მეფის ახალი სამოსი - ხალხური ზღაპარი
ჰანს კრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპარი მატყუარა მკერავებზე, ამპარტავან მეფესა და სიმართლის მთქმელ პატარა ბიჭზე. საუკეთესო მოსასმენი ბავშვებისთვის.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 9 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ჰანს კრისტიან ანდერსენის ეს შესანიშნავი აუდიო ზღაპარი, სახელად „მეფის ახალი სამოსი“, მოგვითხრობს ერთ უცნაურ და ძალიან სასაცილო ამბავს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩაცმა-დახურვაზე გადაგებული მეფე, რომელიც რაც კი ფული ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ ძვირფას სამოსში ხარჯავდა. წამდაუწუმ სახალხო დღესასწაულებსა და სეირნობას აწყობდა, რათა თავისი ახალი ჩაცმულობა ყველასთვის ეჩვენებინა. სამოსს საათში ერთხელ იცვლიდა. თუ სხვა მეფეებზე ამბობდნენ, ვეზირებს ეთათბირებაო, მასზე მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „მეფე სამოსს იცვლისო.“ ერთ მშვენიერ დღეს სატახტო ქალაქს, სადაც ყოველდღე უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა, ორი მატყუარა კაცი ეწვია. მათ ხალხში ხმა დაარხიეს: „გამოჩენილი ფეიქრები ვართ და ისეთ მშვენიერ, ფერად ქსოვილებს ვამზადებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს თვალი ზედ დარჩებაო. თანაც, ჩვენს ქსოვილს საოცარი თვისება აქვს, მას სულელები და სამსახურისთვის უვარგისი ადამიანები ვერ ამჩნევენო.“ „ალბათ, არაჩვეულებრივი ქსოვილია! – გაიფიქრა მეფემ, – აუცილებლად ვიყიდი! ლამაზი ტანსაცმელიც მექნება და იმასაც გავიგებ, ჩემი ქვეშევრდომებიდან მუქთად ვინ იღებს ხელფასს, ვინ არის ჭკვიანი და ვინ სულელი.“ მეფემ მაშინვე იხმო თვითმარქვია ფეიქრები, მისცა ბლომად ფული და მუშაობის სასწრაფოდ დაწყება უბრძანა. მატყუარებმა ორი საქსოვი დაზგა დადგეს და თავს ისე აჩვენებდნენ, ვითომ თავდაუზოგავად მუშაობდნენ, არადა, დაზგისთვის ძაფიც კი არ ჰქონდათ. მათ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოითხოვეს წმინდა აბრეშუმის ძაფი და ბაჯაღლო ოქრო. როცა თხოვნა შეუსრულეს, ძვირფასეულობა საიმედოდ გადამალეს და შუაღამემდე ცარიელ დაზგებს უსხდნენ. „კარგი იქნება, შევამოწმო, როგორ მიდის ქსოვის საქმე,“ – გაიფიქრა ერთ დღეს მეფემ, მაგრამ ამ ჯადოსნური ქსოვილის თვისებების გახსენებაზე გული ცოტათი შეეკუმშა. თავის თავში კი დარწმუნებული იყო, მაგრამ დაზვერვაზე მაინც სხვისი გაგზავნა ამჯობინა. „მოდი, ჯერ ჩემს პატიოსან მოხუც ვეზირს გავგზავნი, ის ხომ ნამდვილად დაინახავს იმ ქსოვილს. ჭკვიანიც არის და თანამდებობის შესაფერისიც.“ მოხუცი ვეზირი თვითმარქვია ფეიქრებს ეწვია. შეიხედა ოთახში და ცარიელი დაზგების მეტი ვერაფერი დაინახა. „ვაი, ჩემო თავო! რატომ ვერაფერს ვხედავ?“ – შეშინდა ვეზირი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. „დაზგებთან ახლოს მობრძანდით, დააკვირდით და გვითხარით, ფერები და ორნამენტი როგორ მოგწონთ,“ – მოწიწებით მიმართეს მატყუარებმა. საბრალო ვეზირმა თვალები აქეთ-იქით აცეცა, მაგრამ რას დაინახავდა, რაც არ არსებობდა?! „ღმერთო ჩემო! დავიჯერო, რომ სულელი ვარ?! იქნება ვეზირად არ ვარგივარ?! არა, ამას ვერავის გავუმხელ!“ – ფიქრობდა იგი. „რატომ არაფერს ბრძანებთ?“ – ჰკითხა ერთმა მატყუარამ. „დიდებულია! ორნამენტიც მშვენიერია და ფერებიც. მეფეს მოვახსენებ, რომ ქსოვილი ძალიან მომწონს,“ – მიუგო ვეზირმა და სათვალე გაისწორა. მატყუარებმა მადლობა გადაუხადეს და ქსოვილის ქება განაგრძეს. რამდენიმე დღის შემდეგ მეფემ მეორე ვეზირიც გაგზავნა. მასაც ზუსტად იგივე დაემართა, უცქირა ცარიელ დაზგებს, მაგრამ ვერაფერი დაინახა. „ვიცი, რომ სულელი არა ვარ, მაგრამ გამოდის, თანამდებობისთვის შეუფერებელი ვარ! ამის გამხელას სულაც არ ვაპირებ,“ – გაიფიქრა მან და მეფეს არარსებული ქსოვილი შეუქო: „დიდებულია, ჩინებულიაო!“ მალე მთელი ქალაქი ამ საოცარ ქსოვილზე ალაპარაკდა. ბოლოს თვით მეფესაც მოუნდა მისი ნახვა და დიდებული ამალით ფეიქრებს ეწვია. მატყუარები ციბრუტივით ტრიალებდნენ და გამალებით ქსოვდნენ ჰაერს. ვეზირები კი, რომლებსაც უკვე ნანახი ჰქონდათ ეს საოცრება, ერთხმად აჟღურტულდნენ: „დიდებულია! რა ფერებია, რა მოხატულობა!“ – და ცარიელ სივრცეში აფათურებდნენ ხელებს. „ეს რა ღვთის რისხვაა? რატომ ვერაფერს ვხედავ! ნუთუ სულელი ვარ? ან იქნებ მეფედ არ ვარგივარ!“ – თავზარი დაეცა მეფეს, თუმცა ხმამაღლა დასძინა: „დიახ, ჩინებულია. ნამდვილად მოწონებას იმსახურებს!“ ქვეშევრდომებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, ყველამ ხოტბა შეასხა უხილავ ქსოვილს და ურჩიეს მეფეს, კარს მომდგარ დღესასწაულზე სწორედ ამ ქსოვილით შეკერილი სამოსი ჩაეცვა. დღესასწაულის წინა ღამეს მატყუარებმა თექვსმეტ სანთელზე მეტი დაწვეს ვითომდა სამუშაოს მოსასწრებად. დიდის ამბით ჭრიდნენ ჰაერს უზარმაზარი მაკრატლებით და კერავდნენ უძაფო ნემსებით. ბოლოს კი გამოაცხადეს: „სამოსი მზად არის!“ დილით მეფე თავისი ამალით მატყუარებს ეწვია. „აი, შარვალი! აი მანტია! ესეც ხიფთანი! ყველაფერი ობობას ქსელივით მსუბუქია, ტანზე ვერც კი იგრძნობთ,“ – ამბობდნენ მატყუარები და ვითომ ტანსაცმელს აწვდიდნენ. მეფეს ძველი სამოსი გახადეს და ვითომდა ახლით შემოსეს. „თქვენმა მოხდენილმა ტანმა ისედაც ბზინვარე სამოსს, კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება შემატა!“ – შესძახეს ფეიქრებმა. მეფე სარკის წინ დადგა, თითქოს ყურადღებით ათვალიერებდა ახალ ტანსაცმელს. კარისკაცებმა კი მოწიწებით აწიეს ჰაერიდან არარსებული შლეიფი და პროცესია დაიძრა. დიდებულ ტახტრევანში მჯდარ მეფეს ხალხი აღფრთოვანებით ეგებებოდა: „რა მორთულობაა! რა დიდებული მოსასხამია!“ ყველას ეშინოდა სულელის სახელის გავარდნის. უცებ, სად იყო და სად არა, ხალხში ერთი პატარა ბიჭი გამოხტა და ხმამაღლა დაიყვირა: „მეფე შიშველია!“ „გაიგონეთ, უმანკო ბავშვი რას ამბობს! ის ხომ მართალს ამბობს!“ – წამოიძახა მამამისმა. ხალხმა ერთბაშად აიტაცა ბავშვის სიტყვები. „შეხედეთ, მართლაც შიშველია! მეფე შიშველია!“ – ერთხმად აღმოხდა ყველას. მეფე მიხვდა, რომ მოატყუეს და სახე აელეწა. „მთელი ხალხი სულელი ვერ იქნება, მაგრამ გვიანღაა, პროცესიას ბოლომდე უნდა გავუძლო,“ – გაიფიქრა მან. ასე მედიდური იერით განაგრძობდა გზას შიშველი მეფე, მისი ამალა კი მორჩილად მისდევდა უკან და არარსებულ შლეიფს მიათრევდა.




