მოხუცი დურგალი და მისი ვაჟი - ხალხური ზღაპარი
ჭკვიანი რძლის, ბრძენი დურგლისა და მისი ვაჟის თავგადასავალი. აღმოაჩინეთ, როგორ გადაარჩენს გონიერი გლეხის ქალი ოჯახს ხარბი მეფისგან ამ საინტერესო ზღაპარში.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ პლატფორმა bulbuli.ge-ს, სადაც საუკეთესო ამბები ცოცხლდება. დღეს ჩვენი ავტორი ერთი ძალიან საინტერესო ამბის მოსასმენად გიწვევთ. ეს არის საოცარი აუდიო ზღაპარი, რომლის სახელწოდებაა „მოხუცი დურგალი და მისი ვაჟი“. უხსოვარ დროში ცხოვრობდა ერთი მოხუცი დურგალი. მას თავისი ხელობითა და გონიერებით შორს გაეთქვა სახელი. მარჯვე ოსტატს მაღალი ბოძის წვეროზეც კი შეეძლო უჩვეულო, მბრუნავი სახლის აშენება. დურგალს ერთი ვაჟი ჰყავდა. როდესაც ბიჭი დავაჟკაცდა, მამამ თავისი ხელობა ასწავლა და დაარიგა: „შვილო, დროა დაქორწინდე. შენ ცოლი გჭირდება, მე კი – კარგი და ჭკვიანი რძალი. ჭკვიანი რძალი აავსებს ოჯახს, სულელი კი – დაავსებსო!“ შვილი დათანხმდა. მამამ სარძლოდ ერთი აზნაურის ქალი აირჩია, იფიქრა, კარგად გაზრდილი და ნასწავლი იქნებაო. გავიდა დრო. ერთხელ მამამ უთხრა შვილს: „აბა, შვილო, ახლა ოჯახი გყავს და უფრო მეტი ჯაფა და შრომა გმართებს. წავიდეთ ტყეში, კარგი ხის მასალა გვჭირდება“. ტყემდე საკმაო მანძილი იყო. შუა გზაზე მამამ დაიწუწუნა: „შვილო, ძალიან დავიღალე, სიარული მიჭირს, შედი ტყეში და მშველელი მიპოვე“. შევიდა შვილი ტყეში, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ სულიერი ვერავინ ნახა და უკან მარტო დაბრუნდა. „ეს უბრალო საქმე როგორ გაგიჭირდა? წადი, შენს ცოლს ჰკითხე და ის გასწავლის,“ – უთხრა მამამ. ასეც მოიქცა, მაგრამ აზნაურის ქალმა ვერაფერი ურჩია. გაჯავრდა მამამთილი: „ახლავე გაეყარე მაგ ქალს, ჩვენს ოჯახს არ გამოადგება!“ დაღონდა ვაჟი, მაგრამ მამის ხათრი ვერ გატეხა, შესვა ქალი ცხენზე, მზითევი ურემზე დააწყო და სიმამრს მიუყვანა. მეორედ დურგალმა ვაჟს საცოლედ თავადის ქალი აურჩია. რამდენიმე ხნის შემდეგ მამამ შვილს სთხოვა: „შვილო, ქალაქში წადი, ჩვენი ნახელავი წაიღე გასაყიდად, მაგრამ გზაზე სიარული რომ არ გაგიჭირდეს, ბაზარში გაიარე და ორ კაპიკად ცხენი და უნაგირი იყიდე“. ვაჟი გაბრაზდა: „დამცინი, მამაჩემო? ორ კაპიკად ცხენსა და უნაგირს ვინ სულელი მომყიდის?“ მამამ მშვიდად მიუგო: „ჩვენს ჭკვიან რძალს ჰკითხე, ის გეტყვის“. თავადის ქალმა თვალები ააცეცა და თქვა: „ამ ფასად ცხენ-უნაგირი არც მამაჩემის სახლში მინახავს და არც მე მეკადრებაო“. „ახლავე დატოვოს ამ ქალმა ჩემი სახლი, თორემ მე წავალ და გადავიკარგები!“ – იბრძანა მამამ. რა უნდა ექნა შვილს, მეორე ცოლსაც გაეყარა და მესამედ მეფის ასული მოიყვანა. ერთხელ მამა-შვილი ყანაში წავიდა სიმინდის სატეხად. დიდი აღმართი უნდა აევლოთ. „შვილო, გზა დიდია. ხომ არ სჯობს ასე მოვიქცეთ: ან მე დამეყრდენი, ან მე დაგეყრდნობი,“ – შესთავაზა მამამ. შვილმა იუარა. როცა ყანას მიაღწიეს, იქ ისეთი ნათესი დახვდათ, ავ თვალს არ ენახვებოდა, მაგრამ მამამ ამოიოხრა: „რა გვეშველება ამ ზამთარს, ეს ყანა სანახევროდაც არ არის მოსული“. ვაჟს გაუკვირდა: „რას ამბობ, მამი, ჩვენი ყანის ნახვას არაფერი ჯობს!“ „რაკი შენ ვერ გაიგე, რა ვთქვი, წადი და ცოლს ჰკითხე,“ – მიუგო მოხუცმა. მისმა შეკითხვამ მეფის ასული გააღიზიანა: „მამაჩემის სახლში მე მისნობას კი არ მასწავლიდნენო“. ბიჭი თავში ხელებს იცემდა – მამამისი უკვე მესამე რძალს უშვებდა სახლიდან. ბოლოს ვაჟმა გადაწყვიტა: „ვიმოგზაურებ, მოვივლი ქვეყანას და ჩემი გუნების ქალს თვითონ ვიპოვი, თუ არადა, შინ აღარც დავბრუნდები“. იარა, იარა და ერთ სოფელში შემოაღამდა. გლეხის სახლიდან სინათლე ბჟუტავდა. „მასპინძელო, ღამე გამათევინე, შორეული მგზავრი ვარ,“ – დაიძახა ბიჭმა. კარი გლეხის ქალმა გაუღო: „მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა“. შეიყვანა სახლში. ქალი იჯდა და მატყლს რთავდა. ბიჭს იგი ძალიან მოეწონა, მაგრამ ამოიოხრა და გაიფიქრა: სად მეფის, თავადისა და აზნაურის ქალები დაიწუნა, ამ უსწავლელ გლეხის ქალს როგორ გააჩერებსო. „რას ოხრავ?“ – ჰკითხა ქალმა. ბიჭმა თავისი გასაჭირი უამბო. გლეხის ქალმა გაიცინა: „არც შენ ყოფილხარ ჭკვიანი და ცოლებიც სულელი გყოლია! მისმინე: მამამ რომ გითხრა, ტყიდან მშველელი გამომიყვანეო, – მოგეჭრა კარგი შინდის ჯოხი და მშველელიც ის იქნებოდა. ორ კაპიკად ცხენსა და უნაგირს არავინ მოგყიდდა, მაგრამ ღვინოსა და პურს კი იყიდდი, – ის იქნებოდა შენი მატარებელი ცხენიც და უნაგირიც. გზა გრძელია და ან შენ დამეყრდენი, ან მე დაგეყრდნობიო, – გზად კარგი ზღაპარი მოგეყოლა, ან მამაშენისთვის დაგეგდო ყური, გზაც დამოკლდებოდა. ყანაზე რომ გითხრა, სანახევროდაც არ არის მოსულიო, – რატომ დაგავიწყდა, რომ ვალი გქონდათ და ნახევარი იმ ვალის დაფარვას უნდოდა!“ წამოხტა ვაჟი და შეეხვეწა: „შენ გარდა სხვა ცოლი არ მინდა, ჭკვიანიც ხარ და ლამაზიც“. წაიყვანა შინ და ცხოვრობდნენ ტკბილად და უდარდელად. გამოხდა ხანი. მამა-შვილი მეფემ დაიბარა და მბრუნავი სახლის აშენება შეუკვეთა. ააგო დურგალმა სახლი მაღალი ბოძის წვეროზე. ტრიალებს სახლი, მის ნახვას არაფერი ჯობს. აივსო გაუმაძღარი მეფის გული შურითა და სიხარბით: „ეს სახლი ძალიან მომწონს, მაგრამ ხომ შეიძლება სხვას უკეთესი აუშენოს,“ – გაიფიქრა და დურგლისა და მისი ვაჟის მოკვლა გადაწყვიტა. მოხუცი დურგალი მიუხვდა მეფეს მზაკვრობას. „შენი ცოლის ჭკუა და მოხერხება ახლა გამოგვადგება, ის თუ გვიშველის, სხვა ვერავინ,“ – უთხრა შვილს და ისე მოახერხა, რომ სახლი აღარ ტრიალებდა. „ეს სახლი რატომ აღარ ტრიალებს?“ – ჰკითხა მეფემ. „სამართავი შინ დამრჩა, ვიდრე იმას არ მოვიტან, ეს სახლი ვერ იტრიალებს,“ – მიუგო დურგალმა. „სახლში ვერც შენ გაგიშვებ და ვერც შენს შვილსა,“ – უბრძანა მეფემ. „ბატონი ბრძანდები, შენი შვილი წავიდეს, მე ჩემს რძალთან სიტყვას დავაბარებ და ის გამოატანს სამართავს,“ – დაეთანხმა ოსტატი. წავიდა უფლისწული გლეხის ქალთან: „მამამთილმა შემოგითვალა, მეფეს სახლი ავუშენე, მაგრამ სამართავი შინ დამრჩა და აბა, შენ იციო“. ჭკვიანი რძალი ყველაფერს მიხვდა. შეიპატიჟა უფლისწული, შეიყვანა ცხრაკლიტულში, გამოკეტა და მეფეს შეუთვალა: „ჩემი ქმარი და მამამთილი ახლავე გამოუშვი, დაპირებული ოქროც გამოატანე, თორემ სამაგიეროს გადახდა არ გამიჭირდება, შენს შვილს შავ დღეს დავაყენებ!“ შეშინებულმა მეფემ მამა-შვილს ოქრო მისცა და მაშინვე გაუშვა. შინ დაბრუნებულმა გახარებულმა დურგალმა ვაჟს გადაეხვია და უთხრა: „ხედავ, შვილო, ჭკვიანი რძალი რად მინდოდა! აკი გითხარი, ჭკვიანი რძალი სახლს აავსებს, სულელი კი – დაავსებს-მეთქი“.






