Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ანდერსენის ზღაპრები
  4. მეღორე
მეღორე - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0011:10

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ანდერსენის ზღაპრები4 წლის

მეღორე - ხალხური ზღაპარი

ამპარტავანმა პრინცესამ ნამდვილი სიყვარული დაიწუნა, თუმცა სათამაშოების გამო მეღორეს აკოცა. აღმოაჩინეთ, რა ფასი აქვს ნამდვილ გრძნობასა და სილამაზეს!

ხანგრძლივობა
11 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

ჰანს კრისტიან ანდერსენის ეს ცნობილი აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „მეღორე“, ერთ ღარიბ პრინცზე გვიამბობს. მისი სამეფო ძალიან პატარა კი იყო, მაგრამ მაინც სამეფო ერქვა და წესით ჭაბუკ პრინცს დაქორწინება არ უნდა გასჭირვებოდა. თუმცა, პრობლემა ის გახლდათ, რომ პრინცს თავად იმპერატორის ქალიშვილის ცოლად შერთვა სურდა. ეს კი იმ დროში იოლი საქმე როდი იყო. პირდაპირ ხომ არ ეახლებოდა პრინცესას და ეტყოდა, ცოლად გამომყვეო? ასეთი თავხედობისთვის იქიდან კინწისკვრით გამოაგდებდნენ. პრინცის მამის საფლავზე მშვენიერი ვარდის ბუჩქი ამოსულიყო, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ ყვაოდა და ერთადერთ ყვავილს გამოიბამდა ხოლმე. ყვავილი ისეთი ლამაზი და სურნელოვანი იყო, რომ ვინც კი დაყნოსავდა, ყოველგვარი დარდი ავიწყდებოდა. გარდა ამისა, პრინცს ჰყავდა ბულბული, რომელიც ისე ტკბილად გალობდა, იფიქრებდით, რაც კი ამქვეყნად საუკეთესო სიმღერაა, სულ მისი მოგონილიაო. პრინცმა გადაწყვიტა, სწორედ ეს ვარდი და ბულბული ეჩუქებინა პრინცესასთვის. კარისკაცებმა ისინი ვერცხლის დიდ სკივრში მოათავსეს და იმპერატორის სასახლეში მიიტანეს. იმპერატორი ტახტზე იჯდა, ქალიშვილი კი სეფექალებთან ერთად ერთობოდა, როცა ორი ვერცხლის სკივრი შეიტანეს. პრინცესამ სიხარულით ტაში შემოჰკრა: „ნეტავ კნუტი იყოს!“ იმპერატორმა პირველი სკივრის სახურავი ასწია. მშვენიერი ვარდის დანახვაზე ყველამ ერთხმად შესძახა: „ოჰ, რა ოსტატურადაა გაკეთებული!“ „ეს ოსტატურზე მეტია! საოცრებაა!“ — დაამატა იმპერატორმა. პრინცესა კი თითით შეეხო ვარდს, ფეხი დააბაკუნა და კინაღამ ატირდა: „ფუუჰ! მამა, ნამდვილი ყოფილა!“ „ფუუჰ, ნამდვილი ყოფილა!“ — გაიმეორეს სეფექალებმაც. „ახლა ვნახოთ, რა არის მეორე სკივრში,“ — თქვა იმპერატორმა. სახურავის ახდისთანავე იქიდან ბულბული ამოფრინდა და ისეთი ტკბილი გალობა დაიწყო, რომ ვერაფერს დაუწუნებდით. „შაპერბე! ჩარმანტ!“ — გაიძახოდნენ სეფექალები. „ეს ჩიტი განსვენებული დედოფლის ორღანს მაგონებს!“ — თქვა ერთმა კარისკაცმა. იმპერატორი დაეთანხმა და ბავშვივით ატირდა. „იმედი მაქვს, ეს მაინც არ იქნება ნამდვილი ჩიტი!“ — წამოიძახა პრინცესამ. „ნამდვილი ბულბულია!“ — უპასუხა კარისკაცმა. პრინცესა გაბრაზდა: „მაშ, გაფრინდეს, საითაც ენებოს!“ — თქვა ნაწყენმა და მჩუქებლის ვინაობით არც კი დაინტერესებულა. პრინცი მაინც მივიდა სასახლეში. სახე ყავისფრად შეიღება, რომ ვერავის ეცნო, კარზე დააკაკუნა და იკითხა: „გამარჯობა, იმპერატორო! სასახლეში ჩემთვის რაიმე ადგილი ხომ არ მოგეძებნებათ?“ „აქ ბევრი ეძებს სამუშაოს, თუმცა, ახლა მეღორე მჭირდება, მომვლელები ვეღარ აუდიან,“ — მიუგო იმპერატორმა. ასე გახდა პრინცი იმპერატორის მეღორე. მას პატარა ფიცრის ხუხულა მისცეს. ის მთელი დღე თავდაუზოგავად მუშაობდა და გამოძერწა მშვენიერი პატარა ქოთანი, რომელსაც ზარები ეკიდა. როცა წყალი დუღდა, ზარები წკრიალებდა და მღეროდა: „აჰ, ძვირფასო ავგუსტინე, საქმე წახდა, ახლა დაჯექ და უსტვინე!“ ქოთანს კიდევ ერთი საკვირველი თვისება ჰქონდა: თუ ოხშივარს იყნოსებდით, ცხადად დაინახავდით, ვინ რა კერძს ამზადებდა ქალაქში. ერთ საღამოს პრინცესამ ჩაიარა და მელოდია შემოესმა. „ეს ხომ მეც ვიცი! ეტყობა, მეღორე განათლებული კაცია! შედი და ჰკითხე, რა ფასად მომყიდის ამ საკრავს,“ — უთხრა მან სეფექალს. სეფექალმა იკითხა ფასი. „პრინცესას ათი კოცნა!“ — მიუგო მეღორემ. სეფექალი დაბრუნდა და ენის ბორძიკით ძლივს გაიმეორა ნათქვამი. „რა უზრდელი ყოფილა!“ — წამოიძახა პრინცესამ, მაგრამ ქოთანი ისე უნდოდა, ბოლოს დათანხმდა: „დადექით ჩემ გარშემო, რომ არავინ დაგვინახოს.“ მეღორემ მიიღო ათი კოცნა და ქოთანი გადასცა. მთელი დღე დუღდა ქოთანი და პრინცესა სეფექალებთან ერთად ხალისობდა, რადგან იცოდნენ, ვინ რას ამზადებდა ქალაქში. მეღორემ ახლა საოცარი საცეკვაო ქანჩი გააკეთა. პრინცესამ ისევ გაგზავნა სეფექალი. „მას ახლა ასი კოცნა უნდა!“ — მოახსენა სეფექალმა. „მე მგონი, ეგ კაცი ჭკუაზე ვერ არის!“ — თქვა პრინცესამ, მაგრამ ხელოვნების სიყვარულით მაინც დათანხმდა და სეფექალებს ისევ გარშემო დადგომა უბრძანა. სწორედ ამ დროს იმპერატორი აივანზე იდგა. ჩოჩქოლი რომ დაინახა, ეზოში ჩავიდა. ფეხის წვერებზე დადგა და შენიშნა, რომ მისი ქალიშვილი მეღორეს კოცნიდა! ფეხიდან ქოში წაიძრო და თავში ჩასცხო სწორედ მაშინ, როცა მეღორე ოთხმოცდამეთექვსმეტეჯერ კოცნიდა. „დაიკარგეთ აქედან!“ — დაიყვირა იმპერატორმა და ორივე სამეფოდან გააძევა. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. პრინცესა მოთქვამდა: „ოჰ, რა საბრალო ვარ! დავქორწინებულიყავი იმ მშვენიერ პრინცზე და ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა!“ მეღორე მივიდა ხესთან, სახიდან საღებავი ჩამოიბანა, ძონძები გაიხადა და ისეთი მომხიბლავი გახდა, პრინცესა კინაღამ გაგიჟდა. „პრინცესა, მძულხარ!“ — თქვა პრინცმა. „შენ მაშინ ჩემი ნამდვილი სიყვარული არ დააფასე, მშვენიერი ბულბული და ვარდი დაიწუნე, ვიღაც მეღორეს კი უბრალო სათამაშოებისთვის ასჯერ აკოცე. აი, რა მიიღე სამაგიეროდ! მშვიდობით!“ პრინცი თავის სამეფოში დაბრუნდა. პრინცესას კი ისღა დარჩენოდა, წვიმაში მდგარიყო და ემღერა: „აჰ, ძვირფასო ავგუსტინე! საქმე წახდა, ახლა დადექ და უსტვინე!“

მსგავსი ზღაპრები

  • ცეროდენა

    19 წუთი

  • მეფის ახალი სამოსი

    11 წუთი

  • ბულბული

    23 წუთი

  • მახინჯი იხვის ჭუკი

    20 წუთი

  • ზარმაცა

    9 წუთი

  • მფრინავი სკივრი

    17 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.