Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. მსოფლიო კლასიკა
  4. აშუღ-ყარიბი
აშუღ-ყარიბი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0014:37

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
მსოფლიო კლასიკა4 წლის

აშუღ-ყარიბი - ხალხური ზღაპარი

ღარიბი მომღერლისა და მდიდარი ვაჭრის ასულის დიდი სიყვარულის ამბავი. ჯადოსნური თავგადასავალი, სადაც ერთგულება და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.

ხანგრძლივობა
15 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მოძმანაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე.

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ საიტის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიას. ეს გახლავთ ცნობილი კლასიკური აუდიო ზღაპარი „აშუღ-ყარიბი“, რომელიც მოგვითხრობს დაუვიწყარ სიყვარულზე, ერთგულებასა და სიკეთეზე. ძველად, თბილის-ქალაქში, ერთი მდიდარი თურქი ვაჭარი ცხოვრობდა. ღმერთმა მას დიდძალი ოქრო უწყალობა, მაგრამ მისთვის ოქროზე ძვირფასი ერთადერთი ქალიშვილი, მშვენიერი მაგულ-მეგერი იყო. იმხანად თბილისში ცხოვრობდა ერთი ღარიბი თურქი მომღერალი, სახელად აშუღ-ყარიბიც. ბუნებამ მისთვის მხოლოდ კეთილი გული და სიმღერის ნიჭი გაიმეტა. ის ქორწილებში დადიოდა, მდიდრებს ართობდა და ორიოდე გროშს ასე შოულობდა. ერთ-ერთ ქორწილში აშუღმა მშვენიერ მაგულ-მეგერს მოჰკრა თვალი. ქალ-ვაჟს მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. მდიდარი ვაჭარი ერთადერთ ქალიშვილს რომ ღარიბი მომღერლისთვის არ გაიმეტებდა, ეს კარგად იცოდა აშუღმა და საშინლად დარდობდა. ერთ დღეს, როცა ყმაწვილს ვაზის ხეივნის ჩრდილში ტკბილად ეძინა, მაგულ-მეგერმა დობილებთან ერთად გამოიარა. ერთმა მათგანმა მძინარე აშუღი დაინახა, მას მიუახლოვდა და სიმღერით უთხრა: „ადექი, უგუნურო, რა დროს ძილია, როცა შენი ჯეირანი აქვეა...“ ვაჟს გამოეღვიძა. დობილი კი მაშინვე მაგულ-მეგერთან გაიქცა და მიახარა: „შენს აშუღ-ყარიბს აქვე, ხეივანში სძინავსო“. გახარებული მაგულ-მეგერი ვაჟისკენ გაემართა და მისი ნაღვლიანი სახის დანახვაზე მიზეზი ჰკითხა. „აბა, როგორ არ ვინაღვლო, გაგიჟებით მიყვარხარ, მაგრამ შენს ქმრობას ვერ ვეღირსები,“ - უპასუხა აშუღ-ყარიბმა. მაგულ-მეგერმა ის დაამშვიდა: „ჩემი ხელი სთხოვე მამაჩემს, დარწმუნებული ვარ, ქორწილსაც გადაგვიხდის და იმდენ მზითევსაც მომცემს, კარგა ხანს უზრუნველად ვიცხოვრებთ.“ „ვიცი, რომ მამაშენი არაფერს დაიშურებს თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის, მაგრამ არც ის მინდა, რომ მთელი ცხოვრება მისი მოვალე ვიყო. არა, ჩემო საოცნებო მაგულ-მეგერ, მე ჩემს თავს აღთქმა მივეცი: შვიდი წელი უნდა ვიხეტიალო ქვეყნიდან ქვეყანაში და სიმდიდრე დავაგროვო... და თუ შენც დამთანხმდები, აღთქმული შვიდი წლის მერე ჩემი გახდები!“ - მტკიცედ უპასუხა აშუღმა. ქალი შეყვარებულს დაეთანხმა, მაგრამ გააფრთხილა: „თუ შვიდი წლის მერე არ დაბრუნდები, მაშინ ცოლად ყურშუდ-ბეგს გავყვები, რომელიც, დიდი ხანია, ჩემზე დაქორწინებას ცდილობს.“ აშუღ-ყარიბმა ხურჯინი მოიკიდა და სამოგზაუროდ გაეშურა. ცოტა მანძილი რომ გაიარა, ერთი მხედარი წამოეწია, მშვიდობის გზა უსურვა და სთხოვა, იქნებ მეც გამიყოლოო. აშუღმა იცნო მხედარი - ყურშუდ-ბეგი იყო. მისი დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ რა გაეწყობოდა, გზა ერთად განაგრძეს. ბევრი იარეს თუ ცოტა, ერთ მდინარეს მიადგნენ, რომელსაც ხიდი არ ჰქონდა. ყურშუდ-ბეგმა უთხრა: „ჯერ შენ გადაცურე!“ როცა აშუღმა მეორე ნაპირს მიაღწია, უკან მოიხედა და რას ხედავს - სადღაა მისი ტანისამოსი! ყურშუდ-ბეგს მოეპარა და გაუჩინარებულიყო. იგი მაშინვე თბილისისკენ გაიქცა, აშუღის დედასთან მივიდა, ტანსაცმელი მიუტანა და მოატყუა: „შენი შვილი მდინარეში დაიხრჩო!“ გულდაკოდილმა დედამ შვილის სამოსი გულში ჩაიხუტა და ატირდა. შემდეგ საყვარელ სარძლოსთან მივიდა და უთხრა: „ჩემი შვილი მდინარეში დაიხრჩო, შენ ამიერიდან თავისუფალი ხარ, შეგიძლია სხვაზე გათხოვდე.“ მაგულ-მეგერი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ყურშუდ-ბეგის ოინები იყო და დამწუხრებული ქალი ღიმილით ანუგეშა: „არ დაიჯეროთ! ეს სიცრუე ყურშუდ-ბეგის მოგონილია! სანამ შვიდი წელი არ გავა, ჩემი ქმარი ვერავინ გახდება.“ ამასობაში შიშველ-ტიტველმა ყარიბმა ერთ სოფელს მიაღწია. კეთილმა ადამიანებმა ლუკმაპური და ერთი ხელი ტანსაცმელი არ დაიშურეს, სამაგიეროდ კი, ყარიბმა თავისი მომაჯადოებელი სიმღერით ასიამოვნა ისინი. ამის მერე აშუღმა ბევრი სოფელ-ქალაქი შემოიარა და ბოლოს, ქალაქ ხალაფს მიადგა. იქ ერთი ფაშა ცხოვრობდა, რომელიც სიმღერის დიდი მოტრფიალე გახლდათ. მომღერლების ძებნით გაწვალებულ მსახურებს ყავახანიდან მშვენიერი ხმა რომ შემოესმათ, მაშინვე შეცვივდნენ, აშუღს შემოეხვივნენ და უთხრეს: „ახლავე ჩვენს ფაშასთან უნდა წაგიყვანოთ!“ „აბა, იმღერე!“ - უბრძანა ფაშამ. აშუღიც ამღერდა და თავის შეყვარებულს ადიდებდა. ფაშას ისე ძლიერ მოეწონა ყარიბის სიმღერა, რომ კარის მომღერლად დაიტოვა. დაიწყო ბედნიერი ცხოვრება. თანდათან ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასეულობით ივსებოდა მისი ქისა. აღთქმული შვიდი წელი უკვე იწურებოდა, ის კი შინ დაბრუნებას არ ჩქარობდა. ამ დროს ერთი თბილისელი ვაჭარი სავაჭროდ მიეშურებოდა. ეს გაიგო მაგულ-მეგერმა და ვაჭარს უთხრა: „აი, ეს ოქროს ლანგარი თან წაიღე. სადაც სავაჭროდ დადგები, ყველგან გამოაჩინე. თუ ვინმე მის პატრონობას დაიჩემებს და დაამტკიცებს, ლანგარსაც მიიღებს და მის წონა ოქროსაც.“ ბევრ ქვეყანაში დადგა ვაჭარმა ლანგარი, მაგრამ პატრონი არ გამოჩნდა. ბოლოს ხალაფსაც ეწვია. აშუღმა ლანგარს მოჰკრა თუ არა თვალი, მაშინვე იცნო. ვაჭარმაც გადასცა შეტყობინება: „შენმა საყვარელმა მაგულ-მეგერმა გამომატანა, აღთქმულ დროს თუ არ ჩამოხვალ ყურშუდ-ბეგს გავყვები ცოლადო!“ შემოიკრა თავში ხელი აშუღმა. თბილისამდე ორი თვის სავალი იყო, აღთქმულ დრომდე კი მხოლოდ ორი საათიღა რჩებოდა. სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, კლდიდან გადამხტარიყო. მწვერვალზე ასულმა მთის ძირში თეთრცხენიანი მხედარი შენიშნა. „მანდ რამ აგიყვანა, ჭაბუკო?“ - შესძახა მხედარმა. „აქედან გადმოხტომას ვაპირებ, ორ საათში უთუოდ თბილისში უნდა ვიყო, რაც შეუძლებელია და მიჯობს თავი მოვიკლა,“ - ჩამოსძახა აშუღმა. „თვალები დახუჭე!“ - უთხრა მხედარმა. როცა აშუღმა თვალი გაახილა, უკვე თბილისში იყო. გახარებულმა და გაოცებულმა მადლობა გადაუხადა და სთხოვა: „ამ ამბის მოყოლისას, არავინ დამიჯერებს, ამიტომ ჩემი სიმართლის დასტურად რაიმე ნიშანი მომეცი.“ „ცხენის ნაკვალევიდან ერთი მუჭა მიწა აიღე. იგი თვალებზე მოუსვი ბრმა დედაბერს და თვალისჩინი დაუბრუნდება,“ - უპასუხა მხედარმა და უმალ გაუჩინარდა. მაშინ კი მიხვდა ყარიბი, რომ მისი გადამრჩენი მფარველი ანგელოზი იყო. შებინდებისას აშუღმა თავის სახლს მიაღწია. დედამ მისი ხმა ვერ იცნო, მაგრამ დამ შეიბრალა მგზავრი და კარი გაუღო. ყარიბმა თავისი ძველი საკრავი ჩამოხსნა კედლიდან, სიმებს ჩამოჰკრა და ამღერდა, თან უმტკიცებდა, შენი შვილი ვარო, მაგრამ დედამ არ დაუჯერა. მაშინ აშუღმა გადაწყვიტა, აქვე, მახლობლად გამართულ ქორწილში წასულიყო და დაეკრა. ამ დღეს მაგულ-მეგერი ყურშუდ-ბეგზე ქორწინდებოდა. საპატარძლოს ცალ ხელში მახვილი ეჭირა, მეორეში კი - შხამით სავსე ფიალა. შევიდა აშუღი საქორწინო დარბაზში და სიმღერის ნებართვა ითხოვა. მან თარი მოიმარჯვა, იმღერა და მოჰყვა, თუ როგორ გადმოფრინდა ჯადოსნური რაინდის დახმარებით. ფარდის უკან მდგარმა მაგულ-მეგერმა საყვარელი ხმა მაშინვე იცნო და ვაჟს კისერზე მოეხვია. განრისხებული ყურშუდ-ბეგი ხმლით მიიჭრა მათკენ, მაგრამ ძმამ შეაჩერა: „ვერაფერს გახდები, რაც ადამიანს შუბლზე აწერია, არ ასცდება.“ ყურშუდ-ბეგი დაშოშმინდა, თუმცა აშუღს სასწაულის დამტკიცება მოსთხოვა. ყარიბმა მოაყვანინა თავისი ბრმა დედა, ჯიბიდან ჯადოსნური მიწა ამოიღო და ჩამქრალ თვალებზე მოუსვა. ჰოი, საოცრებავ, ქალს თვალისჩინი დაუბრუნდა! ყურშუდ-ბეგმა უსიტყვოდ დაუთმო საცოლე. გახარებულმა აშუღ-ყარიბმა კი მას მიმართა: „ყურშუდ-ბეგ, მინდა შენც ჩემსავით ბედნიერი იყო. ჩემი და არაფრით ჩამოუვარდება ჩემს საცოლეს. დაქორწინდი მასზე და ბედნიერება არც შენ მოგაკლდება!“ ის სიამოვნებით დასთანხმდა. ამ დღის შემდეგ ყველანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • ჯადოსნური სასტვენი

    11 წუთი

  • ოქროს ქოთანი

    12 წუთი

  • ელფები

    13 წუთი

  • პრინც ბირიბინკერის ამბავი

    13 წუთი

  • გაჭირვება გასწავლის

    11 წუთი

  • ოქროს ყმაწვილები

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.