ცხრა ძმა - ხალხური ზღაპარი
ჭკვიანი ბულათი და მისი ერთგული მეგობრები ბოროტ დევს ამარცხებენ. საინტერესო თავგადასავალი ძმობაზე, გამბედაობასა და სიკეთეზე.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, მაია წითლიძე, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ პლატფორმა ბულბული.ჯი-ს საავტორო ნამუშევარს, ეს არის ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ცხრა ძმა“. ერთ კაცს ცხრა ვაჟი ჰყავდა. როდესაც ბიჭები წამოიზარდნენ, მამას სთხოვეს: „დაქორწინება გვინდა, მაგრამ ისეთი კაცი უნდა მოვძებნოთ, რომ იმდენივე ქალიშვილი ჰყავდეს, რამდენიც ჩვენ ვართო.“ მამამ უპასუხა: „შვილებო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ სადმე ამნაირი კაცი ვიპოვო. მე მაინც არ დაგაკლებთ მცდელობას.“ უთხრა მამამ და გაუდგა გზას. იარა, იარა და კარს მიადგა ერთ დევს. „დევო, რამდენი ქალიშვილი გყავს?“ — ჰკითხა კაცმა. „ექვსი,“ — მიუგო დევმა. „ამასთან დამოყვრება არ მაწყობს,“ — გაიფიქრა მამამ და განაგრძო გზა. ახლა მეორე დევის კარს მიადგა და ჰკითხა: „დევო, რამდენი ქალიშვილი გყავს?“ „შვიდი,“ — უთხრა მეორე დევმა. „არც ამასთან დამოყვრება მაწყობს,“ — გაიფიქრა მამამ და ისევ განაგრძო გზა. ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ კეისართან მივიდა. შეიტყო, რომ კეისარს რვა ქალიშვილი ჰყავდა, ყველა გასათხოვარი და ერთმანეთზე უკეთესი. ჩაფიქრდა მამა: თუ კეისარს დაემოყვრება, ერთი ბიჭი უცოლოდ დარჩება! რა ქნას, ცხრა ერთად სადღა იპოვოს?! „ეეჰ! რაც იქნება, იქნება,“ — გადაწყვიტა მან და კეისარს მაჭანკალი გაუგზავნა. კეისარი დათანხმდა, რვავე ქალიშვილი საქორწილოდ გამოაწყო და თავისი ქონების ნახევარიც გააყოლა მზითევად. მიდის მამა შინ, მიჰყავს თან რვა საცოლე. გზად ერთი ხიდი უნდა გაიარონ. უცებ ხიდის ქვემოდან საზარელი წითელი დევი ამოხტა, ხელი წაავლო მამას და შეაჩერა. „ვინ ხარ, ან რა გინდა?“ — ჰკითხა შეშინებულმა კაცმა. „მე ვარ წითელი დევი. თუ შენი შვილის, ბულათის, გამოგზავნას არ დამპირდები, არ გაგიშვებ!“ — დაიგრგვინა დევმა. რას იზამდა, მეტი გზა არ იყო და დაჰპირდა. მიდის მამა, მაგრამ დარდისგან დანა კბილს არ უხსნის. შეიტყვეს შვილებმა მამის მოახლოება და წინ შეეგებნენ. პირველი ბულათი შეეგება: „მამა, მადლი და დიდება ღმერთს, რომ შენც მშვიდობით დაბრუნდი და ჩვენი საცოლეებიც მოგყავს!“ მამამ ხმა არ გასცა. გაუკვირდა ბულათს და ეს სიტყვები ისევ გაიმეორა, მაგრამ მამამ არც ახლა უპასუხა. დაღონებული ბულათი დედასთან მივიდა და სთხოვა: „მამას ჰკითხე, რატომ არ მცემს ხმას.“ როცა მამამ რვა რძალი სახლში დააბინავა, ცოლმა ჰკითხა: „რატომ არ ელაპარაკები ბულათს?“ მამამ ამოიოხრა: „ეჰ, ნეტავ ყველა შვილი დამხოცოდა და ამას არ მოვსწრებოდი. წითელი დევი დამხვდა ხიდზე, სანამ ბულათის თავს არ დავპირდი, არ გამომიშვა, ამიტომ ვერ დაველაპარაკე ბიჭს, ან რა უნდა მეთქვა?!“ ბულათი ამ დროს კართან იდგა და ყველაფერი მოისმინა. მაშინვე მიიჭრა მამასთან და გაამხნევა: „ნუ იჯავრებ. დღესვე წავალ დევთან და არაფერი გამიჭირდება.“ წავიდა ახალგაზრდა ბულათი დევთან. დევს მისი დანახვა ისე გაუხარდა, თითქოს ცისკარი გაღებოდეს: „ჩემო ბულათ, აბა გამეგზავნე...“ ბულათმა თამამად მიუგო: „შე ბილწო, განა ახლა არ მოვედი? ჯერ უნდა გავერკვე, სად ვარ, როგორ ვარ, ცოტა ხანს მომასვენე და მერე, სადაც გინდა, გაგეგზავნები!“ ცოტა აცალა დევმა და ისევ უთხრა: „ჩემო ბულათ, გამეგზავნე მეფესთან. მას ერთი ტურფა ქალიშვილი ჰყავს, ის ცოლად მინდა.“ ბულათი გარეთ გავიდა. არ იცის, რა ქნას. ამ დროს ერთი კეთილი დედაბერი დაინახა და უთხრა: „დედაბერო, ჩემი საქმე ასე და ასეა, მადლი ჰქენი და მასწავლე, როგორ მოვიქცე?“ დედაბერმა დაარიგა: „იმ მეფესთან ბევრი მისულა ქალის სათხოვნელად, მაგრამ ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. მაგრამ თუ ისე მოიქცევი, როგორც დაგარიგებ, არაფერი დაგიშავდება. გზაზე შეგხვდება სამი კაცი: ერთი მათგანი ძლიერ ბევრს სვამს, მეორე ბევრს ჭამს და მესამე დიდ ტვირთს იკიდებს. სამივე თან წაიყვანე, გაჭირვების ჟამს გამოგადგებიან.“ ბულათმა დედაბერს მადლობა გადაუხადა და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ მინდორში დაინახა კაცი, რომელიც მიწის ბელტებს ყლაპავდა და იძახდა: „მშია, მშია!“ მივიდა მასთან და წაყოლა სთხოვა. ისიც დათანხმდა. გაიარეს კარგა დიდი მანძილი და მეორე კაცი შემოხვდათ. მას ხახა ჩანჩქერისთვის მიეშვერია და გაჰყვიროდა: „მწყურია, მწყურია!“ იმასაც სთხოვა წაყოლა და ისიც დათანხმდა. მიდიან სამნი და შეხვდნენ მესამე კაცს. ზურგზე უამრავი ქვა მოუკიდებია და იძახის: „ტვირთი მინდა, ტვირთი მინდა!“ იმასაც სთხოვეს წაყოლა. ისიც გაჰყვა და ოთხივენი გზას გაუდგნენ. მალე მივიდნენ მეფესთან. ბულათმა ქალიშვილის ხელი სთხოვა. მეფემ უპასუხა: „თუ შენ და შენი ამხანაგები დილიდან საღამომდე ცხრა გოდორ პურს შეჭამთ, მაშინ მოგცემ ქალიშვილს.“ ბულათმა უთხრა ბევრისჭამიას: „მინდორში ბელტებს ყლაპავდი და მაინც მშია, მშიას იძახდი. აბა, თუ რამე შეგიძლია, ახლა გამოჩნდება.“ მიუტანეს ცხრა გოდორი პური, მიუშვეს ბევრისჭამია და საღამომდე შესანსლა ყველაფერი. ეს ამბავი მეფეს სულაც არ გახარებია და ახლა მეორე დავალება მისცა: „თუ შენ და შენი ამხანაგები ერთ ქვევრ ღვინოს დალევთ, მაშინ გაგატანთ ჩემს ქალიშვილს.“ ბულათმა ბევრისმსმელს სთხოვა ამ საქმის შესრულება. მან ისე ამოცალა ქვევრი, რომ შიგ წვეთიც არ დაუტოვებია. მეფეს ეს ამბავიც არ ესიამოვნა. ფიქრობდა, მათთვის მისაცემი შვილი სად მყავსო. ბულათს შეუთვალა, სამი დღის შემდეგ გაგატან ქალსო. ბულათმა კი მკაცრად შეუთვალა: თუ ნებით არ გამატან ახლავე, მაშინ ძალით წავიყვანო. მეფე დუმდა. მაშინ ბულათმა მძიმე ტვირთის მზიდავ კაცს უთხრა: „აბა, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, როგორმე უნდა მოიკიდო ზურგზე კეისრის სასახლე.“ კაცმა სასახლე ზურგზე შეიგდო და გაუდგა გზას. შიგ იყვნენ შეშინებული მეფე და მისი ქალიშვილი. კეისარი შეევედრა ბულათს: „მე დამტოვე და ჩემი ქალიშვილი წაიყვანეო.“ ბულათი დათანხმდა. მეფემ ქალიშვილს ძვირფასეულობა გაატანა, დალოცა და გაუშვა. მიდის გახარებული ბულათი, მაგრამ ერთი რამ აწუხებს — არ უნდა, მშვენიერი ქალიშვილი ბოროტ დევს დაუთმოს. დევის სახლს რომ მიაღწია, ჯერ ნაცნობი დედაბერი მოინახულა და რჩევა ჰკითხა. დედაბერმა ურჩია: „ქალიშვილს დევის სახლში ნუ შეიყვან. დევს ასე უთხარი, ქალი მოგიყვანე და კართან ნახე-თქო. კარში რომ გამოყოფს თავს, იქვე ჩამოკიდებული დოლაბი ისე ჩამოაგდე, რომ დევს თავზე დაეცეს. თუ ამას მოახერხებ, შენი საქმე დასრულებულია.“ ბულათი დედაბრის რჩევისამებრ მოიქცა. დევს გარედან შესძახა: „შე, ბილწო, მოგიყვანე კეისრის ქალიშვილი, კართან დგას და გახედე!“ გახარებული დევი მაშინვე კარისკენ გაიქცა. ბულათიც უკან გაჰყვა. როცა დევმა კართან თავი გამოყო, ყმაწვილმა დოლაბი ჩამოაგდო. მძიმე დოლაბი დევს თავზე დაეცა და მტვრად აქცია. ბულათმა ბოროტი დევის ქონება ოთხად გაყო. სამი ნაწილი თავის ერთგულ ამხანაგებს მისცა, მეოთხე — კეთილ დედაბერს, თვითონ კი ქალიშვილი წაიყვანა და შინისკენ გაეშურა. რადგანაც მამამისმა მხოლოდ რვა საცოლე მოიყვანა და ერთი ვაჟი, თავად ბულათი, უცოლოდ რჩებოდა, ახლა ცხრავე ძმას თავისი საბედო ჰყავდა. გახარებულმა მშობლებმა ცხრავე შვილისთვის უზარმაზარი ქორწილი გამართეს და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.






