სუმბული და ვარდკოკორი - ხალხური ზღაპარი
სუმბული და ვარდკოკორი მშვენიერი ზღაპარია საკუთარი თავის ძიებასა და ნამდვილ სიყვარულზე, რომელსაც ხშირად სულ ახლოს, ჩვენ გვერდით ვპოულობთ.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ქურთუბაძე, ნინო მითაიშვილი, ანა ზამბახიძე, გიორგი ჯიქურიძე
ზღაპრის შესახებ
ავტორი ბულბული.ჯი წარმოგიდგენთ მშვენიერ ისტორიას. ეს გახლავთ საინტერესო აუდიო ზღაპარი, რომლის სათაურიცაა „სუმბული და ვარდკოკორი“. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! დიდი ხნის წინ, შორეულ დასავლეთში, ცხოვრობდა ერთი არაჩვეულებრივი ჭაბუკი, სახელად სუმბული. ის არავის ჰგავდა და ყველასგან გამორჩეული ბრძანდებოდა. ალბათ, იკითხავთ, რითიო? იმით, რომ ჭაბუკს ხეებისა და ყვავილების, ფრინველებისა და ცხოველების ენა ესმოდა. ამ არაჩვეულებრივ ყმაწვილს ყველაზე მეტად ტყეში სიარული და კლდე-ღრეში ხეტიალი უყვარდა. სუმბულის მეზობლად საოცრად ლამაზი გოგონა, ვარდკოკორი ცხოვრობდა. მას აბრეშუმივით რბილი, ოქროსფერი თმა, ძალიან მომხიბვლელი შავი თვალები და მოხდენილი ტანი ჰქონდა. ვინც ერთხელ მაინც შეავლებდა თვალს, მისი სილამაზით სამუდამოდ მოხიბლული რჩებოდა. ვარდკოკორი იმ ქვეყანაში თითქმის ყველა ვაჟს უყვარდა, მაგრამ გოგონას გული მხოლოდ სუმბულს ეკუთვნოდა. სუმბული და ვარდკოკორი სულ ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ და სახიდან ღიმილი არ შორდებოდათ. ბუნება მათ გამოჩენას მხიარული ყიჟინით ეგებებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დღეს სუმბულს უცნაური სტუმარი არ ეწვია. ამ კაცს მეტად უჩვეულო გრძელი წვერი, უცხო სამოსი და საკვირველი გამოხედვა ჰქონდა. ის შორეულ ქვეყანაში მიმავალ მოგზაურს მოგაგონებდათ. თავდაპირველად ეს კაცი სუმბულის სახლის წინ, ხის სკამზე ჩამოჯდა და ჭაბუკს მხოლოდ ჭიქა წყალი და ერთი ნაჭერი პური სთხოვა, შემდეგ კი ისე აიყოლია, რომ სამი დღე-ღამე საუბარში გაატარეს. უცნაურმა სტუმარმა ბიჭს მთელი შემოგარენი შემოატარა და ბევრი საიდუმლოც გაანდო; წასვლის წინ კი ერთი წიგნი დაუტოვა და გამოემშვიდობა. ამ დღის შემდეგ საოცრად შეიცვალა სუმბული, ისე დანაღვლიანდა, საერთოდ აღარაფერი ახარებდა. მასთან მოსაუბრე ბუნებამაც კი ვერ გაამხიარულა. ვარდკოკორიც სულ დაივიწყა, თითქოს, მის სულსა და გულში რაღაც ახალმა, იდუმალმა წყურვილმა დაისადგურა. სუმბულის სევდის მიზეზს ვერავინ ხვდებოდა. ბოლოს, ჭაბუკმა გადაწყვიტა, რჩევის საკითხავად მისულიყო ტყეში მცხოვრებ ერთ ბრძენ დედაბერთან. დედაბერმა ჭაბუკს მოუსმინა, შემდეგ უცნაური სტუმრის ნაჩუქარი წიგნი გამოართვა, აგიზგიზებულ ცეცხლში გადაუძახა და უთხრა: „საითაც გულმა გაგიწიოს, იქით წადი, საწადელს მხოლოდ ასე ეწევი!“ დაუჯერა ჭაბუკმა დედაბერს, გამგზავრება გადაწყვიტა და მშობლებთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. მართალია, მშობლები შვილის გადაწყვეტილებამ ძალიან დააღონა, მაგრამ რა გაეწყობოდა — საგზალი გაატანეს და გზა დაულოცეს. სუმბული ისე ჩქარობდა, რომ ვარდკოკორთან გამომშვიდობება ვეღარ მოასწრო. დადარდიანებული გოგონა თავის ოთახში გამოიკეტა, სულ ტიროდა და ტიროდა. გაუდგა სუმბული გზას. საქმე ის არის, რომ ჭაბუკს არ ასვენებდა უცნაური ამბავი ქალღმერთ ისიდაზე, რომელიც, თურმე, საკუთარი წიაღიდან კვებავდა მთელ სამყაროს. ყმაწვილს ძალიან უნდოდა, ერთხელ მაინც, საკუთარი თვალით ენახა ქალღმერთი. ამ ფიქრით აღტკინებული სუმბული სულ წინ და წინ მიიწევდა. მოიარა უცხო ქვეყნები, გადაიარა მთები, გადალახა ზღვები, მიადგა ოქროს ქვიშიან უდაბნოს, მაგრამ ისიდას მნახველს ან მის ადგილსამყოფელს ვერსად მიაკვლია. საოცარი კი ის იყო, რომ ბუნების ენის მცოდნე ჭაბუკს, უცხო მხარეში აღარც ფრინველთა ენა ესმოდა, აღარც ხე-ყვავილებისა და აღარც ცხოველებისა. სამაგიეროდ, სხვა ცოდნა და გამოცდილება შეიძინა; ამასობაში კი, მის გულს ისიდასადმი სიყვარული უფრო და უფრო ეძალებოდა. ბევრი იარა სუმბულმა თუ ცოტა, ბოლოს, ერთ ლამაზ ადგილს მიადგა. წყაროსთან ჩამოჯდა და უცებ, მისდა გასაოცრად, ყვავილების საუბარი არ გაიგონა?! „ყვავილებო, ყვავილებო, გესმით ჩემი?“ — მიმართა მან. „გვესმის, მშვენივრად გვესმის!“ — მიუგეს ყვავილებმა. „მაშ, თქვენ გეცოდინებათ, სად ცხოვრობს ქალღმერთი ისიდა, იქნებ, მისი ადგილსამყოფელი მიმასწავლოთ!“ „როგორ არა, მიგასწავლით! აი, იქით წადი და ქალღმერთს იხილავ! მხოლოდ იცოდე, ისიდა საბურველშია გახვეული. თუ მისი სახის დანახვა გინდა, საბურველი უნდა მოაცილო“, — უთხრეს მათ. სუმბულმა ყვავილებს მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. მიდის ჭაბუკი, მიდის და უკვირს, რადგან ყველა ხე და ყვავილი კვლავ ესალმება! რა კარგია, ბუნებას ისევ ესმის მისი! ჭაბუკი ტყის სიღრმეში შევიდა და უცებ საბურველში გახვეული ქალი დაინახა. „ალბათ, ეს არის დედამიწის ქალღმერთი ისიდა“, — გაიფიქრა სიხარულით. სუმბულმა ქალს თაყვანი სცა, ფრთხილად მიუახლოვდა, საბურველი მოაცილა და რას ხედავს — მის წინ ვარდკოკორი არ დგას?! გაოცებულმა და უზომოდ გახარებულმა ჭაბუკმა ულამაზესი ქალიშვილი გულში ჩაიკრა. ამის შემდეგ ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.






