ფიფქია - ხალხური ზღაპარი
მოუსმინეთ ფიფქიასა და შვიდი ჯუჯის ჯადოსნურ ზღაპარს. სიკეთის, მეგობრობისა და ნამდვილი სიყვარულის უკვდავი ისტორია.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ბულბული.ჯი წარმოგიდგენთ ძმები გრიმების უკვდავ ისტორიას. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი, სახელად „ფიფქია“, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობილი მოსაყოლია ბავშვებისთვის. ერთ ცივ ზამთარს, როცა ციდან ფიფქები ბამბის ქულებივით ცვიოდა, დედოფალი შავჩარჩოიან ფანჯარასთან იჯდა და კერავდა. უცებ ხელში ნემსი შეერჭო და სამი წვეთი სისხლი თოვლზე დაეცა. წითელი სისხლი თეთრ თოვლზე იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რომ დედოფალმა გაიფიქრა: „თუ ქალიშვილი გამიჩნდება, ისეთი თეთრი, როგორიც ეს თოვლია, ისეთი წითელლოყება, როგორიც ეს სისხლია, ისეთი შავთვალება, როგორიც ეს ჩარჩოა, აუცილებლად ფიფქიას დავარქმევ!“ გავიდა დრო. დედოფალს მართლაც შეეძინა თოვლივით თეთრი, სისხლივით წითელლოყება და ფანჯრის ჩარჩოსავით შავთვალა გოგონა, რომელსაც ფიფქია დაარქვეს. სამწუხაროდ, ბავშვის დაბადებისთანავე კეთილი დედოფალი გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მეფე სხვა ქალზე დაქორწინდა. ის ულამაზესი იყო, მაგრამ იმდენად ამაყი და ბოროტი, რომ თავისზე ლამაზ ქალებს ვერ იტანდა. მას ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა. ყოველდღე მის წინ დგებოდა და ეკითხებოდა: „სარკევ, სარკევ, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?“ სარკეც პასუხობდა ხოლმე: „თქვენ დედოფალო, თქვენ ხართ ყველაზე ლამაზი.“ დედოფალი კმაყოფილი იყო, რადგან იცოდა, სარკე არასდროს იტყუებოდა. ამასობაში ფიფქია გაიზარდა და შვიდი წლის ასაკში უკვე გაცილებით სჯობდა დედოფალს სილამაზით. ერთხელაც ბოროტმა დედინაცვალმა ჩვეულებისამებრ ჰკითხა სარკეს: „ო, სანუკვარო ჩემო სარკეო, მწვდომარევ ქვეყნის დასალიერის, მითხარ ვინ არის ამ ქვეყანაზე ქალი ყველაზე ტურფა და მშვენიერი?“ სარკემ კი უპასუხა: „ვწუხვარ დედოფალო, ფიფქია თქვენზე ათასჯერ უფრო ლამაზია.“ დედოფალი შურისგან მთლად გაყვითლდა. იმ დღიდან მოყოლებული ფიფქიას დანახვაზე გული უსკდებოდა. ერთ დღეს თავის ერთგულ მონადირეს დაუძახა და უბრძანა: „წაიყვანე ფიფქია ტყეში, მოკალი და საბუთად მისი ღვიძლი მომიტანე.“ მონადირემ გოგონა უღრან ტყეში წაიყვანა, მაგრამ როდესაც დანა მოიმარჯვა, ფიფქია ატირდა და შეეხვეწა: „ნუ მომკლავ, შორს გადავიკარგები და შინ არასდროს დავბრუნდები.“ გოგონა ისეთი ლამაზი და საცოდავი იყო, მონადირეს შეეცოდა და უთხრა: „დაე ასე იყოს!“ მან შველი მოკლა და დედოფალს მისი ღვიძლი მიუტანა. ბნელ ტყეში მარტოდმარტო დარჩენილი საცოდავი გოგონა გარბოდა, ახტებოდა ეკლებსა და ქვებს. ბოლოს, ძალაგამოცლილი ფიფქია ერთ პატარა ქოხს მიადგა და დასასვენებლად შევიდა. იქ ყველაფერი საოცრად პატარა და სუფთა იყო. მაგიდაზე შვიდი თეფში იდო, კედლის გასწვრივ კი შვიდი პატარა საწოლი. მშიერმა ფიფქიამ თითოეული თეფშიდან ცოტა პური და ხილი შეჭამა, ბოლოს კი მეშვიდე საწოლზე მოკალათდა და ტკბილად ჩაეძინა. დაღამდა და ქოხის მეპატრონეები, შვიდი პატარა ჯუჯა დაბრუნდა შინ. მათ მაშინვე შენიშნეს, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. „ვინ იჯდა ჩემს სკამზე? ვინ ჭამა ჩემი თეფშიდან? ვინ მოაციცქნა ჩემს პურს?“ - კითხულობდნენ ისინი გაკვირვებულები. ბოლოს მეშვიდე ჯუჯამ თავის საწოლზე მძინარე ფიფქია აღმოაჩინა. „ღმერთო ჩემო, რა ლამაზი ბავშვია!“ - წამოიძახეს ერთხმად კეთილმა ჯუჯებმა და გოგონა არ გააღვიძეს. დილით ფიფქიამ გაიღვიძა და ჯუჯებს თავისი სევდიანი ამბავი მოუყვა. „თუ გინდა, ჩვენთან დარჩი. სახლის დალაგებაში მოგვეხმარე და ყველანი კარგად ვიცხოვრებთ,“ - შესთავაზეს მათ. ფიფქია სიამოვნებით დათანხმდა და იმ დღიდან ქოხს უვლიდა. ჯუჯები კი აფრთხილებდნენ: „შენი დედინაცვალი მალე გაიგებს აქ რომ ხარ, ამიტომ სახლში არავინ შემოუშვა.“ ბოროტმა დედოფალმა სარკისგან მალევე შეიტყო სიმართლე. ის მოვაჭრე დედაბრად გადაიქცა, ჯუჯების ქოხს მიადგა და ფიფქიას ულამაზესი ფერადი მაქმანი მიჰყიდა. ქალმა გოგონას მაქმანი ისე მაგრად შემოუჭირა, რომ ფიფქია უსულოდ დაეცა. საბედნიეროდ, ჯუჯები დროულად დაბრუნდნენ, მაქმანი გაჭრეს და გოგონა გადაარჩინეს. დედოფალმა არ დაიხია უკან. მეორედ მან მოწამლული სავარცხელი მიუტანა ფიფქიას, თუმცა კეთილმა ჯუჯებმა ისევ იხსნეს გოგონა სიკვდილისგან. ბოლოს კი, ბოროტმა დედინაცვალმა ყველაზე საშინელი ხერხი მოიფიქრა. მან ულამაზესი, მაგრამ შხამიანი ვაშლი დაამზადა, გლეხის ტანსაცმელი ჩაიცვა და ფიფქიას მიაკითხა. „მოდი, ერთ ვაშლს გაჩუქებ,“ - უთხრა მან გოგონას. როგორც კი ფიფქიამ ვაშლი ჩაკბიჩა, მაშინვე უგრძნობლად დაეცა მიწაზე. ამჯერად ჯუჯებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა. გოგონა ისე ლამაზად გამოიყურებოდა, რომ მიწაში ვერ დამარხეს. ერთ დღეს ტყეში ახალგაზრდა პრინცმა ჩამოიარა. ფიფქიას დანახვაზე ისე მოიხიბლა, რომ ჯუჯებს სთხოვა: „გთხოვთ, ფიფქია მომეცით, უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია.“ ჯუჯები დათანხმდნენ. როცა პრინცის მსახურებს გოგონა მიჰყავდათ, ბუჩქს წამოედნენ. შენჯღრევისას ფიფქიას ყელიდან მოწამლული ვაშლის ნაჭერი ამოუვარდა და თვალები გაახილა. „ოჰ, ღმერთო, სად ვარ?“ - იკითხა მან. „ჩემთან ხარ. შენ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი და კეთილი ხარ. მინდა ცოლად მოგიყვანო,“ - უპასუხა გახარებულმა პრინცმა. დიდებული ქორწილი გადაიხადეს, სადაც ბოროტი დედინაცვალიც მიიწვიეს. როცა მან გაიგო, რომ ფიფქია ცოცხალი იყო და პრინცს მიჰყვებოდა ცოლად, ბოროტებისგან და შურისგან გული გაუსკდა. ფიფქია და პრინცი კი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.





