ჭკვიანი ელზა - ხალხური ზღაპარი
სასაცილო ზღაპარი ჭკვიან ელზაზე, რომელსაც ჯერ არმომხდარი ამბების ისე ეშინოდა, რომ საკუთარი თავიც კი დაკარგა. მოუსმინეთ და იხალისეთ ერთად!
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ქურთუბაძე, ნინო მითაიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი ყველაშვილი
ზღაპრის შესახებ
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცოლ-ქმარი. ძმები გრიმების ეს საყვარელი აუდიო ზღაპარი, რომლის სახელია „ჭკვიანი ელზა“, სწორედ მათ ქალიშვილზე მოგვითხრობს. როცა გოგონა წამოიზარდა, მამამ თქვა: „დროა, ელზა გავათხოვოთ!“ დედამაც კვერი დაუკრა: „მართალია, ახლა მთავარია შესაფერისი საქმრო გამოჩნდებოდეს!“ ერთ მშვენიერ დღეს შორეული ქვეყნიდან მოვიდა ახალგაზრდა, სახელად ჰანსი და მშობლებს ელზას ხელი სთხოვა, ოღონდ ერთი პირობით: ჭკვიან ელზას მართლაც გონიერება და გამჭრიახობა უნდა გამოეჩინა. „ჩემი ქალიშვილი ჭკუის კოლოფია,“ უთხრა მამამ. დედამ კი სიამაყით დაუმატა: „იმასაც კი ხედავს, როგორ დაქრის ქარი ორღობეში და ბუზების ხველებაც კი ესმის.“ „თუ ძალიან ჭკვიანი არ არის, იცოდეთ, ცოლად არ შევირთავ,“ მკაცრად თქვა ჰანსმა. როცა სადილად დასხდნენ, დედამ უთხრა ელზას: „ჩადი სარდაფში და ღვინო ამოიტანე.“ ჭკვიანმა ელზამ თაროდან ხუფიანი დოქი გადმოიღო და სარდაფისკენ გასწია, თან ხუფს ხელში ათამაშებდა და თავს ირთობდა. ჩავიდა სარდაფში და მოხრა რომ არ დასჭირვებოდა, ზურგი არ სტკენოდა და ძალიან არ დაღლილიყო, ღვინის კასრთან პატარა სკამი დადგა და შლანგი დოქში ჩადო. ვიდრე დოქი აივსებოდა, ელზა უქმად ხომ არ გაჩერდებოდა?! ჰოდა, კედლებს დაუწყო თვალიერება. უცებ კედელზე წერაქვი შენიშნა, რომელიც ქვის მთლელებს დარჩენოდათ. მის დანახვაზე ჭკვიანმა ელზამ ტირილი მორთო და ამოიქვითინა: „ჰანსზე რომ დავქორწინდე, შვილი გაგვიჩნდეს, გაიზარდოს და სარდაფში ღვინის ამოსატანად გავგზავნოთ, ხომ შეიძლება ეს წერაქვი ჩამოვარდეს, თავში დაეცეს და მოკლას?!“ ასე მოთქვამდა მომავალი უბედურების გამო. ზემოთ კი ამაოდ ელოდნენ ღვინოს. მაშინ დედამ მოახლე გოგოს უთხრა: „წადი და ნახე, ამდენ ხანს რას აკეთებს ელზა.“ ჩავიდა მოსამსახურე სარდაფში და ხედავს, დამჯდარა ელზა კასრის წინ და ხმამაღლა მოთქვამს. „რა გატირებს, ელზა?“ ჰკითხა მოახლემ. ელზამ უპასუხა: „ეეჰ, რაღა რა მატირებს, მე რომ ჰანსზე დავქორწინდე, ბავშვი გაგვიჩნდეს, გაიზარდოს და აქ გამოვგზავნოთ ღვინის ამოსატანად, ხომ შეიძლება წერაქვი ჩამოვარდეს, თავში დაეცეს და მოკლას?“ „ეს რა ჭკვიანი ელზა გვყავს!“ წამოიძახა მოახლემ, გვერდით მიუჯდა და ისიც მოჰყვა ტირილს. გავიდა დრო. მოახლე გოგო და ელზა არ ჩანდნენ. მაშინ მამამ უთხრა მეორე მოახლეს: „წადი და გაარკვიე, რატომ აგვიანებენ ელზა და ჩვენი მოახლე გოგო.“ ჩავიდა მეორე მოახლეც სარდაფში და ხედავს, სხედან ელზა და პირველი მოახლე გოგო და მწარედ ტირიან. „რა გატირებთ?“ გაიკვირვა მან. ელზამ მასაც იგივე გაუმეორა: „ეეჰ, რაღა რა გვატირებს! მე რომ ჰანსს ცოლად გავყვე, ბავშვი გაგვიჩნდეს, გაიზარდოს და აქ გამოვგზავნოთ ღვინის ამოსატანად, ხომ შეიძლება ეს წერაქვი ჩამოვარდეს, თავში დაეცეს და მოკლას?“ „ეს რა ჭკვიანი ელზა გვყავს!“ თქვა მეორე მოახლემ, ისიც მიუჯდა მათ და ტირილი დაიწყო. ზევით დიდხანს ელოდნენ ღვინოს. ელზას მამამ ახლა ცოლს უთხრა: „წადი და გაიგე, რა დაემართა ელზას.“ ჩავიდა სარდაფში ელზას დედა და ხედავს, რომ სამივენი მწარედ მოთქვამენ. ტირილის მიზეზი რომ გაიგო, დედამაც იგივე გაიმეორა: „ეს რა ჭკვიანი ელზა გვყავს!“ ისიც დანარჩენებს შეუერთდა და ტირილი მორთო. ერთხანს კიდევ იცადა ელზას მამამ, მაგრამ რადგან აღარც მისი ცოლი დაბრუნდა, თქვა, ჩავალ სარდაფში და ვნახავ, ელზას რა მოუვიდაო. ჩავიდა სარდაფში და რას ხედავს?! ყველანი ერთად დამსხდარან და ტირიან. როდესაც შეიტყო, რომ ტირილის მიზეზი ელზას მომავალი ბავშვი იყო, შესძახა: „ეს რა ჭკვიანი ელზა გვყავს!“ ისიც მათთან ერთად დაჯდა და ტირილი დაიწყო. მარტოდ დარჩენილი საქმრო დიდხანს იცდიდა ზევით. ბოლოს იფიქრა, წავალ, ვნახავ, იქნებ რა შეემთხვათო. ჩავიდა სარდაფში და ხედავს, დამსხდარან ხუთივენი გვერდიგვერდ და მოთქვამენ. გაკვირვებულმა იკითხა: „რა შეგემთხვათ?“ ელზამ სლუკუნით მიუგო: „ეჰ, ძვირფასო ჰანს, როდესაც დავქორწინდებით, ბავშვი გაგვიჩნდება, გაიზრდება და სარდაფში ღვინის ამოსატანად გამოვგზავნით. შესაძლოა, წერაქვი, რომელიც აგერ იქ, მაღლა კედელზე ჰკიდია, ჩამოვარდეს, ჩვენს შვილს თავში დაეცეს და მოკლასო. აბა, განა სატირლად არ გვაქვს საქმე?“ ჰანსმა მოისმინა ეს ყველაფერი და კმაყოფილმა უპასუხა: „ჰო, ჩემი ოჯახისთვის მეტი ჭკუა საჭირო არ არის, ამიტომ ახლავე დავქორწინდები შენზე.“ და იმ დღესვე იქორწინეს. გავიდა დრო. ერთხელ ჰანსი თავის ცოლს ეუბნება: „ფულის საშოვნელად უნდა წავიდე, შენ კი ყანაში წადი და ხორბალი მომკე, პური მაინც გვექნება უხვად.“ „კარგი, ჩემო ჰანს, როგორც მითხარი, ისე მოვიქცევი,“ დაეთანხმა ელზა. როცა ჰანსი სახლიდან წავიდა, ელზამ გემრიელი ფაფა მოამზადა და ყანაში წაიღო. იქ რომ მივიდა, თავის თავს ჰკითხა: „რა ვქნა? ჯერ მოვმკა, თუ ვჭამო? არა, ჯობს, ვჭამო.“ მთელი ქოთანი ფაფა შეჭამა და ახლა ისევ დაფიქრდა: „ჯერ მოვმკა, თუ დავიძინო? არა, ჯობს, ჯერ დავიძინო.“ წამოწვა ელზა მინდორზე და ტკბილად დაიძინა. ჰანსი კი ამასობაში შინ დაბრუნდა. დიდხანს უცადა ელზას, მაგრამ ქალი არსად ჩანდა. მაშინ ჰანსმა თქვა: „ჰმ, რა ჭკვიანი ელზა მყავს, ეტყობა მუყაითად მუშაობს მთელი დღე.“ დაბინდდა. ელზა მაინც არ ჩანდა. მაშინ ჰანსი თავად წავიდა ყანაში და დაინახა, რომ არაფერი იყო მომკილი, ელზას კი მშვიდად ეძინა. ჰანსი საჩქაროდ შინ გაიქცა, ჩიტის საჭერი ბადე მოიტანა, რომელსაც პატარა ზანზალაკები ეკიდა და მძინარე ელზას შემოახვია. მერე შინ დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. როდესაც მთლად დაბნელდა, ჭკვიანმა ელზამ გამოიღვიძა. წამოდგა თუ არა, ზანზალაკები აწკარუნდნენ. ელზას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და ვეღარ გაეგო, მართლაც ჭკვიანი ელზა იყო, თუ სხვა ვინმე. გაკვირვებული განუწყვეტლივ იმეორებდა: „ეს მე ვარ, თუ არა? ეს მე ვარ, თუ არა?“ ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ბოლოს იფიქრა: „მოდი, სახლში წავალ და ვიკითხავ, ეს მე ვარ ნამდვილად თუ არა. ჩემს ქმარს უთუოდ ეცოდინება.“ ელზას სახლის კარი დაკეტილი დახვდა. მაშინ ფანჯარაზე დააკაკუნა და ქმარს დაუძახა: „ჰანს, ელზა შინ არის?“ „კი!“ მიუგო ჰანსმა. ელზა კიდევ უფრო შეშინდა და შესძახა: „ოჰ, ღმერთო, ნუთუ ეს მე არ ვარ?“ მერე მეზობლის კარზეც დააკაკუნა, მაგრამ ზანზალაკები ისე წკარუნობდა, რომ კარი არავინ გაუღო. ჭკვიანმა ელზამ ვერსად ჰპოვა თავშესაფარი და სადღაც შორს გადაიკარგა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.





