ბედი და იღბალი - ხალხური ზღაპარი
აუდიო ზღაპარი გვიამბობს ღარიბ კაცზე, რომელსაც უშრომელი სიმდიდრე ბედნიერებას ვერ მოუტანს. აღმოაჩინეთ შრომის ჯადოსნური ძალა ჩვენს აპლიკაციაში!
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ძვირფასო პატარებო, ბულბულის მომდევნო ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ბედი და იღბალი“, ერთ ძალიან ღრმა და საინტერესო ამბავს მოგიყვებათ. ერთ მშვენიერ დღეს, ბედი და იღბალი გზაზე მიდიოდნენ. უცებ, ერთი საცოდავი, ღარიბი კაცი დაინახეს. იღბალმა ამაყად გადახედა თავის მეგობარს და უთხრა: „თუ დამენაძლევები, ამ კაცს უცებ გავამდიდრებ.“ ბედი დასთანხმდა და დანაძლევდნენ. იღბალმა ღარიბ კაცს ასი ოქრო მისცა და დაარიგა: „წადი, დიდი დუქანი გააღე და ივაჭრე, აქ რას წვალობ!“ გაოცებულმა კაცმა აიღო ეს ოქროს ფული და თავისთვის ჩაილაპარაკა: „ამოდენა ფული მაქვს, მოდი, ცოტა რამ მაინც ვუყიდო ჩემს დამშეულ ცოლ-შვილს.“ მან ერთი დიდი, წითელი ხელსახოცი იყიდა, შიგ გემრიელი საჭმელ-სასმელი გამოკრა და შინისაკენ გაეშურა. გზაში ძალიან დაიღალა, ჩამოჯდა და დაისვენა, ხელსახოცი კი გვერდით მოიდო. ამ დროს, საიდანღაც ერთი მშიერი ყვავი მოფრინდა, დასწვდა ამ წითელ ხელსახოცს და თავისი ოქროებიან-საჭმლიანად შორს გაიტაცა. მივიდა ღარიბი კაცი შინ დაღონებული და ცოლს ყველაფერი უამბო, მაგრამ ცოლმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა. ერთი კვირა რომ გავიდა, ბედი ისევ შეხვდა იღბალს და ჰკითხა: „რა ქენი, გაამდიდრე ის ღარიბი, თუ არა?“ იღბალმა მხრები აიჩეჩა: „არ ვიცი, წავიდეთ და ვნახოთ!“ მივიდნენ და ხედავენ, რომ კაცი ისევ ისე ღარიბულად ცხოვრობს. „რა უყავი ის ოქროები?“ - ჰკითხა გაკვირვებულმა იღბალმა. კაცმა მოუყვა: „ასე და ასე მომივიდა, ყვავმა მომტაცა.“ იღბალმა ახლა ორი იმდენი ოქრო მისცა და გაამხნევა: „წაიღე და გამდიდრდი!“ ღარიბმა კაცმა კვლავ ბაზარში გამოიარა, რათა ცოლ-შვილისთვის რამე ეყიდა. როცა ფული ამოიღო, ეს ორმა ეშმაკმა ქურდმა შენიშნა. მაღალმა ქურდმა დაბალს გადაუჩურჩულა: „მე დანით გამოგეკიდები, ეგ კაცი ქულაჯის ქვეშ შეგიფარებს და ფული ამოაცალე.“ მართლაც, შეშინებული კაცის დანახვაზე ღარიბს შეებრალა იგი და დასძახა: „მოდი, მე დაგიფარავ!“ და თავისი ქულაჯის ქვეშ დამალა. ქურდმა დრო იხელთა, ჯიბიდან ფული ამოაცალა და გაიქცა. შინ მისულმა კაცმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და აღმოაჩინა, რომ ფული აღარ ჰქონდა. ცოლმა კი უსაყვედურა: „ეშმაკები შემოგჩვევიან, თორემ ამდენ ოქროს, აბა, ვინ მოგცემდა!“ გავიდა კიდევ ერთი თვე. ბედი და იღბალი კვლავ მივიდნენ ღარიბთან და ისევ ძველებურ დღეში დახვდათ. გაბრაზებულმა კაცმა უთხრა: „მომშორდით, ეშმაკებო, თქვენი ფული ჯიბეში არ მიჩერდება!“ იღბალმა ახლა სამი იმდენი ფული მისცა და ურჩია: „შენ თუ შნო არ გაქვს, ამხანაგი აიყვანე და შენი საქმე წინ წავა!“ კაცმა ფული პირდაპირ ცოლს მიუტანა და უთხრა: „აი, თუ არ გჯერა, იმ კაცმა კიდევ მომცა ფული.“ ცოლს არც შეუხედავს, ისე მიუგო: „ჩააგდე ქოთანში და შეინახე.“ სანამ კაცი ამხანაგის საშოვნელად იყო წასული, მეზობლის ბავშვი შემოვიდა და მარილი ითხოვა. ცომიანმა ქალმა უთხრა: „შვილო, ცომიანი მაქვს ხელები და ქოთნიდან თვითონ ამოიღე!“ ბავშვმა ხელი ჩაყო და მარილს ფულიც გააყოლა. დაბრუნებულ კაცს ფული აღარ დახვდა. ცოლმა კვლავ განუცხადა: „მე ფული არ მინახავს. ხომ გითხარი, ეშმაკები გატყუებენ, თორემ ამხელა ფულს რომელი კაცი მოგცემდა!“ გავიდა დრო და ბედ-იღბალი ისევ ესტუმრა ღარიბს. კაცმა ვეღარ მოითმინა, კეტს წამოავლო ხელი და დაუყვირა: „თქვენი ფული ჩემთან არ ჩერდება, აქედან დაიკარგეთ, ქაჯები და ეშმაკები ხართ!“ ახლა ბედმა უთხრა იღბალს: „შენ ხომ ამდენი ფული მიეცი და ვერ გაამდიდრე, მე სულ ცოტას მივცემ და ნახე, თუ ვერ გავამდიდრო!“ ბედმა კაცს სულ რაღაც ხუთი მანეთი მისცა და დაარიგა: „სამი მანეთით ვირი იყიდე, ათი შაურით – ცული, ათი შაურით – თოკები და მოსართავები, მანეთის კიდევ – საჭმელ-სასმელი. ტყეში შეშა მოჭერი, ყოველდღე ჩამოიტანე ქალაქში, გაყიდე და აღებული ფულით ტკბილად იცხოვრე!“ მართლაც, ღარიბმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ბედმა ურჩია. ყოველდღე ტყიდან შეშა ჩამოჰქონდა, ყიდდა და თავისი ნაოფლარით ბედნიერად ცხოვრობდა. ერთ შემოდგომას, ტყეში ხმელი წიფელი ნახა. „ამას მოვჭრი და მთელ ზამთარს მეყოფა,“ - გაიფიქრა მან. წააქცია წიფელი და რას ხედავს! თავისი ძველი წითელი ხელსახოცი ყვავს სწორედ ამ ხეზე დაეტოვებინა და ის პირველი ოქროებიც შიგ იდო! წამოიღო ფული და ცოლს მიუტანა. მიუხედავად სიმდიდრისა, კაცი მაინც განაგრძობდა შრომას და მალე დიდი, ლამაზი სახლიც აიშენა. რამდენიმე წლის შემდეგ, ბედმა და იღბალმა ისევ მოინახულეს იგი. დაინახა თუ არა ისინი კაცმა, სიხარულით შეიპატიჟა შინ და კარგად გაუმასპინძლდა. შუა ქეიფისას კი ღიმილით თქვა: „ღარიბი ვიყავი, მაგრამ ახლა არა მიშავს. ასეა, მაშრომე, ბედი მომეცი და თუნდაც სანეხვეზე გადამაგდეო!“






