უფროსი ძმა - ხალხური ზღაპარი
ქართული ხალხური ზღაპარი შრომისმოყვარე უფროს ძმასა და ზარმაც უმცროს ძმაზე. გაიგეთ, როგორ იხსნა ოჯახი შიმშილისგან პატიოსანმა შრომამ და ერთგულებამ.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, გოგა მოძმანაშვილი
ზღაპრის შესახებ
„ბულბული.ჯი“-ს (bulbuli.ge) ეს შესანიშნავი აუდიო ზღაპარი მოგვითხრობს ერთ ძველ, ქართულ ხალხურ ამბავს. ზღაპარი, რომლის სათაურიცაა „უფროსი ძმა“, გვასწავლის შრომის ფასსა და პატიოსნებას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი გლეხი. ჰყავდა ორი ვაჟიშვილი. უფროსი მშრომელი ყმაწვილი გახლდათ, უმცროსი კი – უქნარა და მუქთამჭამელი. რასაც მამა და უფროსი ძმა შოულობდნენ, უმცროსი ძმა ქარდაქარ ანიავებდა. ბევრი ურჩია მამამ, პატიოსან შრომას მოჰკიდე ხელიო, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. უმცროსი ძმა თავისას არ იშლიდა, მთელი დღე-ღამე დასეირნობდა და ქეიფობდა. ამხანაგებიც თავისი ჭკუისა ჰყავდა. დრო გავიდა. უფროსი ძმა დაქორწინდა. დაქორწინდა უმცროსიც. უფროსი რძალი ჭკვიანი გამოდგა, უმცროსი კი – სულელი. მეზობლები ამბობდნენ ხოლმე: „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. როგორი ქმარიც იყო, ისეთი ცოლიც შეხვდაო“. ერთ დღეს მამამ დაიბარა ძმები და უთხრა: „შვილებო, მე მოვხუცდი, სიკვდილი მომიახლოვდა. ჩემი წუთისოფელი შრომა-გარჯაში გავატარე, ჩემი ოფლი მიწას ერთვოდა და ისე გზრდიდით. ახლა ოჯახს ბარაქა აკლია. ორივე ხმაშეწყობილად არა ხართ. ჩემს მამულს იმას დავუტოვებ, ვინც იმდენ ღომსა და სიმინდს მოიყვანს, ოჯახსაც რომ ეყოს და სტუმარსაც!“ უფროსმა ძმამ ადრე გაზაფხულზე შეაბა უღელში ხარები და მიწა მოხნა. სიმინდი და ღომი ნაადრევად დათესა. უმცროსი ძმა კი არ ჩქარობდა. ამბობდა: „რა დროს თესვაა, ყანა სად გამექცევა, ჯერ კიდევ ადრეაო“. როცა უფროსი ძმა უკვე სიმინდის მარგვლას შეუდგა, უმცროსმა თესვაც ძლივს მოათავა. შემოდგომაზე მამამ ისევ დაიბარა შვილები და მოსავლის ამბავი გამოჰკითხა. უმცროსმა იცრუა: „დიდი მოსავალი მივიღე, ოჯახსაც ეყოფა და სტუმარსაც, მტერსაც და მოყვარესაცო!“ უფროსმა კი დაიმორცხვა და მამას სიმართლე უთხრა: „სამწუხაროდ, მწირი მოსავალი მოვიდა, გვალვამ ყანები გააფუჭა. ღომი ღომად ავიღე, სიმინდი – სიმინდად, მაგრამ ძალიან ცოტაა. თუ ახლა რამე არ ვიღონე, ოჯახი მშიერი დაგვრჩება“. ეს მამამ იწყინა, მუშაობა დაუწუნა. მამული ჩამოართვა და უმცროს შვილს გადასცა. უმცროსმა გაიხარა, თავი მაღლა აიღო და ყოყოჩობა დაიწყო. მაგრამ მამა მალე დარწმუნდა მის მკვეხარობაში. ღომსა და სიმინდს ვინღა ჩიოდა, ჩალაც კი ვერ მიიღო მისგან. ოჯახი გაღარიბდა, გამათხოვრდნენ და მოწყალებას ეძებდნენ. ბოლოს მამამ დაიბარა უმცროსი შვილი და უთხრა: „წადი, ვინმეს მოჯამაგირედ დაუდექი, ცოტა ღომი და სიმინდი იშოვე, თორემ მშივრები დავიხოცებით!“ უმცროსი ძმა წავიდა და მოჯამაგირედ დაუდგა ერთ მღვდელს. ძროხა უნდა ემწყემსა, თვეში კი სამი მანეთი მიეღო. წაიყვანა ერთ დღეს ძროხა საძოვრად. გამოვარდა ტყიდან მგელი, ეცა ძროხას, გამოღადრა კისერი და ჭამა დაუწყო. უმცროსი ძმა გულგახეთქილი გამოიქცა შინ. მას შემდეგ მღვდლისაკენ გახედვითაც აღარ გაუხედავს. „ასე და ასე იყო ჩემი საქმეო,“ – შესჩივლა მან მამას. მამამ ახლა უფროსი შვილი დაიბარა: „წადი, შვილო, ვინმეს მოჯამაგირედ დაუდექი, ცოტა ღომი და სიმინდი იშოვე, თორემ შიმშილით დავიხოცებით!“ ადგა უფროსი ძმა და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, შეხვდა ერთ მეცხვარეს. დაუდგა მოჯამაგირედ, თვეში უნდა მიეღო თითო ცხვარი. სამი თვის შემდეგ მეცხვარემ მისცა სამი ცხვარი, პატიოსანი მუშაობისათვის ფულითაც დაასაჩუქრა და შინ გაისტუმრა. ამ სამ თვეში ოჯახი კიდევ უფრო უკან წასულიყო. მამა დაავადებული და ლოგინად ჩავარდნილი დახვდა, უმცროსი ძმა კი – გამათხოვრებული. ყველას კუჭი ეწვოდა შიმშილით. უმცროს ძმას მამულები დაეყიდა, მაგრამ ოჯახისათვის მაინც ვერაფერი ეშველა. უფროსმა ძმამ თავისი ნაშრომი ცხვარი სახლში შეიყვანა და სასწაული მოხდა: ცხვარმა ერთ კუთხეში დადო რძე და კარაქი, მეორე კუთხეში – ყველი, მესამე კუთხეში – ხორცი, მეოთხე კუთხეში – მატყლი. შუა ოთახში კი თვითონ დადგა და სიღარიბეს დასჭყივლა: „გამეცალეო!“ ოჯახი მალე წამოდგა ფეხზე. სახლში ბარაქა დატრიალდა. უფროსი ძმა ერთგულად უვლიდა ცხვარს. მოხუცმა მამამ გადმოიხედა ლოგინიდან, დალოცა უფროსი შვილი და სუსტი ხმით უთხრა: „ასეა, შვილო, თუ მარჯვენას მოიხმარ, ბარაქა გექნება, უქნარას უქნარობაში ამოხდება სული. ოჯახის უფროსობა შენთვის დამილოცნია!“ შერცხვენილი უმცროსი ძმა კი იდგა მამის ლოგინთან და ყურები ჩამოეყარა. ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა.






