Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. მეწისქვილე, შეგირდი და კატა
მეწისქვილე, შეგირდი და კატა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:008:55

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები

მეწისქვილე, შეგირდი და კატა - ხალხური ზღაპარი

აუდიო ზღაპარი კეთილ შეგირდზე, რომელმაც ჯადოსნური კატის დახმარებით საუკეთესო ცხენი და დიდი ბედნიერება იპოვა. შრომა და ერთგულება ყოველთვის ფასდება.

ხანგრძლივობა
9 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ძმები გრიმების საოცარ ისტორიას. ეს აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „მეწისქვილე, შეგირდი და კატა“, მოგვითხრობს ერთ კეთილ და შრომისმოყვარე ბიჭზე, რომელმაც საკუთარი ბედნიერება იპოვა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი მეწისქვილე, რომელსაც არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი, მხოლოდ სამი შეგირდი ეხმარებოდა. გავიდა დრო და მეწისქვილე დაბერდა. ერთ დღეს მან თავისი შეგირდები დაიბარა და უთხრა: „ჩემო კეთილებო, მე უკვე მოვხუცდი, მხოლოდ ღუმელთან ჯდომაღა შემიძლია, თქვენ კი დროს ნუ დაკარგავთ, წადით და ვინც საუკეთესო ცხენს მომიყვანს, წისქვილიც იმას დარჩება, ოღონდ მეც სიკვდილამდე უნდა მომიაროს“. ყველაზე უმცროს შეგირდს, სახელად ჰანსს, დანარჩენები სულელად თვლიდნენ. რასაკვირველია, არ სურდათ, რომ წისქვილი მას დარჩენოდა. როდესაც სოფელს გასცდნენ, მიუბრუნდნენ და უთხრეს: „ჰანს, აქ დარჩი, კარგად იცი, რომ ბედაურ ცხენს ვერასოდეს მოიყვან“. მაგრამ ჰანსი მაინც ჯიუტად წაჰყვა მათ. დაღამებისას შეგირდები ერთ გამოქვაბულს მიადგნენ და დასაძინებლად დაწვნენ. ჭკვიანმა შეგირდებმა თავი მოიმძინარეს და, როგორც კი ჰანსს ღრმად ჩაეძინა, მიატოვეს და გზას გაუდგნენ. დილით ჰანსმა გაიღვიძა და დაინახა, რომ უზარმაზარ გამოქვაბულში მარტოდმარტო იწვა. მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, შეშინებულმა წამოიძახა: „ოჰ, ღმერთო, ნეტავ სად ვარ?“. ადგა ბიჭი, გამოვიდა გამოქვაბულიდან და უღრან ტყეს მიაშურა. მიდიოდა და თავისთვის ფიქრობდა: „ნეტავ, აქ როგორ უნდა ვიშოვო ცხენი?“. სად იყო და სად არა, წინ პატარა ჭრელი კატა შემოეგება. „ჰანს, საით გაგიწევია?“ – მეგობრულად ჰკითხა კატამ. „ეჰ, ჭრელო ფისუნიავ, რომ გითხრა, მაინც ვერაფერს უშველი ჩემს გაჭირვებას“, – დანაღვლიანებულმა მიუგო ჰანსმა. „ვიცი, გინდა კარგი ცხენი იშოვო. წამოდი ჩემთან. შვიდი წელი ერთგულად მემსახურე და ისეთ ბედაურს მოგცემ, თვალით არავის რომ არ უნახავს“, – დაჰპირდა კატა. „საოცარი კატაა“, – გაიფიქრა ჰანსმა, – „ნეტავ, მართლა თუ შეასრულებს დანაპირებს?!“ ბიჭი ადგა და ფისოს გაჰყვა. კატამ იგი თავის ჯადოსნურ კოშკში მიიყვანა, სადაც მხოლოდ ჭრელი კატის მოსამსახურეები ფუსფუსებდნენ. ისინი მკვირცხლად არბოდ-ჩამორბოდნენ კიბეებზე და ეტყობოდათ, რომ ძალიან მხიარულ განწყობაზე იყვნენ. საღამოს, როცა მაგიდას შემოუსხდნენ, სამმა მათგანმა დაკვრა დაიწყო: ერთი ჩელოზე უკრავდა, მეორე – ვიოლინოზე, მესამეს კი ხელში საყვირი ეჭირა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უბერავდა. ჭრელმა კატამ ჰანსს უთხრა: „მოდი, ჰანს, ჩემთან იცეკვე“. „არა, ფისოსთან არასოდეს მიცეკვია“, – იუარა ბიჭმა. „მაშინ წაიყვანეთ და დააწვინეთ“, – უბრძანა ფისომ მსახურებს. ერთმა კატამ ჰანსს საძინებლისკენ მიმავალი გზა გაუნათა, მეორემ ფეხსაცმელი გახადა, მესამემ კი შუქი ჩაუქრო. მეორე დღეს კატები კვლავ ესტუმრნენ ჰანსს ოთახში და ლოგინიდან ადგომასა და ხელ-პირის დაბანაში მიეხმარნენ. ერთმა წინდა ჩააცვა, მეორემ თასმები შეუკრა, მესამემ ფეხსაცმელები მოურბენინა, მეოთხემ პირი დაბანა, მეხუთემ კი ფუმფულა კუდით სახე შეუმშრალა. „ბიჭოს, ეს ურიგო რამ არ არის“, – გაიფიქრა კმაყოფილმა ჰანსმა. თუმცა, მასაც უნდა გაეწია სამსახური ფისოსთვის. ყოველდღე შეშა უნდა დაეჭრა, რისთვისაც ვერცხლის ცული, ვერცხლისვე ხერხი, სოლები და სპილენძის ურო მისცეს. ჰანსი მუყაითად მუშაობდა. კარგი საჭმელ-სასმელი არ აკლდა, მაგრამ გარეთ ფეხს არ ადგამდა და, ფისოსა და მისი სახლობის გარდა, ვერავის ხედავდა. ერთხელ ფისომ ჰანსს ახალი საქმე დაავალა: „წადი და ჩემი ყანა მოთიბე, ბალახი თივად გაახმე!“ თან ვერცხლის ცელი და ოქროს სალესი მისცა და გააფრთხილა: „ეს ყველაფერი უკან დამიბრუნე“. ჰანსიც წავიდა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დაარიგეს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ სალესი და თივა შინ მიიტანა. მივიდა ფისოსთან და მორიდებით ჰკითხა: „გასამრჯელოს ხომ არ მომცემთ?“ „არა“, – მიუგო კატამ, – „ჯერ კიდევ ერთ რამეს დაგავალებ. აგერ ხის მასალა, აიღე სამშენებლო იარაღები და ერთი პატარა სახლი ამიშენე. იცოდე, ყველაფერი ვერცხლისაა და უკანვე უნდა დამიბრუნო“. ააშენა ჰანსმა პატარა სახლი. მივიდა ფისოსთან და უთხრა: „ყველაფერი შეგისრულე, შვიდი წელიც გავიდა. ჩემი ცხენი სად არის?“ ფისომ არ დააყოვნა და მიუგო: „იქნებ ჯერ ჩემი ცხენები დაათვალიერო?“ „კარგი“, – დათანხმდა ჰანსი. ფისომ ჰანსის აშენებული სახლის კარი გამოაღო, სადაც ერთი მეორეზე უკეთესი თორმეტი ბედაური დახვდათ. „უჰ, რა შესანიშნავი ცხენებია“, – გაიფიქრა ბიჭმა და თვალი ვერ მოსწყვიტა მათ. ბოლოს ფისომ იგი სადილზე მიიწვია და უთხრა: „ახლა შინ წადი, მაგრამ ცხენს ჯერ ვერ გაგატან. სამ დღეში მე თვითონ მოგიყვან“. შემდეგ კარი გაუღო და წისქვილისკენ მიმავალი გზა უჩვენა. ფისოს ჰანსისთვის ახალი ტანსაცმელი არ მიუცია. საწყალ ბიჭს ისევ თავისი ძველი სამუშაო ხალათი ეცვა, რომელიც ამ შვიდ წელიწადში სულ დაძონძილიყო. ჰანსი წისქვილში დაბრუნდა. მეწისქვილის ორივე შეგირდი უკვე იქ დახვედროდა. მათ ცხენებიც მოეყვანათ, მაგრამ ერთი ბრუციანი გამოდგა, მეორე კი – კოჭლი. „ჰანს, სად არის შენი ცხენი?“ – დამცინავად ჰკითხეს მათ. „სამ დღეში აქ იქნება“, – მშვიდად უპასუხა ჰანსმა. შეგირდებს ხმამაღლა გაეცინათ: „შენი ცხენი ნამდვილად შესანიშნავი იქნება!“ ჰანსს ხმა არ გაუცია, ისე შევიდა ოთახში. „ჰანს, ჩვენს სუფრასთან ნუ დაჯდები, დაკონკილი სამოსი გაცვია და ვინმე რომ შემოვიდეს, სირცხვილია“, – მკაცრად უთხრა მეწისქვილემ. ბიჭს ცოტაოდენი საჭმელი მისცეს და გარეთ გაისტუმრეს. დაძინებისას კი ბოროტმა შეგირდებმა საწყალს ლოგინში დაწოლის ნებაც არ მისცეს. ჰანსი იძულებული გახდა, საბატეში შემძვრალიყო და ხმელ ბალახზე მიწოლილიყო. მესამე დღეს გაიღვიძა ჰანსმა და რას ხედავს – მეწისქვილის სახლს ექვსცხენიანი ეტლი მოადგა! უჰ, რა ლამაზები იყვნენ და როგორ ბრწყინავდა ეტლიცა და ცხენებიც! ვიღაც მსახურს კი მეშვიდე, ულამაზესი ბედაური მოჰყავდა მეწისქვილის ღარიბი შეგირდისთვის. ეტლიდან მეფის პირმშვენიერი ქალიშვილი გადმოვიდა და წისქვილში შევიდა. თურმე ის ჭრელი ფისო, რომელსაც ჰანსი შვიდ წელს ემსახურა, მოჯადოებული პრინცესა გახლდათ. მან მაშინვე იკითხა: „სად არის თქვენი უმცროსი შეგირდი?“ „უმცროსი შეგირდი საბატეში წევს, დაკონკილი სამოსი აცვია და ვერ გაჩვენებთ“, – დაბნეულმა მიუგო მეწისქვილემ. „ახლავე მოიყვანეთ!“ – მკაცრად ბრძანა პრინცესამ. ჰანსი საჩქაროდ გამოიყვანეს საბატიდან. საწყალს ისეთი დახეული ხალათი ეცვა, სხეულს ძლივს უფარავდა. პრინცესას მსახურმა მას მშვენიერი, ახალი სამოსი მისცა. ჰანსმა დაიბანა, ახალ ტანსაცმელში გამოეწყო და ისეთი მომხიბვლელი გახდა, ნამდვილი პრინცი გეგონებოდათ. შემდეგ პრინცესამ მოითხოვა: „ახლა ის ცხენები მაჩვენეთ, უფროსმა შეგირდებმა რომ მოიყვანეს“. მას ერთი ბრუციანი და ერთი კოჭლი ცხენი მიუყვანეს. პრინცესამ თავის მსახურს უბრძანა: „მეშვიდე ცხენი მომგვარე“. მეწისქვილე ბედაურის დანახვაზე გაოცდა და აღმოხდა: „ამის მსგავსი საოცრება ჯერ არაფერი მინახავს!“ „ეს თქვენი მესამე, ყველაზე უმცროსი შეგირდის ცხენია“, – უთხრა პრინცესამ. „თუ ასეა, ამიერიდან წისქვილიც მისი საკუთრება იქნება“, – საზეიმოდ გამოაცხადა მეწისქვილემ. „არა“, – უპასუხა პრინცესამ, – „ცხენსაც და წისქვილსაც თქვენ გიტოვებთ“. შემდეგ პრინცესამ ჰანსს ხელი მოჰკიდა, ეტლში ჩაისვა და სასახლისკენ გაემგზავრნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, იმ სახლს მიადგნენ, რომელიც ჰანსმა ვერცხლის ხელსაწყოებით ააშენა. მაგრამ, დახეთ საკვირველებას! პატარა სახლი დიდ, ბრწყინვალე სასახლედ ქცეულიყო, სადაც ყველაფერი ვერცხლისა და ოქროსი იყო. პრინცესა და ჰანსი იმ სასახლეში დაქორწინდნენ და დიდხანს, ძალიან ბედნიერად იცხოვრეს. ჩემო პატარა მეგობრებო, გახსოვდეთ: ვისაც შრომა და გარჯა უყვარს, ის უსათუოდ მიაღწევს მიზანს.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.