Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. შარლ პეროს ზღაპრები
  4. წითელქუდა
წითელქუდა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:005:34

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
შარლ პეროს ზღაპრები4 წლის

წითელქუდა - ხალხური ზღაპარი

შარლ პეროს ცნობილი ზღაპარი წითელქუდასა და ბოროტ მგელზე. მოუსმინეთ, როგორ გადაარჩინეს ტყის მჭრელებმა პატარა გოგონა და მისი ბებია.

ხანგრძლივობა
6 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგი მწერლის, შარლ პეროს დაწერილ ისტორიას. ეს საოცარი აუდიო ზღაპარი, რომლის სახელია „წითელქუდა“, მოგვითხრობს ერთ პატარა და საყვარელ გოგონაზე. იყო და არა იყო რა, ერთ სოფელში ზღაპრული სილამაზის გოგონა ცხოვრობდა. დედას უსაზღვროდ უყვარდა იგი, ბებიას კი - უფრო მეტად. ბებიამ საყვარელ შვილიშვილს წითელი ქუდი შეუკერა. გოგონას ისე ძალიან მოეწონა, მოხსნა აღარ უნდოდა. ყველგან თავისი წითელი ქუდით დადიოდა, ამიტომაც წითელქუდა შეარქვეს. ერთხელაც დედამ ღვეზელები გამოაცხო და მზრუნველად უთხრა: „წადი ბებიასთან, ავადაა, ღვეზელები და ერთი ქილა კარაქი წაუღე. ტყეში ნუ გაჩერდები და ნურავის დაელაპარაკები.“ წითელქუდა დამჯერი გოგონა იყო, მაშინვე მოემზადა და გაეშურა ბებიასკენ, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობდა. მიდის გოგონა ტყეში ბილიკზე, უცებ შემოეყარა მგელი. მგელს მისი შეჭმა უნდოდა, მაგრამ შეეშინდა, რადგან ახლომახლო ტყის მჭრელების ხმა ისმოდა. მგელმა ცბიერად ჰკითხა: „საით გაგიწევია, წითელქუდა?“ საბრალო გოგონას დაავიწყდა, ტყეში გაჩერება და მგელთან საუბარი საშიში რომ იყო და მიმნდობად უპასუხა: „ბებიასთან მივიჩქარი, ღვეზელები და ქილა კარაქი მიმაქვს.“ მგელმა ვერაგულად ჰკითხა: „შორს ცხოვრობს შენი ბებია?“ წითელქუდამ უმანკოდ მიუგო: „ძალიან შორს! იმ წისქვილის უკან, ტყისპირას რომ მოჩანს; პირველი სახლია, როგორც კი სოფელში შეხვალ.“ მოჩვენებითი კეთილგანწყობით მგელმა შესთავაზა: „მეც წამოვალ შენს ბებიასთან. მე ამ გზით წავალ, შენ კი იმ გზით წადი: ვნახოთ, ვინ უფრო მალე მივალთ.“ მგელი მთელი ძალით გაიქცა ყველაზე მოკლე გზით, გოგონა კი გრძელი გზით ნელა მისეირნობდა, გზად თაიგულს კრავდა და მღეროდა. მგელმა პირველმა მიირბინა ბებიასთან და დააკაკუნა. „ვინ არის?“ - იკითხა ბებიამ. „ბებია, შენი შვილიშვილი წითელქუდა ვარ, ღვეზელები და ქილა კარაქი მოგიტანე,“ - უპასუხა მგელმა წვრილი ხმით. ბებია საწოლში იწვა, შეუძლოდ იყო და სუსტად დაუძახა: „გასწიე ურდული და კარი გაიღება.“ მგელმა ურდული გასწია და კარი გაიღო. იგი მაშინვე ეცა ბებიას და გადაყლაპა. შემდეგ კარი ჩაკეტა, ბებიას საწოლში ჩაწვა და დაელოდა წითელქუდას, რომელიც ცოტა ხანში მოვიდა ბებიას სახლთან და დააკაკუნა. „ვინ არის?“ - იკითხა მგელმა ბოხი ხმით. ბოხი ხმა რომ გაიგო, წითელქუდას ჯერ შეშინდა, მაგრამ იფიქრა, ბებიას ხმა ავადმყოფობის გამო შეეცვლებოდაო და უპასუხა: „მე ვარ, შენი შვილიშვილი წითელქუდა, ღვეზელები და ქილა კარაქი მოგიტანე.“ მგელმა, როგორც შეეძლო, ხმა დაიწვრილა და დაუძახა: „გასწიე ურდული და კარი გაიღება.“ წითელქუდამ ურდული გასწია და კარი გაიღო. მგელმა საბანი შემოიხვია, გოგონას რომ არ ეცნო და შენიღბულად უთხრა: „ღვეზელები და ქილა კარაქი დადე და ჩემთან მოდი, დაწექი, დაისვენე.“ წითელქუდა მიუწვა გვერდით და გაკვირვებულმა ჰკითხა: „ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ხელები?“ მგელმა მოჩვენებითი ალერსით მიუგო: „იმიტომ, რომ კარგად ჩაგიკრა გულში.“ „ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები?“ - ფრთხილად იკითხა გოგონამ. „იმიტომ, რომ კარგად მოგისმინო.“ „ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?“ - მოუსვენრად იკითხა წითელქუდამ. „იმიტომ, რომ კარგად დაგინახო.“ „ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები?“ - შეშინებულმა წამოიძახა მან. „იმიტომ, რომ შეგჭამო!“ - იღრიალა მუქარით მგელმა, წითელქუდას მივარდა და გადაყლაპა. საბედნიეროდ, იმ დროს ტყეში ტყის მჭრელები მუშაობდნენ. მათ ხმაური გაიგეს, სახლში შეცვივდნენ და მაშინვე მგლისკენ გაიქცნენ. წითელქუდა და ბებია მაშინვე გაათავისუფლეს. ისინი უვნებლები და ჯანმრთელები გადარჩნენ, მგელი კი იმ დღის მერე აღარავის უნახავს. აი, ასე დასრულდა ეს ჯადოსნური ზღაპარი, ჩემო საყვარელო ბავშვებო.

მსგავსი ზღაპრები

  • ჩექმებიანი კატა

    10 წუთი

  • შოკოლადის სახლი

    11 წუთი

  • მძინარე მზეთუნახავი

    10 წუთი

  • კონკია

    0 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.