Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. ეშმაკის სამი ღერი ოქროს თმა
ეშმაკის სამი ღერი ოქროს თმა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0014:26

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები4 წლის

ეშმაკის სამი ღერი ოქროს თმა - ხალხური ზღაპარი

მოუსმინეთ ძმები გრიმების ზღაპარს ქუდბედიან ბიჭზე, რომელმაც ბოროტი მეფის დავალება შეასრულა, ჯოჯოხეთში ჩავიდა და ეშმაკს სამი ღერი ოქროს თმა ჩამოუტანა.

ხანგრძლივობა
14 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ჯიქურიძე, გოგა მოძმანაშვილი, ანა ქურთუბაძე, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ძმები გრიმების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიას. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ეშმაკის სამი ღერი ოქროს თმა“, მოგვითხრობს ერთ უბრალო, მაგრამ გამბედავ ბიჭზე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი ქალი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გააჩნდა. წინასწარმეტყველებმა თქვეს, ეს ბიჭი ქუდბედზეა დაბადებული და როცა თოთხმეტი წლის გახდება, პრინცესაზე დაქორწინდებაო. ერთხელ ამ სოფელში გლახაკად გადაცმული მეფე მივიდა და ხალხს ჰკითხა: „რა მოხდა სოფელში ახალი?“ გლეხებმა უპასუხეს: „ამ დღეებში ქუდბედიანი ბავშვი დაიბადა: რაც უნდა წამოიწყოს, ყველა საქმეში გაუმართლებს. თანაც უწინასწარმეტყველეს, რომ პრინცესაზე დაქორწინდება.“ გულბოროტი მეფე ამ წინასწარმეტყველებამ განარისხა. მან გლახაკის სამოსი გაიხადა, ისევ მეფურად შეიმოსა, ბავშვის მშობლებთან მივიდა და თავაზიანად სთხოვა: „რადგან ღარიბები ხართ, თქვენს შვილს მე გავზრდი.“ მშობლები ჯერ უარზე იყვნენ, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტეს, რაკი ქუდბედზე დაიბადა, იქნებ მისთვის ასე ჯობიაო, და დათანხმდნენ. მეფემ ბავშვი ყუთში ჩააწვინა, იქამდე იარა ჭენებით, ვიდრე ღრმა წყალს არ მიადგა, ყუთი წყალში გადააგდო და გაიფიქრა: „ჩემი ქალიშვილი უკვე ვიხსენი არასასურველი საქმროსგან.“ მაგრამ ყუთი არ ჩაძირულა. იგი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა და შიგ ერთი წვეთი წყალიც კი არ შესულა. ბოლოს, ყუთი მეფის სატახტო ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, ერთი წისქვილის ჯებირს წამოედო. მეწისქვილის შეგირდმა დაინახა იგი, კაუჭი გამოსდო და ნაპირზე გამოათრია. ეგონა, განძი იპოვა. გახსნა ყუთი და, ჰოი საკვირველებავ! შიგ ლამაზი ბიჭუნა არ წევს?! შეგირდმა ბავშვი უშვილო მეწისქვილესა და მის ცოლს მიუყვანა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა ბავშვი მაშინვე იშვილა. ყმაწვილი კეთილი ბუნების იზრდებოდა. გავიდა დრო. ერთხელ, ჭექა-ქუხილის დროს, მეფემ წისქვილს შეაფარა თავი. უცებ მომხიბვლელი ყმაწვილი დაინახა და მეწისქვილეს ჰკითხა: „ეს ვაჟი თქვენია?“ „არა, ის თოთხმეტი წლის წინ იპოვა ჩვენმა შეგირდმა მდინარეში, ყუთში იწვა და ეძინა,“ — უპასუხა მეწისქვილემ. მეფე მიხვდა, რომ ეს ის ქუდბედიანი ბავშვი იყო, რომელიც წყალში გადააგდო და მეწისქვილეს სთხოვა: „კეთილო ხალხო, იქნებ, ყმაწვილმა დედოფალს ბარათი წაუღოს, გასამრჯელოდ ორ ოქროს ვაჩუქებ.“ „როგორც ინებებთ,“ — მიუგო მეწისქვილემ. ბარათში კი ეწერა: „ამ ბარათის მომტანი მოაკვლევინე და დამარხეო.“ ყმაწვილმა ბარათი აიღო და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ ტყეს მიადგა. ამასობაში დაღამდა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. ტყის სიღრმეში შუქი შენიშნა, პატარა ქოხს მიადგა და კარი გააღო. ცეცხლის პირას დედაბერი იჯდა. ყმაწვილის დანახვაზე შეკრთა და წამოიძახა: „საიდან მოსულხარ და საით მიდიხარ?“ „წისქვილიდან მოვდივარ, სასახლისკენ მივეშურები, დედოფალს ბარათი უნდა გადავცე. ტყეში გზა ამებნა და თუ ნებას დამრთავთ, თქვენთან გავათევ ღამეს,“ — უპასუხა ბიჭმა. „საბრალო ბიჭო, შენ ყაჩაღთა ბუნაგში მოხვდი. იცოდე, სადაცაა დაბრუნდებიან და მოგკლავენ.“ „არავისი არ მეშინია, ისეთი დაღლილი ვარ, რომ აქედან ფეხს ვერ მოვიცვლი,“ — თქვა ყმაწვილმა, დაწვა და დაიძინა. მალე ყაჩაღებიც მოვიდნენ და გაბრაზებით იკითხეს: „ვინ არის ეს უცხო ყმაწვილი?“ „ეეჰ, ეს ერთი უცოდველი ბიჭია, ტყეში გზა აებნა, შემეცოდა და შევიფარე, დედოფალთან მიაქვს ბარათი,“ — მიუგო დედაბერმა. ყაჩაღებმა ბარათი გახსნეს, წაიკითხეს და გაიგეს მისი შინაარსი. გულცივ ყაჩაღებსაც კი შეებრალათ ყმაწვილი. მათმა მეთაურმა ბარათი დახია და ახალი დაწერა, სადაც ეწერა: „ამ ბარათის მომტანი სასწრაფოდ პრინცესაზე დააქორწინეთო.“ დილით ბიჭს გზა მიასწავლეს. დედოფალმა ბარათი წაიკითხა და მაშინვე ქორწილი გადაიხადა. მომხიბვლელმა ყმაწვილმა მთელი სამეფო კარი მოხიბლა. ბოლოს მეფეც დაბრუნდა და გაკვირვებულმა ჰკითხა დედოფალს: „ეს როგორ მოხდა? ჩემს ბარათში სხვა რამე ეწერა და რად შეცვალეთ?“ მან ყმაწვილსაც ჰკითხა, რატომ შეცვალეო. „მე არაფერი შემიცვლია, ალბათ, ღამე ტყეში რომ მეძინა, იქ შემიცვალეს!“ — უპასუხა მან. განრისხებულმა მეფემ უთხრა: „ასე იოლად ვერ გადამირჩები! ვისაც ჩემი ქალიშვილი ცოლად უნდა, ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდეს, ეშმაკს სამი ღერი ოქროს თმა უნდა მოგლიჯოს და მომიტანოს.“ მეფე ფიქრობდა, რომ ამით ბიჭს სამუდამოდ მოიშორებდა, მაგრამ ბიჭმა თამამად მიუგო: „სიამოვნებით შევასრულებ თქვენს დავალებას. ეშმაკის სულაც არ მეშინია.“ გზად ყმაწვილი ერთ დიდ ქალაქში მივიდა. კარიბჭესთან დარაჯმა ჰკითხა: „რა ხელობის ხარ და რა იცი?“ „მე ყველაფერი ვიცი,“ — უპასუხა ყმაწვილმა. „მაშ, დაგვეხმარე, იქნებ გვითხრა, რატომ დაშრა შადრევანი ჩვენს მოედანზე? უწინ იქიდან ღვინო გადმოსჩქეფდა, ახლა კი წყალიც აღარ მოდის.“ „ამას აგიხსნით, როცა უკან დავბრუნდები,“ — უპასუხა მან. სხვა ქალაქში დარაჯმა იგივე ჰკითხა. დარაჯმა სთხოვა: „მაშ, ქენი სიკეთე და აგვიხსენი, რატომ მოხდა, რომ ჩვენს ქალაქში ერთი ხე ოქროს ვაშლებს ისხამდა, დღეს კი ფოთოლიც არ აბია.“ ბიჭმა მასაც უკან დაბრუნებისას შეჰპირდა პასუხს. შემდეგ ერთ დიდ მდინარეს მიადგა. მებორნემ ჰკითხა: „რა ხელობის ხარ და რა იცი?“ „მე ყველაფერი ვიცი.“ „მაშ, მითხარი, მარტო მე რატომ გადამყავს ხალხი გაღმა-გამოღმა, ნუთუ ჩემი შემცვლელი არ მოიძებნება?“ ბიჭმა მასაც პასუხი უკან დაბრუნებისას აღუთქვა. მებორნემ იგი მეორე ნაპირზე გადაიყვანა. მიწისქვეშეთში ეშმაკი არ დახვდა, მხოლოდ ერთი დედაბერი გაეპასუხა. ბიჭმა აუხსნა, რომ ეშმაკის სამი ღერი ოქროს თმა სჭირდებოდა. დედაბერმა უთხრა: „ძნელი საქმეა, ეშმაკი შინ რომ დაბრუნდება, შავი დღე დაგადგება, მაგრამ შენს გამბედაობას ვაფასებ და დაგეხმარები.“ მან ყმაწვილი ჭიანჭველად გადააქცია და თავისი კაბის ნაოჭში დამალა. ბიჭმა დედაბერს სამივე გამოცანა უთხრა და პასუხების გაგება სთხოვა. საღამოს ეშმაკი დაბრუნდა და დაიყვირა: „ადამიანის სუნი მცემს!“ დედაბერი გაუჯავრდა: „ეს-ეს არის სახლი დავალაგე, შენ კი ყველაფერი აურ-დაურიე, მუდამ ადამიანის სუნი გელანდება, გიჯობს, დაჯდე და ჭამო.“ ეშმაკი დანაყრდა, თავი დედაბრის კალთაში ჩარგო და ჩაეძინა. დედაბერმა დრო იხელთა და ერთი ღერი ოქროს თმა ამოაგლიჯა. „ვაიმე, რას შვრები?“ — დაიყვირა ეშმაკმა. „ცუდი სიზმარი ვნახე და ჩაგავლე ხელი თმაში! დამესიზმრა, რომ შადრევანი, საიდანაც უწინ ღვინო გადმოსჩქეფდა, ისე დაშრა, წყალიც აღარ ამოდის.“ „ეეჰ,“ — ჩაიცინა ეშმაკმა, — „შადრევნის ძირში გომბეშო ზის. ის უნდა მოკლან და ღვინო ძველებურად წამოვა.“ მალე ეშმაკს ისევ ჩაეძინა და ხვრინვა ამოუშვა. დედაბერმა მეორე ღერი თმაც ამოგლიჯა. ეშმაკი ისევ გამოფხიზლდა და იყვირა. მოხუცმა უთხრა: „ისევ სიზმარი ვნახე. ერთ სამეფოში ერთი ხე უწინ ოქროს ვაშლებს ისხამდა, დღეს კი ფოთოლიც აღარ აქვს.“ „იმ ხეს თაგვი უღრღნის ფესვებს. თუ მას მოკლავენ, ხე კვლავ ოქროს ვაშლს მოისხამს. ახლა კი დამასვენე,“ — თქვა მან. როცა ეშმაკს ისევ ღრმად ჩაეძინა, დედაბერმა მესამე თმაც ამოაგლიჯა და უთხრა: „ერთი მებორნე დამესიზმრა, შემომჩივლა, სულ მე გადამყავს ხალხი და შემცვლელი არავინ მყავსო.“ „ეჰ, ის სულელი! როდესაც ვინმე მდინარეზე გადაყვანას სთხოვს, მას დააჭერინოს ხელში ნიჩაბი და ის გახდება მებორნე!“ — მიუგო ეშმაკმა. დილით, როცა ეშმაკი წავიდა, დედაბერმა ბიჭს ადამიანის სახე დაუბრუნა, თმები გადასცა და გაისტუმრა. ყმაწვილმა მადლობა გადაუხადა. მდინარესთან მებორნეს უთხრა: „თუ ვინმე გაყვანას გთხოვს, ნიჩაბი ხელში დააჭერინე.“ იმ ქალაქში, სადაც უნაყოფო ხე იდგა, მცველს აუხსნა: „ხის ფესვებს თაგვი ღრღნის, მოჰკალით და კვლავ ოქროს ვაშლებს მოისხამს.“ მცველმა ოქროთი დატვირთული ორი სახედარი აჩუქა. გამშრალი შადრევნის ქალაქშიც უთხრა დარაჯს გომბეშოს შესახებ და კიდევ ორი სახედარი მიიღო საჩუქრად. დაბრუნდა ქუდბედიანი ყმაწვილი შინ. მეფეს ეშმაკის თმაზე მეტად ოქროთი დატვირთული ოთხი სახედრის დანახვა ესიამოვნა. „საიდან გაქვს ამდენი ოქრო?“ — ჰკითხა მან. „ერთი მდინარე გადავლახე და იქიდან წამოვიღე, იქ ოქრო ქვიშის ნაცვლად ეყარა ნაპირზე!“ — მიუგო ბიჭმა. „მე რომ წავიდე, შეიძლება?“ — იკითხა ხარბმა მეფემ. „რასაკვირველია! მდინარესთან მებორნე დაგხვდებათ, სთხოვეთ გადაგიყვანოთ და ტომრებს გაავსებთ.“ ხარბი მეფე საჩქაროდ გაუდგა გზას. მივიდა მდინარესთან და მებორნეს გადაყვანა სთხოვა. მებორნემ მაშინვე ნიჩბები მიაჩეჩა, თავად კი ნაპირზე დარჩა. ასე დაისაჯა ბოროტი მეფე. ამიერიდან ის უკვე მებორნე იყო. ნეტავ დღემდე ამ საქმიანობას ეწევა? ვინ იცის...

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.