გარეული გედები - ხალხური ზღაპარი
ჰანს ქრისტიან ანდერსენის კლასიკური ზღაპარი ელიზასა და მისი 11 ძმის შესახებ. აღმოაჩინეთ, როგორ გადაარჩინა ერთგულმა დამ გედად ქცეული ძმები.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 22 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, გიორგი ტორიაშვილი, ნატა ბერეჟიანი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ანა ქურთუბაძე, ნინო მითაიშვილი.
ზღაპრის შესახებ
ბულბულის აპლიკაციაში წარმოგიდგენთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელად „გარეული გედები“, მოგვითხრობს სიკეთისა და და-ძმური სიყვარულის უდიდეს ძალაზე. შორს, ძალიან შორს, ერთ ქვეყანაში, იქ სადაც მერცხლები მიფრინავენ ხოლმე გამოსაზამთრებლად, ცხოვრობდა ერთი მეფე. მას ჰყავდა თერთმეტი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, სახელად ელიზა. მეფის ვაჟებს გულზე ოქროს ვარსკვლავები ებნიათ, წელზე ოქროს ხმალი ერტყათ და ასე დადიოდნენ სკოლაში, ელიზა კი მუდამ ოქროს სკამზე იჯდა და საუცხოო სურათებიან წიგნს კითხულობდა. მეფის შვილების ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედოფალი გარდაიცვალა და მეფემ საშინლად ბოროტ ქალზე იქორწინა. ქორწილის დღეს დედოფალმა ბავშვებს ლამბაქზე ქვიშა დაუყარა და უთხრა: „ამისგან გააკეთეთ საჭმელი.“ ერთი კვირის შემდეგ მან ელიზა გლეხის ოჯახში მიაბარა აღსაზრდელად, მეფეს კი ვაჟებზე გული აუცრუა და ბავშვებს სასახლიდან გაგდებისას დაუყვირა: „წადით და თქვენვე უპატრონეთ საკუთარ თავს! დღეიდან ფრინველებადაც იქცევით და დამუნჯდებით!“ დედინაცვლის ამ სიტყვებზე ვაჟები საუცხოო გარეულ გედებად იქცნენ და ტყეს მიაშურეს. გავიდა დრო. თხუთმეტი წლის ელიზა სასახლეში დააბრუნეს. ბოროტი დედოფალი მისი სილამაზის დანახვაზე შურისგან გასკდა. მან გოგონას ნიგვზის ზეთით მოუთხუპნა სახე და თმა აუწეწა. ლამაზი ელიზა ისე დამახინჯდა, მის დანახვაზე შეშინებულმა მამამ წამოიძახა: „ეს ჩემი ქალიშვილი არ არის!“ დამწუხრებული ელიზა სასახლიდან გამოვიდა და დაიკარგული ძმების საძებნელად გაეშურა. იგი გულში ფიქრობდა: „რადაც უნდა დამიჯდეს, უნდა ვიპოვო.“ ბევრი იარა თუ ცოტა, ზღვის ნაპირას მიაღწია, სადაც მზის ჩასვლისას თერთმეტი გედი დაინახა. ნაპირზე დაშვებისთანავე მათ თეთრი ფრთები დასცვივდათ და ადამიანებად იქცნენ. გოგონა ძმებს გადაეხვია. უფროსმა ძმამ აუხსნა: „ჩვენ, სანამ მზეა, გედები ვართ, მაგრამ მზე ჩავა თუ არა, ისევ ადამიანებად ვიქცევით. ჩვენ ზღვის გადაღმა, შორეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შენც წაგიყვანთ, მაგრამ არც გემი გვყავს და არც ნავი!“ ელიზამ უპასუხა: „მე კი სულ იმაზე ვფიქრობ, ამ ჯადოსგან როგორ გაგათავისუფლოთ!“ მეორე დღეს ძმებმა ტირიფისგან ბადე დაწნეს, მძინარე ელიზა ზედ დააწვინეს და შორეულ ქვეყანაში გადაიყვანეს. იქ გოგონას სიზმარში კეთილი ფერია გამოეცხადა და უთხრა: „შენს ძმებს დაიხსნი, თუ სიმამაცესა და მოთმინებას გამოიჩენ. სასაფლაოსა და გამოქვაბულის გარშემო მოდებული ჭინჭარი უნდა მოკრიფო, ფეხებით გათელო და თერთმეტივე ძმას გრძელსახელოიანი მოსასხამი მოუქსოვო. ოღონდ დაიმახსოვრე, სანამ ამ საქმეს არ დაასრულებ, ხმა არ უნდა ამოიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს ძმებს დაღუპავ.“ ელიზა მაშინვე შეუდგა მუშაობას. ერთ დღესაც ტყეში ნადირობისას იგი იმ ქვეყნის ახალგაზრდა მეფემ დაინახა. „აქ რამ მოგიყვანა, ლამაზო ქალო?“ - ჰკითხა მან. ელიზამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ თავი დააქნია. მეფეს ისე მოეწონა გოგონა, რომ თავის სასახლეში წაიყვანა და ცოლად შეირთო. ელიზა დედოფალი გახდა, თუმცა ღამღამობით მაინც აგრძელებდა ძმებისთვის ჭინჭრის მოსასხამების ქსოვას. როდესაც ბოლო მოსასხამისთვის ძაფი შემოაკლდა, ელიზა ღამით სასაფლაოზე გაიპარა ჭინჭრის მოსაკრეფად. ეს ბოროტმა მღვდელმთავარმა შენიშნა და მეფეს უთხრა: „ახლა ხომ საკუთარი თვალით დარწმუნდით, რომ თქვენი ცოლი ჯადოქარია.“ გულდაწყვეტილმა მეფემ ბრძანა: „დაე, ხალხმა გაასამართლოს ელიზა!“ ხალხმა მუნჯ დედოფალს კოცონზე დაწვა მიუსაჯა. მეორე დილით ელიზა დასასჯელად ეტლით მიჰყავდათ. ის კი ტილოს პერანგში გამოწყობილი უკანასკნელ მოსასხამს ქსოვდა. ხალხი დასცინოდა: „ერთი შეხედეთ ამ ჯადოქარს, როგორ ბუტბუტებს! მოდი, დავუხიოთ!“ უცებ ციდან თერთმეტი გედი დაეშვა და ხალხი გაფანტა. ჯალათმა ელიზას ხელი ჩასჭიდა, მაგრამ გოგონამ სასწრაფოდ გადააცვა ძმებს მოქსოვილი მოსასხამები. გედები მაშინვე ლამაზ ჭაბუკებად იქცნენ. მხოლოდ უმცროსს დარჩა გედის ფრთა ცალი ხელის ნაცვლად, რადგან ერთ მოსასხამს სახელო აკლდა. „ახლა კი შემიძლია ხმა ამოვიღო! მე უდანაშაულო ვარ!“ - თქვა ელიზამ. უფროსმა ძმამ ხალხს მათი თავგადასავალი უამბო. ამ დროს სასწაული მოხდა: კოცონისთვის მოტანილი შეშა სურნელოვანი, წითელი ვარდებით დაფარულ ბუჩქად იქცა. მეფემ ერთი ვარდი მოწყვიტა და ელიზას გულზე დაადო. ქალაქის ყველა ეკლესიის ზარმა თავისით დარეკა და სასახლეში ისეთი ბედნიერი ქორწილი გაჩაღდა, რომლის მსგავსიც ქვეყნიერებას არ ახსოვდა.





