ლომი და კურდღელი - ხალხური ზღაპარი
მოუსმინეთ, თუ როგორ აჯობა პატარა და ჭკვიანმა კურდღელმა ავსა და ბრაზიან ლომს. საინტერესო ქართული ზღაპარი პატარებისთვის.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ჯიქურიძე
ზღაპრის შესახებ
მოგესალმებით! ეს არის საინტერესო აუდიო ზღაპარი „ლომი და კურდღელი“, რომლის ავტორიც თავად ქართველი ხალხია. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავი და ბრაზიანი ლომი. როცა მოშივდებოდა, მის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა – დაერეოდა მხეცებს და სულ მუსრს ავლებდა. იმ არემარის მხეცები ძალიან წუხდნენ, მაგრამ საშველი არ ჩანდა. ბოლოს, მეტისმეტად რომ გაუჭირდათ, ერთად შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს, – რა ვქნათ, რით გადავურჩეთ ლომის თავგასულობასო. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყვიტეს: „ლომს სამუდამო სარჩო დავუნიშნოთ, რომელსაც ჩვენვე მივართმევთ, სანაცვლოდ კი ვთხოვოთ, დაგვეხსნას და ყოველდღე ნუღარ აგვაწიოკებსო.“ წავიდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება ლომს მოახსენეს. თან ისიც უთხრეს, თუ ასე არ მოიქცევი, იძულებულნი გავხდებით აქედან სხვა მხარეს გადავიხვეწოთო. ლომი დათანხმდა, თუმცა გააფრთხილა: „იცოდეთ, ერთი წუთითაც რომ დამიგვიანოთ საჭმლის მოტანა, დაგეცემით და ერთიანად გაგჟლეტთ.“ ამ დღიდან იმ არემარეში სიმშვიდე გამეფდა. მხეცებს ყოველდღე რიგრიგობით მიჰყავდათ ლომთან თითო ცხოველი და ისიც აღარ მძვინვარებდა. ბოლოს ჯერი კურდღელზე მიდგა. საცოდავს, ან რომელიმე მხეცი უნდა მიეყვანა ლომისთვის, ან თავად უნდა მისულიყო. ჰოდა, რაკიღა ვერავის მიყვანას ვერ შეძლებდა, იძულებული გახდა თავად წასულიყო. მხეცებს შეებრალათ სუსტი და უმწეო კურდღელი და გულისტკივილით გააცილეს. კურდღელს კი შიშის არაფერი ემჩნეოდა. „ნუ დარდობთ, ძმებო და მეგობრებო,“ – უთხრა წასვლისას მხეცებს, – „ლომს ისეთ ოინს ვუზამ, რომ მეც გადავრჩები და თქვენც სამუდამოდ მოგაშორებთ.“ მხეცებს გაუკვირდათ, ამ სუსტმა და მშიშარა კურდღელმა ლომს რა უნდა უყოსო, მაგრამ კურდღელი მაინც თავისას გაიძახოდა: „ისე მოვსპობ, რომ დღეიდან იმისი სახსენებელიც აღარ იყოს.“ მშიერი ლომი სარჩოს კბილებაკაწკაწებული ელოდა. არადა, კურდღელი ლომის ბუნაგს დილამდე არ გაჰკარებია. განრისხებული ლომი ის-ის იყო ბუნაგიდან გამოსვლას და მხეცების დასასჯელად წასვლას აპირებდა, რომ უცებ კურდღელიც გამოჩნდა, შორიახლოს ჩამოჯდა და თავმდაბლად მიესალმა. ლომმა მრისხანედ შეხედა და შეუტია: „სად ხარ აქამდე, შე ელამო და ელმის შვილო, რატომ წუხელ არ მოეთრიე?“ კურდღელმა მიუგო: „დიდო ბატონო, თქვენთან ერთი მსუქანი კურდღელი მომყავდა, მაგრამ გზაზე სხვა ლომი შემომხვდა, ის კურდღელიც წამართვა და მეც ძლივს გადავურჩი ცოცხალი.“ აღშფოთებით დაიქუხა ლომმა: „რაო? სხვა ლომი შემხვდაო? ვინ გაბედა ჩემს საბრძანებელში შემოსვლა, ახლავე წამიყვანე და მაჩვენე!“ კურდღელმა უთხრა: „აქვე ახლოს, ჭაში ზის.“ ლომმა დაიღრიალა: „აბა წამიყვანე და ნახავ, რას ვუზამ!“ გაუძღვა კურდღელი ლომს, მიიყვანა ჭასთან და უთხრა: „აი, ბატონო, ამ ჭაში ზის, მაგრამ მეშინია, მარტო ვერ ჩავიხედავ, შენ ამიყვანე და ერთად ჩავიხედოთ.“ აიყვანა ლომმა კურდღელი და ჩაიხედა ჭაში. ჭის ფსკერზე ფაფარაყრილი ლომი დაინახა, რომელსაც თათებში კურდღელი ეჭირა. ლომი ვერ მიხვდა, რომ ჭის გამჭვირვალე წყალში მისივე გამოსახულება ჩანდა. იფიქრა, ჩემს საბრძანებელში უცხო ლომი შემოჭრილა და ჩემთვის განკუთვნილი ულუფა მიისაკუთრაო. ჰოდა, სიბრაზისგან მთლად ცეცხლი მოეკიდა. კურდღელს იმავე წამს თათი გაუშვა და კბილებდაკრეჭილი ჭაში თავდაყირა გადაეშვა. მაგრამ იქ არც ლომი დახვდა და არც ნადავლი კურდღელი. აი თვითონ კი დაიხრჩო. გაიგეს მხეცებმა ეს ამბავი და კურდღელს ათასი მადლობა გადაუხადეს. ჭირი – იქა, ლხინი – აქა. ქატო – იქა, ფქვილი – აქა.






