Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. ნაცარქექია
ნაცარქექია - აუდიო ზღაპრის ყდა
0:006:45
ქართული ხალხური

ნაცარქექია - ხალხური ზღაპარი

აღმოაჩინეთ, თუ როგორ ამარცხებს მოხერხებული ნაცარქექია უზარმაზარ დევს! სახალისო აუდიო ზღაპარი პატარებისთვის საზრიანობასა და გამბედაობაზე.

ხანგრძლივობა
7 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

საბავშვო პლატფორმა bulbuli.ge წარმოგიდგენთ ქართულ ხალხურ ზღაპარს. ეს აუდიო ზღაპარი მოგვითხრობს ერთ საინტერესო ბიჭზე და მისი სათაურია „ნაცარქექია“. იყო და არა იყო რა, იყო სამი ძმა. უმცროსი საშინლად ზარმაცი ბრძანდებოდა. სულ ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა, ამიტომაც მას ნაცარქექია შეარქვეს. ბოლოს და ბოლოს, ძმებს მობეზრდათ უქნარა ნაცარქექიას რჩენა და სახლიდან გააგდეს. საგზლად ერთი გუდა ნაცარი, სადგისი და ჭყინტი ყველი გაატანეს. რაღას იზამდა ნაცარქექია, ადგა და წავიდა ბედის საძებნელად. ბევრი იარა თუ ცოტა, ნაცარქექია ერთ მდინარეს მიადგა. მეორე ნაპირზე უშველებელი დევი წყალს სვამდა. ნაცარქექიას ძალიან შეეშინდა, მაგრამ რა უნდა ექნა?! იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა კიდეც! ნაცარქექიამ ნაცრის გუდა სადგისით გახვრიტა. მერე გაიარ-გამოიარა და საშინელი მტვერი დააყენა. სანამ გაოცებული დევი ხმას ამოიღებდა, ნაცარქექიამ გასძახა: „შენ, ჰეი, გამოდი, მეორე ნაპირზე გამიყვანე, ფეხის დასველება არ მინდა!“ დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლიათ და ეს ჭინჭრაქა ამას როგორ მიბედავსო, ჰოდა გამოსძახა: „ვინ ხარ, რა სულიერი და მაგ თავხედობას როგორ მიბედავ?“ მკვეხარა ნაცარქექიამ დევს შესთავაზა: „შევეჯიბროთ და გაჩვენებ, ვინც ვარ! შენ მანდ აიღე ქვა, მე აქ ავიღებ! მოვუჭიროთ ორივემ ხელი და, ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოს!“ დევმა ქვა აიღო, ხელი მოუჭირა და დაფშვნა. ნაცარქექია კი ვითომ ქვის ასაღებად დაიხარა, გუდიდან ახალი ყველი ამოიღო, ხელი მოუჭირა და წყალი წურწურით გამოადინა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, მაშინვე გადმოვიდა ნაპირზე და ნაცარქექია მხრებზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, გაკვირვებულმა ჰკითხა: „ოჰ, რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარ!“ „ეს იმიტომ, რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მოკიდებული! ხელს თუ გავუშვებ, მაშინ, ვეღარც კი დამძრავ!“ — უპასუხა ეშმაკმა ბიჭმა. დევს ეჭვი შეეპარა, ამ ერთ ციცქნას ასეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო, და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა: „აბა, გაუშვი ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიგო!“ ამჯერად ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო გუდიდან და დევს კისერში ჩაარჭო. დევმა საშინელი ყვირილი მორთო: „მართლაც მძიმე ყოფილხარ, გთხოვ, ხელი ისევ ცას მოჰკიდე!“ როდესაც მეორე ნაპირზე გადავიდნენ, დევმა უთხრა: „წამოდი, დღეს სადილად მეწვიე.“ ნაცარქექიას შეეშინდა, მაგრამ რას იზამდა, უარს ვერ ეტყოდა. მასპინძელმა სტუმარი ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. მერე ვეება კეცით ხმიადი შედგა ბუხარში და მორიდებით უთხრა ნაცარქექიას: „გთხოვ, ხმიადს ყურადღება მიაქციე, არ დაიწვას. მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ნანადირევს მოვიტან!“ ცალი გვერდი რომ დაებრაწა ხმიადს, ნაცარქექიამ კეცის შემობრუნება გადაწყვიტა. როგორც კი კეცს ხელი ახლო, ის მაშინვე გადმობრუნდა და ნაცარქექია ქვეშ მოჰყვა. იწვალა ნაცარქექიამ, იწვალა, მაგრამ კეცის ქვემოდან ვერ გამოძვრა. ამასობაში დევიც დაბრუნდა. სტუმარი კეცქვეშ მოყოლილი რომ ნახა, გაუკვირდა და შეეკითხა: „კაცო, ეგ რა გიქნია?“ „მუცელი ამტკივდა და თბილი კეცი დავიდე. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალე!“ — უთხრა ნაცარქექიამ. დევმა კეცი ააცალა და სუფრა გაშალა. სადილობისას ღვინო შემოელიათ. დევმა აიღო დიდი კოკა და ნაცარქექიას სთხოვა: „მეგობარო, არ დაიზარო, გადი ეზოში და ამ ხელადით ქვევრიდან ღვინო ამოიღე.“ უშველებელი კოკის დანახვაზე ნაცარქექიას შეეშინდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ეზოში გავიდა. დიდხანს ელოდა დევი სტუმარს. ბოლოს, ლოდინი რომ მოსწყინდა, გარეთ გავიდა. ნაცარქექია ბარით მიწას თხრიდა ქვევრის გარშემო. „რას შვრები?“ — ჰკითხა დევმა. „ჯობია, მთლიანად ამოვიღო ქვევრი და ღვინო ისე დავლიოთ, თორემ პაწაწინა ხელადით მოტანა ადამიანს მოსწყინდება.“ დევმა გაიფიქრა: „ეს ვინ ყოფილა! მე ძლივს ჩავსვი ცარიელი ქვევრი, ეს კი მარტო აპირებს სავსე ქვევრის ამოღებას!“ ჰოდა, თვითონ აავსო ხელადა და შინ შევიდნენ. განაგრძეს სადილობა. შუა ჭამაში დევმა დააცემინა და ნაცარქექია ჭერს მიეკრა. მასპინძელმა მაღლა აიხედა. ნაცარქექია ჭერის კოჭებს ჩასჭიდებოდა. „კაცო, მანდ რამ აგიყვანა, რას აკეთებ?!“ — ჰკითხა გაოცებულმა დევმა. „როგორ გაბედე ჩემ წინ დაცემინება,“ — მკაცრად უთხრა ნაცარქექიამ, — „ეს წკეპლა უნდა ჩამოვიღო და სულ გვერდები აგიწვა!“ „ღმერთო, ეს ვინ ყოფილა?!“ — გაოცდა დევი, — „მე ძლივს მოვიტანე თითო ხე, ეს კი წკეპლას ეძახის! აქ თუ დავრჩი, ეს კაცი კარგ დღეს ნამდვილად არ დამაყრის!“ გაიფიქრა მან და შეშინებული ცხრა მთას იქით გადაიკარგა. დევის სახლ-კარი და სიმდიდრე ნაცარქექიას დარჩა. წავიდა, ძმებიც აქ მოიყვანა და სიკვდილამდე უზრუნველად ცხოვრობდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

    10 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

  • ნახევარქათამა

    5 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.