Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. კოჯრის ტყის საიდუმლო
კოჯრის ტყის საიდუმლო - აუდიო ზღაპრის ყდა
0:005:23

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ქართული ხალხური4 წლის

კოჯრის ტყის საიდუმლო - ხალხური ზღაპარი

პატარა ანდრია ახალი წლის ღამეს კოჯრის ტყეში ჯადოსნურ ელფებს ეძებს. აღმოაჩინეთ, როგორ დაეხმარა ის მოწყენილ ელფს და როგორ იპოვა ნამდვილი მეგობარი.

ხანგრძლივობა
5 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

ბულბული.ge-ს ავტორობით შექმნილი ეს საოცარი აუდიო ზღაპარი, „კოჯრის ტყის საიდუმლო“, დაუვიწყარ საახალწლო თავგადასავალში გამოგზაურებთ. ახალი წლის ღამეს, ძილის წინ, პატარა ანდრიას ბებო საინტერესო ზღაპარს უკითხავდა. „არცთუ დიდი ხნის წინ, კოჯრის ტყეში უამრავი ელფი ცხოვრობდა. ისინი ახალი წლის ღამით ერთად იკრიბებოდნენ თოვლის ბაბუას ეზოში...“ — ჰყვებოდა ბებო მშვიდი, თბილი ხმით. „ბებო, ელფი რა არის?“ — შეაწყვეტინა კითხვა ცნობისმოყვარე ანდრიამ. „ელფი კეთილი ჯადოქარია, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები. ისინი ყოველთვის ეხმარებიან პატარებს სიკეთის კეთებაში...“ — აუხსნა ბებომ. „მეც დამეხმარებიან?“ — ჰკითხა ბიჭუნამ იმედიანად. „რა თქმა უნდა, დაგეხმარებიან, თუ უფროსებს დაუჯერებ, კარგად ისწავლი, საჭმელს შეჭამ და დროზე დაიძინებ.“ „კოჯრის ტყე სად არის?“ — არ ისვენებდა ანდრია. „კოჯრის ტყე თბილისთან ახლოსაა. ახლა იქ დიდი თოვლია, ცივა. როცა დათბება, აუცილებლად წაგიყვან. ახლა კი, ჩემო პატარავ, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხანს დაიძინე.“ ბებომ შვილიშვილს ლოყაზე აკოცა, ოთახში შუქი ჩაუქრო და გარეთ გავიდა. მაგრამ პატარა ბიჭი ვერ იძინებდა. მას მხოლოდ ელფებით სავსე კოჯრის ტყეზე ეფიქრებოდა და ძალიან უნდოდა კეთილი ჯადოქრები საკუთარი თვალით ენახა. უცებ საწოლიდან წამოხტა, სწრაფად ჩაიცვა, თავის საყვარელ პომპონიან ქუდს ხელი დასტაცა, ჯიბეში ჩაიდო — თუ შემცივდება, დავიფარებო, და სახლიდან ჩუმად გაიპარა. პატარა ანდრია სიბნელეში, თოვლსა და ქარში მარტო მიაბიჯებდა. ირგვლივ არავინ ჩანდა, რომ კოჯრის ტყისკენ მიმავალი გზა მიესწავლებინა. ყველა ახალი წლის სამზადისში იყო და მალე საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავდა. ბიჭუნას ხელ-ფეხი გაეყინა, სიცივისგან უკვე კანკალებდა. გაყინული და დაღლილი იქვე, თოვლით დაფარულ ხის სკამზე ჩამოჯდა. აბა, რა იცოდა, რომ უკვე შუაგულ კოჯრის ტყეში იმყოფებოდა! უცებ მის წინ უცნაურსამოსიანი პატარა კაცუნა გამოჩნდა, რომელიც თან ჰგავდა ადამიანს, თან — არა. იგი მოწყენილი და თვალცრემლიანი იყო. ანდრიას ისე მიუჯდა გვერდით, რომ ბიჭი ვერც კი შეამჩნია. „ვინ ხარ?“ — შეეკითხა გაკვირვებული ანდრია. „მე ელფი ვარ!“ — უპასუხა გაოცებულმა კაცუნამ. „ესე იგი, კოჯრის ტყეში მოვსულვარ! თურმე მართალი ყოფილა ბებოს ზღაპარი!“ — შესძახა სიხარულით ანდრიამ. „ასე გვიან აქ რას აკეთებ? თანაც, სადაცაა, ახალი წელი დადგება, ახლა ხომ სახლში უნდა იყო?!“ — ჰკითხა ელფმა. „ელფების ნახვა მინდოდა და სახლიდან გამოვიპარე,“ — დანაშაულის შეგრძნებით უპასუხა ბიჭმა და მაშინვე დაუმატა, — „შენ რატომ ხარ მოწყენილი?“ „ეეჰ, ახალი წლის ღამეს ტყის ყველა ელფი ერთად ვიკრიბებით ხოლმე თოვლის ბაბუას ეზოში. ის კი პატარებისთვის საჩუქრებს გვირიგებს. ყველა საჩუქარი ამაღამვე უნდა დავარიგოთ, რადგან თოვლის ბაბუა მარტო ყველგან მისვლას ვერ ასწრებს. ყველას ერთნაირად უნდა გვეცვას და ერთნაირი, პომპონიანი წითელი ქუდი უნდა გვეფაროს. მე კი ვერსად ვიპოვე ჩემი ქუდი. ჰოდა, ამაღამ საჩუქრებს ვერ დავარიგებ და გული მწყდება...“ — სევდიანად ამოიოხრა ელფმა. ეს რომ გაიგო, ანდრიამაც მოიწყინა. ისხდნენ ასე ჩუმად. უცებ ბიჭს რაღაც გაახსენდა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და ზუსტად ისეთი ქუდი ამოიღო, როგორიც ელფს სჭირდებოდა. „ნახე, ზუსტად ეგეთი ქუდი მაქვს, ბაბუამ მაჩუქა დაბადების დღეზე. აჰააა, აიღე! ოღონდ, გთხოვ, მეც წამიყვანე თოვლის ბაბუასთან!“ — სთხოვა ანდრიამ. „კარგი, წავიდეთ!“ — გაუბრწყინდა თვალები ელფს. გახარებულებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და გაიქცნენ. ელფებით სავსე ეზოში თოვლის ბაბუა საჩუქრების დარიგებას ამთავრებდა. მხოლოდ ბოლო საჩუქარიღა იყო დარჩენილი, რომელიც სწორედ ჩვენს ელფს შეხვდა. „ამაღამ შენ ყველაზე მეტად დამეხმარე, ამ საჩუქარს შენ გაჩუქებ, კეთილი ბიჭი ყოფილხარ!“ — უთხრა ელფმა ანდრიას. მან ბიჭუნა უსაფრთხოდ მიიყვანა სახლში. ანდრიას დანახვით ყველამ გაიხარა, ოჯახის წევრებმა ჯადოსნური სტუმარიც გაიცნეს და საახალწლო სუფრასთან მიიწვიეს. ცოტა ხანში პატარა ელფი ახალ მეგობარს გამოემშვიდობა და დაარიგა: „დამპირდი, რომ სახლიდან აღარასოდეს გაიპარები... ეს კი შენი ქუდია, გამომართვი, დიდი მადლობა!“ „გპირდები, კეთილო ელფო! ეს ქუდი კი ჩემგან გქონდეს სახსოვრად, ბაბუ კიდევ მიყიდის,“ — მიუგო ბიჭმა. კეთილი ელფი კოჯრის ტყეში დაბრუნდა. ამის შემდეგ კი, ყოველი ახალი წლის ღამეს, ის ანდრიასთან საჩუქრით მიდის და ახალ წელს მის საყვარელ ოჯახთან ერთად ხვდება.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • ნაცარქექია

    7 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

    10 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.