ობოლი და ქოსატყუილა - ხალხური ზღაპარი
გაიგეთ, როგორ აჯობა გონიერმა ობოლმა ცბიერ ქოსატყუილას. ეს სახალისო ქართული ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ სიბრძნით ნებისმიერი უსამართლობის დაძლევა შეიძლება.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ჯიქურიძე
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ცნობილ ქართულ ხალხურ ზღაპარს. ეს შესანიშნავი აუდიო ზღაპარი, რომლის სათაურიცაა „ობოლი და ქოსატყუილა“, ერთ ჭკუის სასწავლებელ და სახალისო ამბავს მოგვითხრობს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი საბრალო ობოლი, უქონელი და უყოლელი. ერთხელ როგორღაც ერთი ტომარა მარცვლის შოვნა მოახერხა და დასაფქვავად წისქვილში წაიღო. ამ დროს წისქვილში ქოსატყუილაც მივიდა – ისიც მარცვლის დასაფქვავად. მან წასვლის დროს ობოლს უთხრა: „მოდი, შინ ერთად წავიდეთ.“ „ძალიან კარგი,“ — დაეთანხმა ობოლი. გზაში ქოსატყუილამ ჰკითხა: „იცი, რა ვქნათ?“ „რა?“ — დაინტერესდა ბიჭი. „რა და ჩემი ფქვილი მოვზილოთ, შენი საფანლად ვიხმაროთ და გემრიელი კვერები გამოვაცხოთ.“ „ძალიან კარგი,“ — უპასუხა ობოლმა. მივიდნენ ობლის სახლში. ქოსატყუილას ფქვილისგან მოზილეს ცომი, ობლის ფქვილი საფანლად მოაყარეს, ჩააკრეს თონეში და დაბრაწული კვერები ამოყარეს. ქოსატყუილას ძალიან მოეწონა კვერები, შეჭმა მარტომ მოინდომა და ობოლს ეშმაკურად შესთავაზა: „მოდი, ვინც უკეთეს ტყუილს იტყვის, კვერებიც იმას დარჩეს.“ „ძალიან კარგი,“ — მშვიდად დაეთანხმა ობოლი. ჯერ ქოსატყუილამ დაიწყო: „ერთი ბატი გვყავდა. პაპაჩემის გაზრდილი გახლდათ. ისეთი კარგი რამ იყო, რომ მთელ ოჯახს გვინახავდა. სახნავი იყო, სათიბი თუ მგზავრობა, სულ ის დაგვყავდა. შევაჯდებოდი ზედ და ხან მინდორში დავაჭენებდი, ხან – მთებზე. ერთხელ ტყეში მივაჭენებდი ჩემს ბატს. უცებ, ვხედავ, მშიერი ტურა არ გამოხტა?! ეცა ბატს და გვერდი სულ მოაჭამა. ბატი ძირს დავარდა და სულს ღაფავდა. მაშინვე ჩემს ჭკუას ვუხმე, მოვჭერი ხე, დავგრიხე წნელი, გავუკერე იმით გვერდი, მოვასულიერე და სახლისკენ გავაჭენე. აბა, ახლა შენი ჯერია, ობოლო, დაიწყე!“ — დაამთავრა ქოსატყუილამ და ნიშნისმოგებით გადახედა ბიჭს. ობოლმა დინჯად დაიწყო: „მამაჩემს ასი სკა ფუტკარი ჰყავდა, მუდამდღე თავს დასტრიალებდა, უვლიდა და ითვლიდა. ერთხელაც დაითვალა ფუტკრები და ერთი აკლდა. დავიწყეთ ძებნა. აქეთ ვეძებეთ, იქით ვეძებეთ და ბოლოს ვიპოვეთ. თურმე ფეხი მოსტეხოდა და ზღვის გაღმა დარჩენილიყო. ვიღაც ავაზაკებს დაეჭირათ, გუთანში შეებათ და ახვნევინებდნენ. ამის დანახვაზე მამაჩემი ძალიან გაჯავრდა – ვინ მოგცათ ამის უფლება, ეს ხომ ჩემი ფუტკარიაო. ისინი უარზე დადგნენ, გინდა თუ არა, ჩვენიაო... ერთი სიტყვით, ატყდა ორომტრიალი. ბოლოს მამაჩემმა ფუტკარს ყურზე ჩაავლო ხელი და ასე ცდილობდა მის წამოყვანას. ამ დროს ფუტკარს კისერი მოსწყდა და თავი ხელში შერჩა. მაშინვე ამოიღო მამაჩემმა ჯიბიდან ნიგოზი, მოუსვა კისერზე ფუტკარს და მოაბა თავი. იმ ადგილას ნიგვზის ხე ამოვიდა. ხე მალევე გაიზარდა და ნაყოფიც გამოიღო. ყოველ წელს იმდენ კაკალს ვბერტყავდი, რომ ვყიდდი კიდეც. ერთხელ კაკალს ყვავი შემოეჩვია და სულ გააჩანაგა. ესროლა მამაჩემმა ყვავს ბელტი და ხეზე არ შერჩა?! გაიზარდა ეს ბელტი და სახნავ-სათიბ მიწად იქცა. გავაშენეთ ზედ ვენახი. ისე კარგად ვუვლიდით, რომ ვაზებზე მტევნები სულ წითლად ღვიოდა. დადგა რთველის დრო და დღედღეზე უნდა დაგვეკრიფა ვენახი, მაგრამ ერთმა მელამ ისე გაგვიოხრა და გაგვიტიალა, რომ ყურძნის მთელ მოსავალზე ხელი აგვაღებინა. ბოლოს ვთქვი: წავალ დავიჭერ და სულ კუდით ქვას ვასროლინებ-მეთქი. თქმა და შესრულება ერთი იყო – ვიპოვე ხვრელი, საიდანაც მელა ძვრებოდა ხოლმე, დავჯექი და დავუწყე ლოდინი. ერთიც ვნახოთ, რაღაც მოდის... მე თან გული მისკდება შიშით, თან ვფიქრობ, ნეტავ დამაჭერინა-მეთქი. მართლა მელა არ იყო?! ვტაცე კუდში ხელი და დავიჭირე. ვდრუზე და ვდრუზე სახრე, გავუსვი და გამოვუსვი. მოკლედ, გული კარგად მოვიოხე. რამდენჯერაც დავარტყამდი, იმდენჯერ ყრიდა პირიდან ბარათებს...“ „რაო? ბარათებსო? მერე, მერე, რა ეწერა იმ ბარათებში?“ — სულსწრაფად შეაწყვეტინა სიტყვა ქოსატყუილამ. „რაო და, ობოლს – კვერები, ქოსატყუილას კი – თხის კუდი,“ — ღიმილით მიუგო ობოლმა. რა ექნა ქოსატყუილას? მიხვდა, რომ ობოლმა გაცილებით დიდი ტყუილით აჯობა. გაწბილებულმა უკან დაიხია და უსიტყვოდ დაუთმო გამომცხვარი კვერები მოხერხებულ და ჭკვიან ობოლს.






