Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. პრანჭია პრინცესა
პრანჭია პრინცესა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:007:43

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ქართული ხალხური4 წლის

პრანჭია პრინცესა - ხალხური ზღაპარი

პატარა პრინცესა ლილესა და სოფლელი ლილუს მეგობრობის თბილი ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ სიკეთითა და მეგობრობით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია.

ხანგრძლივობა
8 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ bulbuli.ge-ს საავტორო აუდიო ზღაპარს, სახელწოდებით „პრანჭია პრინცესა“. ავტორი გვიამბობს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ ულამაზეს, ვარდისფერ სასახლეში ცხოვრობდა პატარა პრინცესა ლილე, რომელსაც ოჯახის წევრები ცივ ნიავს არ აკარებდნენ. მას მარტო არსად უშვებდნენ, ყველგან ბებია დაჰყვებოდა. დილითაც ბებო ტკბილად აღვიძებდა ხოლმე: „ადექი, ჩემო ლამაზო გოგო, უკვე გათენდა, ხელ-პირი დაიბანე და ჩაი დავლიოთ, ყველანი შენ გელოდებით“. ლამაზი პრინცესა გაიზმორებოდა, ადგებოდა და ხელ-პირს დაიბანდა. მერე სარკის წინ დგებოდა, თმას ივარცხნიდა პატარა სავარცხლით, იზომებდა ათასნაირ საბავშვო ყელსაბამს, სამაჯურს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადიოდა ოჯახის წევრებთან. მოკლედ, ძალიან პრანჭია ვინმე იყო. ერთხელაც ლილეს მობეზრდა ყოველდღიური ერთფეროვნება. ძალიან უყვარდა ოჯახის წევრები, მაგრამ უნდოდა, თავისი ტოლი მეგობრები ჰყოლოდა, მათთან ერთად ესეირნა და ეთამაშა. ერთ დილას პრინცესას რაღაც კაკუნმა გააღვიძა. ადგა, ფანჯარასთან მივიდა და დაინახა პატარა ჩიტუნია, რომელიც ნისკარტით მინაზე აკაკუნებდა, თითქოს შეშვებას სთხოვდა. ეწვალა ლილე, მაგრამ ფანჯრის სახელურს ვერ მისწვდა. ან რა გასაკვირია, ჯერ ხომ პატარა იყო! მერე სკამი მიიტანა, ზედ აბობღდა და ფანჯარაც გააღო, მაგრამ ჩიტი ოთახში არ შეფრინდა – ქვევით, მიწაზე დაჯდა და სკუპ-სკუპით ხტუნვა დაიწყო. ძალიან მოუნდა პრინცესას გარეთ გასვლა, მაგრამ ამას როგორ მოახერხებდა? უცებ, ფანჯრის ქვეშ, კედელზე მიდგმული ოქროსფერი კიბე დაინახა. ფანჯარაში ფრთხილად გადაძვრა, ჩუმად ჩაირბინა კიბის საფეხურები და თავი ეზოში ამოყო. ჩიტი კი შეუსვენებლად დახტოდა, თითქოს სადღაც ეპატიჟებოდა. ჰოდა, ლილეც დაუფიქრებლად გაჰყვა. ამ ხტუნვა-ხტუნვაში დიდი მანძილი გაიარეს, სასახლეს გასცდნენ და რომელიღაცა სოფლის ტყესთან აღმოჩნდნენ. ძალიან კარგი ამინდი იყო: მზე ანათებდა, ფრინველთა ხმა და ფოთოლთა შრიალი ერთმანეთს ენაცვლებოდა. უცებ ტყიდან სასიამოვნო სიმღერის ხმა მოისმა. ჩიტი და პრინცესა ამ ხმას გაჰყვნენ. ლილემ მცირე მანძილი გაიარა და შეჩერდა. ჩიტი კი წინ მიიწევდა, ხან ხეზე აფრინდებოდა, ხან ისევ მიწაზე დასკუპდებოდა. ამ დროს ლილეს თანატოლი გოგონა გამოჩნდა, რომელსაც ხისგან გამოთლილი მიკროფონი ეჭირა და მიდამოს სიმღერით ატკბობდა. ჩიტი სწორედ მასთან მივიდა და კალთაში ჩაუხტა. „მოხვედი, ჩემო საყვარელო ჩიტუნია? როგორ მომენატრე! სად იყავი ამდენ ხანს? შენ ხომ ყველაზე მეტად გიყვარს ჩემი სიმღერები?“ – სიყვარულით მიეფერა გოგონა ჩიტს. ლილე გაოცებული შეჰყურებდა მათ, მერე თვითონაც მიუახლოვდა: „გამარჯობა, მეგობარო, შენმა ჩიტმა მომიყვანა აქ. მე ლილე ვარ, შენ?“ უცნობმა გოგონამ გაიღიმა: „თითქმის ერთნაირი სახელები გვქვია. მე ლილუ ვარ, აქვე, ახლოს ვცხოვრობ. ბაბუაჩემი ფერმერია. სწორედ მან გამომითალა ხისგან ეს მიკროფონი, რადგან ძალიან მიყვარს სიმღერა“. პრინცესას გაუხარდა: „მე ნამდვილი მიკროფონი მაქვს სასახლეში, როცა ვმღერი, ყველგან ისმის ჩემი ხმა, წამოდი, გაჩვენებ“. „რა კარგია! ძალიან მაინტერესებს“, – შესძახა ლილუმ. „ჰოდა, ახლავე წავიდეთ, თან ბებომ არ იცის, აქ რომ ვარ და ინერვიულებს, რომ ვერ მნახავს“, – აჩქარდა ლილე. „წავიდეთ, ოღონდ ბაბუს გავაფრთხილებ“, – დაეთანხმა ახალი მეგობარი. გოგონები ფერმაში გაიქცნენ. „ბაბუ, ნახე, მე ახალი მეგობარი მყავს. თავისთან მეპატიჟება, სასახლეში... ხომ გამიშვებ?“ – ჰკითხა ლილუმ. „წადი, ბაბუ, ოღონდ სახლში მოსვლა არ დააგვიანო“, – დაარიგა კეთილმა ბაბუამ. გოგონებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და მხიარულად გაიქცნენ. ჩიტუნიაც მათ უკან მიფრინავდა. სასახლესთან შეშფოთებული ბებო დახვდათ. მან უსაყვედურა ლილეს: „რატომ არ გამაფრთხილე, რომ მიდიოდი? ხომ იცი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება?“ „მომწყინდა სულ სახლში ყოფნა, მეგობარი მინდოდა მყოლოდა, ჰოდა, აი, ამ ჩიტუნიამ მაპოვნინა. დღეიდან ლილუ ჩემი მეგობარი იქნება, ჩვენთანაც ხშირად მოვა ხოლმე, ხომ შეიძლება?“ – სთხოვა პრინცესამ. „რა თქმა უნდა, შეიძლება“, – ღიმილით მიუგო ბებომ და გოგონები ჩიტუნიასთან ერთად სასახლეში შეიყვანა. მერე უგემრიელესი ნამცხვარი გამოაცხო და გულუხვად გაუმასპინძლდა მათ. სადილის შემდეგ ლილემ მეგობარი პრინცესასთვის საგანგებოდ მოწყობილ სათამაშო ეზოში გაიყვანა, სადაც პატარა მანქანა იდგა. პრინცესამ მანქანის კარი გააღო და გვერდით მოისვა ლილუ და ჩიტი. მათ ლამაზ შადრევანს რამდენჯერმე შემოუარეს, თან ეზოს ათვალიერებინებდა ახალ მეგობარს. ბოლოს პრინცესამ ისინი თავის ოთახში შეიპატიჟა. „ეს ჩემი ოთახია, სადაც შენთვის ყოველთვის იქნება ადგილი. ეს კი ჯადოსნური სარკეა, ბაბუამ მითხრა, ამ სარკეში ის მეგობარი გამოჩნდება, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს და მოგენატრებაო. აქამდე მეგობარი არ მყავდა, ახლა შენ მყავხარ. ერთს შენ გაჩუქებ, მეორეს მე დავიტოვებ. როცა ერთმანეთი მოგვენატრება, სარკეში ჩავიხედოთ. ეს კი სათამაშო ფენია, როცა თოჯინებს ვაბანავებ, თმას ამით ვუშრობ, რომ არ გამიცივდნენ. აი, ამ მძივს კი შენ შეგაბამ კისერზე, ჩიტუნია, რადგან სწორედ შენ მაპოვნინე მეგობარი“, – უთხრა ლილემ. „ეს არის შენი მიკროფონი?“ – ლილუმ იქვე დადებულ ლამაზ მიკროფონზე ანიშნა პრინცესას. „კი, ეს არის, მოდი, ერთად ვიმღეროთ“, – შესთავაზა ლილემ. ჰოდა, გოგონები ისე ტკბილად მღეროდნენ, რომ ყველა გამვლელი ჩერდებოდა და მათ უსმენდა. დრო გადიოდა. ლილე და ლილუ ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. თუ მისვლას ვერ ახერხებდნენ, ჯადოსნურ სარკეებში იყურებოდნენ და მონატრებას ასე შველოდნენ. ლილუ ხანდახან ჩიტუნიას ატანდა წერილებს პრინცესასთან, ლილეც პასუხობდა. ამასობაში გოგონებმა უამრავი სიმღერა ისწავლეს და ხშირად, იმ თანატოლების დასახმარებლად, რომელთაც საშუალება არ ჰქონდათ, საქველმოქმედო კონცერტებს მართავდნენ. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით მათთვის საჩუქრებს ყიდულობდნენ და უფროსების დახმარებით ურიგებდნენ. გავიდა დრო და გოგონები გაიზარდნენ. პრინცესა ლილემ და ლილუმ თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისათვის მუსიკალური სტუდია გახსნეს და უკვე მათთან ერთად მართავდნენ კონცერტებს. ისინი ისეთი სამაგალითო მეგობრები იყვნენ, რომ მთელი ქვეყანა მათზე ლაპარაკობდა.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • ნაცარქექია

    7 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

    10 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.