გვრიტი - ხალხური ზღაპარი
ეს არის ქართული ხალხური ზღაპარი დედა გვრიტზე, რომელიც ერთგული მეგობრების დახმარებით ბოროტ გლეხს ამარცხებს და მოტაცებულ ბარტყებს იბრუნებს.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი
ზღაპრის შესახებ
თქვენ წინაშეა საყვარელი აუდიო ზღაპარი სახელწოდებით „გვრიტი“, რომლის ავტორი ქართველი ხალხია. ეს არის ულამაზესი ამბავი დედის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებაზე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი. ცხოვრობდა თავისთვის ერთ ხეზე, იკეთებდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და მზრუნველობასაც არ აკლებდა. დილიდან მზის ჩასვლამდე ფრთებჩაუკრეფლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოობით კი დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი, ჩამოჯდებოდა ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი გვრიტინით ატკბობდა. ბარტყებისთვის საზრდო რომ ეშოვა, ერთხელ შორს მოუწია გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა, ამოსხა ბუდიდან გვრიტის პაწაწინა ბარტყები და შინ წაიყვანა. დაბრუნდა დედა-გვრიტი და საზრდოც – ჭიაღუა და მსუქანი მატლები – ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღა არიან ბარტყები? ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა საბრალო, ბუდის გვერდით ჩამოჯდა და მწარედ ატირდა. ტირილით რომ გული მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა, გზად მამალი შემოხვდა. „გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარ?“ – ჰკითხა მამალმა. „შვილების საძებნელად“, – უპასუხა სევდიანმა დედამ. „მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნები“, – შესთავაზა მამალმა. „ძალიან კარგი! მშველელ-მეგობარი სწორედ გაჭირვების ჟამს არის საჭირო“, – გაუხარდა გვრიტს. წავიდნენ ორნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს, იარეს და ახლა მახათი შემოეყარათ. „გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევია?“ – ჰკითხა მახათმა. „შვილების საძებნელად“. „ეგ მამალი რაღად მოგდევს?“ „ჩემს საშველად“, – მიუგო გვრიტმა. „მაშ, მეც შენი მშველელი ვიქნები“. „ძალიან კარგი!“ – დაეთანხმა გვრიტი. შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, გზად ახლა ფილთაქვა შემოხვდათ. „გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევია?“ – იკითხა ფილთაქვამ. „შვილების საძებნელად“. „ეგ მახათი და მამალი რაღად მოგდევენ?“ „ჩემს საშველად“. „მაშ, მეც შენი მშველელი ვიქნები“. „ძალიან კარგი“. შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს, იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ. „გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევია?“ – ჰკითხა ვირმა. „შვილების საძებნელად“. „ეგ მამალი, მახათი და ფილთაქვა რაღად მოგდევენ?“ „ჩემს საშველად“. „მაშ, მეც შენი მშველელი ვიქნები“. „ძალიან კარგი“. შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ და სახლებს სათითაოდ მიაყურადეს. ერთი სახლიდან პატარა გვრიტების ღუღუნი მოესმათ. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ: ვირი სახლის კართან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო, გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა, ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა. დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყიპინი და კრუშ-კრუში ატეხეს. ხმაურზე კაცს გაეღვიძა, წამოვარდა ლოგინიდან და, რომ გაეგო, სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ახლა მახათი შეერჭო ბარძაყში. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. გულგახეთქილი კაცი გარეთ გავარდა. კართან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლები უთავაზა, რომ გლეხმა სამი ყირა გააკეთა. ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები, შეისხა ფრთებზე და გახარებული თავისი ბუდისაკენ გაფრინდა. ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა.






