ცეროდენა - ხალხური ზღაპარი
მოუსმინეთ ჰანს კრისტიან ანდერსენის ჯადოსნურ ზღაპარს პაწაწინა გოგონას, ცეროდენას დიდ და საინტერესო თავგადასავალზე.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 76 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, მაია წითლიძე, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ჰანს კრისტიან ანდერსენის საოცარ ისტორიას. ეს აუდიო ზღაპარი მოგვითხრობს პაწაწინა და ულამაზეს გოგონაზე, რომელსაც სახელად ცეროდენა ერქვა. დიდი ხნის წინათ, ერთ სამეფოში ერთი უშვილო ქალი ცხოვრობდა. საბრალომ აღარ იცოდა, რა ეღონა. ერთ დღესაც რჩევის საკითხავად ჯადოქართან მივიდა და შესჩივლა: „ძალიან მინდა შვილი მყავდეს, იქნებ რამე მირჩიო.“ ჯადოქარმაც უპასუხა: „აიღე ეს ქერის მარცვალი. ის არც ყანაშია მოყვანილი და არც ისაა, ქათმებს რომ აჭმევენ. ქოთანში დათესე და ნახავ, რაც ამოვა.“ ქალმა ჯადოქარს თორმეტი შილინგი მისცა და შინ დაბრუნდა. სასწრაფოდ დათესა მარცვალი, რომლისგანაც მალე გაუშლელი შროშანის მსგავსი ყვავილი ამოიზარდა. „რა ლამაზი ყვავილია!“ თქვა ქალმა და ფოთლებს აკოცა. დახეთ საოცრებას! უცებ კოკორი ტკაცანით გაიშალა და შუაგულში პაწაწინა გოგონა გამოჩნდა, შროშანივით ნაზი და მშვენიერი. ცერის ნახევარი სიმაღლის ძლივს იქნებოდა, ამიტომ ქალმა ცეროდენა დაარქვა. კაკლის პრიალა ნაჭუჭში ფოთლები დაუგო, ჩააწვინა და ვარდის ფოთოლი დაახურა. ცეროდენა ღამით იქ იძინებდა, დღე კი მაგიდაზე თამაშობდა. მაგიდაზე იდო წყლიანი თეფში, რომელშიც შროშანის დიდი ფოთოლი დაცურავდა; ცეროდენა ზედ ჯდებოდა და თეფშის ერთი ნაპირიდან მეორემდე მიცურავდა; ნიჩბების ნაცვლად ცხენის ორ თეთრ ბეწვს იყენებდა. უნდა გენახათ, რა მშვენიერი სანახავი იყო ამ დროს გოგონა! თან წკრიალა ხმით ისე მშვენივრად მღეროდა, რომ ყველა აღტაცებით უსმენდა. ერთხელ საშინლად მახინჯი გომბეშო სარკმლიდან პირდაპირ იმ მაგიდაზე გადახტა, სადაც ცეროდენას ეძინა ვარდის ფოთლის საბანქვეშ. „ეს გოგონა კარგ ცოლობას გაუწევს ჩემს შვილს,“ გაიფიქრა გომბეშომ, აიღო კაკლის ნაჭუჭი თავისი მძინარე მზეთუნახავითურთ და ბაღში გადახტა. ბაღში ნაკადული მოჩუხჩუხებდა, რომლის ნაპირებზე ჭაობი იდგა. სწორედ ამ ჭაობში ბინადრობდა გომბეშო მასავით საშინლად შესახედავ შვილთან ერთად. მან ცეროდენას დანახვაზე მხოლოდ წამოიძახა: „ყოყ, ყოყ, ყი-ყი-ყი!“ ბებერმა გომბეშომ შვილი გააფრთხილა: „ნუ ყვირი, თორემ გაეღვიძება და გაიქცევა. გედის ბუმბულივით მსუბუქია. წყალში დუმფარას ფოთოლზე დავსვათ, ის მთელი კუნძული იქნება მისთვის და იქიდან ვერ გაიქცევა! ამასობაში ციხე-დარბაზი მოვაწესრიგოთ, სადაც სამუდამოდ იცხოვრებთ.“ დუმფარებით სავსე წყალში ბებერმა გომბეშომ ყველაზე განცალკევებულად მოტივტივე ფოთოლზე დასვა ცეროდენა თავის ნაჭუჭიანად. დილით გოგონას გაეღვიძა და როცა მიხვდა, რომ შუაგულ წყალში იმყოფებოდა, მწარედ ატირდა. ამასობაში ბებერმა გომბეშომ შვილთან ერთად მიცურა მასთან. მდაბლად დაუკრა თავი და უთხრა: „ეს ჩემი შვილია, ის შენი ქმარი იქნება, ერთად იცხოვრებთ ამ ჭაობში.“ შვილმა კი ისევ დაიყიყინა: „ყოყ, ყოყ, ყი-ყი-ყი!“ პაწაწინა საწოლი წაიღეს და წავიდნენ. დარჩა მარტო ცეროდენა და ატირდა, სულაც არ უნდოდა საზიზღარი გომბეშოს ცოლობა. წყალში მოცურავე თევზებმა გომბეშოს სიტყვები გაიგონეს და ისე მოიხიბლნენ გოგონას სილამაზით, რომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს. მათ დუმფარას ფოთლის ღერო გაღრღნეს. ფოთოლი ნაკადულს გაუყვა და შორს გაცურდა. ნამცეცა გოგონა სოფლებს გასცდა. ხეებზე მოკალათებული ჩიტები ჭიკჭიკებდნენ: „რა მშვენიერი გოგონაა!“ ერთ მშვენიერ თეთრ პეპელას ძალიან მოეწონა გოგონა და მის გვერდით დაჯდა ფოთოლზე. ცეროდენამ შეიხსნა ქამარი, ერთი ბოლო პეპელას მიაბა, მეორე – ფოთოლს და უფრო სწრაფად გაცურდნენ. უცებ მოფრინდა უშველებელი ბუზანკალი, ცეროდენას ფრთები შემოხვია და ხეზე გაიტაცა. გოგონას ყველაზე მეტად პეპელაზე სწყდებოდა გული: „თუ თავს ვერ გაითავისუფლებს, შიმშილით მოკვდება.“ ბუზანკალმა ცეროდენა დიდ ფოთოლზე დასვა და უთხრა: „თუმცა ბუზანკლებს არ ჰგავხარ, მაგრამ მაინც მშვენიერი ხარ.“ ცეროდენას სანახავად სხვა ბუზანკლებიც მივიდნენ. „რა საცოდავი არსებაა!“ თქვა ერთმა. „მხოლოდ ორი ფეხი აქვს, რა უშნოა,“ დასძინა მეორემ. „თანაც ადამიანივით გამხდარი,“ დაასკვნა მესამემ. გამტაცებელმა ბუზანკალმაც დაიჯერა, რომ ცეროდენა უშნო იყო და ერთ ყვავილზე დასვა. ცეროდენა იჯდა და თავის სიმახინჯეს დასტიროდა: „ისეთი უშნო ვარ, რომ ბუზანკალმაც კი მიმატოვა.“ სინამდვილეში კი ვარდის კოკორივით მშვენიერი იყო. მთელი ზაფხული ცხოვრობდა მარტო დიდ ტყეში. ასე გავიდა ზაფხული და შემოდგომა. დადგა გრძელი და მკაცრი ზამთარი. მოვიდა თოვლი, გოგონას კაბა დაეფხრიწა და საშინლად შესცივდა. ბოლოს მინდორში ერთი მინდვრის თაგვის სორო იპოვა. საბრალო ცეროდენა სოროს კართან დადგა და დაიძახა: „ორი დღეა არაფერი მიჭამია, იქნებ რამე მიწილადოთ.“ თაგვი კეთილი აღმოჩნდა: „ოჰ, საბრალოვ! სოროში შემოდი და გაგიმასპინძლდები.“ მერე კი შესთავაზა: „შეგიძლია ჩემთან იცხოვრო, სამაგიეროდ ოთახი უნდა დამილაგო და ზღაპრები მომიყვე.“ ცეროდენაც სიხარულით დათანხმდა. ერთ დღეს თაგვმა უთხრა: „მალე სტუმარი გვეწვევა. კვირაობით მოდის ხოლმე ჩემთან ერთი მდიდარი მეზობელი: დიდრონი დარბაზები აქვს და დიდებული შავი ხავერდის ქურქი აცვია. თუ ცოლად მოგიყვანს, უზრუნველად იცხოვრებ. მართალია, კარგად ვერ ხედავს და მზე ეჯავრება, მაგრამ ეცადე საუკეთესო ზღაპრები მოუყევი.“ ეს მეზობელი თხუნელა აღმოჩნდა. თხუნელას მაშინვე შეუყვარდა ცეროდენა. მან თავისი საცხოვრისიდან მინდვრის თაგვის სორომდე გრძელი ხვრელი გათხარა. „ხვრელში მკვდარი ჩიტი გდია და არ შეგეშინდეთ,“ გააფრთხილა მან მეზობლები. ეს მერცხალი აღმოჩნდა. თხუნელამ მას ფეხი გაჰკრა და თქვა: „რა საცოდავი სულდგმულია ჩიტი! ზამთარში შიმშილისგან კვდებიან.“ თაგვიც დაეთანხმა. ცეროდენას კი შეეცოდა ფრინველი, მიუახლოვდა და დახუჭულ თვალებში აკოცა: „იქნებ ეს სწორედ ის ჩიტია, რომელიც საუცხოოდ გალობდა ზაფხულში.“ ღამით ცეროდენამ თივისგან ლამაზი ჭილობი დაწნა, ბამბა აიღო და ჩიტი შეფუთნა. „მშვიდობით, პატარა საყვარელო ჩიტუნავ!“ უთხრა გოგონამ. უცებ იგრძნო, რომ ჩიტს გული უცემდა. მერცხალი გაყინულიყო და სითბომ გამოაცოცხლა. მეორე ღამით მერცხალმა თვალები გაახილა და ცეროდენას წასჩურჩულა: „მადლობელი ვარ შენი, ლამაზო გოგონავ! გავთბი, მალე ძალ-ღონეს მოვიკრებ და თბილი ქვეყნისკენ გავფრინდები.“ ცეროდენამ შეჰყვირა: „ოჰ, არა! გარეთ ცივა, თოვლი მოდის და ყინავს! ჯობს, აქ დარჩე! მე მოგივლი.“ მთელი ზამთარი უვლიდა გოგონა ჩიტს. გაზაფხულზე მერცხალმა შესთავაზა: „ფრთებზე შემაჯექი და აქედან გაგიყვანო,“ მაგრამ ცეროდენას არ უნდოდა მინდვრის თაგვისათვის ეწყენინებინა და უარი თქვა. „მაშ მშვიდობით, ლამაზო გოგონავ!“ დაემშვიდობა მერცხალი და გაფრინდა. ცეროდენა დაღონდა. თაგვმა კი უთხრა: „ზაფხულში შეგიძლია მზითევი მოიმზადო! თხუნელას რომ მისთხოვდები, ტანსაცმელი საკმაოდ გექნება.“ ოთხმა ობობამ დაიწყო მზითვის ქსოვა. თხუნელა ყოველ საღამოს მოდიოდა და ამბობდა: „ეს საზიზღარი მზე აღარ დააცხუნებს, ქორწილი გვექნება.“ შემოდგომაზე მზითევი მზად იყო. „ოთხი კვირის შემდეგ გათხოვდები,“ უთხრა თაგვმა. გოგონა ატირდა: „არ მინდა აბეზარ, ბებერ თხუნელაზე გათხოვება.“ თაგვმა გაბრაზებით შეჰყვირა: „სისულელეა! თხუნელა ჩინებული საქმროა, ღმერთს უმადლოდე.“ ქორწილის დღეც დადგა. ცეროდენამ სოროდან გაიპარა, რომ მზეს დამშვიდობებოდა: „მშვიდობით, ბრწყინვალე მზევ! როცა მერცხალს ნახავ, ჩემი სალამი გადაეცი!“ უცებ მოესმა: „ჭიკ-ჭიკ, ჭიკ-ჭიკ!“ ეს მისი ნაცნობი მერცხალი იყო. ცეროდენამ უამბო თავისი გასაჭირი. მერცხალმა უთხრა: „ცივი ზამთარი მოახლოვდა. მე თბილ ქვეყანაში გავფრინდები. ზურგზე შემაჯექი! სამარადისოდ მოშორდები საძაგელ თხუნელას. ერთად გავფრინდეთ, ჩემო მხსნელო!“ ცეროდენა დათანხმდა, მერცხალს ზურგზე შეაჯდა და გაფრინდნენ. ბოლოს, ცისფერი ტბის პირას, თეთრ მარმარილოს სასახლეს მიადგნენ, სადაც მერცხალს ბუდე ჰქონდა. „აი, ჩემი სახლი, მაგრამ იქნებ შენ საუცხოო ყვავილებში გსურს ცხოვრება?“ თქვა მერცხალმა და გოგონა ყვავილის დიდ ფოთოლზე დასვა. ჰოი, საოცრებავ! ყვავილში გოგონამ მასავით პატარა, ოქროსგვირგვინიანი და ფრთიანი ჭაბუკი დაინახა. ის ყვავილთა მეფე გახლდათ. „ღმერთო, რა მშვენიერია!“ წასჩურჩულა ცეროდენამ. მეფესაც დანახვისთანავე შეუყვარდა იგი, გვირგვინი თავზე დაადგა და ჰკითხა: „გინდა ცოლად გამომყვე და ყვავილების დედოფალი გახდე?“ ოჰ, რა მშვენიერი იყო მეფე! ცეროდენა დათანხმდა. მას თეთრი ფრთები აჩუქეს, რომ ყვავილიდან ყვავილზე გადაეფრინა. მეფემ უთხრა: „შენ ისეთი მშვენიერი ხარ, ცეროდენა არ უნდა გერქვას, ამიერიდან მია გერქმევა!“ მერცხალი თავის ბუდეში იჯდა და საამურ სიმღერებს უგალობდათ. შემოდგომის მიწურულს კი დაემშვიდობა: „მშვიდობით!“ და შორს, დანიისკენ აიღო გეზი. იქ ბუდე ჰქონდა ერთი ფანჯრის ზემოთ, სადაც ერთი მეზღაპრე ცხოვრობდა. ჩვენც სწორედ მისგან შევიტყვეთ ეს საოცარი ამბავი.




