Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ანდერსენის ზღაპრები
  4. ზარმაცა
ზარმაცა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:009:03

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ანდერსენის ზღაპრები3 წლის

ზარმაცა - ხალხური ზღაპარი

ზარმაცი კაცის მხიარული თავგადასავალი, რომელმაც გადარჩენილი მტრედისგან სამი სურვილი მიიღო და თავისი სიზარმაცის გამო ძალიან სახალისოდ გამოიყენა.

ხანგრძლივობა
9 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ცნობილი ავტორის, ჰანს კრისტიან ანდერსენის შთაგონებით შექმნილ ისტორიას. ეს საოცარი აუდიო ზღაპარი, სახელად „ზარმაცა“, მოგვითხრობს ერთ უცნაურ და საოცრად მცონარა კაცზე. ცხელი ზაფხული იდგა. ყანის პირას, უზარმაზარი წიფლის ქვეშ, ზარმაცა იწვა და ცას გასცქეროდა. ეს მისი საყვარელი საქმიანობა იყო. ხვდებით ალბათ, კაცს ზარმაცას იმიტომ ეძახდნენ, რომ უქმად ყოფნაში ბადალი არ ჰყავდა. ერთ დღეს განცხრომით მწოლიარე ზარმაცას ცოლმა შესძახა: „კაცო, სიმინდი ბალახმა დაჩაგრა, ადექი, თოხნაში მომეშველე!“ ზარმაცამ იფიქრა, ძილი ყანაშიც შეიძლებაო და ხვნეშით წამოდგა. ერთი დაამთქნარა, თოხი აიღო და ცოლს გაჰყვა. ყანა შორს იყო და მან მთელი გზა ფეხით გაიარა. რაღა თქმა უნდა, ესეც საკმაო შრომად ჩათვალა და თოხნაზე მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებია. ცოტა მოჩიჩქნა, მერე ჩრდილში წამოწვა, თავქვეშ თოხი ამოიდო და მოჰყვა ოცნებას იმაზე, თუ როგორ არის აგებული სამყარო. უეცრად ზარმაცამ დაინახა მტრედი, რომელსაც მიმინო მოსდევდა. მან მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, წამოდგა, ხელი თოხს დასტაცა და ჰაერში აისროლა. რაღაც სასწაულით თოხი მტაცებელს მოხვდა და თავი გაუტეხა. სწორედაც რომ ღირსი იყო, – ასეთი ბრძნული ფიქრები დაუფრთხო მამაც კაცს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის? ზარმაცამ მიმინო ბალახში მოისროლა. თოხი კვლავ თავქვეშ ამოიდო და თავი ოცნებას მისცა. მტრედი სულ გადაავიწყდა. უეცრად ხის ტოტებიდან მტრედის ღუღუნი მოესმა: „მისმინე მამაცო კაცო, შენ რომ არ ყოფილიყავი, მიმინო დამგლეჯდა. მადლობის ნიშნად, სამ სურვილს შეგისრულებ, ისურვე რაც გინდა.“ ზარმაცა დაუფიქრებლად პასუხს არავის გასცემდა. ის ხომ ძალიან ჭკვიანი იყო! ახლაც ერთბაშად კი არ თქვა თავისი სურვილები, თავდაჭერილობა გამოიჩინა და მტრედს უპასუხა: „უმადური არ ყოფილხარ, ცოტაც დამაცადე, ახლა მეძინება, ხვალ კი ჩემს სურვილებს მოვიფიქრებ და მოგახსენებ.“ „ნება შენია, მაგრამ მე ცხრა მთას იქით მშიერი ბარტყები მელოდებიან. უნდა გავფრინდე, იფიქრე რამდენიც გინდა, მერე ისურვე, ნატვრა უჩემოდაც აგიხდება,“ — თქვა ეს მტრედმა და გაფრინდა. ზარმაცამ ცოტა ხნით გადადო სამყაროზე ფიქრი და ახალი თავსატეხის გადაჭრას შეუდგა. თან ბუზებს ხელით იგერიებდა, რადგან ტოტის მოტეხვა ეზარებოდა. „რა უნდა ვინატრო? სიმდიდრე?.. ოჰ, ეს წყეული ბუზები!.. ოქრო-ვერცხლი? ამბობენ ამას დიდი ბედნიერების ნაცვლად, დიდი უბედურება მოაქვსო. თანაც ამდენ ფულს რა დათვლის? სასახლეს რა ააშენებს... თანაც რა მაღალი კიბეები ექნება?! არა, არ მინდა სიმდიდრე! მეფობა რომ იყოს? მაშინ დილაობით ადრე უნდა ავდგე, მთხოვნელები მივიღო, ლაშქარს უნდა გავუძღვე... ეეეჰ, სადა მაქვს ამდენი დავიდარაბის თავი! ოჰ, ეს ბუზები! მომკლეს ამ ბუზებმა! დაიწყებ წუთისოფელზე ფიქრს, მოფრინდებიან, თავს გეხვევიან, ერთი სიტყვით, არ დაგაცლიან ოცნებას. ახლაც, ფიქრს არ მაცლიან და ცხვირზე მასხდებიან... აუუუ! რა აზრმა გამიელვა თავში! მე და ჩემმა ღმერთმა, კარგი იქნებოდა, რომ ქვეყნად ბუზი არ ყოფილიყო! მოდი, ერთი ნატვრა ეს იყოს! მტრედო, ბუზების სინსილა გაწყვიტე! ეს არის ჩემი პირველი სურვილი.“ ამის თქმა იყო და ბუზები თითქოს მიწამ ჩაყლაპა. თავის სიცოცხლეში პირველად დაეძინა ზარმაცას ჩრდილში მოსვენებით და ისეთი სიზმრები ნახა, რომ ყველა მათგანი ერთ სამეფოდ ღირდა. გამოეღვიძა და შიმშილმა შეაწუხა. ცოლი ყანაში აღარ იყო. გაბრაზებულმა ზარმაცა ისე მიატოვა, რომ სადილიც კი არ დაუტოვა! ზარმაცა ხედავს ირგვლივ უამრავი მარწყვია, მაგრამ მოსაკრეფად ფეხზე ადგომა ეზარება. უცებ ზარმაცას სახე გაუნათდა და სიხარულით შესძახა: „ნატვრა!.. მე კიდევ ორი ნატვრა უნდა ამისრულდეს! ჩემს ცოლს ჰგონია აქ შიმშილით ვკვდები, მაგრამ ზარმაცას თავისი ჭკუა არსად დაღუპავს! აბა, მტრედო, მომიტანე ლობიო, მჭადი, დოქი ღვინო და დამიკრიფე მარწყვი.“ ამას ზარმაცა თვალდახუჭული ამბობდა, რადგან ცაში ყურებამ თვალები ატკინა. თვალები რომ გაახილა, იცით რა დაინახა? ცხვირწინ, მიწაზე, სურნელოვანი ლობიოთი სავსე დიდი ქოთანი იდგა, საუცხოო მწვანილით შეკაზმული და მარჯვედ ამოზელილი. ლობიოსა და ცხელ მჭადს ორთქლი ასდიოდა. ზარმაცა ისეთ მადაზე მოვიდა, რომ საჭმელად ხელის განძრევა სულაც არ დაზარებია! რა თქმა უნდა, ღვინოც მიირთვა. გემრიელად რომ ისადილა, ახლა მის წინ მარწყვით სავსე კალათა გაჩნდა. ესეც დააცარიელა. ნასადილევს ზარმაცა ისევ გაიშხლართა მოლზე და ხვრინვა ამოუშვა. როცა გაეღვიძა, მზე უკვე ჩასულიყო. გარშემო არავინ ჩანდა და ჩვენს გმირს, ცოტა არ იყოს შეეშინდა, ვაითუ სადმე დევი გამოჩნდესო! მართლაც, დევები ძალიან განაწყენებულები იყვნენ მისი ოინებით და თუ სადმე მოიხელთებდნენ, უეჭველად არ დაინდობდნენ. ზარმაცას ძლიერ მოუნდა შინ ყოფნა, მაგრამ წამოდგომა და წასვლა ეზარებოდა, ხის ქვეშ ღამის გათევა კი სახიფათო იყო. ეს ხევი ხომ დევებით იყო სავსე! იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მოიფიქრა: „მე კიდევ დამრჩა ერთი ნატვრა! მტრედო, შენს დალხინებას, შენი სიკეთით ისედაც ყელამდე ვარ, ბარემ ერთი შინაც მიმიყვანე და სხვა სანატრელი არაფერი მაქვს!“ ამის გაფიქრება იყო და ჩვენი ზარმაცა უკვე შინ იყო. ცოლთან სურვილებზე კრინტი არ დაუძრავს. ძლიერ კმაყოფილი იყო იმით, რაც ინატრა, მეტადრე ბუზების გაწყვეტით. მართლაც, იმ დღიდან ცხრა წელი გავიდა და ბუზი არავის აწუხებდა. თუმცა ბუზების ხელმწიფემ, რომელსაც ცხრა წლის წინ, სადღაც შორეულ ქვეყანაში, სპილოს ყურში ეძინა, გაიღვიძა, გამოფრინდა და ბუზები ისევ გაამრავლა. ზარმაცა ნატვრის ამბავს გულმოდგინედ მალავდა, მაგრამ გულში ნანობდა, მფრინავი ხალიჩა რატომ არ ვინატრეო. შენ თუ იცი, რად უნდოდა მფრინავი ხალიჩა? – ცოლი რომ ბუზღუნს დაიწყებდა, აფრინდებოდა და ჰაერში დაიძინებდა. ამის შემდეგ ზარმაცა სულ მაღლა იყურებოდა, ეგება მტრედი კიდევ გამოჩნდესო. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ზარმაცა მტრედს დღესაც ელოდება.

მსგავსი ზღაპრები

  • ცეროდენა

    19 წუთი

  • მეფის ახალი სამოსი

    11 წუთი

  • ბულბული

    23 წუთი

  • მახინჯი იხვის ჭუკი

    20 წუთი

  • მფრინავი სკივრი

    17 წუთი

  • ბენტერა ჰანსი

    9 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.