Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა
ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0010:15

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ქართული ხალხური

ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა - ხალხური ზღაპარი

მოუსმინეთ, როგორ გადაარჩინა ჭკვიანმა ღორმა, ტრუხუნამ, თავისი ხუთი გოჭი მშიერი მგლისგან. სახალისო ზღაპარი მოხერხებულობაზე!

ხანგრძლივობა
10 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ საინტერესო თავგადასავალს. ეს არის ქართული ხალხური აუდიო ზღაპარი „ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა“, რომელიც პატარებს მოხერხებულობის ძალას აჩვენებს. იყო ერთი ღორი, სახელად ტრუხუნა, რომელსაც ხუთი გოჭი ჰყავდა: მშიანა, მცივანა, თბილანა, გვიანა და მაგარა. დედა-ღორი ძალიან ჭკვიანი იყო, არც გოჭები ჰყავდა უგუნურები. იგი მინდვრად დაეძებდა საკვებს, თხრიდა მიწას და პოულობდა ძირხვენას, მაჩიტას და სხვა ბალახის ძირებს... მოკლედ, ყველაფერს, რაც უყვარდა, და გემრიელად გეახლებოდათ. იქ, სადაც ბალახი იყო, თხრით თავს არ იწუხებდა, საქონელივით ძოვდა; თუ სადმე ნაკარტოფილარს შეიგულებდა, სიამოვნებით ჩიჩქნიდა დინგით, პოულობდა აქა-იქ ჩარჩენილ კარტოფილს და მადიანად ახრამუნებდა. „რა კეთილია ადამიანი! იცის, რომ მიყვარს კარტოფილი და მიწავაშლა და მიწაში მოტოვებსო“, — ამბობდა ხოლმე ტრუხუნა. თუ სადმე წააწყდებოდა, არც დამპალ და ჭიანხილს იწუნებდა. სიმინდი და ყანა ხომ, მთლად სამოთხედ ეჩვენებოდა. რაკი მადა კარგი ჰქონდა, ჯიქანიც მუდამ ევსებოდა რძით და გოჭებიც კიტრებივით დასუქებულ-ჩამრგვალებულები დაუდიოდნენ. ალალი იყო მათზე, რადგან ხუთივე ძალიან ჭკვიანი და გამგონე იყო. ერთხელ ტრუხუნა მინდორში მიწას ჩიჩქნიდა. ნაწვერალში თითო-თითოდ იღებდა გემრიელ ხორბალს და მადიანად აკნატუნებდა. ამ დროს თავს წაადგა ერთი მშიერი მგელი ბრიალა თვალებით და აკაწკაწებული კბილებით. „გამარჯობა, ღორო!“ — დაიყმუვლა მგელმა. თან ცდილობდა, თავისი ხმისთვის სირბილე და სინაზე მიეცა, მაგრამ მაინც საზარლად გამოუვიდა. ღორი შეკრთა, ჯაგარი ყალყზე დაუდგა; ხედავს, მგელია, თვალებს აბრიალებს, კბილებს აკაწკაწებს. „რას აკეთებ, ღორო? რად ჩიჩქნი მაგ მიწას, რას ეძებ?“ — დაეკითხა მგელი. „ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეს, ბატონო!“ — მიუგო მოწიწებით შეშინებულმა ღორმა, — „რას ვაკეთებ და აი, აქ თაგვის სორო ვიპოვე, სულ თავთავებით არის სავსე, იმ წყეულ თაგუნას ჩაუზიდავს ზამთრის საზრდოდ, ახლა მე მივაგენი და იმას გეახლები; თუ მიირთმევთ, ბატონო, კაი მსუქან თავთავს აგირჩევთ, იქნებ გესიამოვნოთ?“ „რაო?!“ — დაიღრიალა მგელმა, — „გინდა ფხა გამეჩხიროს ყელში და დამახრჩოს? მე გიჩვენებ სეირს! ვინ მოგცა უფლება, რომ ერთ საწყალ, უღონო ცხოველს, რის ვაი-ვაგლახით სოროში თავთავი მოუგროვებია ზამთრის საზრდოდ, შენ კი მისდგომიხარ და უსინდისოდ სვლეპ? ისინი შიმშილით უნდა დაიხოცონ, შენ კი შვილები დაასუქო და შენი შავი მუცელი ამოიყორო? რაკი ავაზაკი ხარ, უნდა შეგჭამო! ახლავე მოინანიე ცოდვები!“ ღრიალებდა მგელი. ღორი მიხვდა, რომ თუ გამოსავალს ვერ იპოვიდა, მისი საქმე ძალიან ცუდად იყო. ტყუილად ხომ არ უთქვამთ: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო. ჰოდა ტრუხუნა ცოტა ხნით დაფიქრდა და მოახსენა: „დიდებულო ბატონო! თქვენი ნებაა, რას უზამთ თქვენს ფეხთა მტვერს. ვინ დაგიდგებათ წინ?! მაგრამ სანამ შემჭამდეთ, გთხოვთ, ერთი სიტყვა მათქმევინოთ, თუ თქვენი ნებაც იქნება.“ „თქვი ჩქარა, მაგვიანდება!“ — დაიყმუვლა მგელმა. „მე ძალიან მოხუცი ვარ,“ — თქვა ტრუხუნამ, — „თქვენს მამის ჩვილობასაც კი მოვესწარი... რა ვაჟკაცი იყო ის სულკურთხეული!.. ასე რომ, აღარც კი მახსოვს, რამდენი წლის ვარ, ძვლები გამიქვავდა და ტყავი საშინლად გამიმაგრდა; სიმსუქნე რაც მქონდა, სულ ჩემმა ხუთმა გოჭმა გამომწოვა რძესთან ერთად. ახლა მე რაღა გემო უნდა ჩამატანოთ? წამობრძანდით, შინ ხუთი გოჭი მყავს, ერთს ჰქვია – მშიანა, მეორეს – მცივანა, მესამეს – თბილანა, მეოთხეს – გვიანა და მეხუთეს – მაგარა; ხუთივე ისეთი მსუქანია, რომ სულ ქონი გასდით. მობრძანდით, რომელიც მოგეწონოთ, ის წაიყვანეთ, მერე თუნდაც მეც შემჭამეთ, მაგრამ იმისთანა გემრიელი და ქორფა გოჭის შემდეგ, მე რაღა გემო უნდა ჩამატანოთ?!“ მგელი ხუთი გოჭის ხსენებაზე დაფიქრდა: სად ქორფა გოჭების ხორცი და სად ბებერი ღორისო და შეჰყმუვლა ღორს: „კარგი, ახლა შინ წადი, მე საღამოს მოვალ, იცოდე, თუ მომატყუე, ცუდად იქნება შენი საქმეო.“ „დიდი დღე მოგცეს გამჩენმა, დიდებულო ბატონო,“ — აღრუტუნდა მოწიწებით ტრუხუნა, — „მობრძანდით, ყველანი საღორეში ვიქნებითო.“ მგელი წავიდა. გზაში სულ საღამოს გემრიელ ვახშამზე ფიქრობდა, თან ტუჩებს ილოკავდა და მსუქანი გოჭების გახსენებაზე ნერწყვს ყლაპავდა. ტრუხუნასაც რა გააჩერებდა იქ! სასწრაფოდ მოკურცხლა შინისაკენ. „ღმერთი არ გაუწყრეს და არ იფიქროს, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს; არ მობრუნდეს და არ გამომფაშვოს!“ — ფიქრობდა შეშინებული დედა, — „წავიდე, მივეპატრონო ჩემს შვილებს. ვნახოთ, ერთი, რას მიიღებს ჩემგანო!“ ამ ფიქრებში იყო, რომ საღორეც გამოჩნდა. ტრუხუნამ ეს ამბავი გოჭებს უამბო და დაარიგა, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, ან რა უნდა ეთქვათ, როცა მგელი მოვიდოდა. დედა-ღორმა მაგრად ჩაკეტა საღორის კარი, დააწვინა შვილები და თვითონაც საღორის კართან დაწვა. ძილით კი, აბა რა დააძინებდა?! კარგად რომ ჩამობნელდა, მოვიდა მგელი და საღორის კარზე დააკაკუნა. „ვინ ხარ?“ — იკითხა ტრუხუნამ, ვითომ აქ არაფერიო, — „რაღა დროს სტუმრობაა, ამ დროს ყველა თავის სახლშია!“ „მე ვარ, გააღე კარი, შე ღორო!“ — შეჰყმუვლა მგელმა. „აბა, მოუსვი მანდედან!“ — გასძახა ღორმა. მგელმა ახლა მშიანას დაუძახა: „მშიანა, გამიღე კარი!“ მაგრამ მშიანა დარიგებისამებრ მოიქცა და გასძახა: „ჯერ მშია, ძუძუს ვწოვ, შენთვის არა მცალიაო.“ „მცივანა, კარი გამიღე!“ — დაუყვავა ახლა მგელმა მცივანას. „მცივა,“ — გასძახა მცივანამ, — „რატომ უნდა გაგიღო კარი!“ „თბილანა, კარი გამიღე!“ — შეჰყმუვლა მგელმა. „შენ საქმე გამოგლევია, ძლივს თბილად ჩავწექი, შენ გამო რატომ გავიცივო გვერდებიო?“ — გასძახა თბილანამ. „გვიანა, კარი გამიღე!“ — ამჯერად მგელმა გვიანას შესძახა. „გვიან გეღირსება კარის გაღება, შე სისხლის მსმელო! დაიკარგე მანდედან!“ — გამოსჭყვიტინა გვიანამ. რაკი კარი არავინ გაუღო, მგელი საშინლად გაბრაზდა. მაინც კიდევ სცადა და ახლა მაგარას დაუძახა: „მაგარავ, კარი გამიღეო!“ „მაგრადაა დაკეტილი, არ გაიღებაო!“ — გამოსძახა მაგარამ, — „ჯობს, საიდანაც მოთრეულხარ, იქით წაბრძანდე; აქ არავინაა სულელი, რომ შენ კარი გაგიღოს! გასწი, დაიკარგე მანდედანო!“ საშინლად გაბრაზდა მგელი, სულ ცოფები ჰყარა. „დამაცადეთ, ერთხელაც ყველას გადაყლაპავთო!“ — იმუქრებოდა და კარის გაღებას ითხოვდა. დიდხანს იდგა მგელი; ფიქრობდა, ჩემი მუქარის შეეშინდებათ და ან ახლა გამიღებენ კარს, ან ახლაო. მერე თვითონაც სცადა კარის გაღება, მაგრამ ვერ შეძლო. მგელმა იცოდა, რომ თუ აქ გათენებამდე დარჩებოდა, საღორის პატრონი ბოლოს მოუღებდა. ჰოდა, სხვა რა გზა ჰქონდა? ადგა და ცარიელი მუცლით წალასლასდა თავისი სოროსკენ. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. მთას ურემი ავაგორე, წამოვიდა გორებითა, – აივსენით ქონებითა, ჭკუითა და გონებითა.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • ნაცარქექია

    7 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

  • ნახევარქათამა

    5 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.