Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. ქურდობის ოსტატი
ქურდობის ოსტატი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0013:50

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები4 წლის

ქურდობის ოსტატი - ხალხური ზღაპარი

ძმები გრიმების ზღაპარი მოხერხებულ ქურდზე, რომელმაც გრაფის სამი ურთულესი დავალება შეასრულა და სიკვდილს გადაურჩა.

ხანგრძლივობა
14 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მოძმანაშვილი, გიორგი ჯიქურიძე

ზღაპრის შესახებ

ძმები გრიმების ეს ცნობილი აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ქურდობის ოსტატი“, მოგვითხრობს ერთი უჩვეულო და მოხერხებული ყმაწვილის ამბავს. ერთხელ, ერთი ღარიბული სახლის წინ, მძიმე სამუშაოთი დაღლილი მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა სულის მოსათქმელად. უეცრად მათ წინ ოთხცხენიანი, საუცხოო ეტლი შეჩერდა, საიდანაც მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა გადმოვიდა. გლეხი მიუახლოვდა და თავაზიანად ჰკითხა, თუ რით შეეძლო მომსახურებოდა. უცნობმა მოხუცს ხელი თბილად ჩამოართვა და უთხრა: „მინდა სოფლის კერძი გავსინჯო. კარტოფილი მომიმზადეთ და თქვენთან ერთად მივირთმევ“. გლეხის ცოლი მაშინვე შევიდა სამზარეულოში და კარტოფილის გათლა დაიწყო. „შვილები არ გყავთ, რომ დაგეხმარონ?“ — ჰკითხა უცნობმა მოხუცებულს. „ერთი ბიჭი მყავდა. ჭკვიანიც იყო და მოხერხებულიც, მაგრამ ცუდად სწავლობდა და მუდამ რაღაცას აშავებდა. ბოლოს სახლიდან გაიქცა და მას მერე არ გამოჩენილა,“ — ამოიოხრა მოხუცმა. „იცნობდით, რომ შეგხვედროდათ?“ — დაინტერესდა ახალგაზრდა. „სახეზე ცნობა გამიჭირდებოდა, მაგრამ მხარზე ხალი აქვს,“ — მიუგო მამამ. ამ სიტყვებზე უცნობმა სამოსი გაიხადა და ხალი უჩვენა. „ნამდვილად ჩემი ბიჭი ხარ!“ — შესძახა გახარებულმა მოხუცმა, — „ერთი ეს მითხარი, როგორ მოახერხე გადიდკაცება და გამდიდრება?“ „მამაჩემო, მე ქურდი ვარ, უფრო სწორად, ქურდობის ოსტატი. ჩემთვის არ არსებობს არც ბოქლომი და არც საკეტი. რაც მომესურვება – ჩემია. მე ჩვეულებრივი ქურდივით არ ვიქცევი, მხოლოდ მდიდრებს ვპარავ, ვისაც ყველაფერი თავზესაყრელად აქვს, ღარიბებს კი იქით ვეხმარები,“ — უპასუხა შვილმა. „ეჰ, ჩემო ბიჭო, ეგ საქმე მაინც არ მომწონს. ქურდი მაინც ქურდია. ამას კეთილი ბოლო არ ექნება,“ — თქვა მოხუცმა და ყმაწვილი დედასთან მიიყვანა. დედამ შვილის დაბრუნების ამბავი რომ გაიგო, სიხარულისგან ატირდა, თუმცა საქმიანობა მანაც დაუწუნა. ყველანი სუფრას მიუსხდნენ. ყმაწვილმა მშობლებთან ერთად მიირთვა უბრალო, თუმცა მონატრებული კერძი. მამამ გააფრთხილა: „თუ გრაფმა გაიგო, ვინ ხარ და რას საქმიანობ, სახრჩობელაზე ჩამოგკიდებს“. „მამა, ნუ წუხხარ, ხელსაც არ მახლებს, რადგან ჩემი საქმე კარგად ვიცი. დღესვე თავად ვეახლები,“ — დაამშვიდა შვილმა. საღამოს ქურდობის ოსტატი ეტლში ჩაჯდა და გრაფთან წავიდა. გრაფმა პატივისცემით მიიღო, რადგან ეგონა, ვიღაც დიდი კაციაო, მაგრამ როცა უცნობმა თავი გააცნო, გრაფი დაიბნა და ერთხანს ხმა არ ამოუღია. ბოლოს უთხრა: „რადგან ტრაბახობ, ქურდობის ოსტატი ვარო, შენი ხელობა უნდა გამოვცადო. თუ ნათქვამი ვერ გაამართლე, მაშინ ჯალათი თოკზე დაგწერს ჯვარს და ყვავების ჩხავილი იქნება შენი ქორწილის სიმღერა“. „ბატონო გრაფო, დამავალეთ ყველაზე უფრო ძნელი სამი ქურდობა. თუ ვერ შევასრულებ, რაც გენებოთ, ის მიქენით,“ — თამამად მიუგო ყმაწვილმა. გრაფი ჩაფიქრდა და თქვა: „პირველი: საჯინიბოდან უნდა მოიპარო ჩემი ცხენი; მეორე: მე და ჩემს მეუღლეს ძილის დროს ისე უნდა გამოგვაცალო ზეწარი და ჩემს მეუღლეს ისე უნდა მოაძრო თითიდან ბეჭედი, რომ ვერაფერი გავიგოთ; მესამე და უკანასკნელი – ეკლესიიდან უნდა მოიპარო მღვდელი და მნათე. კარგად იფიქრე და მერე დამთანხმდი, რადგან შენი სიკვდილ-სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული“. ქურდობის ოსტატი დათანხმდა, მერე კი მეზობელ სოფელში ჩავიდა. იქ ვიღაც დედაკაცისგან სამოსი იყიდა და მოირგო. შემდეგ სახე ისე შეინიღბა საღებავებით, რომ ვერავინ იცნობდა. ბოლოს აიღო ღვინით სავსე პატარა კასრი, რომელშიც საძილე წამალიც იყო შერეული, ზურგზე გაიდო და ნელი ნაბიჯებით წავიდა გრაფის სასახლისკენ. იქ რომ მივიდა, უკვე დაღამებული იყო. ეზოში ერთ ქვაზე ჩამოჯდა და ჭლექიანივით ხველება დაიწყო. საჯინიბოს კარის წინ კოცონს შემოსხდომოდნენ გუშაგები. ერთ-ერთმა ის შენიშნა და გასძახა: „ბებო, მოდი და გათბი. უთუოდ ღამის გასათევი არ გაქვს და სადაც მოხვდები, იქ რჩები!“ დედაბერი ბაჯბაჯით მივიდა მათთან, სთხოვა კასრი ჩამომაღებინეთო და ცეცხლს მიეფიცხა. გუშაგმა ჰკითხა: „რა გაქვს მაგ კასრში, მოხუცო?“ „კარგი ღვინოო,“ — მიუგო დედაბრის ხმით ქურდმა, — „ღვინის ვაჭრობით ვირჩენ თავს და თქვენც ჩამოგირიგებთ თითო ჭიქას, თუ გადამიხდით“. ერთმა ჯარისკაცმა გასინჯა ერთი ჭიქა ღვინო, მეორეც მოითხოვა და მეგობრებს გასძახა: „მოდით, დააგემოვნეთ ამ მოხუცის ღვინო, იგი ცეცხლზე მეტად გაგათბობთ!“ დედაბერმა კასრი საჯინიბოში შეიტანა. იქ ერთი მეჯინიბე იჯდა გრაფის შეკაზმულ ცხენზე, მეორეს აღვირი ეჭირა, მესამე კი კუდს ჩასჭიდებოდა. დედაბერმა უსხა და უსხა ღვინო მეჯინიბეებს, სანამ არ გამოილია. ცოტა ხნის შემდეგ ჯერ ერთ მეჯინიბეს გაუვარდა ხელიდან აღვირი, ძირს დაეცა და ხვრინვა ამოუშვა; მერე მეორეს, მესამეს კი ზედ უნაგირზე ჩაეძინა. გარეთ მყოფ ჯარისკაცებსაც ღრმად ეძინათ. ქურდობის ოსტატმა, აქაოდა ბედმა გამიღიმაო, ჯერ ერთ მეჯინიბეს მისცა ხელში აღვირის ნაცვლად თოკი, მერე მეორეს – ცხენის კუდის ნაცვლად ბზის კონა. მაგრამ რა უნდა ექნა მესამისთვის, რომელიც ცხენზე იჯდა? ცხენიდან ვერ გადმოაგდებდა, რადგან გაიღვიძებდა. ოსტატმა აქაც იპოვა გამოსავალი: ცხენს მოსართავები მოხსნა, უნაგირს თოკები შემოუჭირა და საჯინიბოს კედელზე დაამაგრა. ასე ასწია მეჯინიბე და უნაგირი ზევით, შემდეგ თოკები სვეტზე მაგრად დაახვია. ცხენს სასწრაფოდ ახსნა ჯაჭვი, ფლოქვებზე ძველი ნაჭრები დაახვია და უხმოდ გაიყვანა გრაფის ეზოდან. დილით ქურდობის ოსტატი მოპარული ცხენით მიადგა გრაფის სასახლეს. გრაფი ფანჯრიდან იყურებოდა. „დილა მშვიდობისა, ბატონო გრაფო, აქ გახლავთ საჯინიბოდან გაყვანილი ცხენი, ისიც ნახეთ, როგორ ტკბილად სძინავთ თქვენს გუშაგებს!“ — შესძახა ქურდმა. გრაფმა სიცილი ვერ შეიკავა: „ამ ერთხელ შენმა ხერხმა გასჭრა, მაგრამ მეორეჯერ ბედი არ გაგიღიმებს. გაფრთხილებ, თუ ოდესმე ქურდობის დროს ჩამივარდები ხელში, ისე მოგექცევი, როგორც ქურდს!“ ძილის წინ გრაფმა ცოლს უთხრა: „ყველა კარი დაკეტილია, მე არ დავიძინებ და ქურდს ვუდარაჯებ. თუ ქურდი ფანჯარას მოადგება, იქვე გავაგორებ“. ქურდობის ოსტატი ამ დროს სახრჩობელასთან მივიდა, ვიღაც სიკვდილმისჯილის სხეული ჩამოხსნა და ზურგით წაიღო სასახლეში. გრაფის საძინებელს კიბე მიადგა, მკვდარი მხრებზე შეისვა და ისე დაიწყო კიბეზე ასვლა. როცა იმდენად აიწია, რომ მკვდრის თავი ფანჯარაში გამოჩნდა, გრაფმა დამბაჩა ესროლა. ქურდმა სხეული მაშინვე ქვევით გადააგდო, კიბე ჩაირბინა და მიიმალა. მთვარიანი ღამე იყო და ქურდმა კარგად დაინახა, როგორ ავიდა ფანჯარაზე გრაფი, როგორ ჩავიდა კიბეზე და მიცვალებული ბაღში გაათრია, სადაც ორმოს ამოთხრა დაიწყო მის დასამარხად. ქურდმა დრო იხელთა, კიბეზე ავიდა და გრაფინიას ქმრის ხმით უთხრა: „ჩემო კარგო, ქურდი მოვკალი, მაგრამ ის უფრო ეშმაკი იყო, ვიდრე ბოროტმოქმედი. არ მინდა საქვეყნოდ თავი მოვჭრა, მშობლებიც მეცოდებიან. ამიტომ თვითონ დავმარხავ ბაღში გათენებამდე. მომეცი ზეწარი, გვამს გავახვევ და ძაღლივით მაინც ჩავაგდებ მიწაში“. გრაფინიამ ზეწარი მიაწოდა. ქურდმა განაგრძო: „იცი, ის უბედური ბეჭედს ემსხვერპლა. მინდა სულგრძელობა გამოვიჩინო და ბეჭედი საფლავში ჩავატანო“. გრაფინიას ენანებოდა ბეჭედი, მაგრამ ქმარს უარი ვერ უთხრა. ქურდმა ზეწარი და ბეჭედი წაიღო და სანამ გრაფი ბაღში გვამის დამარხვას მორჩებოდა, შინ წავიდა. წარმოიდგინეთ, როგორ სახეს მიიღებდა გრაფი მეორე დილით, ქურდობის ოსტატის დანახვაზე. შეშინებულმა ჰკითხა: „შენ ჯადოქარი ხომ არ ხარ? საფლავიდან ვინ ამოგიღო? მე ხომ ჩემი ხელით დაგმარხე. ვინ გაგაცოცხლა?“ „მე თქვენ არ დაგიმარხივართ, ის სახრჩობელადან ჩამოღებული ვიღაც დამნაშავე იყო,“ — აუხსნა ყმაწვილმა. გრაფი იძულებული გახდა მისი მოხერხებულობა ეღიარებინა, თუმცა გააფრთხილა: „ჯერ საქმე არ დაგიმთავრებია. თუ მესამე დავალებას ვერ შეასრულებ, თავს მაინც წააგებ“. იმ ღამეს ქურდმა ზურგზე გადაიკიდა გრძელი ტომარა, იღლიაში ამოიდო რაღაც შეკვრა, ხელში აიღო ფარანი და სოფლის ეკლესიისკენ გასწია. ტომარაში კიბოები ჰყავდა, შეკვრაში კი მოკლე თაფლის სანთლები. ქურდი დაჯდა სასაფლაოზე, ამოიყვანა კიბო, მიაწება თაფლის სანთელი, აანთო და გაუშვა. ასე გაუშვა ყველა კიბო ანთებული სანთლებით. შემდეგ ჩაიცვა ბერის ანაფორა და ყბებზე რუხი წვერი მიიკრა. აიღო ცარიელი ტომარა, შევიდა ეკლესიაში და კარის წინ დადგა. კოშკის საათმა თორმეტი რომ დარეკა, ქურდმა გამყინავი ხმით დაიწყო ქადაგება: „ისმინეთ, ცოდვილნო ადამის შვილნო! მოვიდა აღსასრული ყოვლისა, დადგა განკითხვის დღე, ისმინეთ! ისმინეთ! მსურველნო ცათა აღსვლისა, შედით ტომარასა ამას შინა! მე ვარ პეტრე, რომელიც აღებს და ჰხურავს კარსა სასუფევლისასა. გაიხედეთ, სასაფლაოზე მიცვალებულნი დაძრწიან და ძვლებს აგროვებენ. მოდით და შეძვერით ტომარასა შინა! ქვეყანა იქცევა!“ ეს ხმა თითქმის მთელ სოფელში გაისმა. მღვდელი და მნათე ეკლესიასთან ყველაზე ახლოს სახლობდნენ და სხვებზე ადრე მივიდნენ. როცა დაინახეს სასაფლაოზე მოძრავი მრავალი სინათლე, მნათემ მღვდელს უთხრა: „კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევით ვისარგებლებთ და განკითხვის დღის დადგომამდე, ადვილად შევალთ სასუფეველში“. მღვდელი დაეთანხმა. კარიბჭესთან რომ მივიდნენ, ქურდმა ტომარა ჯერ მას წამოაცვა თავზე, მერე მნათეს, მაგრად მოუკრა თავი და სამტრედეში დატოვა. მეორე დილით ქურდი მივიდა გრაფთან და მესამე დავალების შესრულება აუწყა. „მერე სად არიან?“ — ჰკითხა გაოცებულმა ბატონმა. „ისინი ტომარაში მყავს დამწყვდეული, ტომარა კი სამტრედეშია,“ — უპასუხა ყმაწვილმა. გრაფი თვითონ ავიდა სამტრედეში და როცა ქურდის ნათქვამში დარწმუნდა, ჯერ მღვდელი და მნათე გაათავისუფლა, მერე კი ქურდს უთხრა: „შენ მართლა ქურდობის მეფე ყოფილხარ. ამჯერად ცოცხალს დაგტოვებ, მაგრამ ჩემს სამფლობელოს მოშორდი, თორემ თუ აქ კიდევ გნახავ, სახრჩობელა არ აგცდება!“ ქურდების მეფე თავის მშობლებს დაემშვიდობა და სიკვდილამდე სოფელ-სოფელ დახეტიალობდა. ამის შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.