Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. ხელმარჯვე ბიჭი
ხელმარჯვე ბიჭი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:005:27

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ქართული ხალხური4 წლის

ხელმარჯვე ბიჭი - ხალხური ზღაპარი

გაიცანით ნიკო, რომელსაც ძალიან სურს ხის სახლის აშენება. მოისმინეთ, როგორ დაეხმარება მას კეთილი მათე ბაბუა და როგორ აისრულებს პატარა ბიჭი თავის ოცნებას.

ხანგრძლივობა
5 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ჯიქურიძე, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ბულბული.ჯი-ს ავტორის მიერ დაწერილ მორიგ ჯადოსნურ ამბავს. ეს აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ხელმარჯვე ბიჭი“, ერთ საინტერესო თავგადასავალზე მოგვითხრობს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ პატარა, ლამაზ ქალაქში ერთი შეძლებული ოჯახი ცხოვრობდა. მათი ერთადერთი სევდა ის იყო, რომ შვილი არ ჰყავდათ. გავიდა დრო და ერთ დღეს ქვეყანას პატარა ნიკო მოევლინა. მამამ დიდი წვეულება გამართა – ახლომდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან სტუმრები მოიწვია. პატარა ნიკოს ცივ ნიავს არ აკარებდნენ. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვისებებით. ყოველთვის ცდილობდა, ყველაფერი თავად გაეკეთებინა, თუმცა სახლში ამის უფლებას არ აძლევდნენ – ეშინოდათ, დიდხანს ნანატრ შვილს რამე არ დაშავებოდა. ნიკო კი არ ისვენებდა, ხან რას მოჰკიდებდა ხელს, ხან – რას. მოკლედ, ძალიან ხელმარჯვე ბიჭი იზრდებოდა. შვიდი წლის რომ ხდებოდა, მამამ ჰკითხა: „ჩემო ბიჭო, დაბადების დღისთვის რა საჩუქარს ინატრებ?“ პატარამ დაუფიქრებლად უპასუხა: „მინდა, რომ ძალიან ბევრი ხელსაწყო-იარაღი მქონდეს და მე თვითონ ავაშენო პატარა ხის სახლი“. მამას გაუკვირდა. თავისი შვილი ამ მძიმე იარაღებით ხელში ვერ წარმოედგინა, ამიტომაც უთხრა: „ახლავე მოვიყვან მშენებელს და ზუსტად ისეთ სახლს აგიშენებს, როგორსაც ნატრობ. შენ რატომ უნდა იწვალო?!“ პატარა ნიკოს ძალიან ეწყინა მამის ნათქვამი და თვალები ცრემლით აევსო. ოთახიდან გავიდა, სახლის კიბეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა: წარმოიდგინა, რომ უამრავი ხელსაწყო-იარაღი ჰქონდა, ყველაფრის მოხმარება შეეძლო და პატარა ხის სახლსაც თავად აშენებდა მეგობრებთან ერთად. ამ ტკბილ ფიქრებში გართულს მოულოდნელად კეთილი მოხუცი – მათე მიუჯდა გვერდით. ის ნიკოს მამასთან ხელოსნად მუშაობდა. მათე ყველას ძალიან უყვარდა და ქალაქში დიდი თუ პატარა მოფერებით „მათე ბაბუს“ ეძახდა. „არ მინდა, ყველაფერს სხვები აკეთებდნენ, მე კი შორიდან ვუყურებდე. მინდა, ხელობა და ხელსაწყოების გამოყენება ვისწავლო. მერე კი ჩემი ხელით ავაშენებ ხის სახლს, სადაც მეგობრები ვითამაშებთ ხოლმე. მამა კი ამის უფლებას არ მაძლევს“, – შესჩივლა ნიკომ მოხუცს და თვალებზე კვლავ ცრემლი მოადგა. „დამშვიდდი, ჩემო პატარავ. მეც მყავს შენი ტოლი შვილიშვილი, ლუკა, მას ჩემს ხელობას ვასწავლი. მივალ, ვთხოვ მამაშენს, რომ კვირაობით ჩემს სახელოსნოში გამოგიშვას და ლუკასთან ერთად შეგასწავლი ხუროს ხელობას“, – უპასუხა მათე ბაბუმ ბიჭუნას. გახარებულ ნიკოს თვალები გაუბრწყინდა: „მათე ბაბუ, გეხვეწები, ახლავე მიდი მამასთან და სთხოვე, ძალიან სთხოვე, იქნებ, დაგთანხმდეს!“ ნიკოს მამას მათე ბაბუს თხოვნაზე უარი არ უთქვამს და ამ დღის შემდეგ პატარა ნიკო მის სახელოსნოში დიდი სიხარულით დადიოდა. მათე ბაბუც სიამოვნებით უხსნიდა ბიჭებს, რომელი ხელსაწყო როგორ უნდა გამოეყენებინათ: „ეს ჩაქუჩია, ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, შეიძლება თითზე დაირტყათ, აი, ასე უმიზნებთ ლურსმანს! ეს კი სახრახნისია, მას სხვადასხვანაირი თავი აქვს, გააჩნია, როგორია ხრახნი. ამ ქანჩით კი ჭანჭიკს ან მოუჭერთ, ან მოუშვებთ. ეს ხერხია. ხელი მაგრად უნდა მოჰკიდოთ, რომ ფიცრიდან არ აგიცურდეთ...“ ასე გულმოდგინედ უხსნიდა მათე ბაბუ ბავშვებს თითოეულ წვრილმანს. დრო გადიოდა, ნიკო და ლუკა ძალიან დამეგობრდნენ. ხელობაშიც ისე გაიწაფნენ, რომ ხელსაწყო-იარაღებს უკვე მათე ბაბუს დახმარების გარეშეც მარჯვედ იყენებდნენ. ნიკოს მამა დარწმუნდა, რომ მისი ვაჟი ნამდვილი ხელმარჯვე ბიჭი იყო. ამიტომ, გადაწყვიტა, დაბადების დღისთვის ზუსტად ის სურვილი შეესრულებინა, რაც შვილმა სთხოვა. ერთ საღამოს მამამ პატარა ნიკოს, მათე ბაბუსა და ლუკას თავის ოთახში უხმო და განუცხადა: „გადავწყვიტე, სახლის ეზოში მათე ბაბუს ავაშენებინო ხის სახელოსნო, სადაც კვირაობით ხელსაქმით დაინტერესებული ყველა ბავშვი ისწავლის ხელსაწყო-იარაღების გამოყენებას. ამ სახელოსნოს „მათე ბაბუს სახელოსნო“ ერქმევა.“ ნიკოსა და ლუკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიტყვა და საქმე ერთი იყო. ფიცრები მალევე მოიმარაგეს და სახელოსნოს მშენებლობას მეორე დღესვე შეუდგნენ. მათე ბაბუს პატარა მეგობრებიც ეხმარებოდნენ და ერთ თვეში ეზოში მშვენიერი სახელოსნო ააშენეს. კვირაობით ამ სახელოსნოდან ბავშვების მხიარული ჟრიამული ისმოდა. ხელმარჯვე ბიჭი კი სიცოცხლის ბოლომდე მათე ბაბუს მადლიერი იყო, რადგან მან ბავშვობის ყველაზე დიდი სურვილი აუსრულა! მათე ბაბუს სახელოსნოში კი, დღემდე უამრავი ხელმარჯვე ბავშვი ეუფლება ხუროს საინტერესო პროფესიას.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • ნაცარქექია

    7 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

    10 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.