კონკია - ხალხური ზღაპარი
ჯადოსნური ზღაპარი კეთილ კონკიაზე, მის ბოროტ დედინაცვალზე, ბროლის ფეხსაცმელსა და პრინცზე. აღმოაჩინეთ სიკეთის ძალა ამ ულამაზეს ისტორიაში.
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 0 მოსმენა
შემსრულებელი
ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ტორიაშვილი, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, მაია წითლიძე, ნატა ბერეჟიანი, ნინო მითაიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგი მწერლის, შარლ პეროს უკვდავ ნაწარმოებს. ეს ჯადოსნური აუდიო ზღაპარი „კონკია“ მოგვითხრობს ერთი სათნო გოგონას ამბავს, რომელმაც უდიდესი სიკეთით ყველა დაბრკოლება გადალახა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გრაფი. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და მხოლოდ ქალიშვილი დარჩა, რომელიც დედამისივით სათნო და კეთილი იყო. დაქვრივების შემდეგ გრაფი დაქორწინდა ამქვეყნად ყველაზე ამაყ და ქედმაღალ ქალზე, რომელსაც პირველი ქმრისგან ორი გულბოროტი ქალიშვილი ჰყავდა. ქორწილის შემდეგ დედინაცვალმა მალევე გამოამჟღავნა თავისი სიავე. მან მთელი გულით შეიძულა გერი, რადგან გოგონა სილამაზითაც და სათნოებითაც ჯობდა მის ქალიშვილებს. ოჯახში ყველაზე შავ სამუშაოს დედინაცვალი სწორედ მას ავალებდა. გოგონა ჭურჭელს რეცხავდა, კიბეებს გვიდა და იატაკს აპრიალებდა. დები სუფთა ოთახებში ნებივრობდნენ, გოგონას კი სხვენში, ჩალის ქვეშაგებზე ეძინა. საბრალო ქალიშვილი მორჩილად ითმენდა ყველაფერს. საქმეს რომ მოათავებდა, ნაცრიან ბუხართან მოიკალათებდა ხოლმე, ამიტომ ყველა ტურტლიანს ეძახდა. უმცროსმა დამ კი მას კონკია შეარქვა. ერთხელ პრინცმა გრანდიოზული მეჯლისის გამართვა გადაწყვიტა. კონკიას დებსაც გაუგზავნეს მოსაწვევი. დედინაცვალი და დები მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე ლაპარაკობდნენ. „მე მაქმანიან წითელ ხავერდის კაბას ჩავიცვამ,“ — თქვა უფროსმა. „მე კი სადა კაბას დავჯერდები, სამაგიეროდ ოქრომკედით ნაქარგ მოსასხამს მოვიხურავ და ალმასებიან თავსამკაულს გავიკეთებ,“ — არ ჩამორჩა უმცროსი. ვიდრე კონკია მათ თმას უვარცხნიდა, დები ეკითხებოდნენ: „კონკიავ, მეჯლისზე რომ წამოსულიყავი, გაგიხარდებოდა?“ კონკიამ სევდიანად მიუგო: „ეჰ, ქალბატონებო! ნუ დამცინით, მეჯლისი რა ჩემი საქმეა.“ „მართალს ამბობ! სიცილით დაიხოცებიან, შენისთანა ტურტლიანი გოგო მეჯლისზე რომ გამოჩნდეს,“ — დასცინეს დებმა. ნანატრი დღეც დადგა. დები მეჯლისზე წავიდნენ. კონკიამ მათ ნაღვლიანად გააყოლა თვალი და ატირდა. ამ დროს მისმა ნათლია-ფერიამ გამოიარა და ჰკითხა: „რა გატირებს?“ „მეც მინდოდა... მინდოდა...“ — ისე მწარედ ტიროდა კონკია, რომ სიტყვა ვერ დაამთავრა. „ნათლია, შენც გინდოდა მეჯლისზე წასვლა, ხომ?“ — ჰკითხა ფერიამ. „ჰო!“ — ამოიოხრა გოგონამ. „კარგი, თუ ჭკვიანად იქნები, მე გაგგზავნი მეჯლისზე. ახლა კი ბაღში წადი და ერთი გოგრა მომიტანე,“ — დაარიგა ნათლიამ. ნათლიამ გოგრას ჯადოსნური ჯოხი დაჰკრა და იგი მდიდრულ ეტლად გადაიქცა. შემდეგ თაგვები ულამაზეს ცხენებად, ვირთხა მეეტლედ, ხოლო ხვლიკები ჭრელსამოსიან ლაქიებად აქცია. „აი, ამ ეტლით წახვალ მეჯლისზე, ხომ კმაყოფილი ხარ?“ — ჰკითხა ნათლიამ. „კი, მაგრამ ამ დაკონკილი ტანსაცმლით სად წავიდე?“ — იკითხა კონკიამ. ნათლიამ მას ჯოხი შეახო და ძონძები ოქრომკედით ნაქარგ, ძვირფასი თვლებით შემკულ კაბად გადააქცია, ფეხზე კი ულამაზესი ფეხსაცმელი ჩააცვა. „იცოდე, შუაღამეს არ გადააცილო; ერთი წუთიც რომ დააგვიანო, შენი ეტლი ისევ გოგრად გადაიქცევა,“ — გააფრთხილა ფერიამ. მეჯლისზე უცნობი ქალიშვილის სილამაზემ ყველა მოაჯადოვა. „ოჰ, რა მშვენიერი ქალიშვილია!“ — ჩურჩულებდნენ სტუმრები. პრინცმა კონკია საპატიო ადგილას დასვა და საცეკვაოდ დაპატიჟა. საუბრისას კონკიას კოშკის საათის ხმა მოესმა, თერთმეტი სრულდებოდა. იგი სასწრაფოდ გამოეთხოვა სტუმრებს და შინ დაბრუნდა. მეორე დღეს კონკია კვლავ წავიდა მეჯლისზე, ამჯერად კიდევ უფრო ლამაზად მორთული. პრინცი გვერდიდან არ შორდებოდა. ქალიშვილი ისე გაერთო, რომ ნათლიას დარიგება სულ გადაავიწყდა. შუაღამისას საათმა თორმეტი დარეკა. კონკია სასწრაფოდ წამოხტა და გავარდა. კიბეზე ჩარბენისას სიჩქარეში ცალი ფეხსაცმელი გასძვრა. შინ დაბრუნებულს კი უკვე ძველი ძონძები ეცვა. რამდენიმე დღის შემდეგ პრინცმა ბრძანა: „იმ ქალს მოვიყვან ცოლად, ვისაც ეს ფეხსაცმელი მოერგება.“ ფეხსაცმელი სამეფოში ყველა ქალიშვილს მოაზომეს და ბოლოს კონკიას სახლშიც მოვიდნენ. კონკიამ ფეხსაცმელი იცნო და ღიმილით თქვა: „მოდი, მეც გავისინჯავ, ეგებ, მომერგოს.“ დებმა სიცილი დააყარეს, მაგრამ მეფის მსახურმა თქვა: „უნდა მოიზომოს.“ კონკიამ ფეხსაცმელი ადვილად მოირგო, შემდეგ კი ჯიბიდან მეორეც ამოიღო და ჩაიცვა. ამ დროს ნათლიაც გაჩნდა, ჯოხი შეახო გოგონას და მისი სამოსი კვლავ ბრწყინვალე კაბად აქცია. დები მუხლებზე დაეცნენ და საქციელისთვის პატიება სთხოვეს. „ყველაფერს წრფელი გულით გაპატიებთ და გთხოვთ, ამიერიდან შემიყვაროთ,“ — მოეხვია მათ კონკია. ლამაზად მორთული ქალიშვილი პრინცთან წაიყვანეს და მათ მალევე ჯვარი დაიწერეს. კონკიამ თავისი დებიც სასახლეში წაიყვანა და, როგორც ნამდვილ კეთილ გულს შეეფერება, ბედნიერად აცხოვრა.




