მუჭანახევარა - ხალხური ზღაპარი
სახალისო ზღაპარი გულუბრყვილო კაცზე, რომელმაც სხვების დარიგება არასწორ დროს გამოიყენა. მოუსმინეთ და გაიგეთ, როგორ დასრულდა მისი უცნაური თავგადასავალი.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. საყვარელო პატარებო, წარმოგიდგენთ ცნობილ ქართული ხალხური აუდიო ზღაპარი „მუჭანახევარა“, რომელიც ერთ ძალიან დაბნეულ და გულუბრყვილო კაცზე მოგვითხრობს. ცხოვრობდა ორი მეგობარი. ერთ დღეს მათ ქოთნით ლობიოს მოხარშვა მოუნდათ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ სახლში მარილი არ ჰქონდათ. ერთმა მეგობრემ მეორეს უთხრა: „ლობიოს შეჭამანდისთვის მარილი არ გვაქვს, წადი ქალაქში და იყიდე მუჭა-ნახევარი მარილი.“ მეორემ კი, რომელსაც ძალიან ცუდი მახსოვრობა ჰქონდა, იკითხა: „მუჭა-ნახევარი დამავიწყდება, როგორ დავიმახსოვრო?“ „გზაზე სულ ასე იძახე: მუჭა-ნახევარი, მუჭა-ნახევარი და აღარ დაგავიწყდება!“ – დაარიგა პირველმა. ასეც მოიქცა ჩვენი გულუბრყვილო კაცი. მიდის ქალაქისკენ და ხმამაღლა გაიძახის: „მუჭა-ნახევარი, მუჭა-ნახევარი!“ ამ დროს, გზად დაინახა გლეხი, რომელიც მინდორში ხორბალს თესავდა და თან გულით ნატრობდა: „ერთი ათასად, ერთი ათასად!“ ჩაუარა ქალაქში მიმავალმა კაცმა და ჩვეულებისამებრ დასძახა: „მუჭა-ნახევარი, მუჭა-ნახევარი!“ მთესველი გაბრაზდა, დაიჭირა კაცი და მაგრად მიბეგვა. „მე ერთი ათასად მინდა მომივიდეს მოსავალი და ეს მუჭა-ნახევარს გაიძახის?!“ – ბრაზობდა იგი. საწყალმა კაცმა ამოიკვნესა: „რად მცემე, რა დაგიშავე, რომ კინაღამ მომკალი?“ გლეხმა აუხსნა, რომ ასე თქმა არ შეიძლებოდა. „მაშ, როგორ უნდა მეთქვა?“ – იკითხა დალურჯებულმა მგზავრმა. „როგორ და: ერთი ათასად, ერთი ათასად, მადლობას გეტყოდი,“ – უპასუხა მთესველმა. დაიმახსოვრა ეს სიტყვები კაცმა და გაუდგა გზას. მივიდა ერთ სოფელში, სადაც ხალხი მიცვალებულს გლოვობდა. ჩაუარა გვერდით ჭირისუფლებს და დასძახა: „ერთი ათასად, ერთი ათასად!“ გამოუხტნენ მიცვალებულის პატრონები და ერთი კარგად მიბეგვეს. „რაზე მკლავთ, რას მერჩით?“ – იკითხა შეშინებულმა. „ერთის სიკვდილი გვიმძიმს და შენ კი ათასის სიკვდილს გვისურვებ!“ – მიუგეს მათ. „მაშ, როგორ უნდა მეთქვა?“ „უნდა მოსულიყავი, ქუდი მოგეხადა და გეთქვა: ეგ ამბავი პირველი და უკანასკნელი იყოს თქვენს ოჯახში.“ წავიდა მუჭანახევარა და ამჯერად მექორწილეებს გადაეყარა. შეჩერდა, მოიხადა ქუდი და დაიძახა: „თქვენს ოჯახში ეგ ამბავი პირველი და უკანასკნელი იყოს!“ გამოუხტნენ გაბრაზებული მაყრები და იმდენი სცემეს, სიგრძე და სიგანე გაუერთიანეს. ძლივს მოიბრუნა სული საწყალმა და იკითხა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. „უნდა მოგეხადა ქუდი, მოსულიყავი და გეყვირა: ნეფე-დედოფალს გაუმარჯოს!“ – უპასუხეს მაყრებმა. გვერდებდაჟეჟილმა კაცმა გზა განაგრძო. ამ დროს დაინახა მონადირე, რომელსაც თოფის ჩახმახი შეეყენებინა და მტრედებს ეპარებოდა. მუჭანახევარამ მოიხადა ქუდი, მონადირისკენ გაექანა და მთელი ხმით დაიყვირა: „გაუმარჯოს!“ ხმაურზე მტრედები მაშინვე გაფრინდნენ. გაბრაზებული მონადირე წამოხტა და თოფის კონდახი ისე ჩაარტყა, კინაღამ წუთისოფელს გამოასალმა. „რა მეთქვა, ან რა მექნა?“ – იკითხა მუჭანახევარამ. „ხმა არ უნდა ამოგეღო, უნდა დაკუზულიყავი და ჩუმად გაგევლო,“ – დაარიგა მონადირემ. მიდის მუჭანახევარა ისევ თავის გზაზე. მიადგა ერთ ღობეს და ხედავს: ოთხ კაცს ფულით სავსე ქისა დაუკარგავს და ეძებენ. გაახსენდა მონადირის დარიგება, დაიკუზა და ჩუმად მიიპარება ღობის ძირში. დაინახეს კაცებმა, ქურდი ეგონათ, გამოუდგნენ და მაგრად სცემეს. „შე არამზადავ, ყაჩაღო, ქისა იპოვე და მალავ?!“ – გაიძახოდნენ ისინი. იმდენი სცემეს საწყალს, რომ მარილის ყიდვა სულ დაავიწყდა და შინისაკენ ძლივს მიათრევდა ფეხებს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.






