Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. წუნა და წრუწუნა
წუნა და წრუწუნა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:006:00

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ქართული ხალხური4 წლის

წუნა და წრუწუნა - ხალხური ზღაპარი

გულადი წრუწუნა და მისი მეგობრები ბოროტი თავადისგან მშვენიერ წუნას იხსნიან. საინტერესო ზღაპარი სიყვარულზე, მეგობრობასა და ერთიანობის ძალაზე.

ხანგრძლივობა
6 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, გიორგი ტორიაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ანა ზამბახიძე

ზღაპრის შესახებ

საყვარელო პატარებო, წარმოგიდგენთ ახალ თავგადასავალს. ეს არის აუდიო ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“, რომლის ავტორი ქართული ხალხური შემოქმედებაა. დასხედით მოხერხებულად და მოემზადეთ საინტერესო ამბის მოსასმენად. შემოდგომის ერთი მშვენიერი, თბილი დღე იდგა. თაგვებს მოსავალი უკვე დაებინავებინათ და ახლა ლელობურთს თამაშობდნენ — უშველებელ კაკალს დიდი ენთუზიაზმით აქეთ-იქით ისროდნენ. ირგვლივ საოცარი ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის რჩეულ გუნდს. მათ ზემოთ, ბებერი თავადი სასახლის აივანზე გადმომდგარიყო, ყალიონს აბოლებდა და თამაშს ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ დროს მობურთალთა ზედახორა დადგა. ყველა ცდილობდა კაკლის ხელში ჩაგდებას, მაგრამ დანარჩენებს გულადმა წრუწუნამ აჯობა, მოიტაცა კაკალი და ელვასავით წინ გაიჭრა. გონს მოსული მობურთალნი მაშინვე უკან დაედევნენ. მაყურებელი დაიძაბა. მშვენიერი წუნაც ძალიან ღელავდა. ის დიდი კაკლის ქვეშ, მეგობრებთან ერთად იდგა და წრუწუნას მთელი გულით ამხნევებდა: „არიქა, წრუწუნ, არ გაჯობონ! მიდი, წრუწუნ, მიდი!“ ამ ყიჟინაში წრუწუნამ ლელო გაიტანა. გულშემატკივრები გამარჯვებულს შემოეხვივნენ, ხელში აიტაცეს, ულოცავდნენ და აქებდნენ. წრუწუნამ გამარჯვების ნიშნად კაკალი წუნას მიართვა. თაგუნამ გამარჯვებულს მოკრძალებით ჩამოართვა ძღვენი. აივანზე გადმომდგარმა ბებერმა თავადმა წუნას დანახვაზე თვალები ჭყიტა. „ეს რა კოხტა ვინმე ყოფილა,“ ჩაიბურტყუნა მან და თავის მსახურს სასწრაფოდ უბრძანა, „ის ლამაზი თაგუნა აქ მომგვარეთ!“ ამასობაში, ხელიხელჩაკიდებულმა წუნამ და წრუწუნამ წისქვილისკენ გადაუხვიეს და განმარტოვდნენ. წრუწუნამ წუნას ხელი სთხოვა, რაზეც თაგუნა სიხარულით დასთანხმდა. გახარებულმა მშობლებმა მაშინვე დიდი ქორწილი გააჩაღეს. აჭყიპინდა ზურნა და გარმონი. მექორწილეთა სიმღერა ცას სწვდებოდა. ცეკვავდა ნეფე-დედოფალი და მათთან ერთად თითქოს ყვავილები და ხეებიც კი ტრიალებდნენ. წრუწუნების ბედნიერება ყველას უხაროდა. მხიარულ ხმაურზე ბებერმა თავადმა სასახლის აივნიდან გადმოიხედა და მსახურებს ჰკითხა: „რა ამბავია?!“ „წუნას და წრუწუნას ქორწილია,“ უპასუხეს თაგუნებმა. „არამზადებო, ხომ გითხარით, ის მშვენიერი თაგუნა მე მომგვარეთ-მეთქი!“ დაიქუხა განრისხებულმა თავადმა. ბოროტი თავადის მსახურები მექორწილეებს ფრთხილად მიეპარნენ და კატასავით საზარლად დაიკნავლეს: „მიიიიიუ“. შეშინებული თაგვები წამიერად გაიფანტნენ. წუნას შიშისგან გული შეუღონდა. წრუწუნამ ხელი დასტაცა გულწასულ პატარძალს და გაქცევა სცადა. სამწუხაროდ, თავადის მსახურები დაეწივნენ ნეფეს, წუნა ხელიდან გამოსტაცეს, წრუწუნა კი დიდ ქვევრში ჩააგდეს. ლამაზი თაგუნა კი პირდაპირ ბებერ თავადს მიჰგვარეს. მოგვიანებით, როცა აურზაური მიწყნარდა, თაგვები თავიანთი სამალავებიდან გამოძვრნენ. ისინი მეგობარს საშველად მისცვივდნენ. ქვევრში კუდებით ჩაეკიდნენ და საცოდავი წრუწუნა ძლივს ამოიყვანეს. სასოწარკვეთილმა წრუწუნამ თავის ქალაქელ ამხანაგს, მჭედელ ფიცხელას მიაკითხა დასახმარებლად. „მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები! ბატონმა საცოლე მომტაცა!“ შესჩივლა წრუწუნამ. „ჩემი თავი მოგიკვდეს, თუ შენი საცოლე ხვალვე არ ჩაგაბარო!“ შეჰფიცა და გაამხნევა ფიცხელამ ძმობილი. მეგობრებმა წრუწუნა ტივზე მიიწვიეს და ლხინით ცდილობდნენ მის გართობას. განთიადისას ისინი უკვე თავადის სახლის წინ იდგნენ და წუნას უმღეროდნენ. სატრფოს დანახვაზე დატყვევებულ თაგუნას ხსნის იმედი მიეცა. ამ დროს წუნასთან თავადი შევიდა და მოფერება დაუწყო, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ხელის კვრა მიიღო. გაბრაზებული ბატონი აივანზე გავარდა და მომღერლებს გადასძახა: „რაო, ვითომ, რა გინდათ?“ ერთმა თაგუნამ თავაზიანად მოახსენა: „წრუწუნას საცოლე გაათავისუფლე.“ ქედმაღალი თავადი აღშფოთდა და მსახურებს დაუპატიჟებელი სტუმრების სასწრაფოდ გარეკვა უბრძანა. ამის დანახვაზე გაბრაზებული ფიცხელა ადგა და თავადს პირადად ეწვია: „ბატონო, გირჩევ, პატარძალი დაგვიბრუნო, თორემ კარგ დღეს არ დაგაყრით!“ გაჯიუტებულმა თავადმა მსახურებს ძალით გააგდებინა სტუმარი. ამასობაში კი მთელმა სოფელმა სასახლესთან მოიყარა თავი — ბობოქრობდნენ და ბოროტ თავადს ემუქრებოდნენ. შეშინებული მსახურები პანიკაში ჩაცვივდნენ და ყვიროდნენ: „ბატონო, თავს უშველე! მთელი სოფელი ჩვენ წინააღმდეგ ამხედრებულა!“ „წუნა გადამალეთ!“ ღრიალებდა გონებადაკარგული თავადი. მაგრამ უკვე გვიანი იყო. წრუწუნა და ფიცხელა თავიანთი რაზმით სასახლეში შეიჭრნენ. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც თაგვებმა ბოროტი თავადის მსახურები დაამარცხეს და პატარძალი ტყვეობიდან იხსნეს. სოფლისკენ მიმავალ ბედნიერ ნეფე-დედოფალს უკან გამარჯვებული, სიმღერით ამღერებული მაყრიონი მიჰყვებოდა. იმავე ღამით გახარებულმა თაგვებმა ჩინებული ქორწილი გადაიხადეს და ტკბილად და ბედნიერად გააგრძელეს ცხოვრება.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • ნაცარქექია

    7 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

    10 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.