ხუთკუნჭულა - ხალხური ზღაპარი
მოუსმინეთ სახალისო ქართულ ზღაპარს მოხერხებულ ხუთკუნჭულაზე, რომელმაც ავი დევი დაამარცხა. საინტერესო აუდიო ზღაპარი პატარებისთვის აპლიკაციაში ბულბული.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ანა ზამბახიძე
ზღაპრის შესახებ
„ბულბულის“ პატარა მსმენელებო, დღეს ერთი ძალიან საინტერესო ქართული ხალხური აუდიო ზღაპარი უნდა გიამბოთ, რომლის სათაურიცაა „ხუთკუნჭულა“. ზღაპრის ავტორი თავად ქართველი ხალხია და ის საუკუნეების მანძილზე პირმშვენიერი ბავშვებისთვის იქმნებოდა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ღარიბი ცხრა ძმა. ხშირად ნახევრად შიმშილობდნენ. ბოლოს, თქვეს: „წავიდეთ, მოჯამაგირედ დავუდგეთ ვინმეს, ეგებ დღიური ლუკმა მაინც ვიშოვოთო.“ იარეს, იარეს და ერთ ქვეყანაში მივიდნენ. გზად ერთი დევი შემოხვდათ. დევმა ჰკითხა: „სად მიდიხართო?“ „გვინდა მოჯამაგირედ დავუდგეთ ვინმეს!“ – უპასუხეს ძმებმა. დევმა ისინი მოჯამაგირედ აიყვანა. მას ცხრა ქალი, უთვალავი ძროხა და ცხენი ჰყავდა. იმ ღამეს დევმა ძმებს კარგად აჭამა და დააწვინა. თვითონ კი მათ დაძინებას დაელოდა. რვა ძმამ მალევე დაიძინა, უმცროსი ხუთკუნჭულა კი ფხიზლად იყო, სულ დევზე ეჭირა თვალი. „დაგეძინათ?“ – დაუძახა დევმა. „არა!“ – უპასუხა ხუთკუნჭულამ. „რა არ გაძინებს?“ – გაუკვირდა დევს. „შენი ბატების ყიყინი!“ – მიუგო ბიჭმა. მაშინვე წავიდა დევი, გადაყლაპა ბატები და ცოტა მოიცადა. „დაგეძინა, თუ ისევ გღვიძავს?“ – იკითხა კვლავ. „მღვიძავს!“ – არ ნებდებოდა ხუთკუნჭულა. „რა არ გაძინებს?“ „შენი ძროხების ბღავილი!“ – უპასუხა პატარა ძმამ. წავიდა დევი, გადაყლაპა ყველა ძროხა და დაბრუნდა. „ახლა ხომ დაგეძინა?“ „არა!“ „რა არ გაძინებს?!“ – დაიქუხა გაცეცხლებულმა დევმა. „შენი ცხენების ჭიხვინი!“ – გასძახა ხუთკუნჭულამ. დევი ახლა ცხენების შესაჭმელად წავიდა. ამ დროს ადგა ხუთკუნჭულა, აიღო დევის ქალიშვილების ტანსაცმელი და ძმებს ჩააცვა, ძმების ტანსაცმელი კი – დევის ქალებს, და თავი მოიმძინარა. მოვიდა დევი, დაუარა თავის შვილებს, რომლებიც ძმები ეგონა და წყალში გადაყარა. გამთენიისას, სანამ დევი გაიღვიძებდა, ძმებმა ხიდს იქით გადასვლა მოასწრეს. დევმა დილით თავის ქალებს მიაკითხა და მათი ლოგინები ცარიელი რომ დახვდა, მიხვდა რაც ჩაიდინა. გამწარებულმა თავში ხელი შემოირტყა და ხუთკუნჭულას ლანძღვა-გინებით გაეკიდა. ხიდთან რომ მივიდა, გაბრაზებულმა დაიძახა: „ხუთკუნჭულავ, გამასწარ ხიდსა?“ „გაგასწარ და თვალიც მოგთხარე!“ – გამოსძახა ხუთკუნჭულამ. ის ხიდი დევისა და ერთი ხელმწიფის სამფლობელოს საზღვარი იყო. იმ ხელმწიფის შიშით დევი ხიდზე ვერ გადადიოდა და გაწბილებული შინ დაბრუნდა. ძმები კი იმ მეფეს დაუდგნენ მოჯამაგირედ. დრო გადიოდა, ძმებს შურდათ, რომ მეფე ხუთკუნჭულას ყველაზე მეტად სწყალობდა და მისი თავიდან მოშორება მოინდომეს. ერთხელაც მეფეს უთხრეს: „ერთ დევს მოლაპარაკე თხა ჰყავს, რასაც ნახავს ან გაიგონებს, ყველაფერს ამბობს. აბა თუ ვაჟკაცია, ხუთკუნჭულამ ის თხა მოიყვანოს!“ თხა სწორედ იმ დევის იყო, ვისთანაც ძმები მოჯამაგირედ იყვნენ. მეფემ დაიბარა ხუთკუნჭულა და თხის მოყვანა უბრძანა. რას იზამდა ბიჭი, წავიდა თხის მოსაყვანად. მივიდა დევის სახლში და დაენახვა თხას. „ხუთკუნჭულა! ხუთკუნჭულა!“ – ატეხა თხამ ერთი ამბავი. გავიდა გარეთ დევი, ეძებს ხუთკუნჭულას, მაგრამ ამაოდ – ის კარს უკან იმალება. ასე განმეორდა სამჯერ. ბოლოს გაბრაზდა დევი და თხა გარეთ გააგდო. თუმცა, გულმა რეჩხი უყო – ეგება, ის ოხერი ხუთკუნჭულა მართლაც აქ იყო და თხა მომტაცაო. გაიხედა გარეთ და რას ხედავს, ხუთკუნჭულა თხას უკვე ხიდზე მიარბენინებს! გაეკიდა გამწარებული დევი, მაგრამ მოხერხებულმა ბიჭმა ხიდზე გადასვლა ამჯერადაც მოასწრო. მიუყვანა ხუთკუნჭულამ მეფეს თხა. ეს, რასაკვირველია, ძმებს ვერაფრად ეპიტნავათ, მივიდნენ მეფესთან და მორიგი ინტრიგა ააგორეს: „დიდებულო მეფევ, მაგ თხის პატრონს ისეთი ძვირფასი ხალიჩა აქვს, რომ მისი ბადალი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება!“ მეფემ ახლა ხალიჩის მოტანა უბრძანა ხუთკუნჭულას. აიღო ჭკვიანმა ბიჭმა ერთი მუჭა ნემს-მახათი და გზას გაუდგა. დევის სახლს რომ მიადგა, ფრთხილად შეიპარა ოთახში, სადაც ხალიჩა იყო დაგებული და შიგ ნემსები ჩაარჭო. მოვიდა დევი, დაჯდა ხალიჩაზე და მაშინვე საშინელი ჩხვლეტა იგრძნო. იქით გაიწია – იქით შეერჭო, აქეთ გამოიწია – აქეთაც შეერჭო. ბოლოს გამწარებულმა ხალიჩა გარეთ მოისროლა. გახარებულმა ხუთკუნჭულამ მაშინვე დასტაცა ხელი ხალიჩას და ხელმწიფისკენ გაქანდა. ბოროტი ძმები შურისგან სკდებოდნენ. მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: „ხუთკუნჭულამ მაგ თხისა და ხალიჩის პატრონიც რომ მოიყვანოს, კაი სეირი იქნება!“ ხუთკუნჭულას მეფემ ახლა ამ დევის მოყვანა უბრძანა. რას იზამდა, გამოეწყო ხუროს ტანსაცმელში, შეაგროვა იარაღები და დევის სახლისკენ გასწია. მოულოდნელად დევს ტყეში შეეჩეხა. დევმა დაუძახა: „ვააა, ეს შენ ხარ ხუთკუნჭულა?“ „რას ამბობ კაცო, რის ხუთკუნჭულა, რა ხუთკუნჭულა, ერთი ღარიბი ხურო ვარ. იმ საზიზღარ ხუთკუნჭულას ვშველოდი, მაგრამ არაფერი მომცა და გამომაგდო,“ – მიუგო ბიჭმა. დევმა დაუჯერა: „შენ კაი ხელობა გეცოდინება, რას გააკეთებ საკვირველს?“ „მე ისეთ კიდობანს გავაკეთებ, შიგ რომ ჩაჯდები, ფიცარსაც ვერ გააგდებინებ,“ – უპასუხა ხუთკუნჭულამ. „აბა, გააკეთე!“ – დაინტერესდა დევი. საჩქაროდ შეკრა კიდობანი ხუთკუნჭულამ და დევს უთხრა: „აბა, ჩაძვერი, ერთი ვნახოთ, რა ვაჟკაციცა ხარ?!“ ჩაძვრა დევი. ხუთკუნჭულამ სასწრაფოდ დააჭედა კიდობანს თავი, ზურგზე მოიკიდა და მეფესთან წავიდა. დევის სანახავად უამრავი ხალხი შეიკრიბა, ხუთკუნჭულა კი გაიქცა. თან წაიღო ერთი მარილის ქვა და ყველაზე მაღალ ხეზე აძვრა. კიდობანს თავი ახადეს თუ არა, გააფთრებული დევი ამოვარდა, დაერია ხალხს და ყველა ერთიანად მიყლაპ-მოყლაპა. ბოლოს ხის კენწეროზე ჩიტივით შემომჯდარ ხუთკუნჭულასაც მიაგნო და გააფთრებულმა დაუძახა: „ხუთკუნჭულავ, მანდ როგორ ახვედი?“ „ამ მარილის ქვას ხომ ხედავ? გულზე დავიდე და ამოვფრინდი,“ – გამოსძახა ბიჭმა. „სად ვიშოვო მაგისთანა ქვა?“ – იკითხა სულელმა დევმა. „გულაღმა დაწექი, მე ჩამოგიგდებ, გულზე დაგეცემა თუ არა, ამოხტები!“ დაუჯერა დევმა ხუთკუნჭულას და გულაღმა დაწვა. ხუთკუნჭულამ ჩამოაგდო მარილის ქვა, დაეცა და ორად გახლიჩა ბრიყვი დევი. ასე გახდა მოხერხებული და ჭკვიანი ხუთკუნჭულა ქვეყნის ბატონ-პატრონი. ხელმწიფისა და დევის ქონებაც მას დარჩა და სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრობდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.






