაფერი ჰქონდათ, ბუჩქებში გაუჩინარდნენ. ნაფ-ნაფი მშენებლობაზე რამდენიმე დღე მუშაობდა. ქვები მოზიდა, თიხა მოზილა და ახლა აუჩქარებლად იშენებდა სანდო, გამძლე სახლს, სადაც ქარის, წვიმისა და ყინვისაგან თავს შეაფარებდა. მან სახლს მუხის მძიმე კარი ჩამოკიდა და ურდულიც დაადო, რომ მეზობელი ტყიდან მგელს ვერ შემოეღწია. ნიფ-ნიფსა და ნუფ-ნუფს, ნაფ-ნაფი მუშაობაში გართული დახვდათ. „რას აშენებ?“ - ერთხმად წამოიძახეს გაკვირვებულმა ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა, - „ეს გოჭის სახლია თუ ციხე-სიმაგრე?“ „გოჭის სახლი ციხე-სიმაგრე უნდა იყოს!“ - მშვიდად მიუგო ნაფ-ნაფმა ისე, რომ მუშაობა არ შეუწყვეტია. თან მუშაობისას სიმღერაც შემოსძახა: „მე ვარ ძლიერ ჭკვიანი, ყოჩაღი, მშრომელი, ჩემს სახლს ვერ შემოანგრევს ვერცერთი საშიში ცხოველი.“ „ნუფ-ნუფ, ხომ არ იცი ვინ საშიშ ცხოველზე მღერის ნაფ-ნაფი?“ - ჰკითხა ნიფ-ნიფმა. „არ ვიცი ნიფ-ნიფ, ალბათ ისე გაერთო სახლის შენებაში, რომ სულ მთლად გადაირია. ჰეი ნაფ-ნაფ, რომელ საშიშ ცხოველზე საუბრობ?“ - ჰკითხა ნუფ-ნუფმა ძმას. „რომელზე და მგელზე!“ - უპასუხა ნაფ-ნაფმა და კიდევ ერთი ქვა დადო. „აქ მგლებს რა უნდა? არანაირი მგლები აქ არ არიან! ნაფ-ნაფი უბრალოდ მშიშარაა...“ - დაამატა ნუფ-ნუფმა. ორივემ ხტუნვა და სიმღერა დაიწყო: „მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს, თითსაც ვერ დაგვაკარებს!“ მათ ნაფ-ნაფის გამოწვევა სურდათ, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა. „წავიდეთ, ნუფ-ნუფ. აქ არაფერი გვესაქმება!“ - თქვა ნიფ-ნიფმა და გოჭები სასეირნოდ წავიდნენ. გზაზე სიმღერ-სიმღერითა და ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდნენ, ხოლო როცა ტყეში შევიდნენ, ისეთი სიცილი ატეხეს, რომ ნაძვის ქვეშ მძინარე მგელს გაეღვიძა. „რა ხმაურია?“ - უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა ბოროტმა და მშიერმა მგელმა და იმ ადგილისაკენ წაძუნძულდა, საიდანაც ორი პატარა, სულელი გოჭის ჭყივილი და ღრუტუნი მოისმოდა. ამასობაში გოჭები კვლავ სიმღერ-სიმღერით მისეირნობდნენ. უცებ, სად იყო და სად არა, მათ დაინახეს ნამდვილი, ცოცხალი მგელი! ის დიდი ხის ქვეშ იდგა და ისეთი საშიში გამომეტყველება, ისეთი ბოროტი თვალები და იმხელა კბილები ჰქონდა, რომ ნიფ-ნიფსა და ნუფ-ნუფს ჟრუანტელმა დაუარა და კუდები აუცახცახდათ. საბრალო გოჭები შიშისაგან გაშეშდნენ. მგელი ნახტომისათვის მოემზადა, კბილები დააკრაჭუნა, თვალები დააბრიალა, მაგრამ გოჭები უცებ გონს მოვიდნენ, ტყიდან გაიჭრნენ და თავთავიანთი სახლებისკენ მოკურცხლეს. ასე სწრაფად არასოდეს ურბენიათ. ნიფ-ნიფმა პირველმა მიირბინა თავის ლერწმის ქოხთან, ძლივს შეასწრო შინ და მგელს კარი ზუსტად ცხვირწინ მიუხურა. „ახლავე გამიღე კარი!“ - დაიღრიალა მგელმა, - „თორემ ნამსხვრევებად ვაქცევ!“ „არა“, - დაუღრუტუნა ნიფ-ნიფმა შიშით, - „არ გაგიღებ!“ კარს მიღმა საშიში მხეცის სუნთქვა ისმოდა. „ახლავე გააღე! თორემ ისე შევუბერავ სულს, რომ შენი სახლი ჰაერში აფრინდება!“ ნიფ-ნიფს შიშისაგან ენა ჩაუვარდა. მაშინ მგელმა სულის შებერვა დაიწყო. სახლის სახურავიდან აფრინდნენ ლერწმის რტოები, სახლის კედლები აჭრიალდა. მგელმა მეორედაც შეუბერა სული და როცა მესამედ შეუბერა, სახლის ნარჩენები სხვადასხვა მხარეს გაფრინდა, თითქოს ქარბუქი დატყდომოდა თავს. მგელმა გოჭს ზუსტად ცხვირწინ დაუკრაჭუნა კბილები, მაგრამ ნიფ-ნიფი მოხერხებულად დაუძვრა ხელიდან და გაიქცა. ერთ წუთში უკვე ნუფ-ნუფის კართან იდგა. ნუფ-ნუფმა ძმა სახლში შეიყვანა. გოჭებმა კარის დაკეტვა ძლივს მოასწრეს, რომ მგლის ხმაც მოისმა: „ახლა კი ორივეს გადაგსანსლავთ!“ ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა შიშით გადახედეს ერთმანეთს. „აბა, დამაცადეთ! ამ სახლისაგან აღარაფერი დარჩება!“ - თქვა მგელმა და სულის შებერვა დაიწყო. სახლი ოდნავ შეირხა. მგელმა შეუბერა მეორედ, მესამედ, მეოთხედ. სახურავიდან აფრინდნენ ფოთლები, აჭრიალდნენ კედლები, მაგრამ სახლი ჯერ კიდევ იდგა. როცა მგელმა მეხუთეჯერ შეუბერა სული, სახლი დაიშალა, მხოლოდ კარი იდგა რამდენიმე ხანს ნანგრევებს შორის. გულგახეთქილი გოჭები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ და ნაფ-ნაფის სახლთან მიიჭრნენ. ნაფ-ნაფმა ისინი სწრაფად შეიყვანა სახლში. საბრალო გოჭები ისე შეშინებულიყვნენ, რომ ხმას ვერ იღებდნენ. ნაფ-ნაფი მაშინვე მიხვდა, რომ გოჭებს მგელი მოსდევდათ. მაგრამ თავის ქვის სახლში მას არაფრის ეშინოდა. სწრაფად გადაკეტა ურდული, სკამზე ჩამოჯდა და ხმამაღლა შემოსძახა: „მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს, თითსაც ვერ დაგვაკარებს!“ ზუსტად ამ დროს კარზე კაკუნი მოისმა. „ვინ არის?“ - მშვიდად ჰკითხა ნაფ-ნაფმა. „ბევრს ნუ ლაპარაკობ! კარი გამიღე!“ - მოისმა მგლის უხეში ხმა. „რას მელაპარაკები! არც ვიფიქრებ!“ - მტკიცედ მიუგო ნაფ-ნაფმა. „აჰ, ასე ხომ?! აბა, დამაცადე! ახლავე სამივეს შეგსანსლავთ!“ „აბა, მიდი!“ - უპასუხა ნაფ-ნაფმა ისე, რომ სკამზე არც შენძრეულა. მან იცოდა, რომ მტკიცე, ქვის სახლში არც მას და არც დანარჩენ გოჭებს საშიშროება არ ელოდათ. მაშინ მგელმა ღრმად ჩაისუნთქა და სულის ბერვა დაიწყო. მაგრამ რამდენიც არ უბერა, ერთ პატარა ქვასაც ვერ უყო ძვრა. მგელი სულ გალურჯდა. სახლი კი ციხე-სიმაგრესავით იდგა. მაშინ მგელმა კარებს დაუწყო ჯაჯგური, მაგრამ არც კარი დაემორჩილა. გააფთრებულმა მგელმა სახლის კედლების ფხაჭნა და ქვების ღრღნა დაიწყო, მაგრამ ამით მხოლოდ კლანჭები და კბილები დაიმტვრია. მშიერ და ბოროტ მგელს ისღა დარჩენოდა, რომ კუდამოძუებული ტყეში დაბრუნებულიყო. მაგრამ უცებ სახურავზე თვალი მოჰკრა დიდ, განიერ მილს. „აჰა! აი, ამ მილით მოვხვდები სახლში!“ - გაუხარდა მგელს. ის ფრთხილად აძვრა სახურავზე და მიაყურადა. სახლში სიწყნარე იყო. „დღეს აუცილებლად შევჭამ ამ გოჭებს“, - გაიფიქრა მგელმა და მილში ჩაძვრა. მაგრამ როგორც კი მილში ჩასვლა დაიწყო, გოჭებმა ხმაური გაიგეს. და როცა ბუხარში ცეცხლზე შემოდგმული ქვაბის სახურავზე ჭვარტლი დაიყარა, ჭკვიანი ნაფ-ნაფი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. სწრაფად მივარდა ქვაბს, რომელშიც წყალი დუღდა, და სახურავი გადახადა. გოჭებს დიდხანს ცდა არ დასჭირვებიათ. ბუხრისმწმენდელივით გამურული მგელი პირდაპირ აქვარქვარებულ წყალში ჩავარდა. სიმწრისაგან თვალები შუბლზე აუხტა, მთელი კანი დაეფუფქა. საზარელი ბღავილით, მგელი უკან ავარდა სახურავზე, იქიდან ძირს ჩაგორდა, სამ-ოთხჯერ გადაკოტრიალდა, ჩარაზულ კარებთანაც გაგორდა და ტყეში მოკურცხლა. გოჭები კი შეჰყურებდნენ და უხაროდათ, რომ ასე მარჯვედ ასწავლეს ჭკუა ბოროტ, ყაჩაღ მგელს. შემდეგ კი ერთად მხიარული სიმღერა შემოსძახეს: „მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს, თითსაც ვერ დაგვაკარებს.“ ამის შემდეგ გოჭები მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, მგელი კი ამ ტყეში აღარასოდეს გამოჩენილა.






