Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. კატისა და თაგვის მეგობრობა
კატისა და თაგვის მეგობრობა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:005:52

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები3 წლის

კატისა და თაგვის მეგობრობა - ხალხური ზღაპარი

მოუსმინეთ ძმები გრიმების ზღაპარს კატისა და თაგვის უცნაურ მეგობრობაზე. გაიგეთ, რატომ დაარქვეს კნუტებს უცნაური სახელები და რა ბედი ეწია საზამთრო მარაგს.

ხანგრძლივობა
6 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ნატა ბერეჟიანი, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ცნობილი მწერლების, ძმები გრიმების საოცარ ისტორიას. ეს არის ახალი, საინტერესო აუდიო ზღაპარი, რომლის სახელია „კატისა და თაგვის მეგობრობა“. ერთხელ, ერთმა ცბიერმა კატამ გაიცნო გულუბრყვილო თაგვი და იმდენი ელაქლაქა მისდამი სიყვარულსა და მეგობრობაზე, რომ ბოლოს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებაზე დაითანხმა. „მარაგზე თუ ახლავე არ ვიზრუნებთ, ზამთარში შიმშილით დავიხოცებით. ოღონდ, შენ ყველგან ვერ წამომყვები, ერთხელაც იქნება ხაფანგში გაებმები,“ — უთხრა კატამ. თაგვი დათანხმდა და სანოვაგისთვის ერთი ქოთანი ქონი იყიდეს, მაგრამ არ იცოდნენ, სად შეენახათ. ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ კატამ თქვა: „ეკლესიაზე უკეთესი ადგილი არსად მეგულება, იქიდან მოპარვას ვერავინ გაბედავს. საკურთხევლის ქვეშ დავდგათ და ხელი არ ვახლოთ, სანამ არ გაგვიჭირდება.“ ქოთანი საიმედო ადგილას კი მიიტანეს, მაგრამ მსუნაგ კატას მალე მოუნდა ქონის შეჭმა და თაგვს უთხრა: „იცი რა, თაგუნია, ნათლიდედამ დამპატიჟა, ახლახანს თეთრი, ყავისფერწინწკლებიანი ვაჟი შესძენია. მე უნდა მოვნათლო, მოდი, მე წავალ, შენ კი აქაურობას მიხედეო.“ „ჰო, წადი! ღმერთი იყოს შენი შემწე. კარგი იქნება თუ მეც გამიხსენებ. ნათლობის ნაკურთხ ღვინოს მეც სიამოვნებით დავლევდი და ვაჟის დედას ვადღეგრძელებდი,“ — მიუგო კეთილმა თაგვმა. ეს ყველაფერი ტყუილი იყო. კატას არც ნათლიდედა ჰყავდა და არც ნათლიად დაუპატიჟებია ვინმეს. იგი ეკლესიაში წავიდა, მიეპარა ქონით სავსე ქოთანს და თავი მთლიანად ამოლოკა. შემდეგ ქოთანს თავი ისევ მოუკრა და კმაყოფილმა ქალაქის შენობების სახურავებზე გაისეირნა, მზეზე ინებივრა და მხოლოდ გვიან ღამით დაბრუნდა შინ. „როგორც იქნა, მოხვედი. გეტყობა, კარგი დრო გაატარე. ბავშვს რა დაარქვეს?“ — ჰკითხა თაგვმა. „მართალი ხარ, კარგი დრო გავატარე. ბავშვს კი თავმოტვლეპილა დავარქვით!“ — უპასუხა ცბიერმა კატამ. „უცნაური და იშვიათი სახელია, განა თქვენს გვარში ასეთი სახელი მიღებულია?“ — გაუკვირდა თაგუნიას. „სალაპარაკოდაც არ ღირს. ეს სახელი სულაც არ არის, ვთქვათ, ციცქნაპარიაზე უარესი, როგორც შენს ნათლულებს ჰქვიათ,“ — განუმარტა კატამ. მალე კატა ისევ აიტანა ქონის შეჭმის დაუძლეველმა ჟინმა და თაგვს უთხრა: „პატივი დამდე, ოჯახს მოუარე, ისევ ნათლიად დამპატიჟეს, აუცილებლად უნდა წავიდე, კნუტს კისრის გარშემო შავი ზოლი ჰქონია და უარი ვერ ვთქვიო.“ კეთილი თაგუნია ახლაც დათანხმდა. მსუნაგი კატა კი ქალაქის გალავანში გაძვრა, ეკლესიაში შევიდა და ნახევარი ქოთანი ქონი ამოსვლიპა. „რასაც მარტო შეჭამ, ის შეგერგებაო,“ — გაიფიქრა კმაყოფილმა. ამჯერადაც გვიან დაბრუნდა შინ. თაგვმა მაშინვე ჰკითხა: „ბავშვს რა დაარქვესო?“ „ნახევარა!“ — მოკლედ მოუჭრა კატამ. „ასეთი სახელი არ გამიგონია!“ — კვლავ გაიკვირვა თაგვმა. ცოტა ხანში კატას ისევ მოადგა ნერწყვი გემრიელი საჭმლის გახსენებაზე და თაგვს მიმართა: „სამობით არის ყველა კარგი საქმე. კიდევ ნათლიად დამპატიჟეს; კნუტი სულ შავია და მხოლოდ თათები აქვს თეთრი. ასეთი რამ იშვიათად ხდება, ამიტომ უარი ვერ ვუთხარი, თანახმა ხარ რომ წავიდე?“ თაგვი დათანხმდა და სანამ კატა დაბრუნდებოდა, სახლი გულდასმით მიალაგ-მოალაგა. მსუნაგმა კატამ კი ქოთანი მთლიანად ამოსვლიპა. „ქოთანში აღარაფერია და მეც დავმშვიდდიო,“ — გაიფიქრა გამძღარმა და მუცელგაბერილმა კატამ. ამჯერადაც გვიან ღამით დაბრუნდა შინ. თაგვმა მაშინვე ჰკითხა: „რა დაარქვეს შენს ნათლულს?“ „ეს სახელი არ მოგეწონება, ძირმოტვლეპილა დავარქვითო.“ „თავმოტვლეპილა, ნახევარა, ახლა ძირმოტვლეპილა! მართლაც უცნაურია, არც მსმენია და არც არსად წამიკითხავს,“ — თქვა ჩაფიქრებულმა თაგვმა, თავი გააქნია და დაიძინა. ამის შემდეგ კატა ნათლიად აღარავის დაუპატიჟია. დადგა ზამთარი. გარეთ საკვები აღარ იშოვებოდა, თაგვმა მარაგი გაიხსენა და კატას უთხრა: „წავიდეთ, ჩვენს ქოთანს მივაკითხოთ და პირი ჩავიტკბარუნოთ.“ „ოო, ეგ ისეთივე გემრიელი იქნება, როგორც შენი ნაზი ტანი,“ — ჩაილაპარაკა კატამ და ორივე ეკლესიის გზას გაუდგა. ქოთანი თავის ადგილზე იდო, თუმცა სრულიად ცარიელი იყო. „აააა-ჰაააა ახლა ყველაფერი გასაგებია. ვხედავ, როგორი მეგობრობა გცოდნია. ეს შენ ამოჭამე ქონი, ვითომ ნათლიად რომ დადიოდი: თავმოტვლეპილა, ნახევარა, ძირმოტვლეპი...“ მშიერმა კატამ სიტყვა არ დაასრულებინა, ერთი ნახტომით დაიჭირა გულუბრყვილო თაგვი, გადაყლაპა და თქვა: „რას ვიზამთ, ასეა ქვეყანა მოწყობილი.“ ასე დასრულდა კატისა და თაგვის უცნაური მეგობრობის ამბავი.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.