ნახევარქათამა - ხალხური ზღაპარი
იმოგზაურეთ უშიშარ ნახევარქათამასთან ერთად! ეს სახალისო აუდიო ზღაპარი მოგვითხრობს, როგორ დაამარცხა პატარა ფრინველმა ხარბი მეფე და მისი ვეზირები.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ბულბული.ჯი წარმოგიდგენთ ქართულ ხალხურ ზღაპარს. ეს საინტერესო და სახალისო აუდიო ზღაპარი, რომლის სათაურია „ნახევარქათამა“, ერთ უცნაურ, მაგრამ ძალიან თამამ ფრინველზე გვიამბობს. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთხელ ერთი ნახევარქათამა და ერთი მელია დაძმობილდნენ და გზას ერთად გაუდგნენ. მიდიოდნენ და გზაში მელიამ ნახევარქათამა რაღაცაზე ძალიან გააბრაზა. „მელია, ჭკვიანად მოიქეცი, თორემ ჩაგყლაპავ!“ – მკაცრად გააფრთხილა პატარა ფრინველმა. მელიას გაეცინა და დაცინვით უთხრა: „ჩამყლაპე, აბა, რისი მაქნისი ხარ!“ გააღო პირი ნახევარქათამამ და მთლიანი მელია მუცელში გადაუძახა. განაგრძო გზა მარტომ. ცოტა ხანში ერთი მგელი შემოხვდა, მასაც დაუძმობილდა და ერთად წავიდნენ. გზად მგელმაც გააჯავრა პატარა ფრინველი. „მგელო, ჩაგყლაპავ, თავს თუ არ დამანებებ!“ – შეუტია ნახევარქათამამ. „ჩამყლაპე!“ – სიცილით უთხრა მგელმა. გააღო პირი ნახევარქათამამ და მგელიც მელიასთან ჩააბრძანა მუცელში. განაგრძო გზა და ახლა ერთ დათვს გადაეყარა. „დათვო, არ გამაბრაზო, თორემ ჩაგყლაპავ!“ – გააფრთხილა იგიც. დათვმა მხოლოდ რაღაც ჩაიბუტბუტა და ხმის გაცემის ღირსადაც არ ჩათვალა. პირი გააღო ნახევარქათამამ და დათვიც იქ გაისტუმრა, სადაც მელია და მგელი ისხდნენ. იარა, იარა და მიადგა ერთ დიდ ზღვას. დაღონდა, როგორ უნდა გადავიდეო. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მოიფიქრა: გააღო პირი, ჩაყლაპა მთელი ზღვა და მშრალზე გავიდა. გაღმა რომ გავიდა, ამოეფარა კამეჩის ნეხვს და დაიწყო ხმამაღალი ძახილი: „დიდებულო მეფევ, დიდებულო მეფევ!“ გაუკვირდა მეფეს და სასწრაფოდ გაგზავნა ნაზირ-ვეზირები: „წადით და გაიგეთ, ვინ მეძახის!“ ნაზირ-ვეზირებმა დიდხანს ეძებეს, მაგრამ ვერავინ იპოვეს და მეფეს თავჩაღუნულებმა მოახსენეს: „ვეძებეთ, დიდებულო მეფევ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ!“ ნახევარქათამამ კი ისევ მორთო ყვირილი: „დიდებულო მეფევ, დიდებულო მეფევ!“ ახლა თვითონ მეფემ დაუწყო ძებნა და მიაგნო კიდეც მყვირალას კამეჩის ნეხვის უკან. გაბრაზებულმა წაიყვანა შინ, მისცა კარისკაცებს და უბრძანა: „საქათმეში შეაგდეთ ეგ თავხედი!“ წაიყვანეს და შეაგდეს საქათმეში. ღამით ნახევარქათამამ ამოუშვა მელია მუცლიდან. მელიამ შეჭამა ყველა ქათამი და წავიდა თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ საქათმეში და რას ხედავენ? – იქ ერთი ქათამიც კი აღარაა. ნახევარქათამა დაიჭირეს და ამჯერად საბატეში შეაგდეს. ღამით ამოუშვა ნახევარქათამამ მგელი. მგელმა შეჭამა ბატები და ისიც წავიდა თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ საბატეში, ნახეს, ერთი ბატიც აღარაა, ნახევარქათამა კი ქანდარაზე ზის და ამაყად იყურება. გამოიყვანეს და ახლა ფარეხში დაამწყვდიეს, ეგებ ცხვრებმა მაინც გაჭყლიტონო. ამოუშვა ნახევარქათამამ დათვი. დათვმა შეჭამა ცხვრები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს მეფემ ფარეხში შეაგზავნა თავისი კაცები და რას ხედავენ? აღარც ცხვრებია და აღარც ნახევარქათამა. ისე გაჯავრდა მეფე, რომ იყვირა: „მოკალით ეგ თავხედი!“ მოძებნეს ნახევარქათამა, დაკლეს, მოხრაკეს და მიართვეს მეფეს. როგორც კი მეფემ ნახევარქათამა შეჭამა, მაშინვე მუცლის საშინელი გვრემა იგრძნო. მუცელში ნახევარქათამა გაცოცხლდა და ხტუნვა-სიმღერა დაიწყო. ტკივილისგან გამწარებულმა მეფემ უბრძანა ნაზირ-ვეზირებს და მეომრებს: „აიღეთ ხმლები და როდესაც ამოფრინდება, მაშინვე მოკალით!“ უცებ ამოფრინდა ნახევარქათამა ხელმწიფის მუცლიდან და გაიქცა ბაღში. ნაზირ-ვეზირები ხმლებით მოსაკლავად გამოუდგნენ. მაშინ ნახევარქათამამ გააღო პირი და ზღვა ამოუშვა. ადიდებულმა ზღვამ ჩაყლაპა ბოროტი მეფე და მისი მსახურები. გამარჯვებულმა ნახევარქათამამ კი ახალი თავგადასავლების საძებნელად გასწია. ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა.






