Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ანდერსენის ზღაპრები
  4. მახათი
მახათი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:008:54

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ანდერსენის ზღაპრები4 წლის

მახათი - ხალხური ზღაპარი

ჰანს ქრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპარი ძალიან ამაყ მახათზე. სახალისო აუდიო ზღაპარი პატარებისთვის, რომელიც მათ ბევრ რამეზე დააფიქრებს.

ხანგრძლივობა
9 წუთი
მოსმენები
2 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი

ზღაპრის შესახებ

იყო და არა იყო რა, წარმოგიდგენთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის საოცარ ისტორიას. ეს მშვენიერი აუდიო ზღაპარი, სახელად „მახათი“, მოგვითხრობს ერთ უჩვეულოდ ამაყ ნივთზე. იყო ერთი მახათი, რომელიც თავის წვეტიან ცხვირს ისე მაღლა სწევდა, თითქოს საკერავი მანქანის ნამდვილი, ძვირფასი ნემსი ყოფილიყო. „ფრთხილად!“ — ეუბნებოდა ის თითებს, — „ძირს არ დამაგდოთ, თორემ დავიკარგები, მოგეხსენებათ მეტისმეტად წვრილი ვარ!“ „ვიცით!“ — პასუხობდნენ თითები და მახათს მაგრად უჭერდნენ ხელს. „ხომ ხედავთ, მთელი ამალა დამყვება!“ — ამბობდა მახათი მასში გაყრილი ძაფის დანახვაზე. ერთ დღეს თითებმა მახათი მზარეული ქალის ძველ ფეხსაცმელს გაუყარეს. ფეხსაცმელს ტყავი დახეოდა და უნდა გაეკერათ. „ფუი, რა უხეში სამუშაოა!“ — თქვა უკმაყოფილო მახათმა, — „ამას ვერ ავიტან. სადაცაა გავტყდები.“ და მართლაც, გატყდა კიდეც. „აკი ვამბობდი, მეტად ნაზი ვარ-მეთქი,“ — აღშფოთდა მახათი. „ახლა ეს აღარაფერში გამოდგება,“ — იფიქრეს თითებმა და მისი გადაგდება დააპირეს, მაგრამ მზარეულმა ქალმა ყუნწმოტეხილ მახათს ლუქი დაადო და ყელსახვევზე დაიბნია. „აი, ახლა გულსაბნევი ვარ!“ — თქვა მახათმა, — „მე ყოველთვის ვიცოდი, რომ პატივისცემა არ მომაკლდებოდა, რადგან სხვისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.“ და თავისთვის ჩაიცინა. არადა, მახათების სიცილზე ჯერ არავის არაფერი სმენია. თავისი თავით კმაყოფილი, ყელსახვევზე იჯდა და აქეთ-იქით ისე იყურებოდა, თითქოს ეტლით მგზავრობსო. „ნება მომეცით, გკითხოთ, თქვენ ოქროსი ხართ?“ — მიმართა მახათმა ერთხელ თავის მეზობელ ქინძისთავს, — „ერთობ ლამაზი ბრძანდებით, თანაც საკუთარი თავიც გაბიათ, ოღონდ ძალიან პატარა! ჩემო კარგო, ეგ თავი უნდა გაიზარდოთ, თორემ ყველა ხომ ვერ იშოვის ლუქის თავს!“ ამ დროს მზარეული ქალი ორმოში წყალს ასხამდა. მახათი უცებ ისე ამაყად გაიჭიმა, რომ ლუქი გაიხსნა და პირდაპირ ორმოში ჩავარდა. „შორეულ ნაოსნობაში გავემგზავრები, ოღონდ ახლა არ ჩავიძირო!“ — თქვა მახათმა, მაგრამ მაინც ჩაიძირა. „ეეჰ, მე ერთობ ნაზი ვარ, ამ ქვეყნისთვის არ ვარ გაჩენილი!“ — ამოიოხრა ორმოში მწოლიარე მახათმა, — „მაგრამ მე ვიცი ჩემი თავის ფასი, ეს კი ყოველთვის სასიამოვნოა.“ და რამდენადაც შეეძლო, წელში გაიმართა, რათა გუნება-განწყობა შეენარჩუნებინა. მის თავზე ათასგვარი ხარახურა დაცურავდა: ნაფოტები, ჩალა-ბულა, ქაღალდის ნაფლეთები... „ერთი შეხედეთ, როგორ მიცურავენ!“ — ამბობდა მახათი, — „მათ წარმოდგენა არ აქვთ, მე რომ აქ ვწევარ, ნამდვილი გულსაბნევი... აი, ნაფოტი მიცურავს. მერე რა, იცურე, იცურე!.. ნაფოტი ხარ და ნაფოტად დარჩები. შეხედე, როგორ ტრიალებს! ცხვირს მაღლა ნუ სწევ, ჩემო კარგო! წინ დაიხედე, თორემ ქვას დაეჯახები. ესეც გაზეთის ნაგლეჯი. ვერც გაარჩევ, შიგ რა წერია. არადა, როგორ იბღინძება!.. მე კი ჩუმად ვწევარ, მე ვიცი ჩემი თავის ფასი და ამას ვერავინ წამართმევს.“ ერთ დღეს მახათის გვერდით რაღაც თვალისმომჭრელად აციმციმდა; იფიქრა, უეჭველად ბრილიანტი იქნებაო. სინამდვილეში ის უბრალო ბოთლის ნატეხი იყო, რომელიც მზეზე ბრწყინავდა. მახათმა მასთან საუბარი გააბა. „მე გულსაბნევი ვარ! თქვენ კი ალბათ, ბრილიანტი ბრძანდებით.“ „დიახ, რაღაც ამის მსგავსი...“ — უპასუხა ბოთლის ნატეხმა. ორივე თავის თავს ძვირფას ნივთად თვლიდა და საუბრობდნენ იმაზე, თუ რა უმეცრება და ქედმაღლობა მეფობდა ამქვეყნად. „მე ერთი მზარეული ქალის კოლოფში ვცხოვრობდი,“ — დაიწყო მახათმა, — „თითოეულ ხელზე ხუთ-ხუთი თითი ჰქონდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ქედმაღლები იყვნენ ისინი. არადა, ჩემი კოლოფიდან ამოღება-ჩადების გარდა, სხვა საქმე არ ჰქონდათ.“ „რითი ამაყობდნენ? თავიანთი სინატიფით?“ — ჰკითხა ბოთლის ნატეხმა. „სინატიფითო? არავითარი სინატიფე მათ არ გააჩნდათ. ხუთი მკვიდრი ძმა, თუმცა სხვადასხვა სიმაღლის იყო, მაგრამ ყოველთვის მწკრივად იდგა. მხოლოდ ბოლო თითს, ცერას, ეჭირა თავი განზე; თავის დაკვრის დროს დანარჩენი ძმებივით სამად კი არ იხრებოდა, არამედ – ორად. სამაგიეროდ ტრაბახობდა, მე რომ მომჭრან, კაცს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებენო. მეორე თითი, სალოკი, ცხვირს ჰყოფდა ყველგან – ტკბილში თუ მჟავეში, ხან მზისკენ მიანიშნებდა და ხან მთვარისკენ. როცა მზარეული წერდა, სალოკი თითი კალამს აჭერდა. მესამე თითი, აყლაყუდა, ყველას ზემოდან დაჰყურებდა. მეოთხე თითს წელზე ოქროს ბეჭედი ჰქონდა შემორტყმული. ყველაზე პატარა თითს, ნეკას, თავი იმით მოჰქონდა, რომ საერთოდ არაფერს აკეთებდა. მათ იმდენი იბაქიბუქეს, რომ მე ორმოში გადავხტი.“ „სამაგიეროდ, ჩვენ აქ ერთად ვწევართ და ვბრწყინავთ,“ — თქვა ბოთლის ნატეხმა. ამ დროს ორმოში ბლომად წყალი ჩაასხეს. იგი თქრიალით მიასკდა ნაპირს და ბოთლის ნატეხი თან წაიღო. „ის წავიდა, გამეცალა!“ — ამოიოხრა მახათმა, — „მარტო დავრჩი! ეს იმიტომ, რომ მეტისმეტად წვრილი და წვეტიანი ვარ. მაგრამ ამით ვამაყობ, და ეს კეთილშობილური სიამაყეა!“ სიმივით გაჭიმული მახათი ორმოს ფსკერზე იწვა და ფიქრობდა: „იმდენად წვრილი ვარ, ალბათ, მზის სხივმა შემქმნა. ისეთი ნაზი ვარ, რომ თვით მამაჩემი, მზეც კი ვერ მპოულობს! ყუნწი რომ არ გამტეხოდა, ახლა უთუოდ ავტირდებოდი. მაგრამ არა, არა! ტირილი ხომ სირცხვილია!“ ერთხელ ორმოსთან ბავშვებმა მოირბინეს და წყალში ხელების ფათური დაიწყეს. ათასგვარ ხარახურას, თავიანთი აზრით კი, განძს ეძებდნენ. მალე თავიდან ფეხებამდე მოითხუპნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ეს მოსწონდათ. „ვაიმე!“ — წამოიძახა უცებ ერთმა, რომელსაც მახათი შეერჭო ფეხში, — „ეს რა უბედურებაა!“ „უბედურება კი არა, ქალიშვილი ვარ!“ — განაცხადა მახათმა, მაგრამ მისი ნათქვამი არავის გაუგონია. ძველ მახათს ვერც კი იცნობდით. ლუქი მოვარდნოდა და მთლად გაშავებულიყო. რადგან შავ სამოსში ყველა წერწეტა და წარმოსადეგი ჩანს, მახათსაც ახლა უწინდელზე უფრო მეტად მოსწონდა თავი. „შეხედეთ, კვერცხის ნაჭუჭი ტივტივებს!“ — წამოიძახეს ბავშვებმა. ნაჭუჭი დაიჭირეს, მახათი შიგ ჩაარჭვეს და გუბეში გადაუძახეს. „შავი თეთრ ფონზე ძალიან ლამაზად გამოიყურება!“ — თქვა მახათმა, — „ახლა უფრო შესამჩნევი ვიქნები. ნეტავ, ზღვის ავადმყოფობა არ შემეყრებოდეს. ისეთი ნაზი ვარ, ამას ვერ გადავიტან.“ მაგრამ მახათს ზღვის ავადმყოფობა არ შეყრია. „ზღვის ავადმყოფობა რომ არ შეგეყაროს, უეჭველად ფოლადის კუჭი უნდა გქონდეს და არასდროს ივიწყებდე, რომ შენ უბრალო მოკვდავი არ ხარ! აი, ახლა საღად ვაზროვნებ. რაც უფრო კეთილშობილი ხარ, მით უფრო მეტის ატანა შეგიძლია,“ — თქვა მახათმა. – ტრახ! – გაისმა კვერცხის ნაჭუჭის ტკაცანი. მას დატვირთულმა ურემმა გადაუარა. „ვაიმე, რა მძიმეა!“ — დაიყვირა მახათმა, — „ახლა გული ამერევა! ვერ გადავრჩები!“ მაგრამ გადარჩა! დატვირთული ურემი თვალს მიეფარა, უვნებელი მახათი კი კვლავ ქვაფენილზე ეგდო. ჰოდა, ეგდოს რამდენ ხანსაც უნდა.

მსგავსი ზღაპრები

  • ცეროდენა

    19 წუთი

  • მეფის ახალი სამოსი

    11 წუთი

  • ბულბული

    23 წუთი

  • მახინჯი იხვის ჭუკი

    20 წუთი

  • ზარმაცა

    9 წუთი

  • მფრინავი სკივრი

    17 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.