შოკოლადის სახლი - ხალხური ზღაპარი
წარმოგიდგენთ და-ძმის თავგადასავალს, რომლებიც ტყეში დაიკარგნენ და ჯადოსნურ შოკოლადის სახლს მიაგნეს. გაიგეთ, როგორ დააღწიეს თავი ბოროტ დედაბერს.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
მსოფლიოში ცნობილი ავტორების, ძმები გრიმების ეს შესანიშნავი აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „შოკოლადის სახლი“, მოგვითხრობს და-ძმის, ჟანისა და მერის დაუჯერებელ თავგადასავალს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი და-ძმა. ისინი ტყის პირას მდებარე ღარიბულ ქოხში ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად. მამა შეშის გაყიდვით არჩენდა ოჯახს. ბავშვები მამას ეხმარებოდნენ და შინ ისეთი დაღლილები ბრუნდებოდნენ, რომ ხშირად ვახშმობის თავიც კი არ ჰქონდათ, ზოგჯერ კი მათ სახლში საერთოდ არ მოიპოვებოდა საჭმელი და ყველა მშიერი იძინებდა. „მერი,“ – ეტყოდა ხოლმე ჟანი თავის დას, როდესაც მშივრებს ბნელ ქოხში არ ეძინებოდათ, – „იცი, როგორ მინდა შოკოლადის ნამცხვარი.“ „დაიძინე, ჟან,“ – პასუხობდა მერი. „ეეჰ, რა დიდი სიამოვნებით შევჭამდი შოკოლადის ნამცხვარს ქიშმიშით!“ – ხმამაღლა ოხრავდა ჟანი. მაგრამ შოკოლადის ნამცხვარი ხეზე არ იზრდებოდა, ჟანისა და მერის მშობლებს კი ფული არ ჰქონდათ, რომ მათთვის ნამცხვარი ეყიდათ. ბავშვებს ყველაზე მეტად კვირა დღის დადგომა უხაროდათ. კალათებით ხელში, ისინი სოკოსა და კენკრის შესაგროვებლად მიდიოდნენ ტყეში. „შორს არ წახვიდეთ,“ – აფრთხილებდა მათ დედა. „არაფერი მოუვათ, ნუ გეშინია,“ – ამშვიდებდა ქმარი, – „ისინი ტყეს კარგად იცნობენ.“ ერთხელაც ბავშვები სოკოსა და კენკრის შეგროვებით ისე აერთნენ, რომ ვერც კი შენიშნეს, როგორ მოსაღამოვდა. მზე ღრუბლებს სწრაფად მიეფარა და ნაძვის ტოტები საშინლად ახმაურდნენ. შეშინებულმა ბავშვებმა ირგვლივ მიმოიხედეს. თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაუცხოვდა. „მერი, მეშინია,“ – წაიჩურჩულა ჟანმა. „მეც,“ – უპასუხა გოგონამ, – „მგონი გზა აგვებნა.“ დიდი, უცნობი ხეები მდუმარე, მხარბეჭიან გოლიათებს ჰგავდნენ, აქა-იქ რომელიღაც მტაცებლის თვალები ცეცხლივით ანათებდა. დაბნელდა. სიცივისგან აკანკალებული ბავშვები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. შორიდან ბუს კივილი და მგლის ყმუილი მოესმათ. საშინელი ღამე უსასრულოდ გაგრძელდა. ბავშვებმა მთელი ღამე შიშში გაატარეს. ბოლოს ხეთა ტოტებში მზემ გამოაჭყიტა. ბავშვებმაც შვებით ამოისუნთქეს, რადგან ტყე ნაკლებად საშიში და პირქუში ეჩვენათ. ისინი წამოდგნენ და შინისკენ მიმავალ გზას დაუწყეს ძებნა. ბავშვები მათთვის უცნობ ადგილებში მიდიოდნენ. ირგვლივ უზარმაზარი სოკოები ამოსულიყო, იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ისინი აგროვებდნენ ხოლმე და, საერთოდ, გარშემო ყველაფერი აკვირვებდათ. მზე კარგად ამოწვერილიყო, როდესაც და-ძმა მდელოზე გავიდა. შუა მინდორში შენიშნეს პატარა, ულამაზესი სახლი, რომელსაც შოკოლადის ფილების სახურავი, ვარდისფერი მარციპანის კედლები და ნუშის ღობე ჰქონდა. სახლს გარშემო ბაღი ეკვროდა, სადაც ფერად-ფერადი კანფეტები იზრდებოდა, პატარა ხეებზე კი ქიშმიშის უზარმაზარი მარცვლები ეკიდა. ჟანი თვალებს არ უჯერებდა, მან მერის შეხედა და ნერწყვი გადაყლაპა. „შოკოლადის სახლი!“ – სიხარულით წამოიძახა ჟანმა. „კანფეტების ბაღი!“ – დაამატა მერიმ. დამშეული და დაღლილი ბავშვები მაშინვე ამ გასაოცარი სახლისკენ გაიქცნენ. ჟანმა შოკოლადის სახურავს ნაწილი მოაგლიჯა და გემრიელად ჩაახრამუნა. მერი ბაღში შევიდა და მარციპანი, ნუში და ქიშმიშები დააგემოვნა. „რა გემრიელი სახურავია!“ – უხაროდა ჟანს. „ნუშიც გასინჯე, ჟან,“ – შესთავაზა მერიმ ძმას. ტკბილეულის ჭამით გული რომ იჯერეს, მოსწყურდათ. ბაღის შუაგულში შენიშნეს შადრევანი, საიდანაც სხვადასხვა ფერის წყალი გადმოედინებოდა. ჟანმა წყალი დალია და გაოცებულმა წამოიძახა: „ეს ხომ ლიმონათია!“ გახარებული ბავშვები ლიმონათს ხარბად დაეწაფნენ. უეცრად შოკოლადის სახლიდან წელში მოხრილი, ხელჯოხიანი და სათვალიანი დედაბერი გამოჩნდა. „გემრიელი სახლია არა, ბავშვებო?“ – შეეკითხა დედაბერი პატარებს. ბავშვები ხმას არ იღებდნენ. ბოლოს შეშინებულმა მერიმ ამოილუღლუღა: „ჩვენ... ტყეში დავიკარგეთ... ძალიან მოგვშივდა...“ დედაბერი სულაც არ ჩანდა გაბრაზებული. „ნუ გეშინიათ. შინ შემოდით, უფრო გემრიელ ტკბილეულს გაჭმევთ.“ როგორც კი სახლის კარი მიხურა, დედაბერი უცებ გაბოროტდა. „გაებით თუ არა მახეში?!“ – დაუღრიალა ბავშვებს და თავი გააქნია, – „სხვისი სახლის ჭამის გამო დაისჯებით!“ ბავშვები შიშისგან ერთმანეთს ეკვროდნენ. „რას გვიპირებთ? ალბათ, ჩვენს მშობლებს მოუყვებით ყველაფერს?“ – ჰკითხა მერიმ. დედაბერმა გადაიხარხარა და დამცინავად მიუგო: „სულ მაგაზე ვფიქრობ! ძალიან მიყვარს ბავშვები, ძალიან.“ და ვიდრე მერი გონს მოეგებოდა, დედაბერმა ჟანს ხელი დასტაცა, ბნელ საკუჭნაოში შეაგდო და კარი ჩაუკეტა. „მერი, მეშინია!“ – იძახდა ბიჭი. „ჩუმად იჯექი, საძაგელო!“ – დაუცაცხანა დედაბერმა, – „შენ ხომ ჩემი სახლი შეჭამე, ახლა მე შეგჭამ. თუმცა, ჯერ უნდა გაგასუქო, თორემ ძალიან გამხდარი ხარ.“ ჟანი და მერი ტიროდნენ. ისინი მთელი მსოფლიოს ტკბილეულობას გაიღებდნენ, ოღონდ მშობლიურ, ღარიბულ ქოხში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ სახლი და მშობლები შორს იყვნენ და ახლა ვერავინ დაეხმარებოდა. ამ დროს ბოროტი დედაბერი საკუჭნაოს მიუახლოვდა. „ეი, შენ, ბიჭუნა, თითი გამოყავი კარის ღრიჭოდან!“ – უბრძანა დედაბერმა. ჟანმა მორჩილად გამოყო ნეკა თითი. დედაბერმა ხელით მოსინჯა და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: „ცარიელი ძვლებია! ეს არაფერი, ერთ კვირაში კარგად გავასუქებ.“ დედაბერი ჟანის გაძლიერებულ კვებას შეუდგა. ბიჭუნას ყოველდღე გემრიელ სადილს უმზადებდა, რასაკვირველია, არც ტკბილეულს აკლებდა და ბიჭს ყოველ საღამოს ნეკა თითს უმოწმებდა. „ჩემო ძვირფასო, რა კარგია, სწრაფად სუქდები.“ ჟანი მართლაც სწრაფად სუქდებოდა. ერთ დღეს მერიმ ძმას უთხრა: „ჟან, როდესაც დედაბერი თითის ჩვენებას მოგთხოვს, ეს ჯოხი აჩვენე,“ – და ბიჭუნას საკუჭნაოში პატარა ჯოხი შეუცურა. საღამოს დედაბერმა ჟანს დაუძახა: „აბა, ნეკა თითი მაჩვენე, ძვირფასო.“ ჟანმა დედაბერს მერის მიერ მიცემული ჯოხი გამოუყო ღრიჭოდან. დედაბერმა თითის სიმსხო მოსინჯა და გაცოფებულმა დაიყვირა: „ისევ გამხმარი ძვლები! მაგისთვის გაჭმევ, შე მუქთახორავ?!“ მეორე დღეს, როდესაც ჟანმა კვლავ ჯოხი გამოყო ჭუჭრუტანიდან, დედაბერი მთლად გადაირია. „შეუძლებელია, რომ ასეთი გამხდარი იყო! კიდევ ერთხელ დამანახე შენი თითი!“ ჟანმა ჭუჭრუტანიდან კვლავ ჯოხი გამოყო, დედაბერმაც ძლიერ გამოსწია თავისკენ და ხელში ჯოხი შერჩა. „ეს რა არის?“ – წამოიძახა გაცოფებულმა, – „ჯოხი! უჰ, შე საძაგელო მატყუარა! ახლა ვეღარ გადამირჩები.“ დედაბერმა საკუჭნაოს კარი გააღო და იქიდან დამფრთხალი, მაგრამ საკმაოდ ჩასუქებული ჟანი გამოათრია. „ესეც ასე, ძვირფასო, შენგან ახლა შესანიშნავ მოხრაკულ კერძს მოვამზადებ!“ – ნიშნისმოგებით თქვა დედაბერმა. თავზარდაცემული ბავშვები ადგილზე გაშეშდნენ. დედაბერმა კი ღუმელი ააგიზგიზა და ჟანს მიმართა: „ამ ვაშლს ხედავ?“ – და მწიფე ვაშლი ღუმელში შეაგდო. ვაშლი ცეცხლზე აშიშხინდა და მალე საერთოდ გაქრა. „შენც იგივე გელოდება!“ დედაბერმა ხის დიდ ნიჩაბს დასტაცა ხელი, ზედ დასვა ჟანი და ღუმლისკენ გააქანა, მაგრამ ბიჭი ისე იყო გასუქებული, დედაბრის მცდელობის მიუხედავად, ღუმელში ვერ შეეტია. „ჩამოდი ნიჩბიდან!“ – უბრძანა დედაბერმა ჟანს, – „მოდი, სხვანაირად ვცადოთ. აბა, ნიჩაბზე დაწექი.“ „კი მაგრამ, როგორ დავწვე, არ ვიცი!..“ – აქვითინდა ჟანი. „აი, სულელი,“ – ჩაიბუზღუნა დედაბერმა, – „მე გაჩვენებ, როგორ უნდა დაწვე!“ და დედაბერი ნიჩაბზე წამოწვა. მერისაც ეს უნდოდა... იმ წუთასვე დასტაცა ხელი ნიჩაბს და ღუმელში შეაგდო. მერე შეშინებულ ძმას ხელი ჩაჰკიდა და დაიყვირა: „აბა, ჩქარა გავიქცეთ!“ ბავშვებმა დაბურული ტყისკენ მოკურცხლეს. დიდხანს უგზო-უკვლოდ მირბოდნენ. მხოლოდ მაშინ შეჩერდნენ, როდესაც ტყე ნელ-ნელა გამეჩხერდა. უცებ ბავშვებმა სუსტად მბჟუტავ ცეცხლს მოჰკრეს თვალი. „ეს ხომ ჩვენი სახლია!“ – წამოიძახა აქოშინებულმა ჟანმა. მართლაც, ეს მათი ძველი, დაბრეცილი ქოხი იყო. სახლის ზღურბლზე მდგარი შეწუხებული მშობლები შიშითა და იმედით გასცქეროდნენ სიბნელეს. ტყიდან მომავალი შვილები რომ შენიშნეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მას შემდეგ იმ დედაბრის შესახებ არავის არაფერი სმენია. ალბათ, ღუმელში დაიწვა, ხოლო მისი ჯადოსნური სახლი ტყის ჩიტებმა აკენკეს.




