პრინცესა ტურანდოტი - ხალხური ზღაპარი
აღმოაჩინეთ პრინცი კალაფისა და უმშვენიერესი პრინცესა ტურანდოტის ამბავი. შეძლებს კი ჭაბუკი რთული გამოცანების ამოხსნას?
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ყველაშვილი, ნინო მითაიშვილი, გიორგი ტორიაშვილი, გოგა მოძმანაშვილი
ზღაპრის შესახებ
მოგესალმებით bulbuli.ge-ს საოცარ სამყაროში. დღეს წარმოგიდგენთ იტალიელი ავტორის, კარლო გოცის ცნობილ ნაწარმოებს. ეს აუდიო ზღაპარი, რომლის სახელწოდებაცაა „პრინცესა ტურანდოტი“, მოგვითხრობს ერთ უჩვეულო და ამაღელვებელ ამბავს. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ასტრახანის დიად სამეფოს ერთი ხელმწიფე მართავდა. გამოხდა ხანი, დატრიალდა ბედის ბორბალი და ეს ქვეყანა მტრის ხშირი შემოსევებით ძალიან დასუსტდა. ერთ დღესაც მეფე იძულებული გახდა, საკუთარი სამეფოდან გახიზნულიყო. ასტრახანს სხვა ქვეყნის ხელმწიფე დაეპატრონა, დევნილი და გაღატაკებული მეფე კი თავისი ოჯახით უცხო ქვეყანაში გაიხიზნა. ღარიბული სამოსი ეცვა და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, მონურად შრომობდა. გავიდა დრო. ერთ დღეს ვაჟმა მამას გამოუცხადა: „მამა, ჩვენი ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! წავალ, იქნებ, ბედს ვეწიო, ძველი ტახტიც დაგიბრუნო და ჩვენი აოხრებული ქვეყანაც მტრისგან გავათავისუფლო!“ მეფეს არ უნდოდა თავისი ერთადერთი შვილის გაშვება, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, მისთვის გზა დაელოცა. პრინცი გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა, ხალხმრავალი ქალაქის, პეკინის საზღვრებს მიადგა. ქალაქს უზარმაზარი გალავანი ერტყა. პრინცი გამვლელებს ყურადღებით ათვალიერებდა. უეცრად, უცხოთა შორის, თავიანთი ყოფილი სახლთუხუცესი, კეთილი ბარაკი ამოიცნო და გახარებულმა საყვარელ მსახურს დაუძახა: „ბარაკ!“ „პრინცო კალაფ!“ — აღფრთოვანებით წამოიძახა ბარაკმაც. „ჩუმად, ბარაკ, არავინ გაიგონოს! ხომ იცი, მთელი სამეფო ოჯახი დევნილები ვართ!“ — გააფრთხილა პრინცმა. ბარაკი ჩურჩულზე გადავიდა: „მომიტევეთ! თქვენი ნახვით გამოწვეული სიხარული ვერ დავმალე!“ პრინცმა ჰკითხა, თუ საიდან გაჩნდა იგი ამ უცხო ქალაქში. ბარაკმა უამბო, რომ მდევარს ძლივს დააღწია თავი და ხეტიალში აქ ამოჰყო თავი, შემდეგ კი მეფისა და დედოფლის ამბავი მოიკითხა. „მეფეც და დედოფალიც ცოცხლები არიან... ოღონდ ჩვენი ვინაობა არავინ იცის. ერთხელ ბერლის ხანს ქორ-შავარდენი გაუფრინდა და მე დავიჭირე. ხანს ისე გაუხარდა, რომ ერთი ქისა ოქრო, თეთრი ცხენი და რაინდის სამოსი მიბოძა, ჩემი მშობლები კი თავშესაფარში დააბინავა. ჰოდა, რაკიღა, ასე თუ ისე, სამოგზაუროდ აღკაზმული ვიყავი, მამას დავემშვიდობე და ბედის საძებნელად წამოვედი. უქმად ყოფნა აღარ შემეძლო! ან ჩემს სამშობლოს გამოვიხსნი მტრისგან, ან არადა!..“ — უპასუხა კალაფმა. „დამშვიდდი, პრინცო! ჩვენთვისაც ამოვა მზე!“ — ანუგეშა ერთგულმა მსახურმა. ამ საუბარში იყვნენ პრინცი და მისი სახლთუხუცესი, ქალაქის მთავარი მოედნიდან ხმაური რომ შემოესმათ. პრინცს გაუკვირდა და იკითხა, თუ რა ხდებოდა. „ასეთი ყიჟინა აქ არავის უკვირს. ხმაური მთავარი მოედნიდან ისმის, სადაც ნიღბიანი ჯალათი ახალგაზრდა პრინცს თავს სჭრის. ეს ამბავი უკვე სანახაობად იქცა პეკინში,“ — აუხსნა ბარაკმა და დაამატა, რომ ეს ყველაფერი ჩინეთის გულქვა პრინცესას, ტურანდოტის ბრალი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, მხოლოდ მას გაჰყოლოდა ცოლად, ვინც მის რთულ გამოცანებს ამოხსნიდა. ტურანდოტის სილამაზე იმდენად ატყვევებდა მნახველებს, რომ გულანთებული ახალგაზრდები მაშინვე მზად იყვნენ, მისთვის თავი გაეწირათ. უეცრად პრინცსა და ბარაკს ერთი კაცი მიუახლოვდა, რომელიც ხმამაღლა ქვითინებდა: „ოჰ, ამას რას მოვესწარი! ეს რა დაგვემართა! რა პასუხი გავცე ჩემს დიდებულ მეფეს! ჩემი ბატონი ისეთი მამაცი, ისეთი გონიერი იყო... ეს ყველაფერი კი ამ საზარელი პორტრეტის ბრალია!“ ამ სიტყვებზე მან ტურანდოტის პორტრეტი ძირს დაანარცხა. კალაფიც დაინტერესდა და პორტრეტისკენ დაიხარა. შეშფოთებული ბარაკი წინ გადაეღობა: „გთხოვ, თავს ნუ დაიღუპავ, არ დახედო!“ მაგრამ პრინცმა არ დაიშალა. დანახვისთანავე ტურანდოტის სილამაზემ ისიც დაატყვევა. ჩვენი პრინცი ჩინეთის მეფეს იმავე დღეს ეახლა და ტურანდოტის ხელი სთხოვა. მეფეს ისე შეებრალა კალაფი, რომ ურჩია, თავი არ გაეწირა, მაგრამ ჭაბუკის გადაწყვეტილება ურყევი იყო. პრინცი იმ დღესვე შეიყვანეს დიდ დარბაზში, სადაც ერთ ტახტზე მეფე იყო დაბრძანებული, მეორეზე კი — სეფექალებით გარშემორტყმული პრინცესა ტურანდოტი. ტურანდოტმა პირველი კონვერტი გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა: „ერთი ხეა, ხალხის რტოებს, როგორც ფოთლებს, ისხამს ისე, მას არასდროს არა სტოვებს სიმწვანე და სიმაისე... და ყველაფრის ხნოვანებას კაცნი ამ ხით მიხვდებიან.“ პრინცმა მყისვე უპასუხა: „ეს ხომ წელიწადია, თავისი დღეებითა და ღამეებით!“ მაშინ ტურანდოტმა მეორე გამოცანა წაიკითხა: „ბუდეში ერთი კრისტალი ბრწყინავს, ნატვრისთვალივით ფერების მღვრელი, უცეცხლოდ იწვის, ციმციმებს, ბზინავს და შიგ ხატია ქვეყანა მთელი!“ „ეს ხომ თვალია!“ — წამოიძახა გახარებულმა პრინცმა. გაოცებულმა პრინცესამ მესამე კონვერტიც გახსნა: „სჭრის მახვილივით და მისებრ ელავს... უსისხლო გახლავთ ჭრილობა მისი, სიცოცხლე მოაქვს სიკვდილის ნაცვლად, არის ყოველთვის მშვიდობის მცველი, მას ჰმადლობს ყველა — ერი და ბერი!“ „ეს ხომ გუთანია!“ — შესძახა აღტაცებულმა პრინცმა. მეფე ბედნიერებისგან თავბრუდახვეული უკვე ქორწილისთვის ემზადებოდა. სამაგიეროდ, ტურანდოტი იყო საშინლად განრისხებული. მაშინ პრინცმა პრინცესას შესთავაზა: „ახლა შენ გამოიცანი ჩემი გამოცანა. თუ ხვალ დილით სწორ პასუხს მეტყვი, მაშინ თავს დამარცხებულად ჩავთვლი.“ პრინცმა იკითხა: „ვისი შვილია და რა ჰქვია იმ ბატონიშვილს, ლუკმა-პურისთვის, მუშასავით, ტვირთს რომ ზიდავდა, და უბედურად დატრიალდა ცხოვრება მისი მაშინ, როდესაც ახლოს იყო უკვე მიზანთან!“ პრინცესამ ვაჟს პირობა მისცა, რომ მეორე დღეს აუცილებლად უპასუხებდა. იმ ღამით ტურანდოტს არ უძინია. მან მსახურები გაგზავნა, რათა გაერკვიათ, ვინმე თუ იცნობდა კალაფს. მსახურებმა ბარაკს მიაგნეს, მაგრამ მან პრინცის სახელი არ გაამხილა. მაშინ ტურანდოტმა ბარაკი შეიპყრო და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ პრინცს გამოცანის პასუხი მოსთხოვა. კალაფმა უყოყმანოდ უთხრა პრინცესას პასუხი და ამით ერთგული მსახური სიკვდილს გადაარჩინა. კალაფის კეთილშობილურმა საქციელმა იმდენად იმოქმედა ტურანდოტზე, რომ პრინცის მიმართ პატივისცემით განეწყო. მეორე დილით, როდესაც დარბაზში სწორი პასუხი გაახმოვანა, ტურანდოტმა განაცხადა: „მზად ვარ ამ პრინცს ცოლად გავყვე!“ ჩინეთის მეფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით, მეფის დახმარებით, კალაფმა მშობლიური ასტრახანიც გაათავისუფლა და მას შემდეგ, ის და უმშვენიერესი ტურანდოტი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.






