გულადი თერძი - ხალხური ზღაპარი
ძმები გრიმების საოცარი ზღაპარი საზრიან და გაბედულ თერძზე, რომელმაც მოხერხებულობით დევებიც დაამარცხა და მეფის ტახტიც მოიპოვა.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ქურთუბაძე, გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ანა ზამბახიძე
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ძმები გრიმების საოცარ ისტორიას. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელად „გულადი თერძი“, მოგვითხრობს ერთ უბრალო, მაგრამ ძალიან საზრიან და გამბედავ ბიჭზე. ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას თერძი თავის მაგიდასთან იჯდა ფანჯრის წინ. მხიარულ ხასიათზე იყო და გამალებით კერავდა. ამ დროს ქუჩაში ერთი სოფლელი დედაკაცი გამოჩნდა, მოდიოდა და იძახდა: „აბა, კარგი თაფლი, აბა, კარგი თაფლი!“ თერძს გალობასავით ჩაესმა ყურში ეს სიტყვები, გამხდარი თავი ფანჯარაში გაჰყო და გადასძახა: „ზემოთ ამოდი, თუ გინდა უცებ გაყიდო მთლიანად.“ დედაკაცმა რის ვაი-ვაგლახით აათრია მძიმე კალათი მესამე სართულზე, შევიდა თერძთან, ამოალაგა ქილები და წინ დაუწყო. თერძმა შეათვალიერა თაფლი, ყველა ქილა სათითაოდ აიღო ხელში, დაყნოსა და ბოლოს თქვა: „ნამდვილად კარგი თაფლი ჩანს, ამიწონე ოთხასი გრამი, უფრო ნაკლებიც რომ იყოს არა უშავს რა.“ დედაკაცს გული მოუვიდა, რადგან ეგონა, ესაა და მთელი თაფლი გავასაღეო; აუწონა ოთხასი გრამი და ბუზღუნით გაბრუნდა უკან. „ღმერთო, დალოცე ეს თაფლი, ძალა და სიმტკიცე შემმატეო,“ წამოიძახა თერძმა, განჯინიდან პური გამოიღო, ქერქი მოაცალა და თაფლი წაუსვა. „იფ, რა იქნება! მაგრამ მოდი, ჯერ საქმეს მოვათავებ და მერე უფრო გემრიელად შევჭამ,“ თქვა თერძმა, პური მაგიდაზე დადო და კერვა განაგრძო. სიხარულისგან სულ უფრო შორს და შორს უყრიდა ნემსს. ამასობაში ოთახში ტკბილი თაფლის სუნი დატრიალდა და მალე ჭერამდეც მიაღწია. ჭერზე ბუზების მთელი ლაშქარი იჯდა. როგორც კი თაფლის სუნი ეცათ, დაბლა დაეშვნენ და თაფლწასმულ პურს დაასხდნენ. „თქვენ, ეი, ვინ მოგიწვიათ?“ შესძახა თერძმა და გარეკა დაუპატიჟებელი სტუმრები. მაგრამ ბუზებმა გერმანული არ იცოდნენ და მალე უკანვე დაბრუნდნენ, თან ამხანაგებიც წამოიყოლეს. მაშინ კი, როგორც იტყვიან, მოთმინების ფიალა აევსო თერძს. ბრაზმორეული წაწვდა რაღაც ნაჭერს და შეჰყვირა: „მე თქვენ გიჩვენებთ სეირს!“ შეუბრალებლად მოუქნია და როდესაც ნაჭერი აიღო, მაგიდაზე შვიდი მოკლული ბუზი ეგდო. „ბიჭოს, რა ყოჩაღი ვყოფილვარ!“ წამოიძახა თავისი ვაჟკაცობით გაკვირვებულმა თერძმა და გადაწყვიტა ეს ამბავი მთელი ქალაქისთვის ეცნობებინა. ფაცაფუცით გამოჭრა ქამარი, შეკერა და ზედ დიდი ასოებით ამოქარგა: „ერთი დარტყმით მოვკალ შვიდი!“ ბოლოს კი გადაწყვიტა: „მარტო ქალაქი რას მიქვია, მთელ ქვეყანას უნდა გავაგებინო ეს ამბავი!“ თან სიხარულისგან გული ბატკნის კუდივით უთამაშებდა. შემოირტყა თერძმა ქამარი და დაადგა შორ გზას, რადგან ფიქრობდა, რომ პატარა სახელოსნო მის სიმამაცეს არ შეეფერებოდა. გამგზავრებამდე სახლი მიჩხრიკ-მოჩხრიკა, იქნებ ისეთი რამე ვიპოვო, რაც გზაში გამომადგებაო. ერთი ნატეხი ყველის მეტი ვერაფერი აღმოაჩინა. აიღო ყველის ნატეხი და ჩაიდო ჯიბეში. ჭიშკართან ჩიტი დაინახა, ბუჩქებში გახლართულიყო, დაიჭირა, ჩაისვა ჯიბეში და უშიშრად გაუდგა გზას. დაღლით არ იღლებოდა ჩვენი თერძი, რადგან ძალიან გამხდარი იყო. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ მთას მიადგა. ავიდა მთის წვერზე. ხედავს, ერთი უშველებელი დევი ზის და მშვიდად ათვალიერებს მიდამოს. გულადი თერძი უშიშრად მიუახლოვდა დევს და უთხრა: „დილა მშვიდობისა, ძმობილო, რას ჩამომჯდარხარ აქ და ათვალიერებ სოფელ-ქვეყანას? სამოგზაუროდ მივდივარ, ბედი მინდა ვცადო, თუ გინდა წამომყევიო.“ დევმა ზიზღით გადმოხედა და უთხრა: „მომწყდი თავიდან, შე კაცის ჭირო!“ „ვერ მოგართვესო,“ უპასუხა თერძმა, გაიხსნა ქურთუკი და ქამარი უჩვენა, „წაიკითხე და გაიგებ, რა კაციც ვარ!“ დევმა წაიკითხა: „ერთი დარტყმით მოვკალ შვიდი!“ ალბათ შვიდი კაცი თუ მოკლაო, გაიფიქრა და, ცოტა არ იყოს, მოწიწება იგრძნო ჩია თერძისადმი. მაგრამ გადაწყვიტა მაინც გამოეცადა. აიღო ქვა, მოუჭირა ხელი და წყალი გამოადინა. „მიდი, აბა, შენც სცადე, ვნახოთ ერთი, რა ღონის პატრონიც ხარ.“ „სულ ეს არისო? ამაზე ადვილი რაღაა!“ თქვა თერძმა, ამოიღო ჯიბიდან ყველის ნატეხი და ისე მოუჭირა ხელი, რომ წვენი სულ წურწურ-წურწურით გამოადინა. დევს არ ეგონა, ამ კაცუნას ასეთი ღონე თუ ექნებოდა და აღარ იცოდა, რა ეთქვა. აიღო ქვა, მოიქნია და იმ სიმაღლეზე აისროლა, რომ ძლივსღა ჩანდა. „აბა, შე ჭინჭრაქავ, ვნახოთ რა ბიჭი ხარ!“ „კარგად კი ისროლე, მაგრამ უკანვე ჩამოვარდა, მე კი მაგაზე მძიმე ხეს ავწევ.“ მიიყვანა ერთ უზარმაზარ მოჭრილ მუხასთან და უთხრა: „თუ ღონიერი ხარ, მოდი ეს ხე გამატანინე ტყიდანო.“ „დიდი სიამოვნებით, შენ ხის ტანი ასწიე, მე კი ტოტებს ავწევ, ეს უფრო ძნელია,“ მიუგო თერძმა. გაიდო მხარზე დევმა ხის ტანი, თერძი კი ერთ ტოტზე ჩამოჯდა. მიდიოდა დევი, თავის მობრუნებას ვერ ახერხებდა; რას იფიქრებდა, რომ თერძი მუხაზე იყო შემოსკუპებული. გამხიარულებულმა თერძმა სიმღერა შემოსძახა, თითქოს იმოდენა ხის თრევა მისთვის უბრალო გართობა ყოფილიყოს. ცოტა გზა რომ გაიარეს, დევი დაიღალა და თქვა: „მეტი აღარ შემიძლია, მოდი, დავაგდოთ.“ თერძი მკვირცხლად ჩამოხტა, ორივე ხელი ხეს ჩასჭიდა, ვითომ აქამდეც მე მომქონდაო, და დევს უთხრა: „ამოდენა მუტრუკი ხეს როგორ ვერ ერევი!“ განაგრძეს გზა. ცოტა რომ გაიარეს, დევმა ერთი ალუბალი მოზნიქა და თერძს მიაწოდა, მიირთვიო. თერძს, აბა, იმდენი ღონე სად ჰქონდა, რომ ალუბალი დაემაგრებინა; გაიმართა ხე და ისიც თან აიყოლა. თერძი ჩამოვარდა, მაგრამ არაფერი სტკენია. „რა დაგემმართა, ნუთუ იმოდენა ძალა არა გაქვს, რომ ეს წნელი დაიჭიროო?“ ჰკითხა დევმა. „ძალის მეტი რა მაქვს, ხომ არ გგონია, ეს ძნელი საქმე იყოს ისეთი კაცისთვის, რომელიც ერთი დარტყმით შვიდსა ჰკლავს. ქვემოდან მონადირეებმა ტყვიები დაუშინეს ბუჩქებს და ხეზე იმიტომ ავხტი, თუ ვაჟკაცი ხარ, შენც ახტი.“ დევი ახტა, მაგრამ ტოტებში გაიჭედა. თერძმა აქაც აჯობა. ბოლოს დევმა უთხრა: „თუ ასეთი ყოჩაღი ბიჭი ხარ, სტუმრად მეწვიე და ჩემს გამოქვაბულში გაათიე ღამე.“ თერძი დაეთანხმა და გაჰყვა. გამოქვაბულში რამდენიმე დევი დახვდათ. ისხდნენ ცეცხლის პირას, თითო ცხვარი ეჭირათ ხელში და ვახშამობდნენ. თერძმა მიმოიხედა და გაუკვირდა: „ჩემს სახელოსნოში რა სივიწროვეა და აქ კი რამხელა დარბაზები ყოფილაო.“ დევმა საწოლი უჩვენა და უთხრა იქ დაეძინა, მაგრამ საწოლი მეტისმეტად დიდი იყო და თერძი შიგ არ ჩაწოლილა, ერთ კუთხეში მიიყუჟა და გაინაბა. შუაღამისას დევმა იფიქრა, სტუმარი ალბათ ღრმა ძილში იქნებაო, წამოდგა, აიღო უზარმაზარი რკინის კეტი და ერთი დარტყმით ჩაამტვრია საწოლი – როგორც იქნა, გავსრისე ეს ჭიაო. დევებს სტუმარი სულ დაავიწყდათ. მეორე დღეს, ინათლა თუ არა, ტყისკენ გაემართნენ. ცოტა ხანში დაინახეს, რომ გულადი თერძი მათკენ არხეინად მიდის, ვითომც აქ არაფერიო. დევებს თავზარი დაეცათ, „ახლა კი მოვიდა ჩვენი აღსასრულის დღეო“, იფიქრეს და ცხრა მთას იქით გადაიკარგნენ. თერძი კი გზას განაგრძობდა. იარა, იარა და ბოლოს ერთ სასახლეს მიადგა. ამასობაში გვარიანად დაიღალა. შევიდა სასახლის ეზოში, დაწვა ბალახზე და დაიძინა. ამ დროს ხალხმა გამოიარა. შეათვალიერ-შემოათვალიერეს მძინარე თერძი და ქამარზე წარწერა წაიკითხეს: „ერთი დარტყმით მოვკალ შვიდი!“ „ალბათ ეს არის, ვინც არიოს, მაგრამ ასეთი ვაჟკაცი ამ მშვიდობიან დროს ნეტავ რამ მოიყვანა?“ ხალხმა ყველაფერი მეფეს მოახსენეს და ურჩიეს: „არსად გაუშვა, ომი თუ დაიწყო, დიდ სამსახურს გაგვიწევს.“ მეფეს ჭკუაში დაუჯდა მათი რჩევა და თერძს ვეზირი გაუგზავნა – როდესაც გაიღვიძებს, სთხოვე, ჩემს ლაშქარში იმსახუროსო. დაადგა თავზე ვეზირი მძინარე გმირს, დიდხანს ელოდა მის გაღვიძებას და ბოლოს, როდესაც თერძი გაიზმორა და თვალები გაახილა, მეფის დანაბარები მოახსენა. „სწორედ მაგისთვის ჩამოვედი, სიამოვნებით ვემსახურები მეფეს!“ უპასუხა თერძმა. დიდი პატივით მიიღეს სასახლეში და საგანგებო ბინა მიუჩინეს, მაგრამ მეფის მეომრებს არ უყვარდათ და სულ იმის ცდაში იყვნენ, როგორმე თავიდან მოეშორებინათ. ამბობდნენ: „ეს რაღა გამოვიდა, ჩხუბი რომ მოგვივიდეს, შვიდს ერთი დარტყმით მოგვკლავს. ვინაა მაგის გამძლები?“ ბოლოს შეიკრიბნენ, მეფესთან მივიდნენ და მოახსენეს: „სამსახურიდან დაგვითხოვეთ, თქვენო უდიდებულესობავ, აბა რა გასაჩერებელი ვართ ისეთი კაცის გვერდით, რომელიც ერთი დარტყმით შვიდსა ჰკლავს?“ დაღონდა მეფე, ერთი კაცის გამო ამდენი თავდადებული მებრძოლის დაკარგვა არ უნდოდა. არა და თერძის დათხოვნასაც ვერ ბედავდა: „ვაი, თუ ყველანი ამოგვჟლიტოს და ტახტი დაისაკუთროსო.“ იფიქრა მეფემ, იფიქრა და ბოლოს ერთი ხერხი მოიგონა – შიკრიკის პირით თერძს შეუთვალა: „რაკი ასეთი მამაცი ყოფილხარ, ერთი საქმე უნდა დაგავალო და შემისრულე. ჩემს სამეფოში ერთი ტყეა, რომელშიც ორი დევი ცხოვრობს. დადიან ეს დევები, ძარცვავენ და ხოცავენ ხალხს, ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს, რაც კი თვალში არ მოუვათ და სამეფოს დიდ ზიანს აყენებენ. არავინაა მათი დამძლევი. ვინც კი მიუახლოვდება, ყველას კლავენ. წადი, შეებრძოლე იმ დევებს და თუ დაამარცხებ, ჩემს ქალს მოგათხოვებ და ნახევარ სამეფოსაც მზითევში მოგცემ და ას მხედარს მშველელად გაახლებ.“ „მისწრება არ იქნება ჩემისთანა კაცისთვის? მეფის ქალი და ნახევარი სამეფო სწორედ რომ კარგი რამ არის, ასეთი ბედი განა ყოველდღე მიადგება კაცს კარზე!“ გაიფიქრა თერძმა და მეფის შიკრიკს მიუგო: „ადვილი სამსახურია, ასი მხედარი საჭირო არ არის. ვინც ერთი მოქნევით შვიდს კლავს, იმას ორი ყაჩაღი როგორ შეაშინებს!“ თერძი საბრძოლველად გაემართა. ყოველი შემთხვევისთვის, უკან ასი მხედარი მიჰყვებოდა. ტყის ნაპირს რომ მიაღწიეს, შემობრუნდა თერძი და მხლებლებს უთხრა: „აქ დამელოდეთ, დევებს მარტო გავუსწორდებიო.“ მერე შევიდა ტყეში, მიმოიხედა და ორი დევი დაინახა. ერთი ხის ძირში ეძინათ და ისე ხვრინავდნენ, რომ ხის ტოტები ირხეოდა. თერძმა არ დაახანა, ჯიბეები ქვებით აივსო და ხეზე აცოცდა. შუაწელს რომ მიაღწია, გავიდა ერთ ტოტზე, ჩამოჯდა დევების პირდაპირ და ერთ მათგანს მკერდში ქვები დაუშინა. დევმა ერთხანს ვერაფერი გაიგო, ბოლოს გამოეღვიძა, ხელი ჰკრა ამხანაგს და უთხრა: „რადა მცემ?“ „მე არა გცემ, ალბათ დაგესიზმრა,“ მიუგო ამხანაგმა. გადაბრუნდნენ და ისევ ძილს მისცეს თავი. თერძმა ახლა მეორე დევს ესროლა ქვა. „რატომ მესვრი?“ უსაყვედურა დევმა ამხანაგს. „მე არ მისროლია!“ მიუგო უკმაყოფილო ამხანაგმა. დევებმა ერთხანს იკინკლავეს, ბოლოს დაიღალნენ, შერიგდნენ და ისევ დაიძინეს. თერძმა კი ამოიღო ყველაზე დიდი ქვა და მთელი ძალით ესროლა პირველ დევს. „ამას კი აღარ შეგარჩენ!“ დაიღრიალა დევმა, ცოფიანივით წამოვარდა, ეძგერა ამხანაგს და ისეთი ძალით დააჯახა ხეს, რომ ხე კინაღამ წაიქცა. ამხანაგიც არ ჩამორჩა. გაჩაღდა ბრძოლა. ისე გაშმაგდნენ, რომ ძირფესვიანად თხრიდნენ ხეებს და ერთმანეთს უშენდნენ. ბოლოს ორივე უსულოდ დაეცა ძირს. მაშინ კი ჩამოხტა თერძი ხიდან. „კიდევ კარგი, რომ ის ხე არ ამოგლიჯეს, რომელზეც მე ვიჯექი, თორემ ციყვივით ერთი ხიდან მეორეზე მომიწევდა ხტუნვა,“ თქვა მან, ამოიღო ხმალი და ორივე დევს სათითაოდ ჩასცა მკერდში. მერე მხედრებთან მივიდა და უთხრა: „საქმე მოთავებულია, ორივე დავხოცე. ისე კი ადვილი საქმე როდი იყო. რომ შეატყვეს, საქმე გაჭირდა, სულ ძირფესვიანად დაგლიჯეს ხეები და იმით იცავდნენ თავს, მაგრამ რას უშველიდათ, როცა ისეთ კაცთან ჰქონდათ საქმე, ვინც ერთი დარტყმით შვიდსა ჰკლავს.“ „ხომ არ დაჭრილხარ?“ შეეკითხნენ მხედრები. „თითიც არ გამკაწვრიაო,“ მიუგო თერძმა. მხედრებმა არ დაიჯერეს და შესამოწმებლად ტყეში შევიდნენ. იქ მართლაც ნახეს დახოცილი დევები. ირგვლივ კი ძირფესვიანად მოთხრილი ხეები ეყარა. თერძმა სიტყვის შესრულება მოსთხოვა მეფეს. მეფე მწარედ ნანობდა, რომ ასეთი პირობა დაუდო და ახალ მიზეზს ეძებდა მის მოსაშორებლად. ბოლოს უთხრა: „სანამ ჩემს ქალს შეირთავ და ნახევარ სამეფოს მზითვად მიიღებ, ერთი გმირობა კიდევ უნდა ჩაიდინო. ტყეში ერთი მარტორქაა, რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს, ის უნდა დაიჭირო.“ „მარტორქის სულაც არ მეშინია, ისეთი ბიჭი ვარ, ერთი დარტყმით შვიდს ვკლავ,“ უპასუხა თერძმა. აიღო ერთი თოკი, ნაჯახი და გაუდგა გზას. მხლებლები კვლავ ტყის პირას დატოვა. ბევრი ძებნა არ დასჭირვებია. მარტორქა მალე გამოჩნდა და გაშმაგებით გაექანა მისკენ. „მშვიდად, მშვიდად! ასეთი გაცხარებით არაფერი გამოვა.“ შეჩერდა და დაელოდა მარტორქას. როდესაც მხეცი მიუახლოვდა, თერძი მკვირცხლად გახტა განზე და ხეს ამოეფარა. მთელი ძალით გამოქანებული მარტორქა ხეს დაეძგერა და ისე ჩაასო შიგ რქა, რომ ვეღარ გამოაძრო. „გაება ჩიტი მახეში,“ თქვა თერძმა, მივიდა მარტორქასთან, კისერზე თოკი გამოაბა და რქა ნაჯახით წააცალა. მერე კი მეფეს მიჰგვარა. მეფეს ისევ არ უნდოდა დანაპირების შესრულება და მესამე დავალება მისცა: „ტყეში ერთი გარეული ტახია და დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას. ის ტახი უნდა დაიჭირო და მომიყვანო, მშველელად კი მონადირეებს გაგაყოლებ.“ „ბატონი ბრძანდებით, ეგეც ადვილი სამსახურია,“ უპასუხა თერძმა. ტყეში მარტო შევიდა, მონადირეები არ წაიყოლა. ამით ისინი ძალიან გაახარა. მონადირეები თურმე არაერთხელ შეხვედრიან გარეულ ტახს და ისეთი შეშინებულები იყვნენ, რომ მისი დევნის თავი აღარ ჰქონდათ. როგორც კი ეშვებიანმა ტახმა თერძს თვალი მოჰკრა, დუჟმორეული გამოქანდა მისკენ. იქვე ერთი სამლოცველო იდგა. თერძი იმ სამლოცველოში შევარდა. გარეული ტახიც თან შეჰყვა, თერძსაც სწორედ ეს უნდოდა. ცქვიტად გადმოხტა ფანჯრიდან, შემოუარა სამლოცველოს და გარედან ჩაუკეტა კარი, გაცოფებული ღორი აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ თერძმა მონადირეებს დაუძახა, რათა საკუთარი თვალით ენახათ დაჭერილი ტახი, თვითონ კი მეფესთან მივიდა და პირობის შესრულება მოსთხოვა. დაღონდა მეფე, მაგრამ რას იზამდა? თერძს თავისი ქალიშვილი მიათხოვა და მზითვად ნახევარი სამეფო მისცა. რა იცოდა, რომ მის წინ სახელგანთქმული გმირი კი არა, უბრალო თერძი იდგა, თორემ უარესად დაღონდებოდა. დიდებული ქორწილი გადაიხადეს, თუმცა მხიარულება აკლდა იმ ქორწილს. მალე თერძი სამეფო ტახტზეც ავიდა. გავიდა დრო. ერთ ღამეს დედოფალმა გაიგონა, როგორ ლაპარაკობდა ძილში ქმარი: „აბა, ბიჭო, ქურთუკი შემიკერე და შარვალიც ამომიკემსე, თორემ გადაგამტვრიე თავზე არშინი!“ მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე და მეორე დღეს ყველაფერი მამას უამბო, თანაც სთხოვა, ეგ თერძი როგორმე თავიდან მომაშორეო. მამამ ანუგეშა და უთხრა: „ხვალ ღამით ოთახის კარი ღია დატოვე, როგორც კი დაიძინებს, ჩემი მსახურები შემოვლენ, შეკრავენ, ჩასვამენ გემში და ცხრა მთას იქით გაისტუმრებენ.“ ამ სიტყვებს ყური მოჰკრა თერძის ერთგულმა მეაბჯრემ და ამბავი მიუტანა. „ამ საქმეს ადვილად მოვუვლი,“ თქვა თერძმა. საღამოს ჩვეულ დროს დაწვა და თავი მოიმძინარა. როდესაც დედოფალი დარწმუნდა, სძინავსო, ფრთხილად ადგა, კარი გააღო და ისევ დაწვა. მაშინ თერძმა ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი: „აბა, ბიჭო ქურთუკი შემიკერე და შარვალიც ამომიკემსე, თორემ გადაგამტვრიე თავზე არშინი! ერთი დარტყმით შვიდი მოვკალი; ორი დევი დავამარცხე, მარტორქა დავიჭირე, გარეული ტახი შევიპყარი და იმათი როგორ შემეშინდება, კარს უკან რომ დგანან?“ ეს რომ მსახურებმა გაიგონეს, შიშისგან თავზარი დაეცათ და ცხრა მთას იქით გადაიკარგნენ. ამის შემდეგ თერძისთვის უბატონოდ ხმა არავის გაუცია და სიკვდილამდე მეფობდა.





